Home რუბრიკები ეკონომიკა პრეზიდენტის “იაფი კრედიტით” გაკოტრებული ბიზნესმენები

პრეზიდენტის “იაფი კრედიტით” გაკოტრებული ბიზნესმენები

1692

სტუდია “მონიტორმა” ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, თუ როგორ გაიცა პრეზიდენტის ინიცირებული პროგრამის _ “იაფი კრედიტის” ფარგლებში მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჟურნალისტ მარი როჭიკაშვილის განცხადებით, “იაფი კრედიტის” პროგრამით 2008 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 62,4 მილიონი ლარი გამოიყო და 117 პროექტი დაფინანსდა; 2009 წელს 2,5 მილიონი ლარი გაიცა 17 პროექტისთვის; 2010 წლიდან კი პროგრამა საბოლოოდ შეწყდა. პროგრამის მიზანი ბიზნესის დახმარება იყო, თუმცა სახელმწიფომ მასში მონაწილეთა უმეტესობა არათუ ფინანსურად გააძლიერა, არამედ პრობლემები შეუქმნა და ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ისეთი კომპანიებიც მოხვდნენ, რომლებისთვისაც სესხის ხელმისაწვდომობა პრობლემა არ იყო. სახელმწიფოსგან 1 მილიონ 250 ათასი ლარი იაფი სესხი გამოეყო კომპანია “გეოპლანტს”, რომლის პარტნიორებს შორის არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომელთა საკუთრებაცაა “თიბისი ბანკი”. მილიონი ლარი გამოეყო კომპანია “ნარინჯს”, რომლის 75%-ს “ჯი-ემ-სი ჰოლდინგი” ფლობს. ეს ბიზნესი კი პრეზიდენტის მეგობარ, რევაზ შარანგიას ეკუთვნის. 300 ათასი ლარის ოდენობით იაფი სესხი მიიღო ქუთაისის საფეიქრო საწარმომ. საწარმო  პერიოდულად მუშაობს, რადგან ძირითადად “აგარის შაქრისა” და “ფეროს” დაკვეთებზეა ორიენტირებული. კომპანის 50%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის ამჟამინდელი მერის, გიორგი თევდორაძის მამა, იუზა თევდორაძეა.
მარი როჭიკაშვილი, სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტი:
ფაქტი #1: “იაფი კრედიტის” პროგრამა 2008 წლიდან ამოქმედდა, პროექტების შერჩევა და სესხების გაცემა ეკონომიკის სამინისტროსა და  მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა. პროექტის მიზანი კერძო მეწარმეებისთვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო. ზუგდიდელმა ეთერ ცხადაიამ “იაფი კრედიტის” შესახებ ტელევიზიით მოისმინა და პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა: “ბატონო პრეზიდენტო, მინდა, დიდი ბიზნესი წამოვიწყო. ამისთვის მჭირდება თანხა, რომელიც მე არ გამაჩნია და დიდი პიროვნება, რომელიც მე არ მყავს. გთხოვთ, ვინმე ხელქვეითს დაავალოთ და მცირეპროცენტიანი სესხი მომცეთ. რეგიონებში საქმე ისე არ არის, როგორც თქვენ გგონიათ. ზუგდიდში არაფერია გაკეთებული, თუნდაც უმუშევრობის მხრივ. მე ვწერ ამას პენსიონერი, 81 წლის. პატივისცემით ეთერ ცხადაია”.
“საარჩევნო პერიოდი იყო, 2008 წლის აპრილში მივწერე წერილი და 18 მაისს ჩამოვიდა პრეზიდენტი. შარაშიძისთვის უთქვამს, ვიღაც ხანდაზმული ქალბატონი მწერს მნიშვნელოვან წერილს და ამ ქალბატონს მიხედეთო,” _ ამბობს ცხადაია. მართლაც, მეორე დღესვე, ეთერ ცხადაიას ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ დაურეკა და ბიზნეს გეგმის მომზადება სთხოვა. ცხადაიამ ბიზნეს გეგმა სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ დაწერა. მასთან სტუმრად მისულ სამინისტროს წარმომადგენლებს 30 ათასი ბროილერის ჯიშის ქათმის მოსაშენებლად და ფერმის გასამართად ნახევარი მილიონი ლარი მოსთხოვა. თუმცა, როგორც ამბობს, შეხვედრაზე უთხრეს, რომ ამ ეტაპზე გამოუყოფენ 180 ათას ლარს, ამ თანხის ათვისების შემდეგ კი დამატებით გამოეყოფოდა თანხები.
