Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპაში რა გინდოდა, თუ შიმშილი არ გინდოდა?!

ევროპაში რა გინდოდა, თუ შიმშილი არ გინდოდა?!

567

ევროსაბჭოს აღმოსავლეთევროპელი წევრების რთულ დღევანდელობასა და საეჭვო პერსპექტივაზე ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვილაპარაკეთ. «საქართველო და მსოფლიოს» წინასაახალწლო ნომერში, უპრიანი იქნება, ევროგაერთიანების .. სტაჟიანი ქვეყნების ეკონომიკებსაც გადავავლოთ თვალი.

 

აუზი, რომელშიც წყალი არ ასხია

ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში ბრიუსელში ამაღლებული განწყობილება სუფევდა: ევროსტატის მეორე კვარტლის მონაცემებით, ევროზონის ეკონომიკამ ძალა მოიკრიბა.

ექსპერტები საწინააღმდეგოს წინასწარმეტყველებდნენ.

გაიზარდა, მაგრამ რამდენით? ფრიად მცირედით _ მხოლოდ 0,3 პროცენტით, და ისიც გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკური ერთგვარი გამოცოცხლების ხარჯზე _ 0,7-0,5 პროცენტით, წლიური განზომილებით, რა თქმა უნდა.

ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ, მაგალითად, გერმანიის მშპ წლის ბოლოსთვის გაიზრდებოდა 0,5 პროცენტით, მაგრამ სამხრეთ ევროპის «პრობლემური ქვეყნების მშპ იმავე 0,5 პროცენტით შემცირდებოდა.

დიდად სასარგებლო და სამაგალითოდ კარგი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ იჩქარა განეცხადებინა: «ევროპაში ფინანსური კრიზისის ქვედა ზღვარი გადალახულია». ოპტიმისტური იყო ევროკომისიის თავმჯდომარის ჟოზე მანუელ ბაროზუს დასკვნაც, რომლის მიხედვითაც «ევროკავშირი კრიზისის პოლიტიკიდან ზრდის პოლიტიკაზე გადადის».

ექსპერტები თავისაზე იდგენ _ «ზრდაზე» ლაპარაკი ნაადრევია. მაგალითად, Bruegeb-ის ანალიტიკური ცენტრის დირექტორის გუნტრამ ვოლფის აზრით, «მატება მთელს ევროპაში იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ შეიძლება გარდატეხა მოახდინოს შრომის ბაზარზე. უმუშევრობა გაისადაც არსებულ დონეზე დარჩება». ამას დრო სჭირდება.

მაგრამ ეს დრო გაისად არ დადგება, რადგან ევროპა სულ უფრო ემსგავსება აუზს, რომელშიც წყალი არ ასხია. ხოლო დაპირება, რომელსაც ჩვენთვის არ იშურებენ _ თუ ჭკვიანად მოიქცევითო _ ამ ნეგატიურ ფონზე, უკაცრავად პასუხია, ყალბად ჟღერს.

ნოემბერმა გამოაფხიზლა

კარგად დაფინანსებულმა ბრიუსელელმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც საზოგადოებრიობასთან ერთად, ეტყობა, საკუთარ თავსაც ატყუებენ ოპტიმისტური პროგნოზებით, ნოემბრის თვეში სრული ფიასკო განიცადეს.

III კვარტლის შედეგებმა გამოააშკარავა, რომ ევროზონის ეკონომიკის ზრდა ზმანება იყო მხოლოდ, იმედის სრული გაცრუება, და ფაქტობრივად 0,1 პროცენტი შეადგინა.

მთლიანად ევროპის.

უსაფუძვლო აღმოჩნდა აქამდე დამკვიდრებული მოსაზრება «ორსიჩქარიანი» ევროპის შესახებ: თუ სამხრეთ ევროპაში ზრდა არ შეიმჩნევა, სამაგიეროდ _ ჩრდილოეთში არის.

მსგავსი არაფერი ხდება: გერმანიაშიც კი მშპ მატება მხოლოდ 0,3 პროცენტია, წლიური მაჩვენებლით შეიძლება 1,3 პროცენტი იყოს, თეორიულად, პრაქტიკულად _ არა, რადგან სექტემბერში წარმოებამ შემცირება დაიწყო. IV კვარტალში კი  ოქტომბერში გფრ-ის მრეწველობის წარმოება სექტემბერთან შედარებით 1,2 პროცენტით შემცირდა. ამის შემყურე კომპანიებმა კვლავ თავი შეიკავეს ინვესტიციების გაცემისგან. ეკონომისტები ინვესტიციური აქტივობის საკმაოდ ფრთხილ პროგნოზს გვთავაზობენ (მაგალითად, Commerzbank-ის ექსპერტი რალფ ზოლვენი).

