Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ჯაჭვლიანი: პატრიარქს ნებისმიერ უმრავლესობაზე და უმრავლესობის წარმომადგენელზე მეტი უფლება აქვს, საქვეყნო...

სოსო ჯაჭვლიანი: პატრიარქს ნებისმიერ უმრავლესობაზე და უმრავლესობის წარმომადგენელზე მეტი უფლება აქვს, საქვეყნო საქმეებში ჩაერიოს!

551

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეჟისორი და მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი.

 

_ ბატონო სოსო, წინასაარჩევნო პერიოდში გიორგი მარგველაშვილი ხაზგასმით აცხადებდა, რომ 27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდებოდა. მას შემდეგ თითქმის ორი თვე გავიდა, როგორ ფიქრობთ, დასრულდა თუ არა კოაბიტაცია?

_ თავის დროზე გიორგი მარგველაშვილის განცხადებამ, ამ კოაბიტაციის დასრულებასთან დაკავშირებით, ხალხში ამის იმედი გააჩინა და ეს სავსებით ბუნებრივია; თუმცა ადამიანებს ისიც კარგად ესმით, რომ თვე-ნახევარი არ არის საკმარისი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ვფიქრობ, საზოგადოება ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია და ამით ერთგვარ შანსს აძლევს ხელისუფლებას. ამ შანსის გამოუყენებლობა კი დიდი იმედგაცრუება იქნება, რასაც ამომრჩეველი უბრალოდ არ გვაპატიებს. ჩვენ ეს კარგად უნდა გვესმოდეს.

_ თქვენი აზრით, არის თუ არა სამართლიანობის აღდგენის პროცესში ერთერთი ხელისშემშლელი ფაქტორი დასავლეთის ზეწოლა? ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის განცხადებები პოლიტიკურ დევნაზე, შერჩევით სამართალზე და . .

_ არა თუ განცხადებები გვესმის, ზოგჯერ ქმედებებსაც ვხედავთ, მაგალითად, შარშან ბიბლიოთეკის შენობასთან რომ ინციდენტი მოხდა, ჩამოვიდნენ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები და გახსოვთ, ვითომ ნაცემი «ნაციონალები» მოინახულეს. მერე აჩვენეს ამათი შეწუხებული სიფათები და ტრაგიკული სახით აუწყეს მთელ მსოფლიოს, რომ თურმე რა ველური ხალხია ეს ქართველები. ახლა ამ ყველაფერს რატომ ვიხსენებ, რა თქმა უნდა, სააკაშვილს ჰყავს საკუთარი ლობისტები და მხარდამჭერები ევროპაშიც, ამერიკაშიც, რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ესენი მკვდრეთით აღადგინონ, მაგრამ «ნაციონალური მოძრაობის» გადარჩენა, უბრალოდ, შეუძლებელია. ეს იქნება სრული ამოვარდნა ბუნების კანონიდან, იმიტომ, რომ მათ თვითონვე გამოუტანეს თავიანთ თავს სასიკვდილო განაჩენი. პროკურატურაზე ზემოქმედებას რაც შეეხება, თუკი თვითონ გამოძიება იქნება პრინციპული და ობიექტური, დარწმუნებული ვარ, ვერც ამერიკის, ვერც ევროპის ან სხვა რომელიმე გარე ძალის ჩარევა ამ პროცესს ვერ შეაფერხებს.

_ სააკაშვილი თითქმის თვენახევარია, ამერიკაშია და, როგორც ამბობენ, შეხვედრებს მართავს. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ეს საფრთხის შემცველი ხელისუფლებისთვის?

_ სააკაშვილს ქვეყანა რომ ებარა, მაშინაც ასე დახტოდა. ახლა, როცა საბოლოოდ აწყვეტილი აქვს, რა გასაკვირია, რომ ვერ ისვენებს?! რამდენიმე დღის წინ უკრაინაშიც ჩასულა და თურმე იქ ხალხისთვის მიუმართავს, ესაა მისი ხასიათი და მოქმედების სტილი. რას იზამ, ნათქვამია: «გიჟი მიუშვი ნებასაო…».

_ გასაგებია, მაგრამ ამ გიჟმა 2003 წელს შევარდნაძეს ხელისუფლება დაამხო თავზე. ისე, 2009 წელს, ოპოზიცია რომ ოთხი თვე ქუჩაში იდგა უშედეგოდ, მას უთქვამს, მათ ადგილას 24 საათში რევოლუციას მოვაწყობდიო

_ ჰოდა, მოაწყოს ახლა, თუ ეგეთი მაგარია… ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი, ერთ რამეში გეთანხმებით, სააკაშვილი მართლა არის გარკვეული საფრთხე იმ თვალსაზრისით, რომ მას აქვს პროვოკაციის დიდი უნარი.

_ გინდათ, თქვათ, რომ დღესაც შეიძლება მისგან რაიმე პროვოკაციას ველოდოთ?

_ პროვოკაცია არაა უკრაინაში ჩასვლა და ოპოზიციის გვერდით დადგომა, აბა, რა არის? კი, ბატონო, შენ გაქვს შენი მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ ასე ცალსახად შეიძლება ერთ მხარეს დადგე და ხალხს აჯანყებისკენ, დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდო?

