Home რუბრიკები ისტორია დესტალინიზაცია თუ დერუსიფიკაცია?

დესტალინიზაცია თუ დერუსიფიკაცია?

1019

“გამარჯვებულებს შეიძლება და კიდეც უნდა მოჰკითხო”. ეტყობა, სტალინის ამ სიტყვებით ხელმძღვანელობენ შთამომავლები, რომელთაც ტაშფანდური აქვთ გაჩაღებული გენერალისიმუსის ძვლებზე, ანუ მილიონობით ადამიანების ძვლებზე, ვინც თავი გასწირა სამშობლოსთვის დიდი სამამულო ომის დროს.
შეკითხვაზე _ რას დღესასწაულობენ 9 მაისს? _ გერმანელებს ახსენდებათ ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებმაც დროშა აღმართეს რაიხსტაგზე. რა დრო უნდა გავიდეს, რომ იგივე გვიპასუხონ ჩვენმა შვილებმა? საბჭოთა ისტორიას ცალმხრივობა ახასიათებდა. ამჟამინდელს? იგი თავდაყირა დააყენეს, გააუკუღმართეს. სათავისოდ მოირგეს.
დღეს სტალინის  უწინდელზე მეტად ეშინიათ. “დესოვეტიზაცია”, რაც, 20 წელიწადია, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მიმდინარეობდა, ისე ჩანს, “დესტალინიზაციის” ეტაპში შედის: დაწყების ნიშანი დასავლეთიდან მიცემულია. ეუთომ, რომელმაც სტალინური საბჭოთა კავშირი ჰიტლერულ გერმანიას გაუთანაბრა, მეორე მსოფლიო ომის წამოწყებაში ბრალი ორ “ძლიერ ტოტალიტარულ რეჟიმს _ ნაცისტურსა და სტალინურს” დასდო. ეტყობა, გვთხოვენ, რომ გერმანელების მიერ დამწვარი სოფლების ფერფლი თავზე დავიყაროთ. მოვინანოთ გამარჯვება?! და შემდეგ, ალბათ, მოწყალედ შეგვინდობენ: შვილები მამების გამო პასუხს არ აგებენ.
ტყუილი იმედია!
სტალინის ყოფილი ანგლო-საქსონელი მოკავშირეები ამ ეტაპზე არ შეჩერდებიან. არავითარ შემთხვევაში. როცა საერთაშორისო სამართალი ძლიერის უფლებად შემოგვიბრუნდა, “ტოტალიტარიზმად” ყველაფრის მონათვლა შეიძლება. რუსებს წინ უდევთ “დეპეტრეზაცია” და “დეეკატერინიზაცია”. კვლავ გაიხსენებენ საუკუნის წინათ შეთითხნილ “პეტრე დიდის ანდერძს”, პოლონეთის დაყოფას, ლენინურ ჟურნალისტიკას, რომელმაც “ხალხთა საპყრობილე” ამხილა… დასავლეთი არ დამშვიდდება, სანამ მსოფლიო ისტორიიდან არ ამოხევს სხვათა ისტორიის ბრწყინვალე ფურცლებს.
დახვრეტები, რეპრესიები, ბანაკები… ასეთ მუქ ფერებში ხატავდნენ იმ ეპოქის სურათს გორბაჩოვის “პერესტროიკის” დროინდელი აღვირახსნილი ტელეისტორიკოსები… ხალხთა ბელადის პოპულარობა კი იზრდება. რუსეთის ახალგაზრდობის 73 პროცენტი დადებითად აფასებს მის როლს. “აფსუს, სტალინი რომ იყოს…” _ აღმოხდება ხშირად ადამიანებს. აბა, რა გნებავთ? გლოვის ზარი რეკს დღეს რუსეთში!
