Home რუბრიკები საზოგადოება ფარდობითურობის თეორია, ანუ აკადემიკოსი გისოსებს მიღმა

ფარდობითურობის თეორია, ანუ აკადემიკოსი გისოსებს მიღმა

614

ამბავი მეორე

ციხე დახურული სივრცეა, მიუხედავად ამისა, პოლიტიკური და სხვა სახის პროცესები, რომლებიც ქვეყანაში ხდება, იქ ყველაზე ადრე აღწევს. დროის მოკვლის მიზნით, პატიმრები დილიდანვე იწყებენ საქვეყნო პრობლემების ანალიზს და საკმაოდ საფუძვლიანადაც.

_ ირაკლიევიჩ, ახლა დამირეკეს გარედან. სააკაშვილს საზღვარგარეთ ვიღაც გოგო მოსწონებია და 25 წლის ლამაზმანი მინისტრად დაუსვამს.

არ გამკვირვებია, ინაუგურაციაც კი არ ჰქონდა ჩატარებული, აეროპორტში გაცნობილი სტუდენტი გოგონა პარლამენტის წევრად რომ დასვა.

_ რა გინდა, კაცი გულაობს.

_ მერე ქვეყანა?

_ სადღაა ქვეყანა, ბავშვების მიერ აშენებული ქვეყანა გინახავს სადმე?

_ ყველაფერი ედიკას ბრალია, მან დაგვასვა ეს ტუტუცი ბავშვები თავზე, ამათ ქვეყანის შენება ქვიშაში თამაში ჰგონიათ.

_ მიკვირს ამერიკის პოზიცია _ არ აინტერესებს, ფული რომელსაც გვიგზავნის, რაში იხარჯება?! _ ბუზღუნებდა რომელიღაც ნაპროკურორალი.

_ ამერიკას ფული იმდენი აქვს, რომ, სად წაიღოს, არ იცის. აგულავებს ამ ბავშვებს, მოაპარინებს ფულს, გაამდიდრებს და, როდესაც დაჭირდება, რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს, გამოჭერილები ეყოლება და იმიტომ…

_ როდემდე უნდა ვუყუროთ ამათ სისულელეებს, დაგვემხო თავზე ქვეყანა…

ასეთი საუბრები დღეში რამდენიმეჯერ იმართებოდა და ამას მიჩვეულები ვიყავით. საერთო წუწუნი ხშირად პოლიტიკურ დებატებში გადადიოდა, რომელსაც არცთუ იშვიათად ქილიკიც მოჰყვებოდა: «რეგვენია და რა უნდა გააგებინო»? ამდაგვარი ეპითეტებიც, ხშირად მომისმენია ერთმანეთზე… საბედნიეროდ, წყენას მალე ივიწყებდნენ.

_ ასე გულხელდაკრეფილებმა, როდემდე უნდა ვუყუროთ ამათ სისულელეებს?! _ თქვა შედარებით დაბალი რანგის ყოფილმა ჩინოვნიკმა.

_ თქვენ არ იცით, აჭარა რა დღეშია. ვითომ რაცხას აშენებენ, თავისთვის და თურქებისთვის, ხალხი კი გაჩენის დღეს იწყევლის, _ ჩაერია საუბარში მელოტი.

_ ვისაც ჭკუა მოეკითხებოდა, აგერ გამოკეტეს ციხეში. მარტო ჩვენთან რამდენი ნამინისტრალი და გენერალია, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსები, აკადემიკოსიც კი გვყავს. ახლა სხვა კამერებში _ შინაგან საქმეთა, ენერგეტიკის, ავიაციის, სატყეოს ყოფილი მინისტრები, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკისა და რკინიგზის ყოფილი უფროსები და კიდევ, ვინ იცის, რამდენი დარგისა და უწყების ხელმძღვანელი. ნორმალურ ქვეყანაში ასეთებს სანთლით ეძებენ, ჩვენ კი ციხეში გამოგვამწყვდიეს, _ გაეპასუხა საუბარში «მოქალაქეთა კავშირის» ერთ-ერთი სერიოზული აქტივისტი, რომელიც იმიტომ დაიჭირეს, რომ «ნაცმოძრაობის» ხელმძღვანელებს 2003 წლის ნოემბრის არჩევნების დროს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია.