წყლის სრულად გადაწურვა რომ არ გამოგვივიდეს, უნდა ვთქვათ, რომ ევროზონის მცირე ქვეყნებში ეკონომიკის მიზერული ზრდა მაინც შეიმჩნევა. ავსტრიაში 0,2 პროცენტია, ნიდერლანდების სამეფოში წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, 0,3 პროცენტია, ფინეთში _ 0,4 პროცენტი. ესპანეთსა და იტალიაში ზრდა მიკროსკოპულია. ამ უკანასკნელში კრიზისის დაწყებიდან მშპ მოცულობა 25 პროცენტით შემცირდა (!). საბერძნეთში დაცემა გრძელდება, თუმცა არც ისეთი მაღალი ტემპით, როგორც უწინ.

მიზეზთამიზეზი ევროპასა და მთელ მსოფლიოში მსყიდველობითი უნარის კრიზისია. განსაკუთრებით ცუდი დრო დაუდგა გერმანიის ეკონომიკას, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული.

ნაცუმცირესობა საქართველოში ქვეყანაში ინვესტიციების შემოუსვლელობას ახალი ხელისუფლების უნიათო ეკონომიკურ პოლიტიკას აბრალებს. მაგრამ ევროპის ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ყველა კითხვა მოიხსნება: თავისი გასჭირვებია, ჩვენთვის ვის სცალია!

თანაც _ «ნაცების» ცრუეკონომიკის ნამდვილ ეკონომიკად გარდაქმნას, ალბათ, რამდენიმე წელიწადი დასჭირდება.

უბედურება ისაა, რომ ევროკავშირის ცენტრისკენული მიზიდულებაც დიდად პერსპექტიული არ ჩანს. უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ როცა ამ ევროგაერთიანების ტრადიციულ ქვეყნებს კრიზისისთვის თავი ვერ დაუღწევიათ, ევროზონის ახალი წევრები «ჟანგბადს» მიუწოდებლობით იხუთებიან.

თუმცა რაღა მაინც და მაინც ეს ქვეყნები _ საფრანგეთში, გერმანიის შემდეგ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, მიიჩნევენ, რომ ევროპის «ქრონიკული ავადმყოფი» საბერძნეთი კი არ არის, არამედ საფრანგეთია. მშპ-ს დაცემას, ექსპერტების აზრით, საფრანგეთში ეროვნული შოკის მსგავსი რეაქცია მოჰყვა. გოლისტი ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი ფრანსუა ოლანდი იმაზე იყვნენ გაწაფულები, რომ შეემცირებინათ სოციალური ხარჯები, გაეზარდათ არსებული გადასახადები და შემოეღოთ ახლები. შედეგიც შესაბამისი მიიღეს: წლევანდელი წლის III კვარტალში უმუშევრობამ იმატა _ სექტემბრის მონაცემებით, ახალგაზრდობას შორის 25 პროცენტს მიაღწია.

დაკარგული თაობა

არ იქნება მართებული, თუ ვიტყვით, რომ ევროკავშირს არ აწუხებს უმუშევრობის პრობლემა. გასულ ივნისში ევროკავშირის სამიტზე განიხილეს ახალგაზრდობის უმუშევრობის საკითხი. მაგრამ გადაწყვეტილება სანახევრო გამოდგა, რადგან ახალგაზრდობის უმუშევრობის წინააღმდეგ გამოიყო მხოლოდ 8 მილიარდი ევრო.

როგორც ექსპერტები ამბობენ, სასაცილო თანხაა. ამის დასამტკიცებლად ციფრებს იშველიებენ. ცალკეული ქვეყნებისთვის დახმარების გაწევაზე დაიხარჯა 200 მილიარდ ევროზე მეტი, საჭირო დახმარების რაოდენობა კი 500 მილიარდი ევროთი განისაზღვრება. ინვესტიციების დაგეგმილი რაოდენობად 20 მილიარდ ევროს ითვალისწინებდა.

ამ ფონზე 8 მილიარდი ევრო შეცვლის მდგომარეობას?

არა, რა თქმა უნდა.

ეს ევროკავშირში კარგად ესმით და პრობლემას გერმანული სისტემის ე. წ. დუალისტური პროფტექგანათლების დანერგვით ცდილობენ, კერძოდ, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.

რას გულისხმობს აღნიშნული «დუალიზმი»?

