Home რუბრიკები საზოგადოება კოკისპირულ წვიმას სისხლი ერეოდა. თითქოს სისხლის მდინარეები მოდიოდა.…

კოკისპირულ წვიმას სისხლი ერეოდა. თითქოს სისხლის მდინარეები მოდიოდა.…

919

ფეხის დაბიჯება არ მინდოდა, არ მინდოდა, მევლო ჩემს სისხლზე, ქართველების სისხლზე ეს არ იყო მხოლოდ უსამართლობისადმი პროტესტი. უსამართლობა სულ თან დამდევს, თითქოს მაგნიტივით ვიზიდავ, რაც “ვარდების რევოლუცია” მოხდა, _ უფრო მეტად და მეტად. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი პირადი უიღბლობა იყო, მერე კი მივხვდი: არა, ის, რაც ხდება, მარტო მე არ მემართება. ყოველ ნაბიჯზე, ყოველდღე ვხედავდი, რომ არც თუ ისეთი ვარდისფერია დღეს საქართველო.… მიმოვიხედე და დავინახე, სულ უფრო და უფრო გაუბედურებული და გაღატაკებული ჩემი ქვეყანა… ვხედავდი, როგორ ნადგურდებოდა ყოველივე ის, რაც მიყვარდა, რასაც უნდა გავფრთხილებოდით, რასაც უნდა მოვფერებოდით და გადაგვეცა შვილებისთვის, ისევე, როგორც ჩვენ გადმოგვცეს წინაპრებმა. მივხვდი, რომ საჭიროა ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, აუცილებელია პროტესტის გამოხატვა. ცხოვრებაც ხომ ისე უნდა გაიარო, რომ უკან მოხედვის არ შეგრცხვეს; მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ფიქრობდე…

არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, არც არასოდეს ვყოფილვარ; სურვილიც კი არ მქონია, მაგრამ ყველა საპროტესტო აქციაზე მივდიოდი, ვხედავდი, რომ ეს აუცილებელი იყო. ასე მოვხვდი “სახალხო კრებაშიც”. თავიდან “შეფიცულებით” დავინტერესდი, წავიკითხე წესდება და მომეწონა. გადაწყვეტილებაც მივიღე: მე მათ გვერდით დავუდგები უსამართლობის წინააღმდეგ! იმის მიუხედავად, რომ არ ვარ მათი წევრი, მათი მეგობარი გავხდი. რამდენიმეჯერ მათ შეკრებაზე მივედი, ყურადღებით ვუსმენდი, მერე კი აქციაზეც წავედი. მე იქ არ გამიგია პრორუსული გამოსვლები, არც ძალისმიერ მეთოდებზე საუბრები ყოფილა, არც იმაზე, რომ ბურჯანაძის გაპრეზიდენტება სურდათ. ასე რომ ყოფილიყო, არასოდეს დავდგებოდი მათ გვერდით. “შეფიცულების” დანიშნულება იყო აქციის მონაწილეთა დაცვა და პროვოკაციების არიდება; მათი დანიშნულება იყო უსამართლოდ დაჩაგრული ხალხის დახმარება. ეს კი ჩემი სულიერი მოთხოვნილებაც იყო.
აქციების განმავლობაში _ 5 დღე და 4 ღამე _ იქ ვიყავი. მხოლოდ ერთი-ორი საათით მივდიოდი სახლში თავის მოსაწესრიგებლად.
არ ვნანობ იქ გატარებულ დღეებს, პირიქით მე გამაძლიერა მომქანცველმა დღეებმა და ღამეებმა. ვნახე ძლიერი ქართული სული და გენი. მივხვდი, რომ გმირების გვერდით ვიდექი.