_ ირაკლიევიჩ, მართლა რამდენი ჭკუის საკითხავი ხალხია გამოკეტილი ციხეში! რა იქნება, ციხეში დროებითი მთავრობა რომ ჩამოვაყალიბოთ? რა იცი, რა ხდება, _ მითხრა ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

_ ხუმრობ?

_ ვხუმრობ, გულს მაინც მოვიფხანთ, ცოტას გავერთობით, _ თქვა მან ღიმილით.

_ ერიჰა… შენ სამერმისო გეგმაც გქონია?! ეს უკვე კარგია, _ ვუთხარი.

_ მოდი ვცადოთ, _ არ მეშვებოდა იგი.

_ ისე, რა მოხდა, ცოტას ვიხალისებთ, _ თქვა «სივრცეში» ახლადშემოსულმა, მაგრამ უკვე ავტორიტეტულმა და ჭკუის საკითხავმა კაცმა, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ხელისუფლებასთან ბინძურ გარიგებაში არ შევიდა.

ჩემი «კოლეგების» მონდომებამ გაჭრა, დამითანხმეს.

_ კარგი, დაიწყეთ «მუშაობა», ვნახოთ, რა გამოვა, მაგრამ იდეა არ გააბაზროთ, გახსოვდეთ, ფაქიზი საკითხია, _ ვუთხარი იდეის ავტორებს.

რამდენიმე დღის შემდეგ მორიგი «ცელქობის» ინიციატორებმა გვერდზე გამიხმეს.

_ ირაკლიევიჩ, კარგად გამოვა, თითქმის ყველა ჭკუისსაკითხავ კაცს ველაპარაკეთ და იდეა მოსწონთ, _ მითხრეს მათ.

_ თქვენ, ალბათ, ისიც გარკვეული გექნებათ, თუ როგორი სახელმწიფო გვინდა _ საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო? _ ვკითხე.

_ მაგ საკითხზეც გვინდა, დაგელაპარაკოთ, _ თქვა ერთმა და  ირგვლივ ფრთხილად მიმოიხედა, _ ჯერჯერობით იყოს საპრეზიდენტო…

მათმა სერიოზულობამ შემაფიქრიანა, მაგრამ არაფერი მითქვამს.

_ როგორ აპირებთ პრეზიდენტის ან პარლამენტის არჩევას? _ ვიკითხე.

_ ჩვენ, გამოკითხვის წესით, საპრეზიდენტო კაცი უკვე შერჩეული გვყავს.

_ რომელზე შეჩერდით?

_ პრეზიდენტობა თქვენ უნდა იკისროთ, უარი არ გვითხრათ, ეს უკვე გადაწყვეტილია.

_ აჰ, არ გამოვა, მე ასაკიც არ მიწყობს ხელს, პრეზიდენტობას ვერ გავქაჩავ, თუ გინდათ, მრჩეველი ვიქნები, _ ვტკიცე სასტიკი უარი.

_ რას ბრძანებთ, რა შუაშია ასაკი?! როცა დაგაპატიმრეს, მაშინ ასაკი თქვენთვის არ უკითხავთ! _ გააპროტესტა ჩემი უარი ნამინისტრალმა პატიმარმა.

_ მოდი ასე ვქნათ, მე შორიდან დაგაკვირდებით, ე. ი. რეჟისორივით ვიქნები. პრეზიდენტად კი, სჯობს, ვინმე ახალგაზრდა ავირჩიოთ.

_ ახალგაზრდები გარეთ გვყავს, რა ხეირიც დაგვაყარეს, ვხედავთ… ირაკლიევიჩ, თქვენ ხომ აკადემიის პრეზიდენტი იყავით, გამოცდილება გაქვთ, უნდა დაგვთანხმდეთ, თორემ ჩაგვეშლება საქმე. პატიმრები პრეზიდენტობისთვის დახოცავენ ერთმანეთს, _ მაწვებოდნენ ინიციატორები.

