Home რუბრიკები საზოგადოება ხალხის ძარცვით ნაშოვნი ფული და უცხოეთიდან შემოსული დახმარებები ჩვენსავე გენოციდს ხმარდება!

ხალხის ძარცვით ნაშოვნი ფული და უცხოეთიდან შემოსული დახმარებები ჩვენსავე გენოციდს ხმარდება!

735

GEWORLD.NET:
ერთი თვე გავიდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 მაისი, ქვეყნის დამოუკიდებლობის ოცი წლისთავი, ქართველ ხალხს საპროტესტო მიტინგის სისხლიანი დარბევით “მიულოცა”… ის, რაც ვიხილეთ, დრამატულობით ისტორიული სტამბულის მონაათა ბაზრის ასოციაციასაც გასცდა და მიწაზე დაყრილი, წვიმასა და სისხლში ათქვეფილი ხალხი, თავმდგომი ქაჯებივით შავი, რკინის ხელკეტიანი ჯალათებით, უფრო დანტე ალიგიერის ჯოჯოხეთს მოგაგონებდათ.

უნებურად ნიკო ლორთქიფანიძის “მრისხანე ბატონის” ბრძანება გამახსენდა: “ორივე პალატის მოზვრებს დააკარით და მერე მიუშვით ერთმანეთზე. ისე დააკარით, რომ ორივე დაფლეთილი იქნენ (მოთხრობაში სიკვდილმისჯილ წყვილს ამგვარი წამებით ამოხადეს სული). ყველა, ვინც 26 მაისის დარბევის სცენებს შეძრწუნებული ადევნებდა თვალს, დამეთანხმება, რომ მსგავსი სახის ბრძანება იქნებოდა გაცემული ქართული “კოზა-ნოსტრას” ბოსების ბნელ ბუნაგში და სხვაობასაც ვერ ვხედავ: ერთმანეთს მტრადწაკიდებულმა, გაჯიუტებულმა პოლიტიკოსებმა “რქებშუა” უდანაშაულო ხალხი მოიქციეს, ერთურთს თავებით ებუღრავეს და ის საცოდავები უმოწყალოდ დაფლითეს… მსხვერპლი ხალხია და, როგორც ჩანს, ესეც ხელისუფლების ვერაგულად ჩაფიქრებული გეგმის ნაწილი იყო.
სწორედ ხალხი უნდა დაესაჯათ (თანაც _სამაგალითოდ!) რადიკალ პოლიტიკოსთა გვერდით დგომისთვის, თუმცა მშვენივრად უწყოდნენ, რომ იმ ხალხს პოლიტიკასთან შეხება ნაკლებად ჰქონდა; რაღაც ნაწილი ქვეყნის ინტერესებსა და ეროვნულ ფასეულობებს, ხოლო დიდი უმრავლესობა იქ საკუთარ გაუსაძლის სოციალურ მდგომარეობას “ედგა გვერდით”.
ჯერჯერობით დაუდგენელია, მერაბიშვილის ცოფიან ხროვას ცემა-წამებაში რამდენი ადამიანი შემოაკვდა. ჯალათები (ალბათ, მითითებისამებრ), ძირითადად, ფერტილური ასაკის კატეგორიაზე ნადირობდნენ და ახალგაზრდებს თავებს მიზანმიმართულად უჩეჩქვავდნენ. მიყენებული მძიმე ტრამვები, ფიზიკურთან ერთად სულიერიც, მომავალში როგორ აისახება მათ ჯანმრთელობაზე, არავინ იცის. ამგვარი მოპყრობა მომაკვდინებლად ურტყამს  ისედაც საგანგაშოდ შემცირებულ ქართულ გენოფონდს; უნდა ვიფიქროთ, რომ ხელისუფლების განზრახვაც სწორედ ესაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი “ჩოთქზე ითვლის”, კიდევ რამდენით შეამციროს ქართველი ერი, რომ ტურიზმისათვის სამყოფი მომსახურე კონტინგენტის რაოდენობამდე დაიყვანოს.
