Home რუბრიკები ისტორია ჩერქეზების ე. წ. გენოციდის აღიარება – პოლიტიკური გადაწყვეტილება, კონფრონტაციის გასაღრმავებლად

ჩერქეზების ე. წ. გენოციდის აღიარება – პოლიტიკური გადაწყვეტილება, კონფრონტაციის გასაღრმავებლად

783

2011 წლის 15 ივნისს სასტუმრო „BETSY’S HOTEL“-ის საკონფერენციო დარბაზში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ჩერქეზი ხალხის ე. წ. გენოციდის აღიარება და მისი შედეგები საქართველოსთვის“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“ და ევრაზიის ინსტიტუტი. საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებენ გაზეთები: „საქართველო და მსოფლიო“, „ილორი“, ჟურნალი „ისტორიული მემკვიდრეობა“, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, უფლებათა დამცველები, ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები.
როგორც თავის მოხსენებაში „ისტორიული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელი ტარიელ გაგნიძე აცხადებს, „სხვადასხვა საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა ე.წ. გენოციდის აღიარების ფაქტს რუსეთის მიმართ აგრესიულ ნაბიჯად აფასებს“.
„ჩერქეზთა გენოციდის თემამ 90-იანი წლებიდან წამოიწია. სხვადასხვა ინტენსივობით გაააქტიურებდნენ მას მისი ავტორები, ხან მიჩუმდებოდა და, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკა აირჩია, აქტიურად დაიწყო ამ თემის გამოყენება და მუსირება. რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკამ რა შედეგებამდეც მიგვიყვანა, ვნახეთ. ამის უკანასკნელი თვალსაჩინო მაგალითი 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვაა. ნაცვლად იმისა, რომ ამ ყველაფრიდან დასკვნები გამოეტანა, ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს აღებულ კურსს, ამჯერად უკვე ჩერქეზთა ე.წ. გენოციდის აღიარებით. პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი არ იქნება განსხვავებული იმ შედეგებისგან, რომლებიც რუსეთთან კონფრონტაციით აქამდე მივიღეთ“, – განაცხადა ტარიელ გაგნიძემ.
კონფერენციის კიდევ ერთი ორგანიზატორის, „ევრაზიის ინსტიტუტის“ დირექტორის გულბაათ რცხილაძის შეფასებით კი, ჩერქეზთა ე.წ. გენოციდის აღიარება თითქმის არანაირი დადებითი შედეგის მომტანი ნაბიჯი არ არის. „ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა რისკის წინაშე დგება. ჩრდილოეთ კავკასიაში ხალხი საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციებზე წამოსაგებად და ამით რუსეთთან ურთიერთობის გასაფუჭებლად მოწადინებული არაა. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქულები დაიწეროს, ამ ხალხთან ურთიერთობები გაუარესდება. საქართველოს პარლამენტს ე.წ. გენოციდის აღიარების თხოვნით რამდენიმე ვითომ დიასპორის წარმომადგენელმა მიმართა და, შესაბამისად, ეს არ შეიძლება ჩერქეზების ინტერესების გამოხატვად ჩაითვალოს“, – აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.
ძირითადი მონაწილეების შემდეგ კონფერენციაზე გამოვიდნენ ღონისძიების სხვა მონაწილეები, რომელთაც განსახილველი თემის ირგვლივ საკუთარი შეხედულებები დააფიქსირეს:
მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: „მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩერქეზების გენოციდი ეღიარებინა. მაშინვე ვთქვი, რომ პარლამენტში სხვა ეროვნების წარმომადგენლების რიგი დადგებოდა იმავე მოთხოვნებით და ასეც მოხდა. უკვე იმავეს ითხოვენ სომხების, ქურთებისა და მუსლიმანი მესხების წარმომადგენლები. საქართველოს ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება სოჭში დაგეგმილი ოლიმპიადის წინააღმდეგაა მიმართული და ის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩერქეზებთან დაკავშირებით მესიჯი უცხოეთიდან მოდის და ამის უკან სერიოზული ძალები დგანან. საქართველომ ამ გადაწყვეტილების მიღებით წააგო, სხვებმა კი მოიგეს“.
თემურ ქორიძე, აიპ „ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე, ჟურნალ „ისტორიული მემკვიდრეობის“ მთავარი რედაქტორი: „ეს აღიარება იყო საქართველოს ხელისუფლების უზარმაზარი შეცდომა, მან ამ ნაბიჯით ბევრი რამ დაკარგა. უეჭველია, რომ ეს იყო ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ“.
ნანა დევდარიანი, ექსპერტ-პოლიტოლოგი: „ეს გადაწყვეტილება მცირერიცხოვანი ჯგუფის წრეში მომწიფდა, რაც დაუშვებელია. გარდა ამისა, ხელისუფლებამ, რომელიც საკუთარი ხალხის გენოციდზე არ დაახამხამებს თვალს, სხვისაზე როგორ უნდა ისაუბროს“…
როლანდ ჯალაღანია, გაზეთ „ილორის“ მთავარი რედაქტორი: „ვიდრე საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობები აკავშირებდა, მას მყარი პოზიციები ჰქონდა კავკასიაში და ამაზე რუსეთიც უნდა დაფიქრდეს. რაც შეეხება ჩერქეზებს, ყველამ, ვინც ისტორიაში გარკვეულია, კარგად იცის, რომ არანაირი მტკიცებულებები გენოციდთან დაკავშირებით არ არსებობს. ეს არ იყო გენოციდი“.
დარეჯან ანდრიაძე, ჟურნალ „ისტორიული მემკვიდრეობის“ პასუხისმგებელი რედაქტორი: „ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ფიქრი აუცილებელი იყო, თუმცა არა რუსეთის გაღიზიანების ხარჯზე. საქართველომ ეს საკითხი ძალიან მარტივად გადაჭრა, რითაც ქვეყანა ახალი რისკების წინაშე დააყენა. წარმოუდგენელია, რამდენად ავად შეიძლება მოუტრიალდეს ეს ერს“.
ირაკლი უბილავა, პუბლიცისტი: „ვუერთდები ჩემ წინ გამომსვლელთა მოსაზრებას, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის მეტს არაფერს მოუტანს. ჩრდილოკავკასიელი ხალხი წარმოადგენს გარკვეულ ბუფერს, რაც მას პროამერიკული ქვეყნებისგან განასხვავებს და მისი რუსეთისგან გამოყოფა ჩერქეზეთის აღიარებითა და სხვა დაუფიქრებელი ნაბიჯებით ჩვენთვის დადებით შედეგებს არ მოიტანს~.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კორესპონდენტი ბაია ამაშუკელი, პუბლიცისტი ზურაბ ჯამბურია და სხვები. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა ერთობლივი შემაჯამებელი განცხადება მიიღეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here