_ აკადემიის პრეზიდენტი ვიყავი კი არა, ახლაც ვარ და ჯამაგირსაც ვიღებ,  ორი პრეზიდენტობა კი, კანონით, არ შეიძლება.

_ იქ მაინც არა ხართ, თქვენი კაბინეტი, ალბათ, ცარიელია და, სანამ აქა ხართ, იყავით ჩვენი პრეზიდენტი!

_ ირაკლიევიჩ, ეს საქმე გადაწყვეტილია, თუ არ გჯერათ, ახლავე მოვიწვევთ თქვენს საკანში «სხოდნიაკს» და ხელახლა ვუყრით კენჭს.

დამითანხმეს. დრო და ასაკი ადამიანებს, როგორც ჩანს, ვერ ავიწყებს ბავშვობას და ჩვენც, ასაკოვანმა და გარეთ სერიოზულმა ბიძებმა, დავიწყეთ მორიგი სპექტაკლის გათამაშება.

მიუხედავად იმისა, რომ ციხეში გამოცდილი სახელისუფლო ელიტა იყო წარმოდგენილი, «მთავრობის დაკომპლექტება» მაინც გაგვიჭირდა, ყველამ მინისტრობა მოინდომა… შევარდნაძის ყოფილი ჩინოვნიკების «ამბიციების» დასაკმაყოფილებლად, დამატებითი სამინისტროებიც კი «გავხსენით» ე.წ. სახელმწიფო მინისტრის სტატუსით, მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა. სახელმწიფო მინისტრობაც ბევრმა დაიწუნა: «მე რა, მარტო კაბინეტის მინისტრი უნდა ვიყო?» _ აპროტესტებდა ზოგიერთი.

მელოტმაც უარი თქვა აჭარაში პირველკაცობაზე.

_ ჩამეირიგეთ თბილისელებმა თბილ-თბილი სავარძლები და მე ხუთი რაიონის უფროსად მიშობთ?! ორი დღეა, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ეძებთ… მაინტერესებს, რას მიწუნებთ?! გამოცდილება არ მაქვს, ნაჯდომი არ ვარ, თუ რა?! _ ვიშვიშებდა იგი.

ძლივს დავიყოლიე მელოტი აჭარის პირველკაცობაზე. ვუთხარი, რომ «მთავრობაში» უკვე გვყავს ორი მინისტრი აჭარიდან, ისიც ვუთხარი, რომ იგი აჭარაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ა.შ.

ეფენდიმ, ასე დავარქვით მას, უკმაყოფილოდ გააქნია თავი და რაღაც ჩაილაპარაკა. მერე მე მომიბრუნდა:

_ ირაკლიევიჩ, თქვენი ხათრით, თვარა აჭარაში არ წევიდოდი… მომეცით პირობა, რომ მარტო თქვენ დაგემორჩილებით, _ წამომიყენა პრეტენზია.

_ შენ ასლანობა გინდა, ასე ვატყობ მე…

_ რას უწუნებთ აბაშიძეს?! მაშინდელი აჭარა ვინც იცის, შედარებაც არაა… ასლანა იქინა საქმეს აკეთებდა, თბილისში კი ამ დროს კინკლაობდით.

ერიჰა… მელოტი უკვე აჭარის ფაშობას უმიზნებს… «საქართველოს საშველი არ იქნება», _ გამიელვა თავში, მაგრამ მაინც «დავთანხმდი», «კიდევ კარგი, რომ ეს თამაშია… და მალე დამთავრდება», _ გავიფიქრე მაშინ.

_ კიდევ მაქვს ერთი თხოვნა! _ არ მეშვებოდა იგი…

_ რა გინდა, ხომ ხედავ, რამდენი საქმე მაქვს, _ თავი დავიფასე.

_ რა და… ბაღნები მყავს, თბილისში ხუთოთახიანი ბინა ახლავე უნდა მივიღო… როდემდე უნდა ვიცხოვრო აჭარაში!..