ამ დროს ჩერქეზთა გენოციდზე მოვიშვიშე პარლამენტარები ქართველთა გენოციდს ტაშით მიესალმნენ და მომხდარი იმდენად უმნიშვნელოდ მიიჩნიეს, რომ გამოძიების საჭიროებაც გამორიცხეს, რითაც ჩვენმა “რჩეულებმა” საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ერთადერთი ღირებულება მათთვის ის სამთავრობო სკამებია, საჯდომებით რომ ათბობენ. თუმცა “ათბობენ” ფიგურალური ნათქვამია: უსულო სხეულები სითბოს არ გამოსცემს, სამაგიეროდ,  მეტყველებენ ამგვარი ფრაზებით: “განცხადება, რომ საქართველო სიყვარულის სახელმწიფო უნდა იყოს… ინფანტილიზმია…”.  შეხედეთ ამ შემზარავი სიტყვების ავტორის, დავით დარჩიაშვილის სიცოცხლისგან დაცლილ, ჩამქრალ თვალებს; დააკვირდით მის მონოტონურ, დუნე, უძარღვო მეტყველებას და იგრძნობთ, რომ ხმა მკვდარი სუბსტანციიდან ამოდის. ეს ადამიანები სულამოცლილებივით არიან. თუ არ სჯერათ, საკუთარ თვალებში (სულის სარკეში) ღრმად ჩაიხედონ: სიბნელის მეტს ვერაფერს ნახავენ… მაგრამ, შესაძლოა, ამ დროს წამიერად გონების თვალი გაეხსნათ და საკუთარ გვამს ჩაეკითხონ: “რა დაგვემართაო?!”, ვინძლო იმასაც მიხვდნენ, რომ უდიდესი შეცდომაა, როცა ცოცხლების ბედს მიცვალებულები განაგებენ. ერთადერთი, რაშიც “ივარგეს, ისაა, რომ ქვეყანა ქვაბავაზაკებივით გაძარცვეს და ნადავლით პირადი კეთილდღეობა, უსაფრთხოება უზრუნველყვეს. დანაშაულში სხვებსაც ითრევენ, ძლიერდებიან და ვირუსივით მრავლდებიან. “ხელისუფლების დამხობა უნდოდათო!” _ შეიცხადეს. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, მშვიდობიანი გზით პრობლემის მოგვარება მათ არ სურთ და ბუმბულის შეღიტინებით რომელი დიქტატორი გაქცეულა, ერთი აგვიხსნან. კადაფი რომ “გარბის”, ვხედავთ: ჩვენნაირი აცაბაცა კი არა, აწყობილი ქვეყანა უკვე დაიმხო თავზე, მაგრამ ის თავი თუჯისაა და ვერაფერს ასმენენ. აქაც, თუ ვინმეს აწყობს ხალხის დასაშინებლად, გასაჩუმებლად არეულობა და სისხლისღვრა, ეს ხელისუფლებაა, რაც კიდეც დაამტკიცეს. ამგვარი რეჟიმის შეცვლის სურვილი კრიმინალი რატომაა?!
_ მსგავსი მეთოდებით დაშლა დემოკრატიულ ქვეყნებშიც ხდებაო! _ გაიძახიან. იქ ბევრი სხვა უზნეობაც ხდება, რასაც საქართველოში არასდროს ჰქონია ადგილი, რაც ქართველისგან ამგვარ მოპყრობასა და დემოკრატიის სიმახინჯეების გადმონერგვაში გამოიხატება. თანაც სადღაც ვიღაცას რომ ურტყამენ, ჩვენ თურმე აქ ტკივილი შეგვიმსუბუქდება! საკუთარ ტყავზე იწვნიონ, როგორია! ამასთან, გრძელვადიანი პატიმრობაც გამოსცადონ, ჰაიჰარად რომ უსჯიან. ისიც გვითხრან, რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში შლიან მიტინგებს ალყაში მოქცევით, სასაკლაოდ გადაქცევით, გაკოჭილი ხალხის წამებით (მაშინ, როცა ქართული ტრადიციით, ქათამს არ კლავენ ფეხებშეკრულს, ცოდვად ითვლება), დახოცვით, მდინარეში დახრჩობით, გაქრობით, დასახიჩრებით, ძირს დაყრილებზე წიხლებით შედგომით, გაუპატიურებით, შემდგომი დევნა-დაპატიმრებით… ასეთებთან შიშველი ხელებითა და პლასტმასის ჯოხებით ვინ რას გახდება იმ სიტუაციაში, როცა ყოველგვარი რესურსი (ფინანსური, ადმინისტრაციული, პროპაგანდისტული და სხვა) ხელისუფლების ხელშია? _ ესაა “პროპორციული” ძალა?
