Home რუბრიკები სამართალი პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის წიგნის დაბეჭდვაზე სტამბებმა უარი თქვეს

პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის წიგნის დაბეჭდვაზე სტამბებმა უარი თქვეს

1421

ეკა ჯიხვაშვილი: მერაბის ჩხრეკა-დაკავება-გასამართლებაში უამრავი დარღვევაა, რასაც, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო გაითვალისწინებს

ცოტა ხნის წინათ „ლიტერატურულ კაფეში“ მერაბ რატიშვილის ისტორიულ-პოლიტიკური რომანის _ „ჯუღას“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს პრეზენტაცია განსხვავებული, ალბათ, იმით იყო, რომ მას ავტორი ვერ დაესწრო. მერაბ რატიშვილი პოლიტპატიმარია და წიგნიც ციხეში დაწერა.

ეკონომისტი, ფინანსისტი, საერთაშორისო სამართლის იურისტი და პოლიტოლოგი მერაბ რატიშვილი წლების განმავლობაში ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროში. მუშაობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, დსთ-ის აღმასრულებელ სამდივნოში. 1999 წლიდან იყო “ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის” პრეზიდენტი. 2004 წელს ხელისუფლების თხოვნითა და ინიციატივით დაბრუნდა საცხოვრებლად საქართველოში. დააარსა საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაცია. არის რამდენიმე ეკონომიკური პროექტის ავტორი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას.
მერაბ რატიშვილი ერთ დროს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი გახლდათ და ქვეყნის მესაჭეთა კეთილგანწყობითაც სარგებლობდა, მაგრამ  ამქვეყნად მუდმივი არაფერია და მათ შორის, _ არც “სამეფო კარის” კეთილგანწყობა. 2007 წლის 26 ოქტომბერს მერაბ რატიშვილი ნარკოტიკების შენახვა-გასაღება-მოხმარებისთვის დააპატიმრეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამჟამად ის რუსთავის #6 საპყრობილეში იმყოფება.

მერაბ რატიშვილის საქმეში დღემდე ბევრი ბუნდოვანი სამხილია, რომლის გარკვევა და დაზუსტება სასამართლოს არც რატიშვილის გასამართლების დროს უცდია და არც მას შემდეგ.

ახალი წიგნის თაობაზე და, საერთოდ, უასამართლოდ დაპატიმრებული ადამიანის ოჯახის წევრების ცხოვრებაზე მერაბ რატიშვილის მეუღლე, ეკა ჯიხვაშვილი გვესაუბრება.

_ ქალბატონო ეკა, აპრილის ბოლოს თქვენი მეუღლის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. რამდენად ადვილი იყო მისი გამოცემა და რაზეა იგი?

_ წიგნის დაწერას მერაბმა უფრო ცოტა დრო მოანდომა, ვიდრე ჩვენ _ მის გამოცემას. რამდენიმე გამომცემლობამ დაბეჭდვაზე უარი გვითხრა ავტორის გამო, რამდენიმემ კი _ შინაარსის გაცნობის შემდეგ. ბოლოს ერთი ღვთისნიერი ადამიანი გამოჩნდა და შევძელით წიგნის გამოცემა.

რაც შეეხება წიგნის შინაარს: ბევრს ეგონა, რომ მერაბ რატიშვილის წიგნი ციხის ცხოვრებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არაა. “ჯუღა” მძაფრსიუჟეტიანი, ისტორიულ-პოლიტიკური რომანია. რომანში ასახული მოვლენები საქართველოში, მოსკოვსა და შვეიცარიაში ვითარდება.

რომანს ორი მთავარი მოქმედი გმირი ჰყავს – ალექსანდრე ჯუღა, სტალინის უკანონო შვილი, საიდუმლოებით მოცული გენერალი, რომელიც რუსეთიდან იძულებით შვეიცარიაში გადადის და მსოფლიო მართვის სადავეებს აკონტროლებს, და ილია, ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც თავგადასავლებისა და საიდუმლოებების ამოხსნის ძიებაშია. “ჯუღა” უკვე იყიდება წიგნის მაღაზიებში. მალე ის რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა და საზღვარგარეთაც გაიყიდება.

