Home რუბრიკები ისტორია 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომი და საქართველო

1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომი და საქართველო

3399
ერეკლე მეორე

იმერეთის სამეფო ტახტზე ასულ სოლომონ პირველს (1735-1784) ენერგიული ბრძოლა მოუხდა ოსმალო დამპყრობლებისა და ქვეყნის შიგნით არსებული ფეოდალური რეაქციის წინააღმდეგ.

ახალგაზრდა მეფემ რუსეთის მთავრობისგან დახმარების მიღება სცადა. ამ მიზნით 1764 წელს მან თხოვნით მიმართა ალექსანდრე ბაქარის ძეს, რათა მას რუსეთის იმპერატორთან ეშუამდგომლა. 1766 წელს კი სოლომონ მეფემ, როცა თურქები იმერეთში შემოიჭრნენ და მეფემ თავი მოდინახეს ციხეს შეაფარა, ყიზლარის კომენდანტს აცნობა, რომ სრული დამარცხების შემთხვევაში რუსეთს გაემგზავრებოდა. მეფე მას სთხოვდა, რომ ეკატერინე მეორეს პასუხი ეცნობებინა ქართველი არქიმანდრიტ გრიგოლის მეშვეობით, რომელიც მაშინ ოსეთში მისიონერად იყო. გარკვეული დროის შემდეგ, სოლომონის თხოვნით, თვით არქიმანდრიტი გრიგოლიც გაემგზავრა ყიზლარში, რათა რუსეთის მთავრობას მისთვის თურქეთის ხელისუფალთა წინაშე ეშუამდგომლა.

ეკატერინე მეორეს მთავრობამ კონსტანტინოპოლელ რეზიდენტ ა. ობრესკოვისგან სათანადო ინფორმაცია მიიღო თურქ ხელისუფალთა დამოკიდებულებაზე იმერეთის სამეფოსადმი. ობრესკოვმა შეატყობინა, რომ თურქეთის მთავრობა შეშფოთებული იყო იმერეთთან ბრძოლების წარუმატებლობით: საკუთარ ძალთა რაოდენობრივი სიჭარბის მიუხედავად, თურქეთმა სიამოვნებით მიიღო ერეკლე მეორეს შუამავლობა სოლომონ პირველთან. თურქები დათანხმდნენ სოლომონის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების შეწყვეტაზე მხოლოდ ერთი პირობით, რომ იმერეთის მეფეს ძველებურად ეხადა ხარკი, .. ყოველწლიურად 60 ასული გაეგზავნა. თავის მხრივ, თურქეთი იმარეტს, ქვეშევრდომად კი არა, სულთნის პროტექტორატის ქვეშ მყოფ სახელმწიფოდ გამოაცხადებდა. რუსეთის რეზიდენტი ყურადღებას მიაქცევდა იმ ფაქტს, რომ თურქებს განსაკუთრებით ეშინოდათ საქართველოს საქმეებში რუსეთის ჩარევის და თანხმობა განაცხადეს ერეკლე მეორესა და იმერეთის მეფის კავშირზე.

მიუხედავად თურქეთთან დაზავებისა, სოლომონ მეფეს კარგად ესმოდა, რომ იმერეთისთვის აუცილებელი იყო თურქი დამპყრობლებისგან საბოლოოდ თავის დახსნა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. ამიტომ იყო, რომ 1768 წლის ივნისში, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გამწვავებისას, რუსეთში განსაკუთრებული რწმუნებით გაიგზავნა ქუთაისელი მიტროპოლიტი მაქსიმე აბაშიძე.

ცნობისთვის: მაქსიმე II (აბაშიძე) გახლდათ დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი 1776-1795 წლებში; ქუთათელი ეპისკოპოსი მიტროპოლიტის ხარისხით 1759-1781 წლებში; ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ, ზოგიერთს უკანვე გამოასყიდვინა ოსმალებისათვის მიყიდული ქართველები. 1777 წელს გურიისა და ოდიშის მთავრებს დააბრუნებინა მითვისებული საეკლესიო მამულები, აღადგინა საეპისკოპოსოები, აღკვეთა საკათოლიკოსო მამულების გაცემა მეფის მოურავებსა და მოხელეებზე. დასაფლავებულია კიევპეჩორის ლავრაში.