ახალი ამბები, რომელთაც “ეროვნული” ტელევიზია ავრცელებს, ომის ქრონიკას ჰგავს: აფეთქებები, მკვლელობები, გაუპატიურებები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები… ტელეხმები დასავლურ ინვესტიციებს გვპირდებიან, ტურიზმის განვითარებას, საყოველთაო აყვავებას, მაგრამ ინვესტიციები ბირთვული სამარხებით იფარგლება, ტურიზმის დარგში კი სექსტურიზმი ყვავის. რუსეთის დღევანდელი პროვინცია ბუნინის “სოფლის” ფურცლებიდან გადმოსულსა ჰგავს, შავბნელი და უუფლებო, დედაქალაქში ადამიანების ჩეხვა კი აპოკალიფსისის წინასწარმეტყველებას გვაგონებს. იური გაგარინის მომდევნო ნახევარი საუკუნის შემდეგ რუსული თანამგზავრები ვარსკვლავებივით ცვივა, როსკოსმოსი კი მარსზე გაფრენის იმიტაციით არის დაკავებული. ზეციური ცხოვრების რეპეტიცია რომ გავიაროთ, არაფერი დაშავდება.
თუმცა რუსეთში პირველნი უკვე უკანანი არიან. სამშობლოს დამცველები აგროვებენ ბოთლებს, ჭინჭებით ვაჭრობენ, თავი რომ გაიტანონ. ისინი, ვინც ომმა ვერ გატეხა, სიღატაკემ დაამარცხა. “ელიტას” კი სადაც საბანკო ანგარიში აქვს, “მისი სამშობლოც იქ არის”. ეგებ, მართალი იყო იოსებ ბესარიონის ძე? ეგებ, საჭიროა მაღალი ფენების გაზონივით გაკრეჭვა _ რეგულარულად, დრო და დრო?
იხურება სკოლები. სამაგიეროდ ყველა ფოსტაში სათამაშო კომპიუტერებია, სადაც დროს ატარებენ გამურული ბიჭები. “ელექტრონული ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს!” სკოლები _ მხოლოდ რჩეულთათვის? უწინ მსოფლიოში საუკეთესო განათლებასა და მედიცინაზე მილიონებს მიუწვდებოდა ხელი, ახლა _ მილიონერებს. ხალხი კი თითქოს გატრუნულია, არ ჩივის! სსრკ იყო მებრძოლი ათეისტების ქვეყანა, რუსეთი მებრძოლი კონფორმისტების ქვეყნად იქცა.
ჩაგვჩიჩინებენ, რომ საბჭოთა კავშირი დაღუპა მიუწვდომელმა მიზანმა, რომ ადამიანები იღლებიან ლოდინით, რომ მათ სჭირდებათ “აქ და ახლავე”. მაგრამ განა გზა “ამერიკული ოცნებისკენ” მოკლეა? რაც გინდა თქვან, საბჭოთა ხალხი თავს დიად ერად მიიჩნევდა. დიადიც იყო _ გიგანტურ პროექტებში ჩართულობა საკუთარი ღირსების გრძნობას ბადებდა. დღეს კი იმპერიის ხსენებაზე ხელებს ასავსავებენ, გახურებული შანთით ამოწვავენ “იმპერიულ ამბიციებს” და ივიწყებენ, რომ ვიყავით დიადი ერი. დიადი მშენებლობები სააგარაკე ნაკვეთებით იფარგლება, ყველა პროექტი კი ვირტუალურამდეა დაყვანილი. ძირს შრომისმოყვარე სტალინი! ამოტივტივდნენ ისინი, ვისთვისაც ბანანის რესპუბლიკების ხელმძღვანელობა გაცილებით პრესტიჟულია, ვიდრე ზესახელმწიფოს მოქალაქედ ყოფნა.
მაგრამ ყველას გულზე როდი ეხატება “მესამე სამყაროს” ქვეყანაში ცხოვრება. და, რა თქმა უნდა, სტალინი რომ არ ყოფილიყო, იგი უნდა გამოგვეგონებინა. აყვავება და ძლიერი ხელისუფლება ყოველთვის “სისხლიან რეპრესიებთან” ასოცირდება. “სისხლიანი რეპრესიების” ძახილში იოლია რესურსების ამოქაჩვა და ტერიტორიების მიტაცება! ადრე იყო, როცა რუსეთს ტერიტორიები ემატებოდა, ახლა რუსეთის ხარჯზე ფართოვდებიან მეზობლები.