_ რა ეტაპზეა დღეს თქვენი მეუღლის საქმე, განაგრძობთ თუ არა ბრძოლას მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად?

_ საქართველოში ბრძოლას უკვე მოვრჩით. არც ერთმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის დეტალები, რომელთა ნიადაგზეც შეიძლებოდა მერაბის უდანაშაულობის დამტკიცება. ახლა სტრასბურგის სასამართლოში გვაქვს გაგზავნილი ეს საქმე. მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმის განხილვას დაიწყებს. ამ ეტაპზე რეგისტრაციის ნომრით განსაზღვრულ რიგს ველოდებით.

არაერთხელ მივმართეთ საერთაშორისო სამართალდამცავ და უფლებადამცველ ორგანიზაციებს. ვფიქრობ, სწორედ ამის შედეგია ის, რომ 18 აპრილს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა საკუთარი ინიციატივით მოინახულა მერაბი საპატიმროში, რისთვისაც პირადად შევხვდი და მადლობაც გადავუხადე. მანამდე ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა, ბატონი ჰამარბერგი ქართულ ციხეში პატიმრების სანახავად არ დადის.  საუბარი ჰქონდათ ყველა იმ საკითხზე, რაც მერაბის დაპატიმრებას უკავშირდება – მიზეზებზე, დაკავების პროცესში თუ სამართალწარმოების დროს არსებულ დარღვევებზე. ვერ ვიტყვი, რომ მისი შესვლის შემდეგ მერაბს კარს გაუღებენ და გარეთ გამოუშვებენ, მაგრამ გაგრძელდება მოთხოვნა მერაბ რატიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

საკმაოდ კრიტიკული იყო ბატონი ჰამარბერგის შეფასებებიც, რომ საქართველოში არის შერჩევითი მართლმსაჯულება, კორუფცია მაღალ ეშელონებში, გამოუძიებელი დანაშაულები. ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილ სიტყვებად. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ხელისუფლებამ,  თავად საზოგადოებამ უნდა გაიაზროს. უნდა მიხვდეს ყველა, თუ როგორ რეალობაში გვიწევს ცხოვრება.

_ განაჩენი თქვენს მეუღლეს ნარკოტიკების შენახვა-გასაღებისა და მოხმარებისთვის გამოუტანეს, ასევე ბრალად დებდნენ ჯაშუშობასაც. სინამდვილეში რისთვის დააპატიმრეს?

_ ვფიქრობ, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ 2007 წლის ოქტომბერში, თბილისში დაწყებული აქციების დროს, მერაბი ფინანსურად ეხმარებოდა ოპოზიციას. ამ ხელისუფლებამ მერაბი გაწირა. მაგრამ მარტო ის არ არის უკანონოდ ციხეში. სხვებიც დააპატიმრეს იმის გამო, რომ ხელისუფლებას არ ეთანხმებოდნენ. გარკვეულწილად ისიც მაძლევს ძალას, რომ ამ მდგომარეობაში მარტო არ ვარ.

მერაბის ნარკოტიკებთან კავშირი აბსურდია. ის პიჯაკი, რომელშიც 8 გრამი მეტადონი “აღმოაჩინეს”, ნახევარი საათის ადრე თავად დავაუთოვე. გარდა ამისა, ვიცოდით, რომ მერაბს და ჩვენს ოჯახს უთვალთვალებდნენ. ველოდით იმასაც, რომ, შესაძლოა, სახლის გაჩხრეკა მოეთხოვათ. როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელიც ელოდება, რომ გაჩხრეკენ, და რომელმაც იცის, რომ გამუდმებით უთვალთვალებენ, ნარკოტიკებს და შპრიცს შეინახავდა მანქანაში ან სახლში?!

საქმეს ისე “კერავენ”, რომ დიდი ძალისხმევა არ სჭირდება მათ მიერ განხორციელებლი დარღვევების დანახვას. არ ვიცი, ეს მათი არაპროფესიონალიზმის ბრალია თუ “გაგვდის და ვაკეთებთ” დევიზის შედეგი. ფაქტია, რომ მერაბის ჩხრეკა-დაკავება-გასამართლებაში უამრავი დარღვევაა, რასაც, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო გაითვალისწინებს.