“ქურდები და ბანდიტები ავლაგმეთო!” _ ხელისუფლებაში თავს იწონებენ და სანაცვლოდ საიდუმლო ლაბორატორიებში მანქურთების ახალი ჯიში გამოუყვანიათ, წამახალისებელი პრემიების მოლოდინში დარბევაზე რომ ოცნებობენ, სისხლის დანახვაზე ტვინი ეკეტებათ დაასეთ დროს საკუთარი მამა რომ დაუყენონ წინ, ალბათ, მასაც ცოფიანივით დაფლეთენ და ესაა ალაგმვა?! ანდა, რომელ “რუსულ საფრთხეზე” გველაპარაკებიან?! ეს ჩლუნგი, ბოროტი ძალა წალეკავს ქვეყანას!.. აი, თურმე რას ხმარდება ხალხის ძარცვით ნაშოვნი ფული და უცხოეთიდან შემოსული დახმარებები _ ჩვენსავე გენოციდს!..
ძალიან მინდოდა, მენახა, რას წარმოადგენს ყბადაღებული “მოლოტოვის კოქტეილები”… (“აფთიაქებში ყიდულობენო” _ ჭკუისკოლოფა გიგი უგულავამ გამოგვიცხადა ერთხელ). საინტერესო იქნებოდა, “რაგატკის” ბალისტიკური ფუნქციით ხილვაც, მაგრამ, სად იყო?! იმ ქუჩის ბავშვებივით მოგვატყუეს, პარკებმომარჯვებულებს კისრები რომ დააწყდათ ცაში ყურებით: _ სააკაშვილმა თვითმფრინავიდან ფოჩიანი კამფეტები უნდა ჩამოგვიყაროსო! რასაც კეთილი მიშა ჩამოუყრიდათ, ვერზილა ხელკეტიანი ბიძიებისგან ბაჭიასავით მიმწყვდეული და მიწაზე დაპრესილი საბრალო შორტებიანი ბიჭუნას მაგალითზეც ვნახეთ.
აქვე ვკითხულობ: ამ ოჯახქორებმა თუ იცოდნენ, შეიარაღებული სამხედრო გადატრიალება მზადდებოდა და, როგორც ხელისუფლება ვაიოპოზიციასთან  უნისონში ირწმუნება, ერთდროულად რუსის ჯარის შემოსვლაც იგეგმებოდა, დანაშაული რატომ პრევენციულად არ აღკვეთეს? აგვისტოს ომის არ იყოს, მოსახლეობა ყველაზე უარესისთვის რატომ გაწირეს? ანდა, ადგილმონაცვლეობას რომ სთავაზობდნენ, მიტინგის ორიოდე ნაბიჯით იქით გადაწევა საფრთხისგან დაგვაზღვევდა? ინფანტილიზმი დაერქვას ამას თუ   ბოროტი ცინიზმი? აგვიხსნან ისიც, მიზნის (დაშლის) საწინააღმდეგო მოქმედება (ხაფანგში მომწყვდევა) რანაირადაა “ძალის გადამეტება”.
არ მეგულება არც ერთი პირსისხლიანი ტირანი, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის მრგვალ თარიღს საკუთარი  მოსახლეობის ჟლეტით აღნიშნავს, მაგრამ სააკაშვილი სხვა დემონური სამყაროს პირმშოა. რასაც ტელევიზიებით ვუყურებთ, თვალნათლივ ვრწმუნდებით, რომ ამგვარი ბარბაროსობა არსად ხდება და თუ მომხდარა, ისევ _ საქართველოში:
“ქართველთაგან არც ქალებს იბრალებდნენ და არც ყრმებს ინდობდნენ. არც სნეულთ ეპყრობოდნენ გულმოწყალედ. არც გაჭირვებას უყურებდნენ. არც ჭაღარას სცემდნენ პატივს. ხოლო რომელთაც არ შეეძლოთ სვლა, ქვებით ხოცავდნენ…”.
