Home რუბრიკები საზოგადოება მეწამული სისხლი შავ ასფალტზე, ანუ “გარკვეულად მნიშვნელოვანი დღე”…

მეწამული სისხლი შავ ასფალტზე, ანუ “გარკვეულად მნიშვნელოვანი დღე”…

869

26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევა თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, უკვე მოინათლა ბართლომეს ღამედ, ევროპის ისტორიის უსაშინელეს ტრაგედიად, როცა კათოლიკებმა პროტესტანტების ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. ეს მოხდა 1572 წლის 24 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს. ტრადიციულად მიიჩნევენ, რომ ტრაგედია საფრანგეთის მეფის, კარლოს IX-ს დედის _ ეკატერინე მედიჩის პროვოცირებული იყო. ტრადიციული _ “შერშე ლა ფამ”? ეძებეთ ქალი? ჩვენც შეგვიძლია, მოვძებნოთ, მაგრამ საეჭვოა, ასე ამოვხსნათ მრავალუცნობიანი განტოლება. 26 აგვისტოს საფრანგეთის მეფემ ოფიციალურად აღიარა, რომ კალვინისტების განადგურება მისი ბრძანებით განხორციელდა. ჩვენთან აღიარებას არავინ აპირებს. იოანე პავლე II-მ თითქმის ხუთი საუკუნის შემდეგ ბოდიში მოუხადა ბართლომეს ღამის გამო პროტესტანტებს. ჩვენ, ეტყობა, ხუთ საუკუნეს უნდა ველოდოთ ასეთ ჟესტს. ბოდიში კი მოუხადა რომის პაპმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჰუგენოტები სააღდგომო კრავებივით უცოდველები იყვნენ.

