Home რუბრიკები საზოგადოება ონკოლოგიაში საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლას ადამიანის სიცოცხლე არ უნდა შეეწიროს!

ონკოლოგიაში საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლას ადამიანის სიცოცხლე არ უნდა შეეწიროს!

786

მინიმალური სტატისტიკა

მსოფლიოში ყოველწლიურად ვლინდება კიბოს 12 მილიონი ახალი შემთხვევა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლისთვის მისი რაოდენობა 20 მილიონამდე გაიზრდება, გაუსწრებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს და პირველ ადგილს დაიკავებს. ონკოლოგიური ავადობის მატების მთელი ტვირთი გადავა განვითარებად ქვეყნებზე, რომლებსაც განეკუთვნება საქართველო. დღეისათვის ჩვენთან აღრიცხვაზეა 33 ათასზე მეტი ონკოლოგიური ავადმყოფი, ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადების 7 ათასამდე ახალი შემთხვევა ვლინდება.

პლანეტის მოსახლეობა ავადაა და, აშკარაა, რომ ტენდენცია ასეთი გლობალიზაციისა ჩვენც გვერდს არ აგვივლის. რას ვუპირისპირებთ «უკურნებელ სენს»? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ცხადია, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელისთვის რეზო გაგუასთვის უნდა გვეთხოვა. ვკითხეთ. ბატონი რეზო გაგუა განმარტავს:

_ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ონკოლოგიური ქსელი კარგად ორგანიზებული იერარქიული სისტემაა, სადაც ცენტრალიზებულად იკრიბება ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია და კიბოს კონტროლი ხორციელდება პრინციპით: «ინფორმაციის მიწოდება ქვემოდან ზემოთ, გადაწყვეტილებების მიღება და მართვა ზემოდან ქვემოთ». ონკოლოგიის რეფორმა საქართველოში ალბათ ზემოდან უნდა დაგვეწყო _ აღგვედგინა მსხვილი, რეგიონული კლინიკები. მაგრამ მოხდა პირიქით _ გაჩნდა ბევრი მცირე და არასრული სერვისის მქონე კერძო სამედიცინო ფირმა, რომელთა ლიცენზირება საწოლების რაოდენობითა და მინიმალური საკადრო და ტექნიკური უზრუნველყოფის გათვალისწინებით ხდებოდა. ასეთი ფირმები, რომელთა ინტერესი მხოლოდ სწრაფი მოგების მიღებაა, არად დაგიდევენ ძირითად ონკოლოგიურ პრინციპებს: ონკოლოგიურ სიფხიზლეს, კიბოს პროფილაქტიკასა და პრევენციას, მკურნალობის შორეულ შედეგებს, არ იხარჯებიან კიბოს კონტროლისა და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საბაზრო ურთიერთობანი, ანტიმონოპოლიური რეგულირება და კონკურენტული გარემო, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მედიცინაში, კერძოდ, ონკოლოგიაში, საბაზრო ურთიერთობებზე ფორსირებულ გადასვლას _ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ უნდა შეეწიროს. სამწუხარო ფაქტია, რომ არაპროფილურ, არასპეციალიზებულ დაწესებულებებში არასრულყოფილი გამოკვლევებისა და არარადიკალური მკურნალობის შედეგებმა ისეთი სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენა, როგორიცაა: სპეციფიური მკურნალობის დაყოვნება და შედეგად დაავადების პროგრესირება, სხვადასხვა გართულებების განვითარება, პროგნოზის გაუარესება, მკურნალობის ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა, პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

იგივე შეიძლება ითქვას სადაზღვევო სამედიცინო ბაზართან დაკავშირებითაც: მოგებაზე ფოკუსირებული სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ დაზღვეული კონტინგენტის მკურნალობა უზრუნველყონ მინიმალური დანახარჯებით, არ ითვალისწინებენ არარადიკალური და არასპეციფიკური მკურნალობის უახლოეს თუ შორეულ შედეგებს და, შესაბამისად იმ გარემოებას, რომ დროის უმოკლეს პერიოდში მოუწევთ იმავე პაციენტთა მკურნალობის ღირებულების გაათმაგება.

_ რა უნდა გაკეთდეს?

_ უკვე ვთქვი, უნდა აღდგეს ე.წ. ვერტიკალური სისტემა. აუცილებლად უნდა იარსებოს რეგიონულმა სპეციალიზებულმა დაწესებულებებმა ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავში, სათაო დაწესებულებით თბილისში. ეს საშუალებას მისცემს მოსახლეობას ტერიტორიული პრინციპის დაცვით მიიღოს კომპეტენტური დახმარება.