_ ეს მაგრა შესულა როლში, _ წამჩურჩულა ენერგიულმა გურულმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრობა გაიჩალიჩა.

_ მაგ საკითხს აგერ პრემიერი გადაგიწყვეტს, _ ვუთხარი მელოტს, თუმცა შევატყვე, რომ გადამისამართება არ ესიამოვნა.

ცოტა ხნის შემდეგ «ენერგიულ გურულს» ვკითხე, რა ქენით-მეთქი.

_ ირაკლიევიჩ, ამან, მგონი, მთლად გარეკა… უკვე სახლებსა და ქუჩებს ირჩევს… წყნეთში აგარაკიც მოითხოვა.

_ შენც დაჰპირდი, რა გენაღვლება, კარგია, რომ როლში არიან შესულები, რაც იმას ნიშნავს, რომ სპექტაკლი გამოგვდის. კარგია, რომ პატიმრები მომავალზე ფიქრობენ, დროებით მაინც დაივიწყებენ იმას, რომ უუფლებო ადამიანები არიან.

როდესაც ყველა პირობა დავუკმაყოფილეთ, მელოტმა განაცხადა, რომ მიდის ბათუმში… გვეშველა.

_ წასვლა არ გამოგვაპარო, უნდა გაგაცილოთ, _ უთხრა ვიღაცამ.

გაგვიჭირდა კანდიდატურის «შერჩევა» შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე.

_ იქნებ კობა ნარჩემაშვილი დავაბრუნოთ მინისტრად? მართალია, იქითა კორპუსში ზის, მაგრამ ერთგული კაცია, _ შემოიტანა წინადადება ქუთაისელმა, რომელიც საგადასახადოს ყოფილი მაღალჩინოსანი იყო.

_ კარგია, მაგრამ სხდომებს ვერ დაესწრება, სხვა საკანშია, _ იყო პასუხი.

_ მაშინ აჭარის ყოფილი მინისტრი დავნიშნოთ, ასლანთან ნამუშევარი კაცია, გენერალია, ერთგულება იცის, _ თქვა «ლტოლვილების მინისტრმა».

_ სადაა, რომ ვერ ვხედავ? მგონი, სულ დაიკარგა! _ თქვა ვიღაცამ.

_ საადვოკატო გამოცდებისთვის ემზადება და წიგნებშია ჩაფლული, _ გამოგვიცხადა მელოტმა, რომელიც თვითონაც ემზადებოდა საადვოკატოდ.

_ შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის ხერხემალია, _ თქვა ყოფილმა გენერალმა, _ აქ გამოცდილი კაცია საჭირო…

_ მერე სადაა გამოცდილი კაცი? _ თქვა რომელიღაც ოლქის ყოფილმა პროკურორმა, რომელსაც «თავისი» თანამდებობა უკვე განაღდებული ჰქონდა…

_ რას მიწუნებთ, მაგალითად, მე?! უმცროსი ოპერობიდან დავიწყე და გენერალი გავხდი, 30 წლის უწყვეტი სტაჟი მაქვს, _ ვითომ პროკურორის გასაგონად თქვა გენერალმა,  თუმცა, «კოკავ, შენ გეუბნებოდნენ და, ლიტრავ, შენც გაიგონეო», _ ასე უფრო იყო, სხვების გასაგონად ნათქვამი…

_ აჭარიდან უკვე გვყავს თავდაცვის მინისტრი, მართალია, მისთვის არ გვიკითხავს, ისე დავნიშნეთ, სულ ძინავს და რა გვექნა? მაგრამ, იმედია, უარს არ გვეტყვის, _ გამოთქვა მოსაზრება «პრეზიდენტის» აპარატის უფროსმა.

_ იქნებ კაცი უარზეა, თავდაცვის მინისტრად ვნიშნავთ, სახუმარო საქმე ხომ არაა, _ გააპროტესტა «ქონების მინისტრმა».

