სამეგრელო-ზემო სვანეთში “საქართველო და მსოფლიოს” სპეციალურ კორესპონდენტს, ლადო ქირიას, 8 აგვისტოს, დილით, საკუთარი სამუშაო ოთახი დარბეული დახვდა. ჟურნალისტი მომხდარს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. “საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი (რომლის რეგიონული კოორდინატორი ასევე ლადო ქირია გახლავთ) კატეგორიულად გმობენ მომხდარს და, თუკი სამართალდამცავები ამ ფაქტს ოპერატიულად არ გამოიძიებენ, იტოვებენ უფლებას, ყოველივე შეაფასონ, როგორც ჟურნალისტზე ზეწოლის, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლის დაუშვებელი ფაქტი.
აქვე შეგახსენებთ, რომ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია, მისი სათაო ოფისი აქამდე ორგზის გახდა ვანდალური დარბევის მსხვერპლი, ორივე შემთხვევა დღემდე გამოუძიებელია.
ლადო ქირია:
როგორც საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორს, ათ წელზე მეტია, გამაჩნია სამუშაო კაბინეტი ზუგდიდში, რუსთაველის ქ.# 87-ში, მესამე სართულზე, სადაც ფურცლების, ავტოკალმებისა და წიგნების მეტი არაფერი მაბადია, ამიტომაც ხის კარს პატარა ბოქლომით ვკეტავდი ხოლმე. 8 აგვისტოს, დილით, სამსახურში მისვლისას კარი შემტვრეულია და დაჩეხილი, ხოლო პატარა ბოქლომი, რომლის ჩამოგდებაც ძალიან ადვილად შეიძლებოდა, ხელუხლებელი დამხვდა. გამოვიძახე პოლიცია და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
ჩემი აზრით, ყოველივე ეს უკავშირდება ჩემს პროფესიულ საქმიანობას, ჩემ მიერ გამოქვეყნებულ წერილებსა და სტატიებს, ვფიქრობ, ეს იყო დაშინება, გაფრთხილება, “ზედმეტი” რომ არ მომივიდეს.