როცა ეკატერინე მეორეს კარზე იმერეთის ელჩის ჩასვლა გაიგეს, სათანადო განკარგულება გასცეს, რომ ელჩი სასწრაფოდ პეტერბურგს გაეგზავნათ. მიტროპოლიტ მაქსიმეს ელჩობის წევრი არქიმანდრიტი ყიზლარიდან უკან გააბრუნეს და თან გააყოლეს პორუჩიკი ქობულაშვილი (ხვაბულოვი).

ხვაბულოვს ევალებოდა იმერეთში არსებული ვითარების გარკვევა და სოლომონთან მოლაპარაკება. საგარეო საქმეთა კოლეგიის მიერ ყიზლარის კომენდანტისადმი გაცემულ განკარგულებაში ეწერა, რომ ახლა თურქეთთან დაწყებული ომის პირობებში ქუთაისის მიტროპოლიტის ჩამოსვლა დროული იყო.

სოლომონ პირველი
სოლომონ პირველი

სოლომონ პირველი ეკატერინე მეორეს სახელზე გაგზავნილ სიგელში იმერეთის რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღებასა და სამხედრო თუ სხვა მატერიალურ დახმარებას მოითხოვდა. მეფე აღნიშნავდა, რომ თორმეტი წელია, თურქებს ებრძვის. ამ ხნის განმავლობაში თურქები შვიდჯერ შემოიჭრნენ მის ქვეყანაში და მუდამ დამარცხებული გარბოდნენ.

ეკატერინე მეორეს მთავრობა რუსეთ-თურქეთის ომში მიზნად ისახავდა შავი ზღვის სანაპიროს დაპყრობასა და იქ თავისუფალი ნაოსნობის უფლების მოპოვებას. რუსეთს თურქეთთან ომში ევროპის სახელმწიფოთა მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდა და ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას თურქეთის ბატონობის უღელქვეშ მყოფი ქრისტიანების ბრძოლას ანიჭებდა. რუსეთის მთავრობამ მოწოდებით მიმართა ბალკანელ და კავკასიელ ქრისტიანებს, რომ იგი “იძულებულია”, ებრძოლოს თურქეთს “ქრისტეს სარწმუნოებისათვის”. უფრო მოგვიანებით, ეკატერინე II დიდი კმაყოფილების გრძნობით სწერდა ვოლტერს, რომ მან თურქეთს ოთხივე მხრიდან შეუტია: დუნაიდან, ყირიმიდან, მორეიდან და საქართველოდან. ამგვარად, რუსეთი გეგმავდა თურქეთის წინააღმდეგ ქრისტიანი მოსახლეობის აჯანყებას ბალკანეთში და საქართველოს ომში ჩაბმას, რათა თურქეთის ძალები კავკასიაში შეებოჭა. როცა ეკატერინე მეორეს კარზე თურქეთის წინააღმდეგ საქართველოს მონაწილეობის საკითხს იხილავდნენ, რწმენა გამოთქვეს, რომ იმერეთის მეფე ამ ბრძოლაში ჩაებმებოდა, მაგრამ ერეკლე მეორეს მონაწილეობას საეჭვოდ თვლიდნენ: ქართლ-კახეთის სამეფო თურქეთზე დამოკიდებული არ იყო და, რუსი პოლიტიკოსების აზრით, ერეკლე არ მოისურვებდა თურქეთთან განხეთქილებას.

1769 წლის მარტში ყიზლარიდან სოლომონ პირველთან დაბრუნდა არქიმანდრიტი, რომელსაც პორუჩიკი ქობულაშვილიც ახლდა. სოლომონმა განუცხადა მას, რომ თურქეთის წინააღმდეგ ომში ჩაებმებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დამხმარე ჯარს მიიღებდა. თავისი მხრიდან ის ოცი ათასი კაცის გამოყვანას კისრულობდა. სოლომონ პირველმა კანცლერ ნ. პანინისგან მიღებული წერილი ერეკლე მეორეს გაუგზავნა, ხოლო 26 მარტს თვით ქობულაშვილი გაემგზავრა თბილისს.