_ ამის გაკეთებას წინ რა ედგა? მიგაჩნიათ, რომ ჯანდაცვის რეფორმები არ იყო ოპტიმალური?

_ ვერ ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. მაგრამ უპრიანი იქნებოდა მსხვილი, მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკების მშენებლობა. საქართველოში აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმე დიდი, რეფერალურ ბიუჯეტზე მყოფი 100-150 საწოლიანი საავადმყოფო. ეს _ რეგიონებში, ხოლო მილიონნახევრიანი დედაქალაქისთვის უნდა შეგვენარჩუნებინა ისეთი სპეციალიზებული დაწესებულებები, როგორიცაა ონკოლოგიის, კარდიოლოგიის, ქირურგიის, დამწვრობის და ა.შ. ცენტრები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რეგიონული ფილიალებისა და პოლიპროფილურ დაწესებულებებში არსებულ შესაბამისი მიმართულებების დეპარტამენტების მეთოდურ-ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას. მე მივესალმები ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამას, რომლითაც ჯანდაცვა მიჩნეულია სასიცოცხლო მნიშვნელობის პრიორიტეტად.

კიბოს მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია ადეკვატური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებებით, დაკომპლექტებულია განსწავლული, მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც მუშაობენ მულტიდისციპლინურ გუნდებში მკაფიოდ განსაზღვრული როლით და მკაცრად გამიჯნული ფუნქციებით. უნდა ხორციელდებოდეს მკურნალობის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი პროფესიული ასოციაციების მიერ.

კიდევ ერთს დავამატებდი: სახელმწიფო პოლიტიკა ეფუძნება სადაზღვევო მედიცინის ფართოდ დანერგვას და, ალბათ, ეს სწორიცაა. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია სახელმწიფოს როლი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის საკითხიც. მარტო უმწეოთა დაზღვევა და სახელმწიფოს მიერ მათი დახმარება ონკოლოგიაში გარკვეული არათანაბრობის წარმოშობის საშიშროების წინაშე გვაყენებს. ონკოპაციენტი, რომელიც არ ეკუთვნის უმწეოთა კატეგორიას, ონკოლოგიის წინაშე ასევე დაუცველია. საქართველოს მოსახლეობის არათუ საშუალო ფენას, არამედ ბევრ შეძლებულ ოჯახსაც უჭირს ონკოავადმყოფის სამკურნალო ხარჯების გაღება. საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომლის ერთ-ერთი პოლიტიკური გზავნილიცაა სამართლიანობის აღდგენა, ალბათ, გაითვალისწინებს აღნიშნულს და საქართველოს მოსახლეობას შეძლებისდაგვარად თანაბრად დაეხმარება ამ მძიმე სენის წინააღმდეგ ბრძოლაში.

აქცია სახელმწიფო საკუთრებაში მისაბრუნებლად

_ გადავულოცოთ ეს საკითხები ჯანდაცვის სამინისტროს და ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პრობლემებს მივხედოთ.

დღეს თქვენი ცენტრი პრივატიზებულია.

_ დიახ. ჩვენი შენობების, მიწის ფართის და აღჭურვილობის მესაკუთრეა კანადური კომპანია «პეგასუს ფარმაუცეუტიკალს გრუპი», რომლის მასშტაბური მოღვაწეობის არეალი მოიცავს აზიისა და ევროპის ქვეყნებს. საქართველო შეარჩიეს წლების განმავლობაში მრავალმხრივი შესწავლის შემდეგ.

_ და სწორედ ეს პრივატიზება გახდა სადავო პრობლემა: თქვენმა თანამშრომლებმა მიმართეს მთავრობას, რათა გადაიხედოს კონტრაქტის პირობები ინვესტორსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის.

_ აქცია ამ მოთხოვნით მართლაც გაიმართა. რეაგირება ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაში შედის, ამ საკითხზე ალბათ იმსჯელებს მინისტრთა კაბინეტიც. არა მგონია, ახალმა მთავრობამ უარი თქვას ინვესტიციის მოწოდებაზე.

_ ხომ არ დადგება ცენტრის სამედიცინო პროფილის შეცვლის საკითხი?

_ რა თქმა უნდა, არა. მაგრამ უმჯობესია ამ შეკითხვას უპასუხოს კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა ქალბატონმა ლილი ჰუმ.