მხარეთა ბრალეულობა ჯერ არავის აუწონია, მაგრამ არც უარუყვია, დაუდასტურებიათ კი _ მრავალჯერ და უტყუარად.
ეტყობა, თბილისურ ბართლომეს ღამესაც ცალმხრივად ვერ განვიხილავთ, მაგრამ მომიტინგეთა სასტიკი დარბევა, ადამიანების სასიკვდილოდ გაწირვა სახელმწიფო მანქანის მიერ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ბრალია. მით უფრო, რომ, როგორც ოფიციალურად იყო გაცხადებული, ძალოვანმა სტრუქტურებმა ყველაფერი წინასწარ იცოდნენ, მაგრამ არაფერი იღონეს დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.
ამიტომ ხელისუფლების მცდელობა, ბრალი “სახალხო კრებას” დააკისროს, უსუსური, ყალბი და ყოვლად უსაფუძვლოა. ხოლო მისი არგუმენტები რომ გაიმეორო, თავმოყვარეობა სრულად უნდა გქონდეს დაკარგული, ისე, როგორც სვიმონ მასხარაშვილს. მაგრამ ახლა მისთვის არა გვცალია.
ისიც ვთქვათ, რომ ოპოზიციაც არ თვლის საჭიროდ, აღიაროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. კომისიამ განსაჯოსო. რა ფასი აქვს ასეთი კომისიის საგამოძიებო დასკვნას, ვიცით… ამიტომ ხომ არ იკისრა მომრიგებელი მოსამართლის ფუნქცია აშშ ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა, აქციის დარბევამდე ორიოდ საათით ადრე გამზადებული რეცეპტი რომ დაგვიდო მაგიდაზე. “საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობრივი კონფრონტაციის გამოწვევას ცდილობენ, _ განაცხადა და დაგვმოძღვრა, _ საპროტესტო მოქმედებით არ შეიძლება შეილახოს სხვა მოქალაქეების უფლებები, არ შეეშალოთ ხელი მათ თავიანთ საქმიანობაში, გადაადგილებაში და, თუნდაც, გარკვეული მნიშვნელოვანი დღეების სათანადოდ აღნიშვნაში”.
ეტყობა, კაიროს ტახრირის მოედანზე კვირების განმავლობაში გაგრძელებული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ხელს არ უშლიდა ეგვიპტის დედაქალაქში მცხოვრებთ თავიანთი საქმიანობის განხორციელებასა და გადაადგილებაში, არც ტრიპოლიში, არც დამასკოში და არც სხვაგან.
იმდენად არ უშლიდა, რომ აშშ-ის ხელდასმით ნატომ განახორციელა ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ოპერაცია (რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს), რათა ამ ქვეყნების მოქალაქეებს მისცემოდათ შესაძლებლობა “თუნდაც გარკვეული მნიშვნელოვანი დღეების სათანადოდ აღნიშვნისთვის”.
ბასის განცხადება (არაორაზროვანი მითითება თუ არა) _ მიდით, დაჰკარით, ბიჭებო! _ ნამუსის მოწმენდას რომ ჰგავდა, ხომ უეჭველია.
სურდა თუ არა, ამერიკის ელჩი იმ “ზონდერების” მხარეს დადგა, ვინც ბართლომეს ღამე მოგვიწყო იმ დელგმასა და მეხთატეხაში, როცა ზეცაც კი აღშფოთებული ჩანდა პერანგიანთა მხეცობით.
ის ვიღამ ასწავლა ამ “ვაჟკაცებს”, ვინაც “საძულველი მეფის რუსეთის” სადამსჯელო პრაქტიკიდან გადმოღებული “სკვოზ სტროიში” გატარების მეთოდი ისედაც ნაცემ-ნაბეგვი დაპატიმრებულების რეზინის ხელჯოხებით “კონდიციამდე” მიყვანით შემოქმედებითად განავრცო და განავითარა?
აიძულესო, არ თქვათ.
ერთგულება 2500 ლარად არის ნაყიდი _ თითოეულს, დაუბეგრავად.
ბატონო ბას! გაისად როგორ უნდა ვიზეიმოთ 26 მაისი _ როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის “გარკვეულად მნიშვნელოვანი დღე”, თუ როგორც ბართლომეს ღამის ქართული ვარიანტი?
სანამ თქვენ არ იტყვით, ჩვენი ხელისუფლებისგან პასუხს ვერ მივიღებთ.
ეცვა თუ არა ხელთათმანები ვახტანგ მაჭავარიანს?
ცა ეხად ჩამოდიოდა, გრგვინავდა მრისხანება თბილისის ცაზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ კი ხელფეხშეკრული, თავგაჩეხილი, თვალებდავსილი და პირსახე წაშლილი კაცები ისე ეყარნენ შავ ასფალტზე, როგორც დაბორკილი ცხვრები ყელის გამოღადრვის მოლოდინში.
ორი დღის შემდეგ შშს-ს გაქსუებული ჩინოვნიკი გამოვა და გაამართლებს ასეთ სისასტიკეს _ მსოფლიოში მიღებული და აპრობირებული მეთოდიაო.
დილამდე ხეხავდნენ ასფალტს დასუფთავების ნარინჯისფერი მუშაკები, სისხლის კვალი რომ წაეშალათ.
დილით კი, როცა ნარინჯისფერი მზე კარგად შემაღლდა ცის კაბადონზე, პარლამენტის კიბეებიდან ჩამობრძანდა ხელისუფალი და საგანგებოდ აგებული თეთრი ტრიბუნის ცენტრში დაიკავა მისთვის განკუთვნილი ადგილი.
საკუთარ ხალხზე გამარჯვების ზეიმი დაიწყო…
ამ ხელისუფლებისგან სხვას რას ელოდით?!
მაგრამ ყველაზე სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი იყო “პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის” ჩამორიგების ცერემონია.
იქ, სადაც მზის სხივებს ზეცისკენ საკმევლად მიჰყვებოდა დაღვრილი სისხლის მირიადები, როგორც ხრუშჩოვის დროინდელ პურის რიგებში, ჩამწკრივებულიყვნენ “გამორჩეულნი” და როგორც დიდ წყალობას, ელოდნენ ხელისუფლების ნაბოძები რკინაკავეულის ჩამორიგებას.
სწორება! სმენა! ზეიმის კულმინაცია!