ნაცვლად მოთხოვნილი 500 ათასი ლარისა, ცხადაიას 180 ათასი ლარი 7 წლით 7 პროცენტად გამოეყო. პარალელურად პრეზიდენტმა პირდაპირი მიყიდვით 31 ათასი კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და 8 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 6 ათას ლარად გადასცა და პირობებიც დაუწესა. სწორედ აღნიშნულ მიწაზე დაევალა ცხადაიას 2009 წლის ბოლომდე არანაკლებ 30 ათას ფრინველზე გათვლილი ფერმის მოწყობა.
შეთანხმებისამებრ, ცხადაიამ ფერმის მშენებლობა დაიწყო. ქათმების შესაძენად კი თანხა აღარ ეყო. ცხადაია ეკონომიკის სამინისტროსგან დაპირებულ 200 ათას ლარს ითხოვდა. რადგან სამინისტროდან პასუხი ვერ მიიღო, დახმარების თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მთავრობას,  ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
ზუგდიდში ჩასულ პრეზიდენტთან შეხვედრაც სცადა ორჯერ, მაგრამ იგი მოტყუებით მოაცილეს ტერიტორიას. ორივე შემთხვევა მან ზუგდიდის პროკურატურაში გაასაჩივრა. წერილი პირადად სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორს, როლანდ ახალიას გაუგზავნა: “83 წლის ქალბატონი შეურაცხყოფილი ვარ. ამ გამტაცებლებს პირისპირ მინდა შევხვდე, თვალებში ჩავხედო და მითხრან, ვინ დაავალა ასე მოქცევა”. ერთ წელზე მეტია, ცხადაიას პროკურატურაში საჩივარი აქვს შეტანილი. მიუხედავად ამისა, მისი გატაცების საქმე დღემდე არ გამოძიებულა.
ცხადაიას დღეს მართლაც პრობლემები აქვს. მეფრინველეობის ფერმა ცარიელია, რადგან ქათმების ყიდვა უსახსრობის გამო ვერ შეძლო. შესაბამისად, სესხის გადახდის დროც დადგა. მუნიციპალური ფონდიდან გაფრთხილება უკვე მიიღო, რომ სესხის დაფარვის გრაფიკის ზედიზედ სამჯერ დარღვევისას ფონდი ვადამდე შეწყვეტს ხელშეკრულებას და სრულად მოითხოვს ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულებას, თუნდაც იძულებითი გზით. გაფრთხილება მიიღო ეკონომიკის სამინისტროსგანაც. სამინისტრო ცხადაიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოშლას და პრეზიდენტის ბრძანებულებით გადაცემული მიწებისა და მასზე აშენებული ფერმის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს.
ფაქტი #2: დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა 2008 წელს იაფი კრედიტის პროგრამაში მონაწილეობა მიიღო. კომპანია “დემეტრე 96”-ს, რომლის 100%-იანი დამფუძნებელი და ხელმძღვანელიც თათა ვარდანაშვილია, სახელმწიფომ 1 მილიონ 350 ათასი ლარის სესხი 7 წლით 9%-ად გამოუყო. პარალელურად “დემეტრე 96”-ს პროფესიული სასწავლებლის ჩამოყალიბებისთვის სახელმწიფომ თბილისში, წულაძის #22-ში მდებარე 2771 კვ.მ შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად _ 1000 ლარად გადასცა. თუმცა აგვისტოს ომისა და ფინანსური პრობლემების გამო თათა ვარდანაშვილმა პროექტი შეცვალა და საწარმოს გახსნა ქუთაისის ნაცვლად თბილისში გადაწყვიტა, იქ, სადაც სასწავლებელი უნდა გაეხსნა. პროფესიული სასწავლებელიც გახსნა და საფეიქრო საწარმოც, სასწავლებელში დღეს 103 მოსწავლე სწავლობს, საწარმო კი სრული დატვირთვით მუშაობს. ძირითადად, თავდაცვის სამინისტროს დაკვეთებს ასრულებს, იქ ჯარისკაცებისთვის ფეხსაცმელი იკერება.