(ქალბატონი ლილი ჰუ და კომპანიის დირექტორი მისტერ ლი იუ საავადმყოფოს მასშტაბურ რეკონსტრუქციას პრაქტიკულად თავზე ადგანან და მათი თანამონაწილეობა ბატონ რეზო გაგუას ინტერვიუში სავსებით ბუნებრივია.)

_ დაწესებულებას არ შეეცვლება პროფილი, _ ადასტურებს ქალბატონი ლილი ჰუ, _ ჩვენ ვგეგმავთ მძლავრი საერთაშორისო ონკოლოგიური ცენტრის შექმნას, რომელიც წამყვანი იქნება ამიერკავკასიის რეგიონში და მოემსახურება როგორც ქართველ, ასევე უცხოელ პაციენტებს. აქ იმუშავებს დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პრევენციის ცენტრები. აღიჭურვება არა მარტო უკვე რუტინულად ქცეული ისეთი ტექნოლგიებით, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-ბირთვული რეზონანსი, 3-განზომილებიანი და დიგიტალური აპარატურა, არამედ პოზიტრონულემისიური ტომოგრაფი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს აბსოლუტური სიზუსტით დადგინდეს დაავადების გავრცელება ნებისმიერ, მათ შორის, საკმაოდ ადრეულ სტადიაში. აქ დავასაქმებთ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალს.

_ ბატონო რეზო, თავისთავად ჩნდება კითხვა: რამდენად და რა ფორმით იქნება შესაძლებელი რომ კერძო მფლობელობისა თუ სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მყოფმა დაწესებულებამ მიიღოს სათაო ორგანიზაციის სტატუსი ან შეასრულოს ასეთი ფუნქცია?

_ შესაბამისი ფორმა მოსაფიქრებელი გვექნება. თუმცა კონკურენტულ გარემოში კარგად განვითარებული კერძო სტრუქტურა თავისი მაღალი საკადრო და ტექნოლოგიური პოტენციალით, ისედაც შეძლებს იყოს დარგის მეთაური ორგანიზაცია. ამის კარგი მაგალითია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის «კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი» (ხელმძღვანელი აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა), რომელსაც მიღწეული წარმატებების საფუძველზე ბუნებრივად უკავია სათაო დაწესებულების ადგილი. ამასთან, ამ ფუნქციის შესრულება სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სახელმწიფო დაკვეთით ან მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით და ა.შ.

სამუშაოები კი შეუფერხებლად გრძელდება

_ ქალბატონო ლილი, რა სიტუაციაა დღეს სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით?

_ ონკოცენტრის შენობა, რომელიც მოიცავს 48000 კვ.მ-ს დაყოფილია რამდენიმე (ა, ბ, ც, დ) ბლოკად. ა და ბ, დ კორპუსში შენობა დაყვანილია მზიდ კონსტრუქციებამდე, თითქმის მთლიანად შემინულია და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ახალი ტექნოლოგიების შესაძენად. გეგმის მიხედვით ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები შევასრულოთ. ჩვენ ვისწრაფით იქითკენ, რათა გადავაქციოთ ეს სამედიცინო დაწესებულება კიბოს დიაგნოსტიკურ და სამკურნალო თანამედროვე ცენტრად. სრულად შევინარჩუნებთ იმ ტრადიციებს, რომლებსაც ათეული წლების განმავლობაში ერთგულებდა და განამტკიცებდა ამ სამკურნალო დაწესებულების მაღალპროფესიული კოლექტივი.

_ როდის დამთავრდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, როდის აღიჭურვება ცენტრი თანამედროვე აპარატურით?

_ მომავალ წელს ცენტრი მწყობრში უნდა ჩადგეს. თუ საჭირო გახდება გარკვეული ცვლილებები, აუცილებლობად მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს.

_ ბატონო რეზო, დღეს თქვენი საავადმყოფო დახურულია?!

_ ჩვენ არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია პაციენტების მიღება. ეს გათვალისწინებული იყო კონტრაქტის პირობებითაც. სამედიცინო საქმიანობა მიმდინარეობს ბ კორპუსში, ამჟამად აქ განთავსებულია შპს «საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი», რომლის დამფუძნებელიც მე ვარ. ცენტრში დაკავებულია 450-მდე თანამშრომელი, მუშაობს პოლიკლინიკა თავისი სადიაგნოსტიკო სამსახურებით და ყველა კლინიკური განყოფილება, რომლებიც ადრე არსებობდა ონკოცენტრში, ბუნებრივია, უფრო შემჭიდროებულ და ოპტიმიზებულ ფართობზე.

