Home რუბრიკები საზოგადოება 1 ნოემბრის ინფოდაიჯესტი

1 ნოემბრის ინფოდაიჯესტი

645

მოსკოვის დიდი თეატრიდან, შესაძლოა, ნიკოლოზ ცისკარიძე და ზურაბ სოტკილავა დაითხოვონ

6–წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, რუსეთის დიდი თეატრის გრანდიოზული გახსნის ცერემონიაზე დიდი თეატრის სოლისტი ნიკოლოზ ცისკარიძე და საოპერო დასის წევრი ზურაბ სოტკილავა არ მიუწვევიათ.

სოლისტი, რომელიც 20 წელია დიდი თეატრის სცენაზე ცეკვავს, შესაძლოა, თეატრიდან დაითხოვონ. როგორც ცისკარიძემ „კომსომოლსკაია პრავდას“ განუცხადა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით დიდ თეატრში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

სეზონის გრანდიოზული გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე, ცისკარიძემ თეატრში განხორციელებული ცვლილებები პრესასთან გააკრიტიკა. შედეგად ცისკარიძე არც სტუმრის და არც მონაწილის სტატუსით გალაკონცერტზე აღარ მიიწვიეს. 

„მე დიდი ხნის წინ ვამბობდი, რომ დიდი თეატრი ფსკერზე ეშვებოდა და გახსნისადმი მიძღვნილი გალაკონცერტიც ამის დასტური იყო. დღეს გზას იმათ უხსნიან, ვინც თეატრის ხელმძღვანელობის კეთილგანწყობით სარგებლობს. თუ მათიანი ხარ, იმღერებ, თუ არადა – გამოსვლის საშუალებას არ მოგცემენ“, – აცხადებს ზურაბ სოტკილავა.
 

ამ დროისთვის დიდ თეატრში სოლისტები არიან საოპერო მომღერალი ბადრი მაისურაძე და ბალერინები ნელი კობახიძე და ნინო ასათიანი.
 

ვაშინგტონი ქართულ–რუსული მოლაპარაკებებით კმაყოფილია

ვაშინგტონი შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე ქართულ–რუსული მოლაპარაკებებით კმაყოფილია. საგანგებო განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

ვიქტორია ნულანდის თქმით,  მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა, რადგანაც რუსულ მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა, ვაშინგტონი  იმედოვნებს, რომ შვეიცარიული ვარიანტი მოსკოვისთვის მისაღები გახდება.

მისი თქმით,  შეერთებული შტატები შვეიცარიას, როგორც შუამავალ ქვეყანას მხარს უჭერს და მის მიერ შემუშავებულ ვარიანტს პროდუქტიულად მიიჩნევს.

მანანა მანჯგალაძე: ვასილ მანაგაძის თანამდებობიდან გათავისუფლება პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო

„სამტრესტის” ხელმძღვანელის, ვასილ მანაგაძის თანამდებობიდან გათავისუფლება პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო და დამატებით ვერაფერს გეტყვით. გასულ კვირას საკმაოდ ვრცელი კომენტარები გაკეთდა. ეს იყო პირადად პრეზიდენტის გადაწყვეტილება და თუ რამ გამოიწვია, ამაზე ბევრი განმარტება გაკეთდა. შესაბამისად, დამატებით კომენტარისგან თავს შევიკავებ“,– განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

26 ოქტომბერს, ბათუმში,  მთავრობის სხდომაზე,  საქართველოს პრეზიდენტმა “სამტრესტის” ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოში რასმუსენის მოსალოდნელ ვიზიტს აფასებს

რამდენიმე დღეში საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების დელეგაცია ს უმასპინძლებს და თბილისში ნატო-საქართველოს ფორუმი გაიმართება. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომაში.

„ნატოს გენერალური მდივანი სხვადასხვა პოლიტიკურ შეხვედრებს გამართავს. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს, რადგან ის ხელს შეუწყობს საქართველო–ნატოს ურთიერთობის გაღრმავებას და სამომავლო პარტნიორობას.  ვფიქრობთ, ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება“,-აღნიშნა მანჯგალაძემ.