ერეკლემ სათანადოდ შეაფასა შექმნილი ვითარება: მან გაითვალისწინა ის, რომ რუსეთი თურქეთს უკვე ეომებოდა, ხოლო ირანი, მისი აზრით, ოსმალეთის დასუსტებისა და მის ხარჯზე ქართლკახეთის გაძლიერების წინააღმდეგი არ უნდა ყოფილიყო. ფორმალური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ირანი, მართალია, ერეკლეს თავის ვასალად თვლიდა, მაგრამ ოსმალეთის წინაშე ყოველთვის როდი აგებდა პასუხსგურჯისტანისმოქმედებაზე. სუსტი ირანისთვის ამ დროს წაყრუების პოზიცია უფრო მომგებიანი იყო. ყოველივე ამან ხელი შეუწყო თურქეთის წინააღმდეგ ყველა ქართული სამეფოს გაერთიანებული გამოსვლისთვის პირობების მომზადებას.

ქართლკახეთის მეფემაც ომში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა, ოღონდ იმ პირობით, თუ რუსეთი საქართველოში დამხმარე ჯარს გამოგზავნიდა. სოლომონ პირველი ომში ჩაება. ის ფიქრობდა, რუსეთის ჯარის დახმარებით დაემორჩილებინა იმერეთის ურჩი მთავრები და თავადები, დაებრუნებინა თურქების მიერ მიტაცებული ქართული მიწები და საბოლოოდ განედევნა საქართველოდან ოსმალო დამპყრობლები.

ერეკლე მეორე იმედოვნებდა, რუსეთის დახმარებით დაებრუნებინა ოსმალთა მიერ მიტაცებული სამცხე-ჯავახეთი, დაემორჩილებინა ჭარ-ბელაქანი და აღეკვეთა ლეკთა თარეში.

1769 წლის 21 მაისს თბილისში სოლომონ პირველი ჩამოვიდა. ქართველი მეფეები ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. მათ ხვაბულოვს კონკრეტული წინადადებები წაუყენეს და პეტერბურგში ელჩების გაგზავნა გადაწყვიტეს.

ერეკლე ა. ანდრონიკაშვილს აგზავნიდა, სოლომონი კი _ დ. კვინიხიძეს. უკვე გაჩაღებული რუსეთ-თურქეთის ომის ფონზე პეტერბურგში თავისი დიპლომატიური საქმიანობა გაშალა მიტროპოლიტმა მაქსიმემ. ის ეკატერინე მეორეს მთავრობას სათანადო ინფორმაციას აწვდიდა და იმერეთში რუსეთის ჯარის გაგზავნას ითხოვდა.

ამის შემდეგ ეკატერინე მეორეს მთავრობამ გადაწყვიტა იმერეთში ოთხასკაციანი სამხედრო რაზმისა და ზარბაზნების გამოგზავნა, ხოლო საგარეო საქმეთა კოლეგიამ თავისი ოფიციალური წარმომადგენლის, თავად ანტონ მოურავოვის გამოგზავნა, რომელიც ვახტანგ მეექვსის დროს რუსეთში გადასახლებული თარხანმოურავების შთამომავალი იყო.

1769 წლის აგვისტოში ყიზლარიდან და მოზდოკიდან საქართველოსკენ გამოემართნენ სპეციალურად შერჩეული სამხედრო ნაწილები 480 კაცის შემადგენლობით. აგვისტოს დამლევს ასკაციანი ავანგარდი, ტოტლებენის მეთაურობით, დარიალის გზით აღმოსავლეთ საქართველოში შემოვიდა. გენერალმა დაუყოვნებლივ აცნობა ერეკლე მეორეს თავისი ჩამოსვლა, რუსეთის ჯარის გავლის ნებართვა ითხოვა და პირისპირ შეხვედრა შესთავაზა.

1769 წლის 29 აგვისტოს სოფელ ხოდასთან ერეკლე ტოტლებენს შეხვდა. მოლაპარაკების დროს ერეკლემ თურქეთთან ომში მონაწილეობასა და სოლომონ პირველისთვის დახმარებაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ იმ პირობით, თუ რუსეთის მთავრობა ხუთიათასიან დამხმარე ჯარს გამოუგზავნიდა. უკიდურეს შემთხვევაში, თუ დაზამთრებამდე გაჭირდებოდა ამ ჯარის მთლიანად გამოგზავნა, 1500 ჯარისკაცი მაინც უნდა ჩამოსულიყო. ამასთან ერთად, ქართლ-კახეთის მეფე საარტილერიო საქმისა და სასარგებლო წიაღისეულის ამოღების ორგანიზაციისთვის სათანადო სპეციალისტებს მოითხოვდა. ტოტლებენმა ერეკლე დააიმედა, რომ დაზამთრებამდე 1500 ჯარისკაცს მიიღებდა, დანარჩენ საკითხებზე კი რუსეთის მთავრობასთან შუამდგომლობას შეჰპირდა.

