Home რუბრიკები საზოგადოება Ave caesar! Hail hitler! მიშა! მიშა! ანუ ჰყავს თუ არა თავხელიძეს ბებია?

Ave caesar! Hail hitler! მიშა! მიშა! ანუ ჰყავს თუ არა თავხელიძეს ბებია?

1376

GEWORLD.NET:
ხალხისა და ბელადის არნახული დუღაბის ვერბალური გამოხატულების აშკარად გადემოკრატების მოწმე ხდება კაცობრიობა საქართველოს მაგალითზე. სათაურში ატანილ მისალმებათა შემდეგ მოდის:
– ჯიგარო! ჯიგარო!
რაც აშკარად ავლაბრულია. ან:
– ძმაო!
რაც ჩაცუცქული ქურდების ციხის კერძო საკუთრებაა. ამიტომ კმაყოფილდებოდა ბორჯომის საზოგადოებრიობა დემოკრატიული შეძახილის იმ ფორმით, რომლის დანერგვას ასაკის მატების პრინციპის დაცვითა და დიდი მონდომებით ცდილობს კარგად დაფინანსებული პიარჯგუფი პირადად პირველი პიროვნებისა.

ჯერ ონის რაიონში ტუჩზე რძეშეუმშრალ პატარებს აძახებინეს: «მისა! მისა!»
შემდეგ თვალშისაცემი პოლიციური განხრის მამაკაცები სვეტიცხოვლობაზე სვეტიცხოვლის ეზოში (sic!) ბოხი ხმით, მაგრამ დისჰარმონიულად და აკაპელას სტილში აყვირეს «მიშა! მიშა!».
დაბოლოს, გასულ შაბათს, აშკარად ბავშვობაში ჩავარდნილ ხანდაზმულ ქალებს მესასავით აღავლენინეს «მისა! მისა!»… ჩაისვით რა, კბილები, ბედნიერებო! ნუთუ ამის სახსარი არ გაგაჩნიათ?!
სამაგიეროდ გაქვთ სურვილი და ეხუტებით სააკაშვილს: მინდა, გადაგეხვიოთო, გამოუტყდება ქუჩაში გამოსული ერთი ქალბატონი მიხეილს.
ერთობოდნენ ამ ზაფხულის ერთფეროვნებით მოწყენილი ბორჯომელები  დასასვენებლად ჩამოსულ აზერბაიჯანელებთან ერთად, რომელთაც უფასოდ მოუწყვეს სანახაობა «Проход президента», და ისინიც, ერთი ინიციატივიანი ქალის პირით, დაჰპირდნენ სააკაშვილს:
– Мы еще приедем!
– Большое Вам спосибо-ო… – უპასუხებდა მიშა.
აშკარად აერიათ სამხრეთელ მეზობლებს ჩვენი თავისაში – ილჰამ ალიევში, რომელიც ცოცხლად, შეიძლება, არც კი უნახავთ.
ერთი სიტყვით, შაბათ დღეს დიდი ზეიმი იყო ბორჯომის პარკისკენ მიმავალ ჩვენს ქუჩაზე.
ერთობოდა ხალხი და კმაყოფილებას არ მალავდა მიხეილ სააკაშვილი. ან რატომ უნდა დაემალა?! რესტავრირებულ «ფირუზას» ინტერიერში ირანის შაჰების პორტრეტები აღმოჩნდა, რომლებიც კომუნისტებს (?) გადაუღებიათ, რაზეც სიამაყითა და ნიშნის მოგებით, მადლობის მოლოდინში უყვებოდა ნიკა ვაჩეიშვილი ხარაჩოებში ჩამდგარ პრეზიდენტს.
ერთი ოსტატი ოქროსფრად ღებავდა ბორჯომის პარკის რკინის ჭიშკარს, სააკაშვილი იხსენებდა თავის ბავშვობას, კიბეებს, რომლებითაც სასტუმროში უყვარდა ასვლა (რადგან უკეთესი არ იყოო), და ტელემაცქირლებს (ვასიკო ოდიშვილის გამოთქმა), მაშასადამე, სრულიად საქართველოს გვპირდებოდა, რომ კიდევ ორი სასტუმროს აგება იგეგმება ბორჯომში. მანამდე კი ამ ქუჩას ბოლომდე გავაკეთილშობილებთო.