დამეთანხმებით, აქ მოთხრობილი ტყუპისცალივით ჰგავს 26 მაისის დარბევას. შინაარსია ერთნაირი, თორემ განსხვავება როგორ არ არის:
_ ერთი ექვსი საუკუნის წინ მოხდა (ჩანაწერი 1400 წლით თარიღდება), მეორე _ 21-ე საუკუნეში (ჩვენსავე თვალწინ);
_ ერთის ჩამდენი დამპყრობელი იყო, მეორის _შინამაოხარი;
_ ერთი მომთაბარე იყო, მეორე _ “დემოკრატიის შუქურა”.
_ ერთი მონღოლი იყო, მეორე (სომხებს თუ დავუჯერებთ) _ სომეხი;
_ პირველს თემურ-ლენგი ერქვა, მეორეს _ მიხეილ სააკაშვილი;
_ ქვა (ცივილურად და დემოკრატიულად) ხელკეტით შეიცვალა, ცეცხლი _ დენით. ხელწერა იგივეა!
_ ერთის აღმწერელი სომეხი გრიგორი იყო, მეორის ისტორია ახლა იწერება. ნაწერს კი, მოგეხსენებათ, ნაჯახითაც ვერ ამოშლი…
და კიდევ: მაშინ ქართველები ქვათახევის მონასტერში ამობუგეს და “ამოწყვიტეს”. ამჟამად ყინწვისის მონასტერში პროვოკაციულად მოიმწყვდიეს და, შეთქმულების ბინძური ბრალდებით, იმ “მომწყვდეულებივით” სასჯელის უმაღლეს ზომას უმზადებენ. აი თქვენი დიდსულოვნებისა და მიმტევებლობის უმადური საზღაური, ჩვენო იობივით დამთმენო სულიერო მამებო!..
მაგრამ ნაჯახით ვერც იმის ხსოვნას ამოშლი, შესაშურად წვერ-ულვაშბუჩქოვანმა ერთმა მეუფემ სააკაშვილი გელათში, წმინდა მეფის საფლავთან მოგვივით ხელაპყრობილმა ღმერთს რომ შეავედრა და სისხლით მორწყული საპრეზიდენტო გზა დაულოცა. იმ “დალოცვილი” გზის გაგრძელებაა ეს დარბევაც! მწუხარებასთან მარტოშთენილი ქართველი წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასოებით ელოდა სალბუნ კითხვას “კაენ, სადაა აბელ, _ძმა შენი?!”, თუმცა _ ამაოდ… რის შემდეგაც გაჩნდა სხვა ტკივილიანი კითხვა: “ეკლესიანი ხორცთანი” თუ განადგურდა, “ქვათანს” სული ვინ ჩაუდგას, ტურიზმის დეპარტამენტმა?!
თუმცა ისევ ძველ სათქმელს დავუბრუნდეთ: აი კიდევ ერთი ფრაგმენტი თბილისის ისტორიიდან.
დამპყრობელი უკვე თურქმანთა პირსისხლიანი ატამანი ჯალალ ად-დინია, დრო _ XIII საუკუნე, აღმწერელი _ ქართველი მემატიანე:
“…ჩვილნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაციან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან, და რომელსამე თუალნი წარსცვივდიან და რომელსამე ტვინი დაეთხიოს”.
