Home რუბრიკები საზოგადოება დავით ჯანაშია: სკოლა, რომელსაც წელს ასი წელი უსრულდება, საუკუნოვან იუბილეს ლიკვიდაციით ხვდება

დავით ჯანაშია: სკოლა, რომელსაც წელს ასი წელი უსრულდება, საუკუნოვან იუბილეს ლიკვიდაციით ხვდება

672

GEWORLD.GE:
განათლების სამინისტრო ცოდნის ამაღლებას რომ არ ემსახურება, დღეს ყველა აღიარებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა მთელი აგრესიულობით იქნა წამოწყებული ოპტიმიზაციად წოდებული პროცესი, რასაც შედეგად სკოლების მასობრივი დახურვა მოჰყვა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, განათლების სამინისტრომ მარტვილის რაიონის ოთხი სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლების დახურვით «მიულოცა». მათ შორისაა სოფელ წინაკვერკვეს საუკუნოვანი საჯარო სკოლა, რომლის დაბრუნებისთვისაც დღეს დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. წინაკვერკვეს საჯარო სკოლის გარშემო შექმნილ ვითარებაზე «საქართველო და მსოფლიოს» ადვოკატი დავით ჯანაშია ესაუბრება.

_ სამინისტროს გადაწყვეტილებით, წინაკვერკვეს საჯარო სკოლა მეზობელი სოფლის _ ნახუნაოს საჯარო სკოლას შეუერთდა. მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე სკოლა, რომელსაც წელს ასი წელი უსრულდება, საუკუნოვან იუბილეს ლიკვიდაციით ხვდება.
სოფელი წინაკვერკვე შვიდი კილომეტრითაა დაშორებული რაიონულ ცენტრს. იქ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს არც ერთი დაწესებულება. სკოლა იყო ერთდერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, ანუ ის ძაფი, რომელიც მიგრაციას აკავებდა.
_ ბატონო დავით, რის საფუძველზე დაიხურა სკოლა, რა არგუმენტი აქვს ხელისუფლებას?
_ ჩვენი რაიონის რესურსცენტრი ოპტიმიზაციას გვისახელებს გაუქმების მიზეზად. ზოგადად ვიცით ის, რომ წინაკვერკვეს სკოლის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით მარტვილის რესურსცენტრმა სამინისტროში გაგზავნა სამსახურეობრივი ბარათი #115, თუმცა რა ბარათია ეს და როდის გაიგზავნა ან საერთოდ ასლი მაინც თუ დაიტოვეს, არავინ იცის. ამიტომ ჩვენ სასამართლოს გზით მოვითხოვთ ამის გარკვევას.
_ სკოლის დახურვის შემდეგ, ბავშვების გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, რაიმე სახის ტრანსპორტის დანიშვნაზე არ უფიქრია ხელისუფლებას?
_ თავიდან იყო დაპირება, რომ მოსწავლეებისთვის ავტობუსს დანიშნავდნენ, მაგრამ უკვე ორი თვე გავიდა სწავლის დაწყებიდან და სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. მოსწავლეებს 5-6 კილომეტრის გავლა ფეხით უხდებათ. შედეგად რამდენიმე მოსწავლემ საერთოდ ვერ შეძლო ახალ სკოლაში სიარული. შემიძლია დაგისახელოთ ორი მათგანი _ ნოდარ და მარიამ ზარქუები. დღემდე არავინ დაინტერესებულა ამ ბავშვების ბედით. მშობლებმა თავიანთი შვილები თუ ფოთში, თუ სენაკში წაიყვანეს სასწავლებლად, ზოგიც რაიონულ ცენტრში ჩამოსახლდა.
_ გამოდის, რომ განათლების სამინისტრომ თავისი გადაწყვეტილებით, მარტო სკოლა კი არ გააუქმა, არამედ სოფელიც დააყენა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე…
_ დიახ, სამწუხაროდ, ასეა. ტრაგედია ის კი არ არის, რომ სკოლა დაიხურა, არამედ _ სოფელი რომ იცლება. ერთი წლის წინ  მეზობელ სოფელ ლექაჯაიეში დაიხურა სკოლა, რომლის მოსწავლეები შარშან წინაკვერკვეს საჯარო სკოლაში გადმოვიდნენ.
_ ადგილობრივ ხელისუფლებას რა პოზიცია აქვს სკოლის დახურვასთან დაკავშირებით?
_ ჩვენ თავიდანვე მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის. იყო სიტყვიერი დაპირებები, რომ გაერკვეოდნენ საქმის არსში, მაგრამ საერთოდ არაფერი მოუმოქმედებიათ.
