Home რუბრიკები ეკონომიკა ლიკბეზი ეკონომიკის მინისტრისთვის

ლიკბეზი ეკონომიკის მინისტრისთვის

736


დღევანდელი პუბლიკაციით ვამთავრებთ «ლიკბეზის» პირველ ციკლს. პროფესორი ამირან ჯიბუტი გვპირდება, რომ მომდევნო ციკლი საქართველოში განხორციელებული პრივატიზაციის უმწვავეს საკითხებს შეეხება. ბომბივით აფეთქდებაო, დაგვპირდა. დაველოდოთ.

დეფოლტი, რომელიც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია

მკითხველების ყურადღებას მივაქცევ პრობლემას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის მიერ საგარეო დავალიანების გადახდაზე უარის თქმას, ე. წ. დეფოლტს.

როცა ქვეყანას უზარმაზარი შიდა და საგარეო ვალი უგროვდება და არ აქვს ვალების ძირითადი თანხისა და მომსახურების საპროცენტო თანხების გადახდის მოქმედება, იგი იღებს გადაწყვეტილებას ვალის არგადახდის შესახებ, რასაც ეწოდება «დეფოლტი». ასეთი ქვეყნის მიმართ განვითარებული ქვეყნები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ახორციელებენ მთელ რიგ შეზღუდვებს და აწესებენ სანქციებს.

1. მოვალე ქვეყნები აყადაღებენ ამ ქვეყნის საკუთრებაში არსებულ საზღვარგარეთულ აქტივებს, აგრეთვე, საქონელს, რომელიც შეტანილია კრედიტორი ქვეყნის ტერიტორიაზე;

2. ხორციელდება მოვალე ქვეყნის კაპიტალის საერთაშორისო ბაზრიდან განდევნა _ იზოლირება;

3. უწესდება საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება; კრედიტორი ქვეყნები ყადაღას ადებენ მოვალე ქვეყნის საქონელს საზღვრის გადალახვის დროს, აგრეთვე, უზღუდავენ საგარეო-სავაჭრო კრედიტების მიღების შესაძლებლობას. ამასთან, აკონტროლებენ საზღვარგარეთის ბანკებში საანგარიშსწორებო ოპერაციებს და ართმევენ სავალუტო ანგარიშსწორების წარმოების უფლებას.

4. მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს, აგრეთვე, მევალე ქვეყნის მიერ ნომინალურ ღირებულებასთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასებში მოვალე ქვეყნის საგარეო ვალდებულებების (ე.წ. რუხ ბაზარზე) გაყიდვის ფაქტები. ასეთი სანქცია გატარებული იქნა ბოლივიის მიმართ.დეფოლტის ისტორია დაიწყო XX საუკუნის 80-იანი წლებიდან. ამ პერიოდში ვალების გადახდაზე უარი განაცხადა მექსიკამ, ბრაზილიამ, პერუმ, არგენტინამ, კუბამ, ჩილემ და ვენესუელამ. მათ მძიმე ეკონომიკური პრობლემები შეექმნათ და იძულებული გახდნენ, ამ არცთუ სასიამოვნო მეთოდისთვის მიემართათ. ზოგიერთმა ქვეყანამ «დეფოლტს» ეკონომიკური სიძნელეების გამო მიმართა, სხვები ამ გზას პოლიტიკური მოსაზრებით დაადგნენ.

რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ბიუჯეტის დეფიციტის აღმოსაფხვრელად?

დღეს საქართველოში ბიუჯეტის დეფიციტი და მზარდი სახელმწიფო ვალი ეკონომიკურ პრობლემათა ცენტრში მოექცა. ყოველწლიური დეფიციტის აბსოლუტური სიდიდე (ისევე, როგორც სახელმწიფოებრივი ვალისა) 1996-2011 წლებში გიგანტურად გაიზარდა.

ბიუჯეტის დეფიციტთან ერთად იზრდება სახელმწიფო ვალის ძირითადი თანხა და სარგებლის გადასახდელები.

დეფიციტის თავიდან ასაცილებლად საჭირო იქნება დაქვეითების ფაზაში მკვეთრად გამოხატული შემზღუდავი ფისკალური პოლიტიკის გამოყენება.