არ ვიცი, ვინ როგორ აღიქვა, მე კი ნინი ბადურაშვილის მიერ ნამღერ ჰიმნში ხმის კანკალი უფრო შევნიშნე, ვიდრე საზეიმო ჟღერადობა.
და ვაშა სუხიშვილებს, რომლებმაც ხორუმი არ იცეკვეს. პროტესტი იყო აშკარა, რომელიც ჰებელსის კანტორამ ზეიმის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებად გაასაღა.
ეუხერხულათო.
ამათ ხალხი მართლა ბრბო ჰგონიათ!
რჩეულთა შორის რჩეულნი კი იდგნენ და ელოდნენ… და სანამ ელოდებიან, ერთი პარალელი გავავლოთ.
რამდენად მართალია, რამდენად ფანტაზიის ნაყოფია, ძნელია ახლა დადგენა, მაგრამ ხალხში მოარულ ხმადაა გავრცელებული, თითქოს ლავრენტი ბერიამ, რომელიც განაწყენებული იყო გენიალურ ქართველ დირიჟორ ევგენი მიქელაძეზე, ყურში შამფური გაუყარა. ძნელი დასაჯერებელია. მაგრამ ფაქტია, რომ ეს დიდებული ადამიანი, მუსიკოსი, რომელსაც მსოფლიოში ჰქონდა სახელი გავარდნილი, სრულიად უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და დახვრიტეს.
იდგა 1937 წელი.
ახლა წარმოიდგინეთ: იმავე ბერიას რომელიმე ქართველი მუსიკოსი ევგენი მიქელაძის დახვრეტის კვალზე ორდენით რომ დაეჯილდოებინა, და მასაც საჯაროდ, ხალხის დასანახად და დიდი მადლიერების გრძნობით მიეღო ჯილდო ლავრენტი პავლოვიჩის ხელიდან…
ვერ წარმოიდგენთ, რადგან ასეთ ფაქტს “ადგილი არ ჰქონია”. სამაგიეროდ იყო 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ზეიმზე.
ბრწყინვალების ორდენი მიიღო დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა, ლეგენდარული ქართველი ლოტბარის _ კირილე პაჭკორიას შვილიშვილმა, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის _ ალექსი მაჭავარიანის შვილმა, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს და საქართველოში ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის პირველი დირიჟორი იყო.
ეტყობა, ასეთია დღევანდელი გაგება პირადი ღირსების, პრინციპულობის, მორალის დღევანდელი კონფიგურაცია.
“როგორ ვიზარდეთ,
წარსულისაკენ 
რა შორი გზაა,
რა დაღმართია!”
ჩავიხედოთ წარსულში და გავიხსენოთ დიდი გერმანელი კომპოზიტორი ვაგნერი.
ვახტანგ მაჭავარიანი ვაგნერი არ არის, მაგრამ _ მაინც.
რიხარდ ვაგნერი პირწავარდნილი ანტისემიტი იყო. სამწუხაროდ, _ არა ერთადერთი ხელოვნების სამყაროში. ანტისემიტობით გამოირჩეოდნენ შოპენი, ბეთჰოვენი, ლისტი, რახმანინოვი, ვოლტერი. მაგრამ ვაგნერი აქტიური ანტისემიტი გახლდათ და თავის მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში ებრაელთა გაჟლეტას ქადაგებდა.
ჰიტლერს იგი თავის სულიერ მოძღვრად მიაჩნდა.
მაგრამ ვაგნერს “ბედმა გაუღიმა”, იგი ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე 50 წლით ადრე გარდაიცვალა.
ამბობენ, რომ ებრაელი კომპოზიტორების ნაწარმოებთა შესრულებისას მას თეთრი ხელთათმანები ეცვა, ჭუჭყი რომ არ მოსცხებოდა.
ეცვა ხელთათმანები ვახტანგ მაჭავარიანს “პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის” მიღებისას?.. არ ვიცი, მაგრამ სათანამშრომლოდ, ეტყობა, მზად არის.
მაჭავარიანის ფაქტი კერძო შემთხვევა რომ იყოს, ჯანდაბას. მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სახეზეა ინტელიგენციის ერთი ნაწილის სულიერი დეგრადაცია. მეორედ ვრწმუნდებით ამაში და არც ერთხელ _ არც ამ 26 მაისს, არც _ უწინ, არავინ არ გამოჩნდა ისეთი, ვინც, როგორც თავის დროზე შესანიშნავმა ქართველმა მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა შევარდნაძეს ღირსების ორდენი დაუბრუნა, სააკაშვილსაც ისევე დაუბრუნებდა ჯილდოს.
ერთმა ენამწარე თბილისელმა ამ სამარცხვინო ფაქტთან დაკავშირებით გაზეთში ნეკროლოგის გამოქვეყნება შემოგვთავაზა: “მწუხარებით ვიუწყებით, რომ დაჯილდოებით გამოწვეულ სიხარულს ვერ გაუძლო, გული გაუსკდა და გარდაიცვალა ყოფილი პოეტი ესა და ესო”.
გვარის დაკონკრეტებისგან და ნეკროლოგის პუბლიკაციისგან თავი შევიკავეთ, რადგან, ჯერ ერთი, თუ მოსწონს, შეარგოს სააკაშვილის ჯილდო, ნასისხლარზე მიღებული; მეორეც იმიტომ, რომ ისედაც ყველა მიხვდება, ვისზეცაა ლაპარაკი.
დავით ბაზაძე
 
P.S. “ბართლომეს ღამე კათოლიკებსა და ჰუგენოტებს შორის დაუნდობელი ომის კულმინაცია იყო, ჭეშმარიტების მომენტი, როცა თითოეული ადამიანი საფრანგეთის თითოეული მოქალაქე იყო _ ან მკვლელთა მხარეს უნდა დამდგარიყო, ან მათ მსხვერპლთ მიმხრობოდა… იმ ღამეს სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყვეტილიყო” (ალექსანდრ ბუშკოვი, “რუსეთი, რომელიც არ არის”).
ერთი შტრიხი იმედის ნაპერწკალივით მაინც გაკრთა ეკრანზე 26-ის ღამეს: დარბევა დაიწყო და ერთი ახალგაზრდა ქალი, “ზონდერებს” გარიდებული, პარლამენტის წინ, ტრიბუნის ფიცარნაგზე ჩამორბის. პოლიციელი ხელს შეაშველებს, მიეხმარება.
ღმერთმა არ ქნას, რომ მომეჩვენა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here