_ ბატონო დავით, გამოდის, რომ განათლების სამინისტრომ დაარღვია განათლების ხელმისაწვდომობის პრინციპი?!
_ დიახ, მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ უნდა გაეუქმებინათ წინაკვერკვეს საჯარო სკოლა, მითუმეტეს ახლახან გაარემონტეს, ინტერნეტი შეიყვანეს… ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ყოველივე ამის ფონზე გაურკვეველია, რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება.
მერე იყო დაპირებები, რომ მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ. ახლახან კი ამოტივტივდა ვერსია, რომ თითქოსდა ოთხწლიან სკოლას ტოვებენ და ამის გამო თავი შეიკავეს ტრანსპორტის დანიშვნისგანო.
_ დაასაქმეს თუ არა წინაკვერკვეს მასწავლებლები?
_ მხოლოდ ორი, რის გამოც ამჟამად ძალიან დაიძაბა პედაგოგებს შორის ურთიერთობა.
_ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ პედაგოგებს ან თქვენ ხომ არ გემუქრებოდნენ?
_ ვფიქრობ, ჩვენი კანონიერი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით ბევრს არ სიამოვნებს. იყო ზეწოლის გარკვეული მცდელობები, რათა სარჩელი გამოგვეტანა. როცა ჩვენ დავიწყეთ ჩვენი უფლებების დაცვა და საქმის აღძვრას ვაპირებდით თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, გაურკვეველი მოტივით, ხელფასები შეუჩერეს პედაგოგებს. ჩათვალეს, ამით ხელს შეგვიშლიდნენ, მაგრამ მარტვილელ სამართალდამცავთა ჩარევით პრობლემა მოგვარდა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროცესუალური მოწინააღმდეგეები არიან.
_ ბატონო დავით, საინტერესოა, რამდენად უქმნის ნახუნაოს საშუალო სკოლა ბავშვებს კომფორტულ გარემოს, ანუ შეესაბამება თუ არა ოპტიმიზაციის პირობებს ნახუნაოს სკოლა?
_ ნახუნაოს სკოლა სულს ღაფავს. იგი ყაზარმული ტიპის ქვითკირის შენობაშია განთავსებული, სადაც ელემენტარული სასწავლო პირობები არ არის. სახურავი და ჭერი დაზიანებულია, ასევე _ იატაკი. მოსწავლეებს ეზოში პრიმიტიული სპორტული მოედანიც არ აქვთ, მერხებსა და დაფებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასევე არ არის კვების ობიექტი, ბავშვები რომ დანაყრდნენ. ჩვენ თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარვადგენთ ამ სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას.
_ თავიდანვე არ გიცდიათ ეს საკითხი ფართო საზოგადოების საჯარო მსჯელობის საგნად გექციათ?
_ მადლობელი ვართ თქვენი რედაქციის, რომ დაინტერესდით ჩვენი ბედით, ვინაიდან სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიმყოფებით. გვინდოდა, ეს გაგვეხმოვანებინა მარტვილის ტელევიზიით, მაგრამ რატომღაც ამ ბოლო პერიოდში მარტვილის ტელევიზიამ შეწყვიტა ფუნქციონირება.
_ წინა ნომრისთვის მასალას როცა ვამზადებდით, მარტვილის რაიონის რესურსცენტრის უფროსმა სონია ჭოჭუამ გვითხრა, რომ 2014 წლისთვის მარტვილის რაიონში 36 სკოლიდან მხოლოდ 8 დარჩება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ოპტიმიზაცია გარკვეულწილად ხომ არ არის დროებითი ღონისძიება და, შესაძლოა, 2014 წლისთვის ნახუნაოს სკოლაც დაიხუროს?
_ სკოლების გაუქმება ძალიან ცუდი ტენდენციაა, რაც ჩვენს ერს კარგს არაფერს უქადის. დასასრულს, მინდა მივმართო ჩემს ოპონენტებს, რომ ჩვენ  ძალასა და ენერგიას არ დავიშურებთ ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად, და თუ რაიმე არ გამოგვივიდა, გზავნილს მაინც დავუტოვებთ მომავალ თაობას, რომ ეს იყო ჩვენი პოზიცია. დღეს მთავარი ის კი არ არის, ჩვენ წავაგებთ თუ ისინი, მთავარია, მომავლის წინაშე არ წავაგოთ და ჩვენი დღევანდელი საქციელით ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს არ ვავნოთ.
ესაუბრა
გიორგი ლაშხი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here