Home რუბრიკები საზოგადოება ლიბერალიზმი როგორც იდენტობის ლიკვიდატორი

ლიბერალიზმი როგორც იდენტობის ლიკვიდატორი

925

GEWORLD.GE:
ორპოლუსიანი მსოფლიო სისტემის ნგრევის შემდეგ, რომელიც ეფუძნებოდა იდეოლოგიურ დუალიზმს, ანუ კომუნისტური და ლიბერალური იდეოლოგიების დაპირისპირებას და რომელიც დამთავრდა კომუნისტური იდეოლოგიის მარცხით, მსოფლიოში დაიწყო ახალი პოლიტიკურ-იდეოლოგიური გადანაწილების პროცესი. დასავლურ ინტელექტუალურ წრეებში გამოჩნდნენ მოაზროვნეები, რომლებიც საუბრობდნენ ისტორიის დასასრულზე და რომ კაცობრიობა გააგრძელებდა არსებობას ერთი პოლიტიკური იდეოლოგიისა და ფასეულობათა სისტემის ქვეშ.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და კომუნისტური იდეოლოგიის მარცხის შემდეგ, საქართველო დანარჩენ აღმოსავლურ სამყაროსთან ერთად, იდეოლოგიურ ვაკუუმში აღმოჩნდა. ამ სიცარიელის ამოვსებას ქართველი პოლიტიკოსები და სხვადასხვა ამერიკული გრანტებით დაფინანსებულ ორგანიზაციებში გამოზრდილი ქართველი ინდივიდუმები ლიბერალური იდეოლოგიით შეეცადნენ. ისინი, აგერ უკვე 20 წელია, ყველას უმტკიცებენ, რომ ლიბერალიზმი წარმოადგენს ქართული საზოგადოების განვითარებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ღირებულებათა სისტემას.
თუმცა საქართველოს უახლესმა პოლიტიკურმა ისტორიამ და ქართული საზოგადოების იძულებითმა ლიბერალიზაციამ, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, დაგვანახა, რომ ლიბერალური ღირებულებები ეწინააღმდეგება ქართველი ერის მიერ საუკუნეების მანძილზე გამომუშავებულ და ჩამოყალიბებულ ღირებულებებს, აზროვნების სტილსა და ცხოვრების წესს.
ამ სტატიის მიზანია, მკითხველამდე მივიტანოთ, თუ რას გულისხმობს ლიბერალური საზოგადოება და რა საფრთხე შეუძლია მოუტანოს ლიბერალიზაციის პროცესმა ქართველ თვითმყოფად ერს.
სანამ შევუდგებოდეთ იმაზე საუბარს, თუ რამდენად შესაძლებელია ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება ქართულ საზოგადოებაში, აუცილებელია მოკლედ შევეხოთ საზოგადოების ორ ცივილიზაციურ ტიპს. სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლები საზოგადოებებს ორ ტიპად ყოფენ: პირველს წარმოადგენს დასავლური, ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული ინდივიდუალისტური საზოგადოება, რომელიც კონკურენციის საფუძველზეა აგებული. დასავლური ტიპის ლიბერალური საზოგადოება, რომელიც აღიარებს ინდივიდის უზენაესობას, ზნეობრივ-მორალური ნორმები ცვალებადია ეკონომიკური კრიზისებისა და გარე სამყაროში მომხდარი ცვილებების შესაბამისად. ასეთ საზოგადოებაში ინდივიდისთვის დამახასიათებელია ეგოიზმი, სადაც ადამიანები აზროვნებენ რაციონალურად, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ ინტერესების შესაბამისად ირჩევენ ურთიერთობის ობიექტსაც.
ლიბერალურ მატერიალისტურ საზოგადოებაში, ინდივიდისთვის უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს ფული და სიმდიდრე.
მათთვის მთავარია მოგების მიღება, ისინი უკავშირდებიან და ურთიერთობენ იმ ადამიანებთან, რომელთა  საშუალებითაც შეძლებენ კერძო ინტერესების დაკმაყოფილებას და ექნებათ მოგების მიღების შესაძლებლობა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ისინი «მეგობრობენ» მათთან, ვისთან ურთიერთობაც მათთვის მომგებიანია. როგორც კი ინდივიდი კარგავს მოგების მიღების შანსს მეორე ინდივიდთან ურთიერთობისას, იგი ახალი პარტნიორის, «მეგობრის» ძიების პროცესშია.