იმპერიებს, როგორც ნამცხვარს, კიდეები ეფშვნება. ამიტომ ხომ არ არის, რომ ფედერალური ბიუჯეტის ტრანსფერების სამ მეოთხედს იღებს ჩეჩნეთი, თათრეთი, ბაშკირეთი? და არავის აკვირვებს, რატომაა ასეთი გადახრა! სამაგიეროდ, არ ცხრება საბჭოთა კავშირის კრიტიკა ეროვნულ კულტურათა მხარდაჭერის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ამ კულტურებმა შეისისხლხორცა მძლავრი ინტერნაციონალური ელემენტი და წარმოგვიდგა საერთო საბჭოთა კულტურის შემადგენელ ნაწილად. დღეს რუსეთის ხალხები ეთნიკურად განცალკევდებიან _ სულ უფრო და უფრო მეტად. დასავლეთიდან ცბიერ კარნახს აყოლილი თავიანთ “ძირებს” იხსენებენ საამები, მერები, კორელები, მორდველები, ჩუვაშები… კულტურტრეგერული პროგრამების გრანტებით იღებენ ეთნოფილმებს, ქმნიან გამათავისუფლებელ ეპოსს, უმღერიან “ეროვნულ” ისტორიას.
მცირე ხალხების მხარდაჭერა? თვითშეგნებაზე ზრუნვა? მაშინ რატომაა, რომ იქიდან, სადაც კირილიცა წავიდა, მოვიდა ლატინიცა? კულიკოვის ბრძოლიდან დაბრუნდნენ რუსებად, ჩვენი ეპოქის ინფორმაციული ომებიდან კი კრივიჩებად, ვიატიჩებად, რადიმიჩებად ბრუნდებიან…
ერთ დროს ტაჯიკეთის სოფელში, კავკასიის აულსა და აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებში რუსულ ენაზე შეიძლებოდა ურთიერთობა. დღეს რუსულს მოსკოვშიც კი ვერ გააგებინებ ხშირად და ყოველწლიურად “დიადი რუსული სიტყვის” ფესტივალების ჩატარება საქმეს ვერ შველის. რუსული სამყარო შაგრენის ტყავივით მცირდება. ერთ დროს იგი იმპერიის საზღვრებს სცილდებოდა, დღეს ძირძველ რუსულ მიწებზე ნაკლებია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ნაჭრებისგან შეკერილი საბანივითაა _ ხალხებით, რელიგიებით, ადგილობრივი ტრადიციებით აჭრელებული. და ჩვენ, ყველაფერთან ერთად, საერთო წარსულით ვართ გაერთიანებული. კვლავ და კვლავ გვიწევს ჩვენი ისტორიისთვის ბრძოლებში ჩაბმა. ჩვენი მამების წარსულის ღალატით ვღალატობთ აწმყოსაც და მომავალსაც. “ვლასოველობისთვის” ქების შესხმით, იმ ზომამდე გადვირევით, რომ დიად გამარჯვებას დამარცხებად წარმოვიჩენთ.
სად არის დღეს დიადი მორავია? სადაა დიადი ბულგარეთი? დიადი სერბეთი? სად იქნებოდა მალოროსია ან ბელარუსი? მათ მიწაზე განეფინებოდა დიადი შვედეთი, “ათასწლოვანი რაიხი” ან მაღალი პორტა…
და სანამ ხმას ავაყოლებთ “მონანიების” მოტივებს, “დესტაბილიზატორები” რომ მღერიან, გავიხსენოთ სტალინი: “ის, რაც ჩვენს მტრებს მოსწონთ, ჩვენთვის მავნებელია”.
ელიზავეტა ალექსანდროვა-ზორინა
www.fondsk.ru
 

1 COMMENT

  1. მსოფლიო დაბოლილია, დაყოფა თუ ასეთი კარგი და დემოკრატიულია, ამერიკა დაყონ შტატებად და ეთნოსებად!!! თუ ცდებს სხვებე ატარებენ?და საცდელი ქვეყნების მთავრობებსაც უხარიათ საცდელი ბაჭიების ბრიგადირობა გაირტყეს!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here