 

მანანა მანჯგალაძე – როკისა და ფსოუს მონაკვეთზე მონიტორინგს შვეიცარია განახორციელებს

რუსეთ-საქართველოს საზღვრის როკისა და ფსოუს მონაკვეთზე მონიტორინგი შვეიცარიული მხარის მიერ განხორციელდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

„გუშინ ამ საკითხზე მოსკოვში სტუმრობის შემდეგ, შედგა შვეიცარიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და, როგორც იცით, საქართველოს პირველ პირთან შეხვედრა ბათუმში გაიმართა. მოხდა მნიშვნელოვანი საკითხის დაზუსტება, რომ საერთაშორისო მხარე, რომლის საშუალებითაც განხორციელდება მონიტორინგი, თავად შვეიცარია იქნება“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

“ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველით რუსული მხარის საბოლოო გადაწყვეტილებას”, – დასძინა მან.

 

მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა ზეპირი მოსმენის საფუძველზე 36 განცხადება დააკმაყოფილეს

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ კი იმართება ზეპირი მოსმენა, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატიც ესწრებიან.

5-წევრიანი საბჭოები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.

 

„მაუდის წვრილ აქციონერთა ასოციაციამ“ მაუდის ფაბრიკასთან წილის დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

საპროტესტო აქციაში ლოზუნგით „ჩვენ 99% ვართ“ „თავისუფალ ასოციაციათა კავშირი” მონაწილეობდა. აქციის მონაწილეები მაუდის ფაბრიკის წილის დაბრუნებას ან შესაბამისი კომპენსაციის მიღებას მოითხოვენ.

„აქციონერებისთვის მათი საკუთრება დაბრუნებული ჯერ არ არის. იურიდიულად ყველა დოკუმენტი დადასტურებულია და ამ საქმეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნება აფერხებს. ხელისუფლებაზე ზეწოლით ეს ადამიანები კუთვნილ აქციებს დაიბრუნებენ“, – განაცხადა „თავისუფალ ასოციაციათა კავშირის“ თავმჯდომარემ ალექსანდრე შალამბერიძემ.

სამართალდამცველებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 33 წლის ანდრანიკ მურადიანი დააკავეს

სპეცოპერაცია შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისში სათანადო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებდა სათამაშო კლუბი, სადაც პიროვნებები იკრიბებოდნენ,  „პოკერს“ თამაშობდნენ და მოგებულ და წაგებულ თანხებს რამდენიმე დღის შემდეგ ანაღდებდნენ.

კლუბი ანდრანიკ მურადიანის საკუთრება იყო, რომელიც მოთამაშეებისგან სათამაშო ადგილის გამოყოფის სანაცვლოდ გარკვეულ საფასურს იღებდა  და მოთამაშეებს შორის წაგების  ან  მოგების შემთხვევაში  თანხების გასტუმრების საკითხს აწესრიგებდა.

 

ნავთლუღში ხანძრის შედეგად 300 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა

თბილისში ხანძრის შედეგად ოთხი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.  შემთხვევა დღეს დილით ისანი-სამგორის რაიონში, წულაძის ქუჩაზე მოხდა.

ხანძრის შედეგად დამწვარია ოთხი საცხოვრებელი სახლის სახურავი, მათ შორის ერთ–ერთი სახლი კი მთლიანად განადგურებულია. დამწვარია სულ 300 კვადგრატული მეტრი ფართობი. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

 

სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურა ჯამბულატ თედეევის მომხრის ცემას უარყოფს

„სამართალდამცველ ორგანოებში მსგავსი მონაცემების ადამიანის ცემის და მასზე თავდასხმის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ შესულა. იმისთვის, რათა ეს ინფორმაცია გადავამოწმოთ, ჩვენ ყველა გაბარაევის მოძიებას და დაკითხვას ვაპირებთ“, – განაცხადა დე ფაქტო გენერალური პროკურორის მოადგილემ ელდარ კოკოევმა.

როგორც სააგენტო „რესი“ აღნიშნავს, „ალბერტ გაბარაევის ცემის ფაქტზე ინფორმაცია ბოლო ორი დღის განმავლობაში რიგ ქართულ და რუსულ მედია-საშუალებებში გავრცელდა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here