მიუხედავად იმისა, რომ საწარმო მომგებიანი იყო, 2010 წლის 31 აგვისტოდან საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი, ვარდანაშვილის ნაცვლად, სახელმწიფო გახდა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ თათა ვარდანაშვილმა მთელი თავისი ქონება სახელმწიფოს აჩუქა. ყოფილი მესაკუთრე ამბობს, რომ მისი ქონება დაახლოებით 10 მილიონ ლარს შეადგენდა და წილის დათმობის შესახებ შეთავაზება სახელმწიფოსგან მიიღო.
“მე დავკარგე ძალიან დიდი შემოსავალი, მაგრამ მეამაყება და მეიმედება ის, რომ სახელმწიფომ შეიძლება ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა არსებობდეს, რომ ჩამოაყალიბო ფაბრიკა სახელმწიფოს ხელშეწყობით, მიიღო სახელმწიფოსთვის სასარგებლო პროდუქტი და სახელმწიფოსვე მოახმარო,” _ ამბობს ვარდანაშვილი. თუმცა ინტერვიუს შემდეგ ვარდანაშვილმა პირად საუბარში სხვა განცხადება გააკეთა: “შეიძლება გულის სიღრმეში ღამე ვტირი, რადგან ამხელა რაღაცის პატრონი ვიყავი და ამის დათმობა მარტივი არ იყო, მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, ღვთის ნებაა ყველაფერი”.
დღეს ვარდანაშვილს საკუთარი შრომით შექმნილ საწარმოში მხოლოდ დირექტორის პოსტი უკავია, თუმცა იმის გარანტია, რომ ხვალ ამ თანამდებობასაც არ დაატოვებინებენ, არ არსებობს.
ფაქტი #3: 2006 წლის ბოლოს ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. ძველი უბანში ერთსართულიანი მაღაზია ჰქონდა ავთანდილ ხორგუაშვილს. რეაბილიტაციის პროექტით კი აქ რამდენიმე სართულიანი სასტუმროს განთავსება დაიგეგმა. ამასთან დაკავშირებით ხორგუაშვილი ქუთაისის ადმინისტრაციაში დაიბარეს. გუბერნატორმა  ჩოგოვაძემ უთხრა, რომ შენობა არ შეესაბამებოდა პროექტს. ვინაიდან ხორგუაშვილს მისი გადაკეთების საშუალება არ ჰქონდა, შესთავაზეს, მაღაზია ან იმავე ფასად დაეთმო, რა ფასადაც 2004 წელს შეიძინა, ან “იაფი კრედიტის” პროგრამაში მონაწილეობა მიეღო და სახელმწიფოსგან სესხი აეღო.
ხორგუაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას “იაფი კრედიტის” პროგრამაში მონაწილეობის მიღებაზე დასთანხმდა.Bპროექტის მიხედვით, 2 მილიონ 100 ათასი ლარის სესხის გამოყოფის შემთხვევაში, 5-სართულიანი 34 ნომერზე გათვლილი სასტუმროს აშენება იგეგმებოდა, ამოქმედების შემდეგ კი _ 22 ადამიანის დასაქმება. ხორგუაშვილი ამბობს, რომ პროექტის წარდგენის შემდეგ კვლავ დაურეკა ჩოგოვაძემ და განუცხადა, რომ თანამდებობის პირს მასთან შეხვედრა უნდოდა. “შემხვდა ეს პიროვნება, მეუბნება, შენ მოგეცემა 800 ათასი. დაიწყე მშენებლობა, შემდეგ ვნახოთ, მე წარდგენილი სულ სხვა რამ მქონდა, დავეთანხმე, შევატყვე, რომ მთავრობის წარმომადგენელი იყო, რა უნდა მექნა?”.