ვინ იყო ის ხალხი? პრეზიდენტი ამბობს, რომ დაძლია სიღარიბე, მაგრამ არ ამბობს, რომ საქართველოში სიღატაკემ დაისადგურა. ლაპარაკობს მიღწევებზე, ჩვენ კი ვხედავთ საპირისპიროს. ათასობით მშიერი და გაღატაკებული, გადავსებული ციხეები, ავადმყოფები, რომლებსაც მკურნალობის საშუალება არ აქვთ, ასი ათასობით ადამიანი ჩამორთმეული ქონებითა და ბიზნესით… რამდენი ჩამოვთვალო კიდევ?…ბევრი ადამიანი გავიცანი. ვსაუბრობდით, ყვებოდნენ თავიანთ პრობლემებზე. გაუბედურებული და განადგურებულები ბოლო იმედის სხივს შესციცინებდნენ ფიზიკურად განადგურების პირას მისულნი, მაგრამ სულიერად ამაღლებულები. ყოველი მათგანი მიყვარდებოდა, გული მტკიოდა მათზე, საკუთარი უდიდესი პრობლემები მავიწყდებოდა, რადგან ჩემზე უბედურებს ვხედავდი.
ჩვენს ჯგუფში უმეტესად ასაკოვანი და საშუალო ასაკს მიღწეულები იყვნენ. სხვა ჯგუფებიც იყო ჩვენსავით. მთელი ღამეები ჯგუფ-ჯგუფად დავდიოდით და ვაკვირდებოდით ახალგაზრდებს. დღეს კი ხმამაღლა ვამბობ: არ ყოფილა იქ არავითარი “მოლოტოვის კოქტეილი”, არავითარი იარაღი, არც ძალისმიერ მეთოდებით დამხობისთვის მზადება. ეს სიცრუეა. პირიქით, რამდენჯერაც დანა შევამჩნიეთ, იმდენჯერ დავაფიქსირეთ. კი იყვნენ ცალკეული პირები, რომლებიც ხალხის აყოლიებას ცდილობდნენ, ყველა შემოგზავნილი აგენტი აღმოჩნდა. პირიქით, ყველა პროვოკატორს აქციიდან აძევებდნენ.
არასოდეს დამავიწყდება ასაკოვანი ქალბატონები, რომლებიც მთელი ღამე გვიდნენ ტერიტორიას ხის ტოტებით, აგროვებდნენ ნაგავს, მაგრამ გარშემო არც ერთი ურნა არ იყო, ყველა გააქრეს. დილით კი რამდენიმე ნაძირალამ ეს ნაგავი მიმოფანტა და ტერიტორიიდან გაიქცა. შემდეგ უცებ გამოვარდნენ კამერებით ტელევიზიიდან და დაიწყეს გადაღება. განსაკუთრებით ამორალურად იქცეოდა “რეალ-ტივის” ჟურნალისტი, ახალგაზრდა გოგონა, ყოვლად უნიჭო და უსასიზღრესი. ვერ გავიგე, რამ გააბოროტა და გადააჯიშა, ან რას უხდიდნენ ისეთს, რომ ასეთ სიძულვილს გამოხატავდა ხალხის მიმართ. იმდენად აგრესიული და თავხედი იყო, რომ ყველა მდგომარეობიდან გამოჰყავდა. ყველა ხვდებოდა, რომ პროვოკატორი იყო. ალბათ, ცდილობდა, ვინმეს ეცემა, რომ მერე ამისგან სენსაცია შეექმნა. მეც ძლივს შევიკავე თავი, მთელი ხმით მიკიოდა _ რამდენს გიხდიან, მოგცეს უკვე ფულიო? ახლაც მიკვირს, როგორ არ ვითრიე თმებით. ასეთ არსებას, ნეტა, დედა ჰყავს? ან რა ქალმა გაზარდა ასეთი?
25 მაისი თენდებოდა, მთელი ღამე ვხუმრობდით, ჩვენთან ერთად ჟურნალისტებიც ისხდნენ, მათ შორის “იმედის” და “რუსთავი 2”-ის. ჩვენ ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულება გაგვიჩნდა. კი, არავის მოსწონდა ამ არხების დეზინფორმაციები, მაგრამ ეს ხომ ხელმძღვანელების ბრალი იყო და არა მათი.