უნდა გაიზარდოს ბიუჯეტში გადასახადების მობილიზების მაჩვენებელი მთლიანი შიგა პროდუქტის ღირებულებიდან.

საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფა უნდა წარიმართოს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის _ დაბეგვრის თანასწორობის, სამართლიანობის, ეფექტიანობის, ოპტიმალური საგადასახადო განაკვეთების დაწესების საფუძველზე.

საგადასახადო სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და მისი სრულყოფის მიზნით, აუცილებელია საგადასახადო სისტემის გამარტივება და რაციონალიზაცია გადასახადების რაოდენობის შემცირებისა და საგადასახადო კანონმდებლობის კონსოლიდაციის გზით.

საგარეო ვაჭრობის ბალანსი უარყოფითია

მონაცემები მოწმობს, რომ საქართველოს საექსპორტო კვოტა (ქვეყნის იმპორტის შეფარდება მთლიან შიგა პროდუქტთან) ჯერ კიდევ დაბალია და მიუთითებს მსოფლიო ბაზართან ეროვნული ეკონომიკის კავშირურთიერთობის ვიწრო მასშტაბზე.

საექსპორტო კვოტა, 1995 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2011 წელს გაიზარდა მხოლოდ 14,7 პროცენტით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ქვეყანაში წარმოებული მთლიანი შიგა პროდუქტის მცირე ნაწილი გაიტანება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბალანსი უარყოფითია და ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

ექსპორტით იმპორტის დაფარვის ასეთი დაბალი დონე მეტად საგანგაშოა, რადგანაც იგი ქვეყანას უმზადებს საგარეო ვალების ზრდის დიდ საშიშროებას.

დეფიციტის ზრდა იმდენად შემაშფოთებელია, რომ დღის წესრიგში დგას საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობა.

საჭიროა, გატარდეს ექსპორტის ზრდისთვის მიზანმიმართული ღონისძიებები, უპირველეს ყოვლისა, გადაისინჯოს საგარეო ვაჭრობის რეჟიმი, როგორც ერთ-ერთი საშუალება ექსპორტის გაფართოებისთვის.

საიმპორტო საქონლის სტრუქტურაში უნდა მოხდეს ისეთი სახეობების თანდათანობითი შემცირება, რომელთა შეცვლა შესაძლებელია ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით _ «იმპორტშეცვლით».

თუ საქართველოში იმპორტული პროდუქციის ნუსხას გადავხედავთ, ჩანს, რომ მათგან ბევრის წარმოება ადგილობრივადაც შეიძლება და თანაც _ უკეთესი ხარისხისა.

საბანკო სისტემის სრულყოფისთვის

წარმოების განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საბანკო სისტემამ. საწესდებო კაპიტალის სიმცირის გამო, ბანკები სრულყოფილად ვერ ახორციელებენ თავიანთ ფუნქციებს. ამას ემატება უნდობლობა მოსახლეობის მხრიდან (რაც მეანაბრეთა მოტყუებამ გამოიწვია), რის გამოც დიდია ბანკების გარეთ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის რაოდენობა. მწირი საკრედიტო რესურსების პირობებში ბუნებრივია, რომ ბანკებს ორიენტაცია აღებული აქვთ მოკლევადიან დაკრედიტებაზე, მაშინ, როცა მხოლოდ გრძელვადიან დაკრედიტებას შეუძლია შექმნას ეროვნული ეკონომიკის გაჯანსაღებისა და განვითარების საფუძველი, რაც აუცილებელია ტრანსფორმაციის მთელი პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის.

საწარმოთა გრძელვადიანი საბანკო დაკრედიტების გაფართოების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

ა) აუცილებელია, დაწესდეს ყველა საწარმოსათვის ბანკებში ნაღდი ფულის საავალდებულო ინკასაცია, ხოლო საკასო დისციპლინის ნებისმიერი დამრღვევის მიმართ გატარდეს მკაცრი ღონისძიებები;

ბ) კომერციულ ბანკებს უნდა მიეცეთ სრული დამოუკიდებლობა, თავად შეარჩიონ დაკრედიტების ობიექტები, თავადვე განსაზღვრონ, რომელ საწარმოს აქვს საიმედო პერსპექტივები და რომელი ვერ შეძლებს კრედიტის დაბრუნებას. პერსპექტიულ და მომგებიან სტრუქტურაზე სახსრების გაცემით კომერციული ბანკები უზრუნველყოფენ არა მარტო საკუთარ მოგებას, არამედ ხელს შეუწყობენ წარმოების განვითარებას და, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას საქართველოში;

გ) უზრუნველყოფილი უნდა იქნას ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია. ეროვნულმა ბანკმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლა და გადინება, რაც დაეხმარება მას «დოლარიზაციის» პრობლემის გადაწყვეტაში.

მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და საბოლოოდ აღმოფხვრილი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ეროვნული ბანკის მიერ პირდაპირი კრედიტებითა და საგარეო სესხებით დაფინანსების მავნე პრაქტიკა. უნდა გამოინახოს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ეფექტიანი გზები.

ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა მხოლოდ შეღავათიან კრედიტებსა და არაემისიურ შიგა წყაროებზე უნდა იქნას დაფუძნებული. პირველ რიგში, საჭიროა სახელმწიფოს მიერ სახაზინო ვალდებულებების გამოშვება.

სახაზინო ვალდებულებების, როგორც დეფიციტის შევსების არაინფლაციური წყაროს, წილი სახელმწიფო ბიუჯეტის დისბალანსის დასაფინანსებლად გამოყენებულ რესურსებში თანდათანობით უნდა გაიზარდოს. სახაზინო ვალდებულებები უზრუნველყოფს ქვეყანაში მყარ ფულად-საკრედიტო მდგომარეობას და წარმოადგენს ეკონომიკის სტაბილიზაციისა და სწრაფი ტემპით განვითარების ერთ-ერთ მთავარ პირობას.

ფასიანი ქაღალდების მეშვეობით დეფიციტის შევსების უზრუნველსაყოფად საჭიროა ფინანსური ბაზრის სრულყოფა, კერძოდ, აუცილებელია შეიქმნას ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზარი.

საგარეო დავალიანების «ცუნამი»

საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტების მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიო დავალიანება, ანუ გადაუხდელი საგარეო ვალების მოცულობა განვითარებად, განვითარებულ და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ერთად აღებული შეადგენს 8 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტს. ამასთან, რაც უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ფინანსური გლობალიზაციის პროცესი, მით უფრო მეტად იზრდება საგარეო ვალების მოცულობაც. შეიძლება ითქვას, რომ საგარეო ვალების აღება და საგარეო დავალიანება თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ელემენტი გახდა. ცნობილია, რომ საგადასახადო ბალანსის ქრონიკულ დეფიციტებს ადგილი აქვს ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი, რუსეთი, შვედეთი, საბერძნეთი და სხვ.

XX საუკუნის 90-იან წლებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს განვითარებადი ქვეყნების გიგანტური საგარეო ვალი, რამაც 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. იგი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა, როგორც მსესხებელი, ისე გამსესხებელი ქვეყნებისათვის, რომლის შედეგები განუჭვრეტელი და საკმაოდ საშიშია. დღეს იგი გადაიქცა არსებითი მნიშვნელობის მრავალი წინააღმდეგობის წარმომშობ პოლიტიკურ პრობლემად და ამიტომ გადაუდებელ ყურადღებას მოითხოვს.

დღეს მევალე ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას მიაღწიეს, თავს ნეოკოლონიალიზმის ზეგავლენის ქვეშ გრძნობენ. როგორც ამტკიცებენ, ინვესტიციური დაბანდებებიცა და სახელმწიფო დახმარებებიც ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნების ექსპლუატაციის, მდიდარი ქვეყნებისადმი მათი დამოკიდებულების გახანგრძლივებას ემსახურება.

სუსტად განვითარებული ქვეყნები თვლიან, რომ მათი ახლანდელი დავალიანება მისი მასშტაბების გამო სერიოზული დაბრკოლებაა ეკონომიკური ზრდის გზაზე. ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნები, მიუხედავად მათ ეკონომიკაში უცხოური კაპიტალური დაბანდებების (და სხვა დახმარებების) გამოყენებისა, კმაყოფილი არ არიან განვითარებულ ქვეყნებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობით.