მინდა მაინც ჩამოვთვალო ყველა კლინიკური სამსახური, ვინაიდან ამასწინათ ერთ-ერთი სატელევიზიო არხით გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ცენტრში არ არის თავ-კისრისა და მამოლოგიის განყოფილებები, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენთან დღეს ფუნქციონირებს თავ-კისრის, თორაკალური, მამოლოგიური, აბდომინური, პროქტოლოგიური, უროლოგიური, გინეკოლოგიური, კანის, ძვლებისა და რბილი ქსოვილების, ბავშვთა ონკოლოგიის ქირურგიული ჯგუფები, ანესთეზიოლოგიის, რეანიმაციის, ქიმიოთერაპიის, რადიოლოგიის სერვისები, პალიატიური მზრუნველობის სამსახური სტაციონარში და ბინაზე. აქ სრულდება უნიკალური სუპერრადიკალური, ორგანოსშემანარჩუნებელი და რეკონსტრუქციული და პალიატიური ოპერაციები კიბოს ყველა ძირითადი ლოკალიზაციის დროს, ტარდება სხივური და ქიმიოთერაპიის ურთულესი კურსები.

კადრები და ხელფასები

_ ცენტრი ეფექტიანია რენტაბელობის თვალსაზრისითაც: ხელფასები სასიცოცხლო მინიმუმზე გაცილებით მეტია, ხოლო წამყვანი თანამშრომლების გამომუშავებული ხელფასი ათასლარობით განისაზღვრება; მოგება მთლიანად ხმარდება რეინვესტირებას, ახალგაზრდა კადრების უცხოეთში გადამზადებას; თანამშრომელთა და ავადმყოფთა ყოფითი და სამუშაო პირობების შეძლებისდაგვარად გაუმჯობესებას. ჩვენი უმთავრესი მიზანია, დაწესებულება გახდეს კონკურენტუნარიანი. სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე გადავალთ განახლებულ კორპუსში, სადაც გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას.

_ დაასაქმებთ კი ყველა თანამშრომელს ახალ კლინიკაში?

_ ვფიქრობ, ახალი ცენტრის ამოქმედებას კადრების შემცირება კი არა, პირიქით, უფრო მეტი ადამიანის დასაქმება მოჰყვება, რაც დაკავშირებულია ცენტრის საქმიანობის გაფართოებასთან და ახალი ტექნოლოგიების შემოტანასთან. ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ამიტომ უფრო აქტიურად და ენერგიულად ვაგრძელებთ მუშაობას.

_ ერთი შეკითხვა ქალბატონ ლილის: ახალი ცენტრი, უახლესი აპარატურა, მაღალკვალიფიციური ექიმები, ეს ყველაფერი გააძვირებს სამედიცინო მომსახურებას?

_ ჩვენ მივყვებით საქართველოს სტანდარტებს. ჩვენით არაფერს გავზრდით. რადგან ონკოლოგიური ცენტრი საერთაშორისო გახდება, გვეყოლება ვიაიპი პაციენტები, რომელთათვისაც უფრო მაღალი ტარიფები დამტკიცდება. პერსონალის ხელფასები იქნება საქართველოში არსებულ ხელფასებთან შეფარდებული, ანაზღაურება მათი კვალიფიკაციის ზრდასთან ერთად მოიმატებს. ამასთან, მედიკოსებს და მმართველ გუნდს მივცემთ საშუალებას აიმაღლონ კვალიფიკაცია მსოფლიო წამყვან სამედიცინო ცენტრებში.

_ ქალბატონო ლილი, გიადვილდებათ პროფესორ გაგუასთან მუშაობა?

_ ჩვენ პროფესორ გაგუასთან დიდი ხნის საქმიანობა გვაკავშირებს. მის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ურთიერთთანამშრომლობისათვის.

P.S.ამას გვპირდებიან ინვესტორები. ბატონი ვინტერ ჰუაგი, კომპანიის პრეზიდენტი, რომელიც არაერთხელ შეხვედრია ცენტრის წამყვან სპეციალისტებს და ზუსტად ასეთ დაპირებას იძლევა.

იმედი ვიქონიოთ, რომ არ გაგვაწბილებენ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here