ჩვენთან ერთად ბატონი თემურ შაშიაშვილიც იყო. არავინ მოელოდა იმას, რაც მერე მოხდა.…
26 მაისს ღამეს პარლამენტთან კოკისპირულ წვიმაში ვიდექით,…შემოვლა გვქონდა ქალებს. იმისთვის, რომ არავის არ ეეჭვა ჩვენი დაკვირვება, სტიკერებს “მიშა წადი” ვაკრავდით და ვათვალიერებდით ტერიტორიას, ყველგან ვიხედებოდით და მე დღეს ხმამაღლა ვამბობ _ არავითარი “მოლოტოვის კოქტეილი”, არავითარი ცივი თუ სხვა სახის იარაღი იქ არ ყოფილა!  მათ ტვინიც კი არ ეყოთ იმისთვის, რომ ჩვენ მიერ ნაგვის ჩასაყრელად მიტანილ დიდ ცელოფნებში მაინც ჩაედოთ.
12 საათს გადასცდა _ აქციისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა. 9 აპრილის მემორიალის უკანა მხარეს, ტროტუარზე ვიდექი. მიკროფონით გამოაცხადეს, რომ გზა დაეთმოთ მერიის წარმომადგენლისთვის. შემდეგ ბატონმა თემურმა გამოაცხადა: “იმედია, ჩვენი მთავრობა მოგვცემს რამდენიმე წუთს, რომ აღვნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე; იმედია, ხალხი გამოვა და ერთად ვიზეიმებთ!”. შემდეგ დაიწყო ლოცვა: “მამაო ჩვენო! რომელი ხარ ცათა შინა…” ლოცვა დამთავრებული არც იყო და, ალბათ, 5 წუთიც კი არ იყო გასული გაფრთხილებიდან, გაისმა საბრძოლო ყიჟინა, მომწამვლელი აირის აუტანელი სუნი დადგა, კვამლი, წყლის ჭავლი _ ყოველი მხრიდან… თავბრუ მეხვეოდა, თვალები და ყელი საშინლად მეწვოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ცეცხლი მეკიდა.
ამაზრზენი სანახავი იყო, როგორ უმიზნებდნენ და ესროდნენ. ისე ურტყავდნენ ხალხს ხელკეტებს უმოწყალოდ თავში, შოკში ჩავვარდი, გაშტერებული ვუყურებდი, მუხლები მიკანკალებდა, ვერ ვიჯერებდი…… რამდენიმე რეზინის ტყვია მომხვდა. წვიმისა და სიცივის გამო თბილი ბეწვიანი ჟაკეტი მეცვა და დიდი შარფი მქონდა მოხვეული. ბედზე ჩავიცვი. ტყვიების ძალას ბეწვის საყელო ამცირებდა. არ ვიცი ყინულის ტყვიებიც ჰქონდათ თუ სეტყვა იყო. არასოდეს გამეგო, რომ არსებობს ყინულის ტყვია.…გულისრევა დამეწყო და ჩავიმუხლე, თავი რომ ავწიე საზარელი სურათი დავინახე _ დაახლოებით 70-75 წლის მამაკაცი ტაძარს მისჩერებოდა, კოკისპირულ წვიმაში მუხლებზე იდგა, ხელები ცისკენ ჰქონდა აპყრობილი და ლოცულობდა. ამ დროს მას თავში ხელკეტი ჩაარტყეს, ხოლო მეორემ ზურგი ჩაუწიხლა. საცოდავი პირქვე დაეცა. მისკენ ასაკიანი ქალი გაიქცა დასახმარებლად, უმოწყალოდ ჩაარტყეს და დააგდეს.…
აღარაფერი მესმოდა _ აღარც აუტანელი ხმაური, აღარც ხალხის ყვირილი. არ ვიცი, რა დამემართა. მერე მომიყვნენ, გათიშული იყავი და გაქცევის ნაცვლად “სპეცს” თავს დაესხიო. თურმე ფეხსაცმელი გამიხდია და “კასკაზე” ვუბრახუნებდი. ჩემმა ხმამ გამომაფხიზლა. ცალ ფეხზე მეცვა, მეორე ფეხსაცმელი კი ხელში მეჭირა. არაადამიანური ხმით ვუყვიროდი _ “დედა არა გყავს, ბიჭო?!”. ქალს წამოდგომაში დავეხმარე. ვიღაცამ ხელი მომხვია, შევხედე, მხოლოდ თვალები უჩანდა,…თვალებში კი, არ ვიცი, _ წვიმის წვეთი თუ ცრემლი.…ჩემზე უარესად დაუწყო ყვირილი “თავისიანს”, ქალებს რად სცემთო, მე კი მითხრა _ “დაწყნარდი, ქალბატონო, გაჩუმდით, გაიქეცით, არავინ მოგკლავთო!”. რამდენიმე იყო კიდევ მისნაირი, თვითონ უყურებდნენ გაოგნებულები.