როგორც ამბობს, მთავრობის წარმომადგენელმა მას სამშენებლო კომპანიაც შეურჩია. მითითებისამებრ, მისი სასტუმრო სამშენებლო კომპანია “თბილისს” უნდა აეშენებინა. ეს ის კომპანია იყო, რომელიც იმ პერიოდში ქუთაისის ძველი უბნის რეაბილიტაციას ახორციელებდა. მართლაც, ოფიციალურად 800 ათასი ლარი გამოუყვეს, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, რომ ანგარიშზე მხოლოდ 700 ათასი ლარი დაერიცხა. ხორგუაშვილს მაღაზიის მახლობლად კაფე-ბარიც ჰქონდა, რომელიც “ბანკ რესპუბლიკაში” 100 ათასი ლარის სანაცვლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. სახელმწიფომ შესთავაზა, გადარიცხული თანხიდან გაესტუმრებინა ბანკის ვალი, კაფე-ბარი კი იაფი კრედიტის სანაცვლოდ გირაოში ჩაედო.
ასეც მოხდა. 700 ათას ლარში სახელმწიფომ ბარიც და მაღაზიაც გირაოთი დატვირთა. დარჩენილი 600 ათასი ლარი კი, მითითებისამებრ, სამშენებლო კომპანია “თბილისის” შვილობილ “იმერეთმშენს” გადაურიცხა და მშენებლობაც დაიწყო. ხორგუაშვილს ამ კომპანიის თანხების ხარჯვის მიზნობრიობაში ეჭვი შეეპარა და ექსპერტიზისთვის კომპანია “დაგი” დაიქირავა. დასკვნაში წერია, რომ სამშენებლო კომპანიამ ხორგუაშვილს 54 ათას ლარამდე ზედმეტი მოსთხოვა. სანამ ხორგუაშვილი კომპანია “თბილისთან” ხარჯების მიზნობრიობას არკვევდა, თანამდებობიდან გადააყენეს მიხეილ ჩოგოვაძე. სამშენებლო კომპანია “თბილისი” გაკოტრდა, მისი ხელმძღვანელები კი დაიჭირეს.
დღეს ხორგუაშვილს აქვს მოპირკეთებული კედელი, დაუმთავრებელი შენობა და დაგირავებული ქონება. იმის გამო, რომ პროექტი ვერ აამუშავა, სესხს ვერ იხდის და სახელმწიფოსთან პრობლემები აქვს. უახლოეს პერიოდში თუ სესხს არ დაფარავს, მის სახელზე არსებული ფართი და კაფე-ბარი ჩამოერთმევა და აუქციონზე გაიყიდება.
ფაქტი #4: “მესხეთი პროდაქტის” ხელმძღვანელ გიორგი გოდერძიშვილის თქმით, პროგრამის მიხდვით მეწარმეებს სესხი 5-7-წლიანი ვადით, 7-9 %-ში გამოეყოთ. სესხის გადახდა 2009 წლიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ აგვისტოს ომის გამო ერთი წლით გადავადდა.Mმეწარმეებს 2-წლიან საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტები დარჩენილ წლებში გადაუნაწილდათ და ახალი გრაფიკი შედგა. კორექტირებული გრაფიკით კი 2010 წლიდან ყოველწლიურად საკრედიტო განაკვეთმა 30%-ს გადააჭარბა. ამიტომ გოდერძიშვილმა და 20-მდე ბიზნესმენმა დახმარებისთვის პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურს გასული წლის ბოლოს დახმარების თხოვნით წერილობით მიმართა, თუმცა მათ თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.
ნიშანდობლივია ერთი გარემოება: “იაფი კრედიტის” პროგრამაში მონაწილე პროექტების შერჩევა ეკონომიკის სამინისტროში შექმნილ უწყებათაშორის კომისიას დაევალა. კომისიის შემადგენლობაში მუნიციპალური ფონდის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები შედიოდნენ. მათ მიერ შერჩეული პროექტები კი მთავრობის სხდომაზე მტკიცდებოდა. ექსპერტების აზრით, ხელისუფლების უმთავრესი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ პროექტების შერჩევა და სესხის გაცემა ჩინოვნიკებს მიანდო და არა ბანკებს.
სოფო გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here