Home რუბრიკები ეკონომიკა დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი

დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი

817

როგორც ჩანს, მთელი დუნია უხილავი მიზეზშედეგობრივი ჯაჭვითაა გადახლართული! ჰოდა, თერაპიის ინსტიტუტის დახურვამ არა მხოლოდ მისი პერსონალი “გამოკიდა ჰაერში”, არამედ 52 წლის ბიჟუტერიის გამყიდველი ია გაჩეჩილაძეც ძალზე დააზარალა!
_ დავიბადე ქალაქ ასტრახანში, მეზღვაურის ოჯახში. _ მიყვება ქალბატონი ია, _ მამას დიდი თანამდებობა ეკავა _ კასპიის სამხედრო-საზღვაო ფლოტილიის შტაბს მეთაურობდა. მისი ხელფასი უზრუნველი ცხოვრებისთვის სავსებით საკმარისი იყო. დავამთავრე ასტრახანის პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფია-ბიოლოგიის განხრით. ორი წელი ვმუშაობდი მასწავლებლად სკოლა-ინტერნატში. მერე გავთხოვდი და თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად.
აქაც, თავის წინაპართა მიწაზე, ია გაჩეჩილაძე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ ქვეყნის ნგრევამ მას ახალი პროფესიის შეძენა აიძულა.
_ ალბათ, კოშმარულ სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა, რომ ბიჟუტერიით მოვაჭრე გავხდებოდი, თუმცა, გაჭირვება მანახეო…
ჩემი ძირითადი კლიენტები იყვნენ საჯარო სკოლებისა და საავადმყოფოების თანამშრომლები. სკოლების კარი ჩემთვის დაიკეტა მანდატურების “გამოჩეკვისთანავე”. შენობაში რომც შევაღწიო, არავინ გამეკარება. მასწავლებლები და დირექტორი დაშინებულები ჰყავთ! ყოველ კუთხე-კუნჭულში ვიდეოკამერებია დამონტაჟებული. ტოტალური თვალთვალი დააწესეს ამ წყეულმა “ნაციონალებმა”! ორი თვის წინათ კი თერაპიის ინსტიტუტიც დაკეტეს!
_ რამდენს შოულობდით?
_ შევარდნაძის დროს, დაახლოებით, 500 ლარს; სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, საქმე თანდათანობით ცუდად წამივიდა. შემოსავალი 300 ლარამდე შემიმცირდა. ახლა კი 200 ლარამდე ძლივს გამომდის. არ ვიცი, რა ვქნა! მარტო კომუნალურ გადასახადებში 70-80 ლარი მიდის, ტრანსპორტშიც _ 20-30 ლარი! დანარჩენი საჭმელზე მეხარჯება. ძირითადად, კარტოფილით ვიკვებები, ხანდახან თავს ვინებივრებ წიწიბურათი და ყველით. ხორცი და ხილი წელს არც კი მიჭამია…
ია გაჩეჩილაძე ძველ, თბილისურ ეზოში ორ პატარა ბნელ, ნესტიან ოთახში ცხოვრობს, რომლებშიც მზის სხივიც ვერ აღწევს. ბინას არა აქვს საპირფარეშო და სააბაზანო…
_ განსაკუთრებით გამიჭირდა მეუღლის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ. _ ცრემლმომდგარი აგრძელებს ქალბატონი ია, _ მისი დაკრძალვის მერე თითქმის ორი ათასი დოლარი ვალი დამრჩა გადასახდელი. საიდან ვიშოვო ჩემთვის ეს ასტრონომიული თანხა, მითუმეტეს ახლა, როცა ცხოვრება ასე გაჭირდა?! გიორგი პროფესიით ინჟინერი იყო. სამსახური რომ დაკარგა, ნუმიზმატიკას მიჰყო ხელი, რაღაც ორ კაპიკს შოულობდა. ძალიან განიცდიდა, რომ ოჯახს ღირსეულად ვერ ინახავდა და მე რომ მიწევდა ასეთი მუშაობა…
ია გაჩეჩილაძე ყოველ დილას ღმერთს ევედრება, რომ ავად არ გახდეს, რადგან წამლები და მკურნალობა არნახულად გაძვირდა…
მან რამდენიმეჯერ მიმართა სათანადო სახელმწიფო ორგანოებს დახმარებისთვის, მაგრამ ამაოდ: “ტელევიზორი გაქვთო, მაცივარიც, ფარდებიც _ მეტი რაღა გინდათო?!”
_ ყოველ ახალ დღეს უარესს ველოდები, “ბნელი გვირაბი” არ მთავრდება! ეს ცხოვრებაა?! _ მართებულ კითხვას მისვამს ჩემი მოსაუბრე.
_ კომპიუტერი რომ შეისწავლოთ და ინგლისური ენა?
_ ჩემს ასაკში სამსახურს ვერ ვიშოვი. აი, ჩემი და თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, შემცირებაში მოყვა, ინგლისურიც იცის და კომპიუტერიც, მაგრამ რად გინდა! ორმოცდაათს გადაშორებულია. სიტყვამ მოიტანა, ეს ვაჟბატონი სააკაშვილი, 35 წლიდან დაწყებული ყველა რომ “ჩარეცხა”, თავად ხომ არის 43 წლის?! რატომ არ უთმობს ახალგაზრდებს ასპარეზს?! ჩამოწიოს თოკი და საკუთარი თავი “ჩარეცხოს”, ეს ხომ ასე ადვილია!
ერთადერთი, რაც ია გაჩეჩილაძეს ცოტათი მაინც ანუგეშებს _ ექვსი წლის კოკერსპანიელი “ჩარლია”. იგი თავისი ჭკვიანი თვალებით ყურადღებით გვიყურებს, თითქოს ესმის თავისი პატრონის გასაჭირი და უანგარო სიყვარულის გამოვლენით თანაუგრძნობს მას. საუბრის ბოლოს უჩვეულო სცენის მოწმე ვხდები. ქალბატონი ია ეკითხება ძაღლს: “ჩარლი, “ნაციონალებს” ხომ მარტო სამარე გამოასწორებს?”
და… ჩარლი, თანხმობის ნიშნად, ყეფას იწყებს!
გიორგი კორძაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here