_ დავაკონკრეტოთ: ამან შეიძლება ქართულუკრაინულ ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედოს?

_ არამარტო ქართულ-უკრაინულზე, რუსულზეც. რაც უნდა იყოს, ის მაინც ქვეყნის სახეა, ყოფილი პრეზიდენტია და მისი ქმედება ყოველთვის გაიგივებულია სახელმწიფოსთან. ამას რომ ვერ აცნობიერებდა ეს გიჟი, იმიტომ მივიღეთ 2008 წელს ტრაგედია, თუმცა იმედი მაქვს, უკრაინის ხელისუფლებას კარგად ესმის, ვინც არის სააკაშვილი.

_ რაკი სააკაშვილზე ვსაუბრობთ, ბარემ გკითხავთ: ამას წინათ სანდრა რულოვსმა განაცხადა, მიშა სავსეა ენერგიით და ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებსო. როგორ აფასებთ მის შანსს გრძელვადიან პერსპექტივაში?

_ სააკაშვილი რომ ენერგიით იქნება სავსე, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ენერგიას გააჩნია. მას არ აქვს მთავარი, რაც ჩემი აზრით, გადამწყვეტია პოლიტიკაში, _ რაციონალიზმი, აქედან გამომდინარე, მოზღვავებული ენერგია მისთვის წარმატების საწინდარი კი არ არის, არამედ დამღუპველია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანს რაღაც შიგნიდან არ ასვენებს, ღრღნის. ჩვენ ამას წერას ვეძახით. აი, ამ წერას ჰყავს მიშა ატანილი და ვერ აცნობიერებს. შანსზე კი რა გითხრათ… 9 წლის მანძილზე მას რამდენიმე შანსი ჰქონდა, რომ პოლიტიკური ღირსება შეენარჩუნებინა და ვერ გამოიყენა; ახლა ის, უბრალოდ, აჩრდილია, ლანდი, რომელიც ვერასოდეს მობრუნდება პოლიტიკურ სააქაოში.

_ თვითმმართველობის ახალი კოდექსის თაობაზე არაერთი მოსაზრება გამოითქვა, ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია მოჰყვა პატრიარქის განცხადებას სეპარატიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს თამარ კორძაიას განცხადება. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ ეს არის იმდენად საფრთხილო საკითხი, რომ არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. უბრალოდ, აქ ერთი რამეა, პატრიარქმა რადგან საფრთხეზე ისაუბრა, ესე იგი მან რაღაც დაინახა და, თუ კი ჩვენ ახლა გვინდა, რომ ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას, მაშინ კანონპროექტი მაქსიმალურად უნდა გასაჯაროვდეს. სხვა დანარჩენზე რა გითხრათ, ის ირონიული განცხადებები, რომლებიც შემდეგ პატრიარქის შეფასებას მოჰყვა, ჩემთვის შეურაცხმყოფელია და მიუღებელი…

_ საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის ქალბატონმა თამარ კორძაიამაც, განაცხადა, რომ საპატრიარქო ზედმეტად ერევა საზოგადოებრივპოლიტიკურ პროცესებში. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

_ მე ვფიქრობ, რომ პატრიარქს, როგორც ერის სულიერ მამას და საჭეთმპყრობელს, ნებისმიერ უმრავლესობაზე თუ უმრავლესობის წარმომადგენელზე მეტად აქვს უფლება, საქვეყნო საქმეში ჩაერიოს. ის ერთადერთია, რომლის მიმართაც ხალხს სრული ნდობა გააჩნია, ამიტომ ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ წინა ხელისუფლებას და არ უნდა დავიწყოთ მისი უწმინდესობის ლანძღვა. ამას აკეთებდა სააკაშვილის რეჟიმი 9 წლის მანძილზე მიზანმიმართულად.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ერთი მითხარი ჯაჭვლიანო სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დროს რატომ არ გააკთა ილია მეორემ ერთხელ მაინც მსგავსი მკვეთრი განცხადება?? თავს გაუფრთხილდა?? მან ისიც იცოდა რომ პატიმრებს აწამებდნენ მაგრამ საჯაროდ განგაში არ აუტეხია და ეხლა ვითომ თავგამოდებული გახდა იმიტომ რომ შენისთანები ყველაფერზე თავს უქნევენ??

  2. უცნობო გეტყობა შენ საიდანაც ცვივა შენი აზრობრივი მარგალიტები. რესპუბლიკელებს ურჩევნიათ ჭკუას მოუხმონ,თორემ ხალხის რისხვა წკიპზე კიდია და ვინ საით გაასწრებს(თუ გაასწრეს საერთოდ)კაცმა არ იცის… უფალმა გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი მტრების გულის გასახეთქად, ერის საკეთილდღეოდ და ღვთის სადიდებლად.

  3. უცნობო გეტყობა რა ტროყოც ხარ,ხალხი ნუ შეგყავს შეცდომაში,პატრიარქმა არაერთხელ გააკეთა მკვეთრი განცხადება.მარტო იმედზე მოდელირებული გადაცემაც კმარა მაგალითისთვის პატრიარქმა მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფალნი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here