აქ აღწერილი, ამჯერად საერთაშორისო ორგანიზაციის “ქალები საუნივერსიტეტო განათლებისათვის” თავმჯდომარის, ქ-ნ თამარ კიკნაძის მონათხრობს შევუდაროთ:
“26 მაისის აქციის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახში სამართალდამცავებს სპეცრაზმელი შეჰყვა. ოთახში შესულებს ორი წლის ბავშვი შეეგებათ და მაღალი, შავტანსაცმლიანი რომ დაინახა, თითი გაიშვირა და “ცუდი ძია! ცუდი ძიაო!” ყვირილი დაიწყო. მოუქნია იმ სპეცნაზელმა ხელი და ისე გაარტყა, რომ ბავშვი მაცივარს მიეხეთქა და გონება დაკარგა… ტვინის შერყევით ეწვათ მერე სახლში, საავადმყოფოში არ წაიყვანეს, შეეშინდათ, რამე არ ექნათ”. ეს ამბავი ქ-ნ თამარს თავად ბავშვის გამწარებულმა დედამ უამბო და მთელ უბანსაც სცოდნია…
დამეთანხმებით, ერთმანეთს შვიდი საუკუნით დაშორებული  ეს ორი ისტორიაც ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს. განსხვავება ისევ შემსრულებლებშია: პირველის ჩამდენი თურქმანთა ველური ურდოა, მეორის _ კაცობა და ეროვნებაწაშლილი ქართველი. ხელწერა იგივეა! ეს ისტორია ახლა იწერება… ვიმედოვნებთ, პრეზიდენტი სააკაშვილი პრემირებული ჯალათი სპეცნაზელის დასჯასაც ისეთივე სიმკაცრით მოითხოვს, როგორც იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმისას, სადაც იმავე დღეებში გველისგან დაგესლილი სამი წლის აზერბაიჯანელი გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, ან იქნებ, “შერჩევით სამართალს” ბავშვებზეც ავრცელებენ?!
ამგვარი “სამართლითაა”, რომ ხელისუფლებაში ერთადერთ ტრაგედიად პოლიციელის დაღუპვა მიიჩნიეს. არსებული დემოგრაფიული ვითარების ფონზე, ერთი ახალგაზრდის სიკვდილი მართლაც ტრაგედიაა (ნათელში ამყოფოს ღმერთმა, თუ ქართველთა სისხლში ამოვლებული “დუბინკით” სასუფეველში მიიღებენ), მაგრამ მასზე ბევრად დიდი ტრაგედიაა, როცა ამდენი უდანაშაულო მსხვერპლი ქვეყნის მესვეურებს არად უღირთ. მეტიც, რომ შეეძლოთ, ალბათ,  იმ ერთს, როგორც ფარაონს,  ცოცხლად დარჩენილებსაც საფლავში ჩააყოლებდნენ.
მხოლოდ ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ხდებოდა ამგვარი რამ: ხელისუფლებამ მედპერსონალი სპეცსამსახურების დანამატად აქცია და, როგორც ჩანს, მინისტრი ურუშაძის ექიმებიც “ლანცეტიან ჯალათებად” გარდაისახნენ, რომ საავადმყოფოებში შეყვანილი დასახიჩრებული მომიტინგეების ვინაობაც დამალეს და მათ თავს დამატებით კიდევ რა უბედურება დატრიალდა, რა უბრძანეს ვამპირთა ბუნაგიდან, ეშმაკმა უწყის!.. ამიტომაა, დაზარალებულები ექიმებს გესტაპოელებივით რომ ემალებიან… ვიცინოთ თუ ვიტიროთ?
მახინჯი ყოფისთვის სიჯანსაღე შეუთავსებელია. ამიტომ, იმ სამარცხვინო აღლუმზე თავლაფდასხმული თეთრქოლგიანების ხილვა და ნინი ბადურაშვილის სასიმღეროდ ყელმოღერებაც არ იყო საკვირველი. ტრიბუნაზე მდგომი შავანაფორიანი მამაოებიდან იქნებოდნენ ისეთებიც, იქ დგომას ინკვიზიციის კოცონზე დგომა რომ ერჩიათ, მაგრამ  ბევრად მძიმე საყურებელი სხვა რამ იყო: “ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის” მისაღებად რიგში ჩამწკრივებული მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანები, პითონ “კაასგან” დაჰიპნოზებული ბანდარლოგებივით რომ შესცქერ-შესციცინებდნენ სააკაშვილს და თხუთმეტი პატივცემული გვამიდან არც ერთს არ აღმოაჩნდა მოქალაქეობრივი ღირსება, უარი ეთქვა შეთავაზებაზე.
“ნაციონალებმა” ქართველი ხალხის სისხლითა და ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობის დღეც პარტიულ საკუთრებად აქციეს. არადა, ყველას, მათ შორის “სახალხო კრებასაც”, კანონიერად ჰქონდა ზეიმში მონაწილეობის უფლება, რის სურვილიც, ბოლო დღეს ქ-ნმა ბურჯანაძემაც ერთი ფრაზით გააჟღერა, რასაც, კეთილი ნების შემთხვევაში, გონიერი ხელისუფალი ჩაეჭიდებოდა და ყველაფერი გამწვავების გარეშე, მშვიდობიანად მოგვარდებოდა.