აბა, რას ვზეიმობდით?!
ყაზახებისგან დავიბრუნებთო ლიკანს, ვერ შეასრულეს აღებული ვალდებულება (გააპარტახეს, ბატონო!) და იმიტომო.
გაყიდულ კურორტში აღებული მილიონები მშვიდობაში ვინ მოიხმარა, ამაზე არაფერი უთქვამს…
იხარე, ერო! რადგან მოწმე ხარ ხალხზე ზრუნვის არნახული მაგალითის.
ტინგიცმაგორია!
ორიოდ დღის წინათ მიხეილმა გაღატაკებულ ხალხს «საქართველო სიღარიბის გარეშეს» წინასაარჩევნო დაპირების შესასრულებლად მამა-პაპური მეთოდი შესთავაზა და პილატესავით ხელი დაიბანა, მოიხსნა პასუხისმგებლობა. თქვა და დაივიწყა, მაგრამ რა ვუყოთ, ლათინთა. სიბრძნეს – ვერბა ვოლანტ, სკრიპტა მანენტ (VERBA VOLANT, SCRIPTA MANET) – სიტყვები მიფრინავს, ნაწერი რჩება.
დარჩა ნაწერი საინფორმაციო სააგენტოსი (ჯი-ეიჩ-ენი, 21.07.2011):
«მიდგომა, რომ ადამიანი ღარიბია და მას მხოლოდ სახელმწიფოს იმედი აქვს, არასწორია», – ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ბათუმში ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის გალერიის გახსნაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, განახლებული სახლებისა და ფასადების შემდეგ მოსახლეობას საშუალება მიეცა, ორი-სამი სკამი გარეთ გამოედგა და კაფე გაეხსნა.
«ერთი ქალი გამომელაპარაკა და მითხრა – დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი გაგვიკეთეთ, ძალიან გვიყვარხართ და ახლა ჩვენნაირ ღირიბებსაც თუ მოხედავთ, უფრო დიდი მადლობლები ვიქნებითო. ეს ფსიქოლოგია ჩვენ უნდა გადავლახოთ. ამ ოჯახს ყველაფერი აქვს, რომ კარგად იცხოვროს, ცოტა ხელი უნდა გაანძრიოს და ინიციატივა გამოიჩინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,» – აღნიშნა სააკაშვილმა».
წაიკითხეთ, ხომ?
და, რა თქმა უნდა, ყურადღება მიაქციეთ, რომ სახელმწიფომ «სახლებისა და ფასადების» (კავშირი «და» ზედმეტია) განახლებით თავისი ვალდებულება ამოწურულად ჩათვალა და ახლა შენ, ჩემო ძვირფასო კაი ხალხო, გაანძრიე ხელი და გეშველებაო.
სიბრძნე ზირაქისა! განსაკუთრებით, სკამების გარეთ გატანის კუთხით, რაც, თურმე, საკმარისი ყოფილა კაფეს გასახსნელად.
«ამ ფსიქოლოგიის გადალახვის» ამოცანის შესასრულებლად გაიტანა პლეხანოველმა მარინამ სკამი გარეთ, დადგა თბილისის ცენტრში – შალვა დადიანის, ყოფილი ველიამინოვის ქუჩაზე, ყოფილი სახინკლის მოპირდაპირე მხარეს, ღობესთან და… ცოტა ხანში გარდაიცვალა ეს, ბობოქარ ცხოვრებაგამოვლილი რაციონალიზატორი.
წამოაყენა თუ არა უპოვართა ბედზე მზრუნველმა, ღარიბ-ღატაკთა მიერ არჩეულმა და ლიბერტარიანელმა პრეზიდენტმა სოციალურად ორიენტირებული სინგაპურიზაციის ეს «პროგრამა», რომ პრომიშისტობით გამორჩეულმა, სააკაშვილის თვალებში შემციცინე «ცნობადმა საეკრანო სახემ», მეორე მიშამ, ოღონდ თავხელიძემ დაუყოვნებლივ მხარი აუბა და კვერი დაუკრა, – დასტურ, ასეაო.