ვერ გავიქეცი. ხალხი ეყარა. არ ვიცი, ალბათ, შოკი იყო. ვცდილობდი, წამომეყენებინა წაქცეულები. ყველა ჩემსავით იქცეოდა, ერთმანეთს აყენებდნენ, ეხუტებოდნენ, იცავდნენ.…ალბათ, სასაცილო სანახავი ვიყავი. ჩემმა ქოლგამ აგრესია გამოიწვია და უმოწყალოდ დაუშინეს ტყვიები, ხელში დამტვრეული ქოლგა მეჭირა და ხელიდან არ ვაგდებდი, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ამ ქოლგით შევძლებდი მათ დამარცხებას.…გარშემო სცემდნენ ხალხს, მე მხოლოდ რამდენიმემ ზურგში “მიჯიკა” ხელჯოხი ლანძღვა-გინებით, მე კი მხოლოდ ვიმეორებდი ერთსა და იმავეს: “დედა არა გყავს, ბიჭო?!”.
ხალხს ალყაში აქცევდნენ, ერთი ჯგუფი მთავრობის სახლისკენ მიიმწყვდიეს, ყოველი მხრიდან გამეტებით  ურტყამდნენ. ეს არ იყო აქციის ჩაშლა, ეს იყო გამიზნული ხალხის ამოხოცვა. უცებ ხალხმა გაარღვია ალყა და გამოიქცა პიონერთა სასახლისკენ. რადგან მაღლა იყვნენ ასულები, ქვემოთ ხტებოდნენ. გადმოხტომის დროს რამდენიმე წაიქცა და ერთმანეთს დაეცა. უკან გამოიქცა კაცი და დაუწყო დახმარება. მეც მივირბინე დასახმარებლად. ბოლოს ასაკიანი სრული ქალბატონი ეგდო. მე მას ხელი შევაშველე. როცა წამოდგა, საშინელი დარტყმა ვიგრძენი, თითქოს ცაში ამაგდო და გადამისროლა. ეს წყლის ჭავლი იყო. მანქანა იდგა სასახლესა და მთავრობის სახლს შორის. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ძალა ექნებოდა. შარვალი ჩამძვრა და საცვლის ამარა ვიყავი. ფეხსაცმელები არ მეცვა. მიმოვიხედე და დავინახე ჩემი ცალი ფეხსაცმელი როგორ მიცურავდა, მეორე კი იქ ეგდო, სადაც ადრე _ ქალბატონი. მივბრუნდი და ავიღე ფეხსაცმელი, ტანსაცმელიც გავისწორე და დახეული შარვალიც. ამ დროს მეორედ გადამაგდო წყლის ჭავლმა. არ ვიცი, იმ დროს იმ ადგილზე მხოლოდ მე ვიდექი, ალბათ. ვიღაც კაცმა მოირბინა ჩემთან და ამაყენა, შემანჯღრია და მითხრა: “გამოფხიზლდი, დაიკო, გაიქეცი”. ახლაც მესმის მისი ხმა, ისეთი თბილი და ახლობელი, უცხო ადამიანი, რომელიც მხოლოდ ჩემთვის მობრუნდა უკან.