_ თქვენს მეუღლეზე საპატიმროში ხომ არ ხორციელდებოდა ზეწოლა?

_ თავიდან, რა თქმა უნდა, დიდი ზეწოლა იყო. მერაბისგან ითხოვდნენ აღიარებით ჩვენებას, გათავისუფლების სანაცვლოდ _ ჯაშუშური ქსელის დასახელებას, ოპოზიციონერების “ჩაშვებას”. 11-ჯერ გამოუცვალეს საკანი. ხან სად გადაჰყავდათ, ხან _ სად. ყველა ციხე მოატარეს. თავდაპირველად ორთაჭალის მე-5 საპყრობილეში ჩასვეს, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დანგრეული. შეიყვანეს საკანში, სადაც 20 ნარი იდგა და 120 პატიმარი იყო. გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ. მერაბი იყო ბოლო პატიმარი, ვინც მე-5 საპყრობილიდან გამოიყვანეს. ციხეს ანგრევდენ. პატიმრები გადაყვანილი ჰყავდათ, მერაბს კი იქ ტოვებდნენ. ვიცი, რომ მე ყველაფერს არ მეუბნებოდა, რომ არ მენერვიულა. მერაბი ძლიერი პიროვნებაა და ამ ყველაფერს გაუძლო. ვერ აღიარებდა იმ დანაშაულს, რაც მას არ ჩაუდენია, და ვერც ვერავის დაადებდა ხელს, რადგან არანარი ჯაშუშური ქსელის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია.

_ თქვენმა მეუღლემ დაპატიმრებამდე გოლფის ასოციაცია ჩამოაყალიბა. მისი პრეზიდენტიც თავად იყო. რამდენადაც ვიცი, საქართველოში გოლფის განვითარების სერიოზული გეგმები ჰქონდა, რა ბედი ეწია ამ საქმეს?

_ მერაბის დაპატიმრების შემდეგ მიწა, რომელზეც გოლფის ინფრასტრუქტურის განვითარებას აპირებდა, ჩამოგვართვეს. 50 ჰექტარი მიწა იმ მიზეზით დაგვიყადაღა სახელმწიფომ, რომ იმ ადამიანს, ვისგანაც ჩვენ ეს მიწა 40 წლის ვადით იჯარით ავიღეთ, თავის დროზე სახელმწიფოსგან არაკანონიერად ჰქონდა გაფორმებული. ამ საქმეზეც სტრასბურგში გვაქვს გაგზავნილი სარჩელი.

როდესაც მერაბი დააპატიმრეს, უთხრეს, ამდენი ხანია, წვალობ და გოლფის კლუბის გაკეთებას თავი ვერ მოაბი, დაადე ამა და ამ ოპოზიციონერს ხელი, რომ რუსეთის ჯაშუშია და ერთ წელიწადში გოლფის კლუბი გექნებაო. ამ შემთხვევაში რამდენიმე ათეულ მილიონზე იყო ლაპარაკი, რადგან მერაბს ამ მიწაზე მხოლოდ მოედნის კი არა, ინფრასტრუქტურის, სასტუმროსა და კოტეჯების აშენება ჰქონდა განზრახული. მერაბი, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებდა და, რაც ჰქონდა, ისიც ჩამოართვეს. ვერაფრით რომ ვერ გატეხეს, შური ამით იძიეს.

_ თქვენს მეუღლეს საერთაშორისო ორგანიზაციები ოფიციალურად თუ აღიარებენ პოლიტპატიმრად?

_ მერაბი პოლიტპატიმრად რამდენიმე საანგარიშო მოხსენებასა და დასკვნაშია დასახელებული: კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 და 2010 წლების საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშებში; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) მიერ 2009 წელს შემუშავებულ დასკვნაში; სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშში; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში; 2009 წლის 23 იანვარს ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ დამტკიცებულ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დასკვნაში.

ესაუბრა თეო ტაბატაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here