ასეთი ტიპის მიდგომა უცხოა ტრადიციულ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანის ცნობიერებისთვის. ქართველი თავისი მენტალიტეტიდან, მართლმადიდებლური ღირებულებითი ორიენტირებიდან და აზროვნების ტიპიდან გამომდინარე, შეძლებს კი ასეთ მატერიალისტურ საზოგადოებაში ცხოვრებას? ამ შემთხვევაში საუბარია ქართველზე, ქართული ტრადიციების, მართლმადიდებლური ღირებულებითი ნორმატივების მატარებელ ადამიანზე და არა ქართული სახელისა და გვარის მქონე ადამიანზე.
რაც შეეხება მეორე ტიპს, ეს გახლავთ ტრადიციული საზოგადოება, რომელიც ხასიათდება როგორც ჰუმანური, სოლიდარობასა და ურთიერთდახმარებაზე აგებული კოლექტიური ერთობა. ასეთი საზოგადოება კულტურულ ასპექტში ამჟღავნებს ტრადიციების სიმტკიცეს. მათთვის დამახასიათებელია კოლექტივიზმი და პატრიარქალურობა. ასეთი ტიპის საზოგადოებას მიეკუთვნება ქართულიც.
ლიბერალური ფილოსოფია უმაღლეს ღირებულებად აღიარებს ინდივიდუალიზმსა და თავისუფლებას, რომლებიც, თავის მხრივ, ურთიერთგანმაპირობებელი კატეგორიებია. თავისუფლების ხარისხი განსაზღვრავს ინდივიდუალიზმის დონეს, რაც უფრო მაღალია თავისუფლების ხარისხი, მით უფრო მეტად იზრდება ადამიანში ინდივიდუალისტური თვისებები.
ინდივიდუალიზმის ერთ-ერთ დამცველ მოაზროვნედ მიჩნეული ცნობილი ლიბერალი მოაზროვნე ლორდი აქტონი ძალიან საინტერესოდ აყალიბებს თავისუფლების კონცეფციას: «თავისუფლებაში მე ვგულისხმობ რწმენას, რომ ყველა ადამიანი დაცული იქნება, რათა აკეთოს ის, რაც მას საკუთარ მოვალეობად მიაჩნია, ხელისუფლების და უმრავლესობის ადათ-წესების, მოსაზრებების ზეგავლენის მიუხედავად».
ამ დეფინიციის ანალიზისას, ყურადსაღები და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მოაზროვნე ინდივიდს სთავაზობს, იმოქმედოს ისე, როგორც მას სურს, თუნდაც მას ტრადიციულად ჩამოყალიბებული ადათები და წეს-ჩვეულებები ამის საშუალებას არ აძლევდეს. რამდენად შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანისთვის ამ პირობის შესრულება? რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ვინაიდან ქართულ ტრადიციულ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანისთვის ცხოვრებისეულ პრიორიტეტს წარმოადგენს ადათებისა და საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციების შესრულება, რომელთანაც შესაბამისობაში მოდიოდა რელიგიური დოგმებიც კი.
თავისუფლებაზე საუბრისას, ძნელია, გვერდი აუაროთ ცნობილი ფრანგი განმანათლებლის, შარლ ლუი მონტესკიეს მრავლისმეტყველ ნააზრევს თავისუფლებაზე: «თავისუფლება იმის კეთების უფლებაა, რაც კანონით დასაშვებია და, თუ მოქალაქეს შეუძლია აკეთოს ის, რასაც კანონი კრძალავს, მას აღარ ექნება თავისუფლება».
თუ ამ მოსაზრებას გავაანალიზებთ ქართულ სინამდვილეში, შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთება: თავისუფლებას განსაზღვრავს იურიდიული ნორმები, რომლებიც, თავის მხრივ, შეიძლება კლასიფიცირდეს ბუნებრივ და სახელმწიფოს მიერ მიღებულ სამართლებრივ ნორმებად. მხოლოდ და მხოლოდ ამ ნორმების ჩარჩოებშია შესაძლებელი თავისუფლების უზრუნველყოფა, როგორც კი ინდივიდის ქცევა სცილდება ამ ჩარჩოს ფარგლებს, იგი აღარ ითვლება თავისუფლებად.
რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას, ისეთი საზოგადოებაა, რომელიც ტრადიციულად ჩამოყალიბებულ ბუნებრივ სამართლებრივ ნორმებზე და წეს-ჩვეულებებზე დაფუძნებულ ზნეობრივ ნორმათა კოდექსის პრიმატს აღიარებს, ვიდრე ფორმალური სამართლებრივი ნორმების. ქართველისთვის პრიორიტეტია მართლმადიდებლური თვითშეგნებისა და ეროვნული ტრადიციების შერწყმის საფუძველზე შექმნილი წეს-ჩვეულებების შესრულება, ლიბერალურ-ინდივიდუალისტური საზოგადოება კი ადამიანთა რაციონალურ შეთანხმებას წარმოადგენს, რომელთა ქცევა და მოქმედება შეესაბამება შეთანხმების საფუძველზე დაწერილ სამართლებრივ ნორმებს და არა ტრადიციებსა და წეს- ჩვეულებებს. ლიბერალურ საზოგადოებაში მცხოვრები ინდივიდისთვის, დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს დაწერილი, სახელმწიფოს მიერ მიღებული ფორმალური სამართლებრივი ნორმების შესრულება.
თავისუფლება ყოველთვის გულისხმობს საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმების ფარგლებში მოქმედებას. ქართველის შემთხვევაში, თავისუფლებას წარმოადგენს ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებების ფარგლებში მოქმედებას. ქართველმა კანონმდებლებმა, კანონების მიღების დროს, ეს მომენტი ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ და უნდა შეეშვან პირდაპირ და ბრმად დასავლური სამართლებრივი სისტემებიდან კანონების გადმოტანას, რომლებიც არ შეესაბამება ქართველთა მენტალობას და ცხოვრების წესს. «კანონები იმდენად შესაფერისი უნდა იყოს იმ ხალხისთვის, რომლისთვისაც შეიქმნა, რომ მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში უნდა შეიძლებოდეს, რომ ერთი ხალხის კანონები რომელიმეს გამოადგეს» (შარლ ლუი მონტესკიე).
საერთოდ, ნებისმიერი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია თავისუფლება. იმას, რასაც დღეს გვახვევენ თავს თავისუფლების სახით,  თავისუფლების ანგლო-საქსური ვერსიაა. უბრალოდ, ქართველისა და ანგლო-საქსის თავისუფლების ხარისხის დონე განსხვავებულია ერთმანეთისგან, როგორც ნებისმიერი სხვა ტრადიციული საზოგადოების.
ლიბერალურ ღირებულებებზე საუბრისას აუცილებელია მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, მის მიერ ფორმალურად დეკლარირებული თანასწორობის იდეა, რომლის მიღწევა შეუძლებელია ლიბერალურ საზოგადოებაში. მართალია, აღიარებენ ფორმალურ თანასწორობას, მაგრამ კითხვა დავსვათ სხვა კუთხით: რატომ მიისწრაფის ლიბერალურ საზოგადოებაში მცხოვრები ინდივიდი პირადი გამდიდრებისკენ? ამ კითხვაზე პასუხი არც თუ ისე ძნელია: მისი სწრაფვა გამდიდრებისკენ მიმართულია სხვებზე უპირატესობის მოსაპოვებლად.
ლიბერალურ საზოგადოებაში თანასწორობის პრინციპი უპირისპირდება თავისუფლებას, ამ იდეოლოგიის უმთავრეს ღერძს, ე.ი. თავისუფლება ძირშივე სპობს თანასწორობის იდეას. შეუძლებელია, თავისუფლების იმ ხარისხის პირობებში, რომელიც ლიბერალურ საზოგადოებაშია, თანასწორობა შენარჩუნდეს, თუ იმასაც დავამატებთ, რომ ამ ღირებულებათა სისტემისთვის დამახასიათებელია მართლმადიდებელი ქართველისთვის მიუღებელი ისეთი ანტისაზოგადოებრივი ფენომენი, როგორიცაა ეგოიზმი.