მაგრამ უცნაური ისაა, რომ მომხდარის შემდეგაც ჩვენი უცხოელი მეგობრები ისევ დაჟინებით ცდილობენ, სააკაშვილს სისხლიანი პირი მოსწმინდონ და დემოკრატიის უცილობელ მშენებლად კვლავ ეს დამნაშავე რეჟიმი მიიჩნიონ, რასაც, ცხადია, თავის სამშობლოში არასდიდებით არ დაუშვებდნენ; პირიქით, სააკაშვილს ჩაუშესკუს, სადამ ჰუსეინისა და მუბარაქის ბედს აზიარებდნენ და მის კლანსაც ზედ მიაყოლებდნენ. მაგრამ საქართველო დღეს მრუდე სარკეების დარბაზივითაა _ კარიკატურულად, დეფორმირებულად ირეკლება მასში ყველაფერი. არსებული ფონის შესატყვისია ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებაც, “აქციის დაშლა კანონიერი იყოო”, თუმცა ჩვენზე უკეთ იციან, რომ დაშლა დასჯას არ ნიშნავს,  მაგრამ… არ დაუნახავთ და _ მოკალი!.. ჩანს, მოსწონთ ქართული “მრუდე სარკეების დარბაზი” და, აბა, რა ქნან,  აღარ გაერთონ? სამშობლოს ნოსტალგია რაღაცით ხომ უნდა გაიქარვონ? ჩვენი ტკივილი არც მათ ტკენიათ და არც მათ ფავორიტ სააკაშვილს, ვინც 2007 წლის დარბევაზე ფარისევლურად თქვა: “ის ხელკეტი მე მომხვდაო” და ამჟამად _ “ნურას უკაცრავად!” _ “რუსთაველზე ჩვენმა პოლიციამ ფეესბესა და პუტინს სცემაო!”… თურმე ქართველები არაფერ შუაში ვყოფილვართ და ბუზიც არ აგვფრენია!.. 
ყველას მადლიერებით გვახსოვს ამერიკის ელჩის შეშფოთებული რეაქცია მოშიმშილე ომის ვეტერანების დარბევასთან დაკავშირებით. ამჯერად მისმა განსხვავებულმა შეფასებამ არცთუ კეთილი გავლენა იქონია შემდგომ მოვლენებზე და ბევრი კითხვაც გააჩინა, რაც, ხალხებს შორის გულღია და გახსნილი, თანასწორი და უღალატო პარტნიორული ურთიერთობების პირობებში, წესით, არ უნდა ჩნდებოდეს.
სააკაშვილს შეურაცხადს უწოდებენ და ამ დროს ტალეირანზე გაქნილი, გამჭრიახი გონება აღმოაჩნდა. მისეული “ყველა ბატონის მსახურის” ნიღაბი “საკუთარი თავის მსახურებისთვის” გამოიყენა. ავღანეთ-ერაყისთვის უხვად გაღებული ქართული სისხლით ნატოს ქვეყნები საშვილიშვილოდ მოიმადლიერა და სანაცვლოდ თავისუფალი მოქმედების ინდულგენცია მოიპოვა: ბირთვული ბომბიც რომ აგვიფეთქოს, ალბათ, ხმის გამცემი არ იქნებიან. სააკაშვილმა ბავშვობის  ყოველგვარი ხარბი ოცნება უკვე აისრულა, თავისი გაინაღდა და დასავლეთთანაც ანგარიში გაასწორა: მის ტირანულ ბუნებას იქაური დემოკრატიული ფასეულობები არაფერში არგია და უკვე ის დროა, ალასანიას ყოჩაღი დისწული რუსეთს უპატაკებდეს: _ ტერიტორიის ნაწილი და ეკონომიკა თქვენია, ურჩი ქართველები ავლაგმე, სხვები ისე დავაბეჩავე, თავისუფლების სურვილი არასდროს გაუჩნდებათ, საქმე გაგიიოლდათ და მობრძანდით, ქვეყანა ჩაიბარეთ! _ მოვლენათა ლოგიკა ამგვარი დასკვნის საშუალებასაც იძლევა…
ქართველი ერისადმი სააკაშვილის უცნაურად ქსენოფობიური დამოკიდებულება მტრულად და ცინიკურად განაწყობს სხვა ჩინოვნიკებსაც. ის კი არა, ჩანს, ირაკლი ალასანიასაც გადაედო ნაციონალური სენი, რომ ხალხი უკვე “ხარისხიანებად” და “უხარისხოებად” დაგვყო, ეს იმ კაცმა, რომელიც უგულავასავით პრეზიდენტის სავარძელს უმიზნებს. არ ყოფილა ჩვენი საშველი და ეგაა!.