ისინი მიიჩნევენ, რომ უცხოური დახმარება არასაკმარისი და არაეფექტიანია, რამდენადაც განვითარებული ქვეყნების მიერ მომსახურების სახით ყოველწლიურად «წართმეული» სახსრების მოცულობა მათი მეპ-ის საერთო რაოდენობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, ე.ი. საპროცენტო განაკვეთები მაღალია.

განვითარებადი ქვეყნები განსაკუთრებით არ ემადლიერებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდს:

1. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრედიტს აძლევს არა კერძო ფირმებსა და კორპორაციებს, არამედ _ მხოლოდ სახელმწიფოს. კერძო ფირმას შეუძლია მიიღოს სსფ კრედიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სახელმწიფო დაუდგება გარანტად (ისიც გამონაკლის შემთხვევაში);

2. სახელმწიფოს, რომელიც სსფ-დან იღებს სესხებს, უფლება არ აქვს, იგი გამოიყენოს კაპიტალური დაბანდებებისთვის, ანუ უშუალოდ ეკონომიკის განვითარებისთვის. ძირითადად, სსფ სესხს იძლევა ეროვნული ვალუტის კურსის გასამყარებლად, ენერგოშემცველებისა და სამომხმარებლო საქონლის შესაძენად. ამით იგი ხელს არ უწყობს ამ ქვეყანაში ეროვნული ეკონომიკის განვითარებას;

3. სსფ პირდაპირ მოითხოვს (კარნახობს), შემცირდეს ხარჯები მეცნიერებაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე და ა.შ. და ამ გზით ცდილობს განსაკუთრებით პოსტსაბჭოური ქვეყნების მესამე სამყაროს ქვეყნების რიგში გადაყვანას;

4. ასევე არაეფექტიანია დონორი ქვეყნების დახმარება, რადგან მათი ყველა სახის დახმარება დონორ ქვეყნებზეა მიბმული. მაგალითად, ამერიკული დახმარება უნდა დაიხარჯოს მხოლოდ ამერიკული საქონლისა და მომსახურების შესაძენად და ა.შ.

5. ხშირ შემთხვევაში დონორ ქვეყნებში განვიარებული ინფლაციური პროცესები მნიშვნელოვნად აფერმკრთალებს და ამცირებს ვალის მიმღები ქვეყნებისთვის გადაცემული დახმარებების ღირებულებას.

ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ჯეფერი საქსის აზრით, ბოლო უნდა მოეღოს იმ მავნე პრაქტიკას, როდესაც ფონდი კარნახობს ქვეყნებს და მთავრობებს, რა არის მათთვის კარგი და რა _ ცუდი. დღეს მსოფლიოს ბევრი ცნობილი ეკონომისტი და პოლიტიკოსი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს სსფ-ის საქმიანობას და მოუწოდებს მას, უარი თქვას გლობალურ უნიფიცირებულ მიდგომებზე ცალკეულ სახელმწიფოთა ეკონომიკასთან მიმართებაში და გაითვალისწინოს მათი სპეციფიკა.

ექსპერტთა და მეწარმეთა ერთი ნაწილის აზრით, სსფ არანაირად არაა «საერთაშორისო დახმარების სალარო», არამედ გიგანტური საერთაშორისო მანქანაა, რომელიც სხვადასხვა ხერხით შეაღწევს გაჭირვებულ ქვეყნებში, შეაჩვევს მათ მცირე ზომის კრედიტების აღებას და ისეთნაირად «აუწყობს» ეკონომიკას, რომ ვერ შეძლონ კრედიტების გარეშე არსებობა. ქვეყანა, რომელსაც არ ძალუძს საკუთარი ეკონომიკის განვითარება, ვერასოდეს გადაიხდის ვალებს და ვერ გახდება კონკურენტუნარიანი, ანუ სამუდამოდ დარჩება სუსტად განვითარებულ სსფ-ის შესანახ და მორჩილ ობიექტად.

აშკარაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს მართლაც აქვს სერიოზული ნაკლოვანებანი. ხშირ შემთხვევაში იგი ვერ ითვალისწინებს ქვეყნების ისტორიას, კულტურულ და ეროვნულ თავისებურებებს და, აქედან გამომდინარე, თავს ახვევს არასწორ რეკომენდაციებს და ა.შ. მაგრამ შეცდომა იქნებოდა მისი დამსახურების უგულებელყოფაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here