ამ სისტემის მიხედვით, მოსწავლე საშუალო სკოლის გაკვეთილებს კვირაში ორჯერ ესწრება, დანარჩენ სამ დღეს საწარმოშია: სასწავლო კლასებსა და უშუალოდ საამქროებში. ასეთი სისტემა სამ-ოთხ წელიწადზეა გათვლილი.

აპირებენ ახალგაზრდული შრომითი ძალის მობილურობის გაზრდას. იგულისხმება, რომ ასიათასობით ესპანელი, პორტუგალელი, იტალიელი ახალგაზრდა «ზუიდარბაიტერი» ჩავა გფრ-ში (სხვაგან ჩასასვლელი არსადაა). მაგრამ მიიღებენ კი სიხარულით გერმანელები ამ ახალგაზრდულ მასას?

საეჭვოა. მით უფრო, რეალური სიტუაცია კონკრეტული მაგალითებით მტკიცდება: დამქირავებლები საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილნი ზემოთ დასახელებული ქვეყნებიდან ჩასული ახალგაზრდების კვალიფიკაციის, შრომისმოყვარეობისა და უნარ-ჩვევების მიმართ.

აი, რას ამბობს ბარსელონის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი სანტიაგო ნინიო ბესერა: «ყველაფერი ახალგაზრდა კაცის კვალიფიკაციის ხარისხზეა დამოკიდებული. საქმე ის არის, რომ განვითარებული ქვეყნების ბაზრებს შეუძლიათ კვალიფიციური მუშახელის მიღება _ ისინი მათ სჭირდება. სოლიდური პროფესიის არმქონე პირებს გაუჭირდებათ სამუშაოს პოვნა ესპანეთშიც და საზღვარგარეთაც».

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდების უმუშევრობასთან ბრძოლის პროგრამა მხოლოდ შეარბილებს პრობლემას და შრომით ბაზარზე არსებულ ვითარებას კარდინალურად ვერ შეცვლის. ბრიუსელის მთავარი შეცდომა ისაა, რომ იგი სხვადასხვა დაავადების (უმუშევრობას ყოველ ქვეყანაში თავისი სპეციფიკური მიზეზები აქვს) მკურნალობას ერთიანი სტანდარტულ-ტიპური საშუალებებით ცდილობს. «ევროპული გაზაფხულის» პერსპექტივა ძალაში რჩება.

ზემოთ თქმულის გარდა, მიზეზი ის პარადოქსია, რომელზეც ესპანური La Vanguardia წერს.

ევროპაში უცნაური სიტუაცია ჩამოყალიბდა: ხუთი მილიონი ვაკანსიის პირობებში უმუშევრობის დონე უცვლელად მაღალი რჩება. პუბლიკაციის ავტორი დევიდ მარტინესი ამას  იმით ხსნის, რომ დღეს ევროკავშირის შრომის ბაზარი დანაწევრებულია, ხოლო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის მნიშვნელოვანი დაუბალანსებლობაა: მაშინ, როცა სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა 50 პროცენტს აჭარბებს, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში 4,5-მილიონია სამუშაო ადგილი ვაკანტური რჩება.

ევროპის სამხრეთში გამოჩნდა და იზრდება «დაკარგული თაობა». ევროსტატის მონაცემებით, საბერძნეთსა და ესპანეთში 25 წლამდე ასაკის თითქმის ყველა მეორე ახალგაზრდა უმუშევარია (შესაბამისად _ 59 და 56 პროცენტი). იტალიასა და პორტუგალიაში ეს მაჩვენებელი 36,6 პროცენტია.

თითქოს უკეთესი მდგომარეობაა ევროკავშირის წევრ ბალტიისპირეთის  ქვეყნებში. საერთო უმუშევრობა აქ 11 პროცენტია (მთლიანად ევროზონაში _ 12,1 პროცენტი).

ევროკომისიის მონაცემებით, ახალგაზრდობის უმუშევრობა ევროგაერთიანებას 150 მილიარდი ევრო უჯდება, ანუ ევროკავშირის საერთო მშპის 1,2 პროცენტი.

ევროკავშირში «დაკარგული თაობის» არსებობა, თაობისა, რომელიც პერსპექტივას ვერ ხედავს, ევროპული ინტეგრაციის კრახის მომასწავებელია.