_ არა, უარზე არაა, მე მქონდა მასთან საუბარი, _ «წაეშველა» მელოტი «ზემლიაკს».

_ მე მხარს ვუჭერ, აჭარელის კანდიდატურას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, თქვენ კი მისი პირველი მოადგილე იქნებით, _ თქვა «პრემიერმა» და მეგრელ გენერალს შეხედა.

_ მე არავის მოადგილედ არ ვიმუშავებ და საერთოდ, თქვენს მთავრობაში არ მინდა ვიყო, _ ჩაიბუზღუნა «დაჩაგრულმა» გენერალმა და დემონსტრაციულად დაგვტოვა.

_ შენც რა კრიჭაში ჩაუდექი, ვერ ხედავ, კაცი თავს იკლავს თანამდებობისთვის? სხვათა შორის, ციხის მთავრობის შექმნაც მისი იდეაა, ახლა კი თანამდებობაც გენანებათ მისთვის? _ ვუსაყვედურე გურულს.

_ მაგან, ჯობია, ჯერ ნარდის თამაში ისწავლოს! _ ჩაიღიმა პრემიერმა.

_ ირაკლიევიჩ, აწყობილი თამაში გვეშლება, მე მგონი, თქვენ უნდა დაელაპარაკოთ, _ მითხრა თანამდებობაგანაღდებულმა ერთმა პატიმარმა, _ ხომ იცი მაგათი ამბავი, ხვეწნა სჭირდებათ, რატომ იწუნებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობას? მეტი რა უნდა?

საღამო ხანს განაწყენებული მეგრელი გენერალი ჩემს «რეზიდენციაში» მოვიხმე:

_ შენ ბრძენი კაცი ხარ, მთელი საქართველო გიცნობს, _ დავიწყე საუბარი (ესიამოვნა), _ შენი პრეტენზიები სწორია, მინისტრობა შენ უფრო გეკუთვნის, ვიდრე აჭარელს, მაგრამ ახლა ასეა საჭირო და უნდა დამითმო… დამიჯერე, ფაქტობრივად, მინისტრი შენ იქნები, ხომ ხედავ, ის სულ წიგნებშია თავჩარგული…

_ გამოდის, რომ მე უნდა ვიმუშავო, იმან კი ჯამაგირი აიღოს?!

ჯამაგირიო?! ამათ, მგონი, დაავიწყდათ ნარებზე რომ კოტრიალობენ, მართალი უნდა ვთქვა, შევშფოთდი. ძალიან ღრმად ხომ არ შევტოპეთ?! გადავწყვიტე თამაშის დამთავრება, მაგრამ გამიელვა აზრმა: საინტერესოა, სადამდე მიგვიყვანს ასაკოვან, დაბრძენებულ ადამიანებს ეს ბავშვური თამაში?

_ მოდი ასე ვქნათ: შენ იქნები პირველი მოადგილე, ის საქმეს ვერ გააკეთებს და ორი-სამი თვის შემდეგ იძულებულს გაგვხდის, რომ გავათავისუფლოთ, შენ კი პირველი მოადგილე ხარ და მინისტრიც ავტომატურად გახდები.

გენერალი ჩაფიქრდა, კეფა მოიფხანა, სივრცეს გახედა, შემდეგ სერიოზული სახით ჩემკენ შემოტრიალდა.

_ ბატონო პრეზიდენტო (ვა, უკვე პრეზიდენტოო), ვიცი, რომ სიტყვის კაცი ბრძანდებით… თქვენი ხათრით ვთანხმდები, თორემ უარი გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს… წყნეთში კარგი აგარაკი უნდა მომცეთ… თანაც ახლავე! _ არ გამკვირვებია, სხვებიც ხომ ასე იქცეოდნენ…

_ ეგ საკითხი მოგვარდება, _ ისე დავპირდი, თითქოს წყნეთის აგარაკები ხურდა ფულივით მქონდა ჯიბეში. ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო, თუ ესენი მართლა ისე ფიქრობენ, როგორც მელაპარაკებიან.