მოსწავლეთა სასახლესთან კუთხურადაა შენობა, სადაც ქალები ჰყავდათ ალყაში და ცემდნენ. იმის მიუხედავად, რომ ბევრი “სპეცი” იყო, რამდენიმე მამაკაცი მივარდა და უყვიროდა: “ქალებს ნუ ცემთ, ნაძირლებო! ქალები გაუშვით!”. ერთ კაცს თავი ჰქონდა გატეხილი და სისხლი სდიოდა, მოტრიალდნენ არაკაცები და თავგატეხილ ადამიანს რამდენიმემ ერთდროულად დაუწყო ცემა. მათ კიდევ სხვები დაემატნენ, შედარებით ახალგაზრდა კი მთავრობის სახლისკენ გაიქცა და მას ალბათ ათი მაინც გაეკიდა. მხოლოდ მათი დახმარების შემდეგ შეძლეს ქალებმა გაქცევა.
მოსწავლეთა სასახლესთან უარეს დღეში ჩავვარდი. კოკისპირულ წვიმას სისხლი ერეოდა. ისეთი სანახავი იყო, თითქოს სისხლის მდინარეები მოდიოდა.…ფეხის დაბიჯება არ მინდოდა, არ მინდოდა, მევლო ჩემს სისხლზე, ქართველების სისხლზე. ძირს კი ხელებშეკრული, თავგადაჩეხილი, გაოგნებული სახეებით მამაკაცები იწვნენ. სადისტურად ურტყამდნენ ხელებშეკრულებს,… ვუყურებდი ჩემთვის უკვე ნაცნობ სახეებს და ვფიქრობდი, ნეტავ, რაიმე იარაღი მქონდეს, ნეტავ, მართლა რამე შემეძლოს, ნეტავ, მართლა ყოფილიყო “მოლოტოვის კოქტეილი” და უფლის წინაშე გეფიცებით, პირველი მე ვესროდი!
ახალგაზრდა ბიჭი ეგდო თეთრი პერანგით გაუნძრევლად. მივედი მასთან, სულ პატარა იყო, ჩემი შვილების ტოლი. უცებ ჩემი შვილი მეგონა. მოვკიდე ხელი, წამოყენება მინდოდა. გავშეშდი. მას სიცოცხლის ნიშანი არ ჰქონდა. ახლაც კი დარწმუნებული ვარ, არ იყო ცოცხალი. “სპეცმა” მიღრიალა უბინძურესი სიტყვებით. წამოვდექი. იქვე ახლოს შუახნის მამაკაცი ეგდო, მუცელი უჩანდა, არ ვიცი მაისური თუ ჯემპრი ეცვა ბეჟი ფერის ყავისფერით გაწყობილი. მუცელზე ვაკვირდებოდი. არ ინძრეოდა, არ სუნთქავდა.
მეტროს წინ, ავტობუსების გაჩერებასთან, ძირს დაგდებულ კაცს უმოწყალოდ სცემდნენ, კაცს თავზე ხელები ჰქონდა აფარებული და მთელი ხმით ყვიროდა, უცხოელი იყო. მხეცივით მივვარდი, ვუყვიროდი _ “რას აკეთებთ, უცხოელს სცემთ, საქართველოს არცხვენთ?!”. ახლა მეცინება ამ სიტყვებზე. არ ვუშვებდი, რომ ეცემათ, თავზე შემოხვეულ ხელებზე ხელებს ვაფარებდი, ისე ვიცავდი, როგორც დედა _ შვილს. სილა გამარტყეს, ისე მწარედ, რომ ყურში წივილი მესმოდა, წიხლებით გადამიარეს. უცებ სხვამ გაიგო ჩემი ყვირილი, გაუჩერებლად ვყვიროდი _ “უცხოელია, ნუ ცემთ”, მოვარდა ყვირილით _ “ქალს სცემ, შენი დედა…”. მივხვდი, რომ გადავრჩით. მან კი ზრდილობიანად მომიბოდიშა, წამომაყენა და უცხოელსაც მიხედა. ის კაცი იმ დროს აღარ ინძრეოდა. ყველას ვეკითხები, ცოცხალია ის კაცი? მას მუქი ლურჯი ქურთუკი ეცვა. არავის გამოუცხადებია ნაცემ უცხოელზე. სულ ვფიქრობ, ხომ არ მოკლეს?!