ეკატერინე მეორე თურქეთის წინააღმდეგ ომში ერეკლეს მონაწილეობით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო. რადგანაც კავკასიის ფრონტზე სოლომონ პირველის ძალები საკმარისი არ იქნებოდა, 1769 წლის 22 ოქტომბერს ეკატერინემ განკარგულება გასცა, რომ საქართველოში რუსეთის 3700 მეომარი გამოეგზავნათ.

26 სექტემბერს ტოტლებენი თავისი რაზმით იმერეთის საზღვრებს მოადგა, სადაც მას სოლომონი შეხვდა. 3 ოქტომბერს იმერეთისა და რუსეთის ჯარებმა შორაპნის ციხეს ალყა შემოარტყეს. ამ დროს სოლომონ პირველმა იმერეთში თურქების შემოჭრის ცნობა მიიღო. მეფე იძულებული გახდა, მათ განსადევნად წასულიყო, შორაპანთან ტოტლებენი დარჩა.

ოქტომბრის ბოლოს ტოტლებენის რაზმი ცხინვალში გაჩერდა: მან აუცილებლად ჩათვალა დამხმარე ჯარის მოყვანის თაობაზე თავისი დანაპირების შესრულება და მოზდოკს გაემგზავრა. მალე იქიდან საქართველოში დაბრუნდა ჯარის დამატებითი ნაწილით.

1770 წლის თებერვალში საქართველოში მყოფი რუსეთის ჯარი უკვე 1228 კაცს ითვლიდან. 30 აპრილისთვის კი, როცა მოზდოკიდან საქართველოსკენ დაიძრა სპეციალურად გამოყოფილი ტომსკის პოლკი, მასში 2093 კაცი ირიცხებოდა.

ერეკლე მეორე დარწმუნდა, რომ ეკატერინე მართლაც გზავნიდა საქართველოში ჯარს და თურქეთის წინააღმდეგ ომში ჩაება. მისი გეგმით, გაერთიანებულ ძალებს უნდა დაერტყათ თურქთა ძირითადი დასაყრდენისთვის _ ახალციხისთვის, შემდეგ მოესპოთ თურქთა მცირე გარნიზონები იმერეთში.

ტოტლებენმა, როგორც ჩანს, ეს გეგმა მიიღო.

14 აპრილს ქართველთა და რუსთა გაერთიანებული ლაშქარი სადგერში (ამჟამად ბორჯომის რაიონის სოფელი _ რედ.) იდგა. ტოტლებენმა ერეკლეს შესთავაზა სადგერის ციხეში ჯარის ერთი ნაწილის დატოვება, ხოლო დანარჩენით ლაშქრობის გაგრძელება. ერეკლემ გზა განაგრძო ახალციხისკენ, მას სურდა, პირდაპირ ახალციხეზე გაელაშქრა და მოულოდნელად აეღო იგი, ხოლო გზად არსებული აწყურის ციხისთვის გვერდი აევლო. მეფეს მიაჩნდა, რომ ახალციხის აღების შემთხვევაში აწყურის დამცველები ისედაც დაყრიდნენ იარაღს, რადგან ახალციხიდან მაშველის იმედი აღარ ექნებოდათ (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერეკლემ მაშინ სწორად გათვალა, ეს გამომჟღავნდა 1828 წლის აგვისტოში, როდესაც პასკევიჩმა ახალციხე აიღო, აწყურის დამცველები მეორე დღესვე დანებდნენ). ევროპულ სამხედრო სკოლა გამოვლილმა ტოტლებენმა ერეკლეს შეთავაზება იუარა, მას შეუძლებლად მიაჩნდა, ზურგში დაეტოვებინა ციხე, რომელსაც ოსმალები აკონტროლებნენ. ერეკლე ბოლოს დათანხმდა გრაფს და 17 აპრილს ქართველებისა და რუსების ლაშქარი აწყურს მიადგა. 19 აპრილს ციხის დამცველებს ახალციხიდან გამოგზავნილი ოსმალებისა და ლეკების ჯარი მიეშველა. საფრთხე უკვე მოალყეებს ემუქრებოდა. შეშინებულმა ტოტლებენმა თავისი 1200-კაციანი არმია უკან გააბრუნა, ქართლში.

დასასრული შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here