მეგრელი გენერალი დავითანხმეთ, გვეშველა, მთავრობა დავაკომპლექტეთ. მართლაც, ღიმილის მომგვრელი იყო ჩაკეტილ სივრცეში საქმიანად მოფუსფუსე «მინისტრი» პატიმრები, რომლებიც იცავდნენ სუბორდინაციას, განსაკუთრებით ჩემ მიმართ. «ბატონო პრეზიდენტო, როდის შეგაწუხოთ რეზიდენციაში? გადაუდებელი საქმეები დაგროვდა», ანდა «ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ უკვე დავამუშავეთ საკითხი… როდის შეძლებთ გაეცნოთ?» და ა. შ.

ჩემი «რეზიდენცია» კი ის საკანი იყო, რომელშიც ციხის თანამშრომლებმა  გამამწესეს, თუმცა «თანამდებობას» მეც ვიფერებდი.

მინისტრები თავიანთ «კუტოკებთან» ერთად სადილ-ვახშმობდნენ, მე, ცხადია, ყველასთან სასურველი სტუმარი ვიყავი.

მთავრობანას თამაშმა, რომელიც კარგად გამოგვივიდა, ხელი შეუწყო «სივრცეში» წესრიგის დამყარებას, შემცირდა ღამის ღრეობები, ნებადართული მხოლოდ დაბადების დღის აღნიშვნა იყო.

მივხვდი, რომ თამაში უნდა დაგვემთავრებინა მანამ, სანამ პატიმრები როლებში შევიდოდნენ. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც შუადღისას საკანში ჩათვლემილს თავზე მეგრელი გენერალი დამადგა:

_ ირაკლიევიჩ, თუ არ შეგაწუხებ, კითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ მითხარით, რომ აჭარელი მინისტრი ვერ გაქაჩავს, ორ-სამ თვეში შეიცვლება და მინისტრი მე გავხდები.

_ კი, მახსოვს, რომ ასე ვთქვი…

_ მაგისთვის მადლობელი ვარ, მარა იმის გარანტიას ვინ მომცემს, რომ თქვენ ორი-სამი თვე კიდევ ციხეში იქნებით? რომ გახვიდეთ გარეთ, მერე?..

ერიჰაა, ისეთი ჭკვიანი და გამოცდილი კაცისგან, როგორიც გენერალია, ამას აღარ ველოდი.  დროზე უნდა დავამთავროთ ეს ბავშვობა, სანამ რაიმე სისულელე არ ჩაგვიდენია.

_ ციხის მთავრობას ვაუქმებ, მე აღარა ვარ პრეზიდენტი, წადი, უთხარი ყველას, რომ თამაში დამთავრდა, _ ვიყვირე მე.

_ რა იყო, შე კაცო, ცოტა ხანს კიდევ გვეხალისა, მე ძალიან მომწონდა ჩემი როლი და მგონი, კარგადაც ვასრულებდი! _ საყვედურით მითხრა გენერალმა.

_ შენ რა, მართლა თამაშობდი?

_ აბა, რა, თქვენ რა, მართლა პრეზიდენტი გეგონათ თავი? _ შემიბრუნა კითხვა.

_ ახლა აქ რომ მოდი, თამაშობდი?

_ რა გემართება, ირაკლიევიჩ, ვთამაშობდი, აბა, რა?! როლში რომ შევედით, ახლა ვშლით მთავრობას?

_ ე. ი. გამოდის, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვერთობოდით?!

_ მერე რა არის ამაში ცუდი? საკნებშიც წესრიგი დამყარდა!

_ აჰ, აღარ გვინდა, გაიგებენ და დაგვცინებენ, _ ვთქვი მკაცრად.

_ კარგი დავამთავროთ. ისე, მე მგონი, ყველამ ბრწყინვალედ ითამაშა თავისი როლი.

დავეთანხმე, აბა, ეს სერიოზული ადამიანები, მართლა ხომ არ დაიჯერებდნენ, რომ მე პრეზიდენტი ვიყავი, ისინი კი მთავრობის წევრები?!

დასასრული იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here