მეგონა, სამშვიდობოს ვიყავი, მაგრამ შევცდი. მიწისქვეშა გადასასვლელს რომ მივუახლოვდი, უარესს შევესწარი. ასაკოვან, 60 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ჯანმაგარი “სპეცები” უბრახუნებდნენ. ეტყობა, მათი უფროსი იყო, პანღურებს ურტყამდა და ლანძღავდა, მასხარად იგდებდა: “სახლში რატომ არ დაეგდეთ, თქვე ბებერო ბოზებო! რა გინდოდათ, გადატრიალებას აწყობდით? გდებულიყავით, ბორში მოგეხარშათ!”. არასოდეს ვყოფილვარ მშიშარა და ახლა მზად ვიყავი, შევკვდომოდი ამ არაკაცებს. საცოდავი მოხუცები ტიროდნენ და კანკალებდნენ. გადავირიე, ყვირილი დავუწყე: “მაძღარო ღორო, ჰკითხე ამ ხალხს, აქვთ კი ბორშის მოსახარში ფული?”. “უფროსი” ჯერ გამექაჩა. ეტყობა, ისეთი სახე მქონდა, რომ უკან დაიხია, ვეღარ ყვიროდა, ლუღლუღებდა, დაიბნა, არ ელოდა “ვაჟკაცი” წინააღმდეგობას. უარესად გაავებული ვუყვიროდი _ “დედა არა გყავს? რა ქალმა გაგაჩინა, შენი დედა…”. სამაგიეროდ, მისი პატარა შეგირდი-ფინია გაავდა, მთელი ძალით პანღური მითავაზა ზედ კიბის თავში, ლამის კიბეზე დავგორდი. მიწისქვეშა გადასასვლელში ბნელოდა, კიბის ბოლოს კი მოხუცი ქალი ეგდო, რომელიც ჩემს მისვლამდე დაეგორებინათ. საცოდავი ვერ დგებოდა, მწარედ წყევლიდა მიშას და მის ნაძირალა ხროვას.
პუშკინის ქუჩაზე ამოვედი და ლესელიძის ქუჩის მიმართულებით წავედი. გზაზე თეთრი მიკროავტობუსები იდგა, სადაც დაპატიმრებულები ჰყავდათ. ხმა მესმოდა, კაცი ეუბნებოდა: “რა გინდათ ჩემგან, უკვე ხომ დამიჭირეთ”. საცოდავი ხმა ჰქონდა. მანქანიდან გადმოათრიეს და უმოწყალოდ სცემეს. ეტყობა, ამათ დაჭერილები ებარათ და ვერ დაარბიეს ხალხი, ამიტომ ჯავრი უკვე ხელებშეკრულებზე იყარეს. აღარაფრის თავი აღარ მქონდა, სველი, დამცირებული და ნაცემი მივდიოდი სახლისკენ, სხეულის ტკივილს ვერ ვგრძნობდი, რადგან სული უფრო მტკიოდა.