ევროსტატის სოციოლოგების მონაცემებით, 2012 წელს კონტინენტის მოსახლეობის 124,5 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარზე იმყოფებოდა. უმძიმესი სიტუაციაა ბულგარეთში, სადაც სიღატაკე და სოციალური იზოლაცია მოსახლეობის ნახევარს ემუქრება(!). ბულგარეთს მოსდევს რუმინეთი და ლატვია, სადაც სიღარიბის რისკის წინაშეა მოსახლეობის შესაბამისად 42 და 37 პროცენტი. ლიტვაში ეს საშიშროება ემუქრება მოსახლეობის 33 პროცენტს, პოლონეთში _ 27,2 პროცენტს, ესტონეთში _ 23,1 პროცენტს. ასეთსავე მდგომარეობაშია იტალიაშიც, სადაც მოსახლეობის 29,2 პროცენტი სიღარიბის ზღვარზეა, აბსოლუტურ გამოხატულებაში 18,2 მილიონ ადამიანზეა ლაპარაკი. იტალიელები, სპეციალისტების აზრით, ევროპის ღატაკების ყველაზე დიდ მასივს ქმნიან.

გასულ კვირაში გამართულმა ევროკავშირის სამიტმა დაადასტურა, რომ კონტინენტზე კრიზისული მდგომარეობა გრძელდება.

ევროსკეპტიციზმიდან ტოტალურ პესიმიზმამდე

ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა არამარტო ევროპის პერიფერიაზე, არამედ ევროპის ისეთ წამყვან ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა.

ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირის სახელმწიფოები მკაცრი ეკონომიის პოლიტიკას თუ არ შეცვლიან, 2025 წლისთვის ამ ქვეყნების თითქმის ყველა მესამე მოქალაქე სიღარიბეში იცხოვრებს. ასეთი დასკვნაა გაკეთებული ჰუმანიტარული ორგანიზაცია Oxfam-ის მოხსენებაში. ამ კატასტროფის წინაპირობა კი მზარდი უმუშევრობაა.

2013 წლის აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში ფრანგული ინსტიტუტის Ifop-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ევროსკეპტიკოსების რაოდენობა მკვეთრად იზრდება ევროზონის პირველ ოთხეულში _ გფრ-ში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში. ძირითადი შეკითხვა, რომლითაც ამ ქვეყნების მოქალაქეებს მიმართეს, ასეთი იყო: მიაჩნიათ თუ არა, რომ ევროკავშირის  წევრობა მათთვის სასარგებლოა?

პირინეების მცხოვრებთა 37 პროცენტი თვლის, რომ ევროკავშირის წევრობას ესპანეთისთვის მხოლოდ უსიამოვნება მოაქვს (ერთი წლის წინათ ევროსკეპტიკოსთა რაოდენობა ამ ქვეყანაში 26 პროცენტი იყო). საფრანგეთში უკმაყოფილოთა რიცხვი 38 პროცენტიდან 2012 წელს დღევანდელ 43 პროცენტამდე გაიზარდა, ევროსკეპტიკოსების ყველაზე დიდი რაოდენობა იტალიაშია _ 45 პროცენტი.

ეს კრიზისის ერთი შედეგია, მეორე _ კრიტიკული განწყობილებების პესიმიზმად ტრანსფორმაციაა. ამერიკის სამეცნიერო ცენტრის Pew Research Centrის მონაცემებით (კვლევა 2013 წლის გაზაფხულში ჩატარდა), გერმანელების მხოლოდ 28 პროცენტი, ინგლისელთა 17 პროცენტი, იტალიელთა 14 პროცენტი და ფრანგების მხოლოდ 9 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათი შვილები წინა თაობებზე უკეთესად იცხოვრებენ.

დასავლეთში პესიმიზმი ოპტიმიზმთან შედარებით მკვეთრად კონტრასტირებს განვითარებად მსოფლიოსთან შედარებით: ჩინელების 82 პროცენტს, ინდოელთა 59 პროცენტს და ნიგერიელთა 65 პროცენტს უკეთესი მომავლისა სჯერათ.

როგორც ჩანს, მართალი არიან ის ანალიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ ევროპა თანდათან კარგავს პროგრესის მამოძრავებელი ლოკომოტივის წარმმართველ პოზიციას. დადგა დრო სხვა ცივილიზაციების.

რომელ მატარებელს ჩაებმება საქართველოს გარემონტებული ვაგონი?

«საკითხავი, აი, ეს არის».

არმაზ სანებლიძე,

უცხოეთის პრესის პუბლიკაციების მიხედვით

P.S. უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალები, რომლებსაც «საქართველო და მსოფლიო» დღევანდელ ნომერში გთავაზობთ, მიუკერძოებლად გაგაცნობთ იმ შედეგებს, რომლებითაც გამოირჩა წარმავალი 2013 წელიწადი ევროპისთვის.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here