სოციალურ ქსელში დაფიქსირდა მისი და ქსელის ერთი მომხმარებლის ასეთი მიკროდიალოგი:
«ლაშა ჩხენკელი:
– მიშა, ამიხსენი კაცურად, 90 ლარით როგორ უნდა ვიცხოვრო პენსიონერმა ერთი თვის მანძილზე? ამიხსენი რა, მეყოფა?
მიშა თავხელიძე:
– და რა არის ამაში ცუდი, რომ პენსიონერს საკუთარმა შვილმა მოუაროს და არა სახელმწიფომ? ყველამ თვითონ მოუაროს საკუთარ ბებიებს. თუ მაინცდამაინც ჩემი საშემოსავლო გადასახადიდან გინდათ ამის გაკეთება?»
შესაშური გულახდილობაა და აპოთეოზი სიყალბის: პენსიონერს მაინცდამაინც 20-25 წლის შვილი ხომ არ ეყოლება, მისთვის სამუშაოს შოვნის იმედი რომ ჰქონდეს?!
არა.
უფრო მეტი წლისა იქნება და, ასპროცენტიანი გარანტიით, – უმუშევარი. მაშ, როგორ მოუაროს «პენსიონერს საკუთარმა უმუშევარმა შვილმა»?!
ეს ერთი.
მეორე. პენსიონერმა მთელი შეგნებული ცხოვრება სახელმწიფოს, ქვეყანას შესწირა. სახელმწიფო ვალდებულია მის წინაშე. ასეა ცივილიზებულ მსოფლიოში. თუ, პატივცემულო, ჩვენ გვიწერია «ბანანის რესპუბლიკად» ყოფნის შეუქცევადობა?
შენი «საშემოსავლო გადასახადი» კი, მიშა ხარ თუ თავხელიძე, შენახვას მოახმარე ბებიაშენისა და არ გინდა ანა კარენინობა მიშა-1-ის რკინიგზის ლიანდაგებზე!
ამათ, ხალხო, ქართული ზნეობრიობის არაფერი სცხიათ, იაკობ გოგებაშვილის «დედაენიდან» დაწყებული, უარყოფენ ყველაფერ ქართულს – ენასაც, მამულსაც და სარწმუნოებასაც. ამიტომ გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის რჩევის კვალზე – გაიტანეთ სკამები ქუჩაში, დაბრძანდით, 106-ე გვერდზე გადაშალეთ «დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისთვის, შედგენილი ი. გოგებაშვილისაგან», რომელიც ჯერ კიდევ 1876 წელსაა გამოცემული თბილისში, და ხმამაღლა წაიკითხეთ გენიალური შეგონება მამათა უგულებელმყოფელი შვილებისთვის, ვინძლო, უცხოური კურორტიდან დაბრუნებულმა რომელიმე ხელისუფალმა ყურად იღოს:
«მამა და შვილები.
ერთ ადგილას ჩვეულება ჰქონდათ: კაცი რომ დაბერდებოდა, გოდორში ჩასვამდნენ და კლდეზედ გადააგდებდნენ. ერთი ბრმა კაცის შვილებმა მოინდომეს მამისთვის გოდრის დაწნა. ბერიკაცს ესმოდა იმათი ლაპარაკი და ჰკითხა: რას აკეთებთო? უთხრეს: არაფერსაო, გოდორსა ვწნავთო. ვიცი ვისთვისაც გინდათო, მაგრამ ისეთიც კი დაწანით, რომ თქვენ შვილებსაც გამოადგესო. შვილები გონზედ მოვიდნენ და მაშინვე ხელი ანებეს ამ საქმესა».
წაიკითხეთ? კეთილი და პატიოსანი.
თუ ჯერ არ გამდიდრებულხართ, შეიტანეთ სკამები შინ.
ხვალეც ამ წლისაა, და ისევ გამოიტანეთ. ამ გატან-შემოტანაში თანდათან გაგახსენდებათ: «გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა».
ჰოდა, თქვენ იცით!
არმაზ სანებლიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here