ლესელიძის ქუჩის დასაწყისში “კორდონი”’ იყო, ბუზი ვერ გადაიფრენდა. სიცოცხლე აღარ მინდოდა. მზად ვიყავი, მოვმკვდარიყავი. არაფრის არ მეშინოდა. როცა მივუახლოვდი, ამაყად თავაწეულმა ზიზღით ვუთხარი: “რა, ხალხს სახლებშიც არ უშვებთ? არ გეყოთ, რაც გვცემეთ? ვინ ხართ? რა ჯიშის ხალხი ხართ, რა ქალებმა გაგზარდეს, დედები გყავთ?”. პასუხად კი დარცხვენილი, ნირწამხდარი ხმით, თითქმის ჩურჩულით მიპასუხეს: “მიბრძანდით, ქალბატონო, სხვის დედებს ნუ ეხებით, გთხოვთ”. მწარედ ჩავიცინე და ვუთხარი: “თქვენ, თქვენ რომ შეეხეთ სხვის დედებს, თქვენ რომ შეეხეთ სხვის შვილებს?”. თავები დახარეს, ვერ მიყურებდნენ, გზა დამითმეს. მხოლოდ ერთმა ირონიულად დაიწყო სიცილი: “ბიჭო, შეხედე, მთვრალია, ამისი დედა…”. მას მხოლოდ ერთი აჰყვა. ხმამაღლა გავიცინე _ “მთვრალი ვარ? შენ ხომ ხარ ფხიზელი! ხოდა, შენი დედაც და შენი პრეზიდენტისაც!”. ხმა ვერ ამოიღო, სახეზე შეეყინა ირონია.…
მე მხოლოდ ის მაინტერესებს, ამ არაკაცებს ასეთი “მაგარი კაცობისთვის” პრემიები მართლა თუ დაურიგდათ. იქნებ, ჯობდა ამ პრემიის ნაცვლად აქციაზე მდგომი სოციალურად გაუბედურებული ხალხისთვის გაეკეთებინათ რამე! იმ ხალხისთვის, რომელიც ჩემს თვალში გმირია; იმათთვის, ვისაც სახელმწიფომ და პრეზიდენტმა ჯერ სულში ჩააფურთხა და, რადგან მაინც ვერ გატეხა, ფიზიკურად გაუსწორდა. არა, არ აინტერესებს პრეზიდენტს ხალხი, ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და მისი ქვეყანა ზღაპრულია. როცა მას ვუსმენ, ცრემლები მომდის და მეცინება, ნუთუ ასეთი მსახიობია? იქნებ, მართლა არ იცის, რაც ხდება? ვინ არის საერთოდ ეს კაცი?! სული აქვს? და რამდენი საქართველო ყოფილა: ერთი _ სამოთხე, მეორე კი _ ჯოჯოხეთი, რომელიც საერთოდ ქრება და იშლება. ვფიქრობ, რა ელის იმ საქართველოს, რომელიც ასე მიყვარს. ალბათ, გაქრება ან დარჩება მხოლოდ გეოგრაფიულ სახელად, სადაც ქართველები წითელ წიგნში იქნებიან შესატანი.
მე დღეს ამაყი  ვარ, რადგან ამ ხალხთან ერთად ვიდექი, ვისთვისაც სულერთი არაა ქვეყნის ბედი; ვინც, თავად მშიერი, სხვის შიმშილზე დარდობდა, მთელი ღამეები სანთლებს ანთებდა და უფალს ევედრებოდა, უფალო გადაარჩინე ჩვენი “ენა, მამული და სარწმუნოება!”. თუ ხვალ გამოვლენ, ისევ მათ გვერდით დავდგები, რადგან ზუსტად ეს ნაცემი და გადათელილი ხალხია ჩემთვის საქართველოს სიმბოლო და სახე, ზუსტად ეს ხალხია საქართველო!!!
ჩემი საყვარელი სიტყვებია: “არ დაიჯერო, რომ მიზანსწრაფულ და თავდადებულ ადამიანთა პატარა ჯგუფს არ შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება. ზუსტად ასეთები ცვლიან მსოფლიოს!”. და მეც გადავწყვიტე, რომ ვიბრძოლებ, ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და თქვენც გეძახით, გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, ჩვენ შეგვიძლია სამყაროს შეცვლა.
 
მთვარისა ქაჯაია…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here