“ოპოზიციურ რვიანელებს” თუ რაიმეს შნო ჰქონდათ, დაძაბულობის ფონზე ემოქმედათ, მაგრამ რას ბრძანებთ?! იგესლებოდნენ და ელოდნენ, “უხარისხოებს” როდის “ჩარეცხავდა” სააკაშვილი, რომ მათი ამინდი დამდგარიყო!.. მოსწყინდა გაქნილ ქვაბავაზაკ კუბლაშვილსაც “დემოკრატობანას” თამაში, ცხვრის ქურქი გადაიძრო და “თითო ხელმოწერა მილიონი დოლარიო!” _ ღია აუქციონი გამოაცხადა. “ვაჰ! ათასი ოქრო?!” _ ჭყიტა თვალები “თიმსალ-მაკო” კაციტაძემ და პალიკომ “მემარჯვენეები”, ათასგზის გადაღებილ-გაყიდულ ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად, ეგრევე იყიდა; მერე მელაკუდურად სიხარულით ცუნდრუკობდა. აიღე? _ ღმერთმა შეგარგოს!.. შენ კი არა, იუდა ისკარიოტელიც ცდუნდა. მაგრამ გულისამრევი ისაა, კაციტაძე ურცხვად ისევ ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით რომ გველაპარაკება.
ქალაქის გაბღენძილი მერისთვის, ისევე, როგორც მისი შეფისთვის (ვისაც საკმაოდ ნიჭიერად ბაძავს), ადამიანის ფასი ნულის ტოლია. ბედოვლათი ოპოზიციის გადამკიდეთ, ხელისუფლებაში ისევ ამ ორის ტანდემი გველოდება, ხოლო მათი კლანი უმრავლესობით _ სიბერემდე… ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ მერს, თუნდაც მომიტინგეთა ნაგვის გაუტანლობისთვის, პასუხს მოსთხოვდნენ, მაგრამ ის ხომ “თბილისის ამირაა”! უნდა, გარემოვაჭრეებს დაარბევს, წყალს, დენს გაგვითიშავს (ნაგვის გამო?!), ცხოვრებას გაგვიძვირებს და მგზავრობის, პარკირების ჯარიმის გამო, ბინასაც გაგვიყიდის; თუ უნდა, პეტრე დიდივით, თვალების ფერზეც გადასახადს დაგვიწესებს _ მისი ნება არაა?! გიგილომ 2007 წლის დარბევაზე პირველმა გამოგვიცხადა: ჩემი სურვილით მოხდაო!.. ამჯერად, კილო შეარბილა, მაგრამ სომეხთა პატრიარქთან უარესი დააბრეხვა _ თბილისი სომხების ქალაქად გამოაცხადა და თანამონაწილეებადაც არ გვახსენა. საარჩევნო ხმებისთვის სულგაყიდულები მალე იმასაც დაგვაჯერებენ, რომ ამ მიწაზე ქართველებს საერთოდ არ გვიცხოვრია, 2003 წელს ჩამოვცვივდით მთვარიდან და, რასაც ისტორიას ვუწოდებთ, მხოლოდ იქიდან გამოყოლილი სიზმრები, გამოგონილი ზღაპრებია. ასეთების წაქეზებით აცხადებს სწორედ სომხური გამოცემა “აიოც აშხარი”, რომ თურმე პირველი ეკლესია სომხებმა აგვიშენეს, შეგვიქმნეს დამწერლობა, ცივილიზაციას ეჩმიაძინმა გვაზიარა, დიდმა სომხებმა უდღეური ბალღივით გაგვზარდეს (ეგებ, ქრისტიანობაც ქრისტემდე მიიღეს?!), მაგრამ ქართველები უმადური ერი ვყოფილვართ და ამაგს არ ვუფასებთ…