ლიბერალურ ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემის ქართული საზოგადოებისთვის თავს მოხვევა მისი ყველაზე პრიმიტიული ნაწილის მიერ, როდესაც საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებულია ორი ერთმანეთისგან გაუცხოებულ ფენად (მდიდარი უმცირესობა და ღარიბი უმრავლესობა), სადაც არ არსებობს საშუალო ფენა, გაუმართლებელია, რადგან ისედაც ღარიბ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გააღარიბებს, მდიდრებს კი კიდევ უფრო მეტად გაამდიდრებს. ეს პროცესი კი უფრო მეტად გაზრდის უთანასწორობას, რაც პოლიტიკურ უთანასწორაბაზეც აისახება. ყველაფერი ეს კი ხელს შეუწყობს ერთი და იმავე ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნას, რაც ისედაც ასეა საქართველოში. «საბაზრო-კაპიტალისტური ეკონომიკა სერიოზულ დარტყმას აყენებს პოლიტიკურ თანასწორობას» (რობერტ დალი).
ლიბერალები, აგრეთვე, აღიარებენ _ ოღონდ მხოლოდ დეკლარირების დონეზე _ ტოლერანტობას და პლურალიზმის პრინციპებს, თუმცა ანგლო-საქსურ ეროვნულ სპეციფიკაზე მოწყობილ სოციალურ სისტემას თუ დაუკვირდებით, იგი შეიძლება შეფასდეს როგორც ანტიტოლერანტული. ლიბერალთა ვერსიით, საზოგადოების შექმნა-ჩამოყალიბება დაკავშირებულია ერთსა და იმავე ფასეულობებზე აღზრდილი ადამიანების გაერთიანების პროცესთან. როდესაც ასეთ საზოგადოებაში სხვა სოციუმში აღზრდილი ადამიანი იწყებს ცხოვრებას, იგი იძულებულია, ამ სოციუმში დამკვიდრებული ცხოვრების წესი დაიცვას და მოახდინოს საკუთარი თავის ადაპტირება მისთვის ახალ სოციალურ გარემოში. თუ ეს უკანასკნელი არ დაიცავს მისთვის უცხო სოციუმში გაბატონებულ ცხოვრების წესს, იგი იქნება გარიყული საზოგადოებიდან, ანუ ადგილი აქვს ასიმილაციის პროცესს, რომელსაც ადგილი ჰქონდა შეერთებულ შტატებში. ამერიკის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაში ჩასული ემიგრანტები იძულებულნი იყვნენ, უარი ეთქვათ საკუთარ კულტურულ იდენტობაზე და ათქვეფილიყვნენ დიდ ქვაბში ეთნიკურად სხვა ემიგრანტებთან ერთად, რაც ეფუძნებოდა უნივერსალურ ღირებულებათა სისტემას და რასაც ლიბერალიზმი ჰქვია.
უფრო მეტიც, ანგლო-საქსი კოლონიზატორები მიხვდნენ, რომ აბორიგენი მოსახლეობის ცხოვრების წესი განსხვავებული იყო მათი ცხოვრების წესისგან და შეუძლებელი იქნებოდა მათთან ერთად ერთიანი საზოგადოების შექმნა და, აქედან გამომდინარე, მათი დამორჩილება საკუთარ მიწაზე. ამიტომ ძალიან მარტივად გადაწყვიტეს საკითხი _ ისინი უბრალოდ ამოხოცეს.
რაც შეეხება საქართველოსა და ქართველებს, მრავალი საუკუნის მანძილზე ვახდენდით სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის დამახასიათებელი სოციო-კულტურული თავისებურებების შეთავსებას, ქართველი ერის კულტურულ თვითშეგნებასთან და ცხოვრების წესთან. ისე, რომ სხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა შეინარჩუნეს ქართველებთან ერთად კულტურული თვითმყოფადობა, ტრადიცია, ენა. ქართველებსაც შეეძლოთ ზუსტად ისე მოქცეულიყვნენ, როგორც ბრიტანელი კოლონიზატორები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართველებს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ჰქონდათ ამის შესაძლებლობა.
ამ ისტორიული ანალოგიების მოყვანის შემდეგ, სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ ამერიკელი ლიბერალებისგან ვისწავლოთ ტოლერანტობა, შემწყნარებლობა, იმათგან, რომლებიც არ აღიარებენ განსხვავებული ცხოვრების წესს, გარდა ლიბერალურისა; იმათგან, ვინც აღმოსავლურ ტრადიციულ საზოგადოებებს მხოლოდ იმიტომ უშენენ ბომბებს, რომ ისინი საკუთარ ტრადიციებს იცავენ.
რაც შეეხება პლურალიზმს, რითაც ასე იწონებენ თავს ლიბერალები მათი მიდგომისა და პოლიტიკის დაკვირვებისას სხვა ერების მიმართ, ადვილად დავინახავთ მათ სიცრუეს. ისინი მთელ მსოფლიოში უნივერსალური და ერთიანი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ მიისწრაფვიან, რაც ეწინააღმდეგება სხვადასხვა ერის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ცხოვრებისა და ქცევის წესს, კულტურულ თვითშეგნებას, აზროვნების ტიპს. მსოფლიოში დაახლოებით 3000-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფია, რომლებმაც ისტორიული განვითარების საკუთარი გზა გაიარეს. შეუძლიათ კი უაპელაციოდ მიიღონ პროტესტანტულ ეთიკაზე დაფუძნებული ლიბერალური ცხორების წესი? დამეთანხმებით, რომ ნამდვილად არ შეუძლიათ, მაგრამ ამერიკელები იძულებითი წესით თავს ახვევენ აღმოსავლეთში მცხოვრებთ ლიბერალურ ღირებულებებს.
პლურალიზმი თავისთავში მოიცავს განსხვავებული იდეების, მსოფლმხედველობის არსებობას და ამ იდეებს შორის ჭიდილს (კარგი გაგებით). დღეს კი რა ხდება? ღირებულებების, იდეების, აზროვნების თუ ცხოვრების წესის უნივერსალიზაცია და უნიფიცირება. და ამ პროცესებს ადგილი აქვს როგორც ქვეყნების შიგნით, ასევე _ გლობალური მასშტაბით.
საერთოდ აღიარებულია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ეფუძნება გარკვეულ იდეოლოგიურ პლატფორმას. პლურალისტურ საზოგადოებებში სწორედ ამ იდეებს შორის უნდა მიმდინარეობდეს ჭიდილი და შეჯიბრი, რაც ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. ამერიკის შემთხვევაში კი, სადაც ორპარტიული სისტემა არსებობს, ორივე პარტიის იდეოლოგიურ პლატფორმას წარმოადგენს ლიბერალიზმი. მათი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, გარდა რიტორიკისა. ეს იგივე იქნებოდა, რომ საბჭოთა კავშირის დროს შექმნილიყო კომუნისტურ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დაფუძნებული მეორე პარტია ხალხისთვის თვალის ასახვევად, რასაც დღეს ადგილი აქვს შეერთებულ შტატებში. ასე რომ, თუ კარგად გავაანალიზებთ ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას, იგი იდეოლოგიური პლურალიზმისგან შორს არის.
ლიბერალიზმი თავისი არსით წარმოადგენს პროტესტანტულ ფილოსოფიაზე, ანგლო-საქსური აზროვნების ტიპსა და სოციო-კულტურულ თავისებურებებზე მორგებულ ცხოვრების წესს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს მართლმადიდებლურ თვითშეგნებასა და ცნობიერებაზე დაფუძნებულ ცხოვრების წესთან.
ასევე, შეიძლება დამატების სახით ითქვას, რომ ერთ-ერთი ამერიკელი სტრატეგი, პოლიტოლოგი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი სამუელ ჰანტინგტონი დასავლურ ლიბერალურ ცივილიზაციასთან ყველაზე შეუთავსებელ რელიგიად, ისლამურ-კონფუციურ ბლოკთან ერთად, მიიჩნევს მართლმადიდებლობასაც.
ერებს, ნაციებს გააჩნიათ მათი ინდივიდუალობის განმაპირობებელი კულტურული ელემენტები, რითაც ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთ-ერთ ასეთ ელემენტს, ენასთან ერთად წარმოადგენს რელიგია. ქართველებისთვის, როგორც უკვე არა ერთხელ ითქვა, მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშანია მართლმადიდებლობა. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართული საზოგადოების ლიბერალიზაცია გულისხმობს უარის თქმას მართლმადიდებლობაზე, როგორც ქართველთა უმნიშვნელოვანეს მაიდენტიფიცირებელ კულტურულ ნიშანზე და პროტესტანტულ ფილოსოფიაზე დაფუძნებული ცხოვრების წესის მიღებას, რაც ქართველი ერისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების დაკარგვას და საბოლოო ჯამში ქართველი ერის გადაგვარებას განაპირობებს, რადგან მართლმადიდებლურმა რელიგიამ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველი ერის ჩამოყალიბებასა და საბოლოო სახის ფორმირებაში.
ირაკლი უბილავა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here