ღვთის წყალობით, არ შეიძლება სიბნელეს სინათლის რაღაც სხივი არ შეეპაროს. სტუდენტი ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და დარბევის გამო პროტესტი გამოხატა. როგორც ჩანს, ვირტუალური ბედნიერების ჭუჭრუტანიდან მათ რეალობის რაღაც კონტურები დაინახეს და თავს დასატეხი სამომავლო საფრთხეც შეიგრძნეს, რომ სააკაშვილი მათაც ისევე შესწირავს საკუთარ კეთილდღეობას და სკამს, როგორც ავღანეთში კიდურებმოკვეთილ თუ ნაღმზე აფეთქებულ ქართველ ბიჭებს, რომელთა სიცოცხლე ხელისუფლებისთვის ფეხქვეშ ფშუტასოკოს “აფეთქების” ტოლფასია და მეტი არაფერი… ამიტომაც დაფაცურდნენ წერეთელ-წიკლაურები, შეშფოთებულები მთელი მონდომებით ცდილობდნენ, ტვინების გამორეცხვის მორიგი სეანსი ჩაეტარებინათ სტუდენტებისთვის, სააკაშვილს _ მოსწავლეებისთვის. გრძნობენ, რა ელოდებათ, თუ ქართულმა ახალგაზრდულმა სულმა გაიღვიძა.
არადა, ვიღუპებით!.. ციხეების შეფის “როლში ჩარჩენილი” განათლების მინისტრი შაშკინი ქებით და ჯილდოებით გამორჩეულად იმ სკოლებს ახალისებს, სადაც უცხოეთიდან ჩამოთრეული ვინმე ვიგინდარა ჩვენს ბავშვებს რყვნის, სადაც მერვეკლასელი ბიჭი ჯგუფურად გააუპატიურეს, უნდა ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდების გახრწნა უკვე სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი და განგაშის ზარებია დასარისხებელი…
…დიახ, ქართულ გენს უზომოდ უჭირს, მაგრამ ის ერი მაინც არ ვართ, “მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა” რომ გვჩვეოდეს; თუმცა… მე მაინც მშურს იმ ქვეყნების, სადაც ერისკაცი, ღვთის კაცი და მთავრობის კაცი ეროვნულ საქმეში თანხმიერია. მშურს წინგამხედავი მეზობელი სომხების, ვისაც ჟამთასვლის უგრძეს გზაზე არანაკლებ მძიმე ტვირთი უზიდია, მაგრამ “დავბერდით, დავჩაჩანაკდითო”, ჩვენსავით არ წუწუნებენ. პირიქით, ახალგაზრდული ენერგიით ძლიერდებიან და, რომ ვერც იოცნებებდნენ, ისე ფართოვდებიან. თავად მონოეთნიკური ქვეყნის შვილები, მრავალეროვან საქართველოშიც ლიდერობას ესწრაფვიან და ქართველებს ტოლერანტობას აქეთ ამბიციურად გვასწავლიან.
არა და არ დაიწმინდა ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას შორის ამღვრეული წყალი!.. ან კი რა დაწმენდს, როცა ეს უკანასკნელი მოსვლის დღიდან ებრძვის დაუსრულებელ სტრესსა და უბედურებაში აცხოვრებს? არა და არ ეღირსა საქართველოს ბედნიერი დღეები და თარიღები; არ გაშრა ქართველთა სისხლი ნავსიან “კალოუბანში”! 26 მაისიც ამიერიდან, ზეიმის ნაცვლად, ისევ გლოვისა და უბედურების დათალხულ თარიღად შემორჩება ქვეყნის ისტორიას.   ეს დღე ქართველი ერისთვის იმის შეხსენებაცაა, რომEმტერი კვლავ ლეგიონია, ხოლო თავისუფლება _ ჯერ კიდევ მოსაპოვებელი, რისთვისაც მხვერპლის გაღება ყოველთვის ღირდა და ამ მხრივ არც მომავალი იქნება გამონაკლისი.
ლელა უთურგაიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here