Home რუბრიკები სამართალი იარაღის კონტრაბანდის ახალი დეტალები

იარაღის კონტრაბანდის ახალი დეტალები

771

რამდენიმე წელია, აქტიურად საუბრობენ საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობაზე იარაღით ვაჭრობაში – საერთაშორისო კონტრაბანდაში, რომლის კრიმინალური საფუძვლებიც არამარტო ქართველი სპეციალისტების, არამედ საზღვარგარეთის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროშიც მოექცა. არაერთხელ დასახელდა საქართველოსთან ერთად ამ კონტრაბანდაში მონაწილე ქვეყნები – ისრაელი, უკრაინა, იორდანია და ა. შ. ასევე ასახელებდნენ კონკრეტულ გვარებსაც, თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია ერთმანეთს პირველობას “ეცილებოდნენ” და ეს არავის უკვირდა, სახელისუფლო ვერტიკალში მათი მდგომარეობისა თუ გავლენის გამო. “საქართველო და მსოფლიო” ყურადღებით ადევნებდა თვალს მათ “კონტრაბანდისტულ ვნებებს”. ამ ინტერესის ერთ-ერთი გამოვლინებაა დღევანდელი პუბლიკაცია. გთავაზობთ საგაზეთო ვარიანტს გადაცემისა, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა “სპეციალური რეპორტაჟის” სახით შესთავაზეს ტელეკომპანია “მაესტროს” მაყურებელს. მომავალშიც განვაგრძობთ ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული მასალების პუბლიკაციას, რათა ჩვენი გაზეთის მკითხველს კიდევ უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სახით ვისთან, რა ხალხთან გვაქვს საქმე.

ტელეკომპანია “მაესტროს” ხელში ჩაუვარდა საქართველოს უშიშროების სამინისტროში იარაღით უკანონოდ ვაჭრობის შესახებ წარმოებული საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. გთავაზობთ ამ დოკუმენტისა და მასში  მოყვანილი ფაქტების უკომენტარო კონსტატაციას.

სპეცსამსახურის ოპერატიული თანამშრომელი მოხსენებაში წერს:

“ზემოაღნიშნულ სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ისლამოვთან პირადი კონტაქტის დამყარების შესახებ, რომელიც განხორციელდა მიმდინარე წლის 18 აპრილს”.

რა სიტუაციაში უნდა გარკვეულიყო საქართველოს უშიშროება და ვინ არის ისლამოვი?

ალექსანდრე რაულის ძე ისლამოვს ეკუთვნოდა გვინეის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანია “პეგოს კომპანიონი ვიტელი”. ამ უკანასკნელმა რამდენიმე წლის წინათ გააფორმა ხელშეკრულება ქართულ მხარესთან ვადაგასული და მიზნობრივად გამოუყენებელი სამხედრო ტექნიკის შეძენის თაობაზე.

საქართველოდან გაიტანეს 1 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის ტრანსპორტირება უკრაინის ავიაკომპანიის მეშვეობით ქალაქ ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ტვირთი, რომელიც საქართველოდან საჰაერო და საზღვაო გზით გავიდა, გვინეის რესპუბლიკის ქალაქ კონგაში ჩაიტანეს, სადაც რეგისტრირებულია ფირმა “პეგოს” კომპანია “ნავტე”.

ვიქტორ ბუტი – მაესტროს “სპეციალური რეპორტაჟის” მაყურებლისთვის უკვე ნაცნობი იარაღის ბიზნესის ყველაზე ცნობილი მესვეური, ზედმეტ სახელად “სიკვდილით მოვაჭრე”, ჰოლივუდის ცნობილი ფილმის გმირი, რომლის კლიენტებს შორის “ალ-ქაიდაც” კი სახელდებოდა; მოკლედ პირი, რომელიც მსოფლიოს იატაკქვეშეთს იარაღით ამარაგებდა.

ალექსანდრე ისლამოვი, სლოვაკური გამოცემის მიხედვით, სახელდება ბუტის შემდეგ ერთ-ერთ უმსხვილეს იარაღით მოვაჭრედ, რომელიც საბრძოლო ტექნიკით ლიბერიას ამარაგებდა; უკვე ნახსენები ვიქტორ ბუტი კი ისლამოვის კომპანიას იარაღის გადაზიდვის მომსახურეობას უწევდა. “კრიმინალნაია უკრაინა” წერს, რომ ალექსანდრე ისლამოვმა ყირგიზეთის თავდაცვის სამინიტროს ვერტმფრენები ისე შეიძინა, თავად ყირგიზეთის მთავრობას ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. საბრძოლო ტექნიკა ლიბერიაში “ილ-76” ტიპის თვითმფრინავით უნდა გადაეტანათ, რომელიც, უკრაინული წყაროს გადმოცემით, ასევე, ვიქტორ ბუტს ეკუთვნოდა.

რამდენიმე უცხოური მედიასაშუალება, თავის მხრივ, ეყრდნობა  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს დასკვნას, რომელშიც ალექსანდრე ისლამოვი აფრიკის ქვეყნების იარაღით მომარაგებაში ვიქტორ ბუტთან ერთად არის ბრალდებული. ისლამოვის კომპანია, გაეროს უშიშროების საბჭოს დასკვნის მიხედვით, იარაღით ვაჭრობის ბიზნესქსელის ერთ-ერთ ძირითად რგოლად არის დასახელებული.

იარაღით ვაჭრობის საქმიან წრეში მოღვაწე ალექსანდრე ისლამოვს საქართველოში ტვირთების გადამზიდავი ავიაკომპანია აღმოაჩნდა. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე კომპანია “ეარ კარგო ჯორჯიას” აქვს საკუთარი საიდენტიფიკაციო ნომერი და მითითებულია, რომ ფირმა  რეგისტრირებულია 2002 წლის 19 სექტემბერს. მაგრამ ეს ერთადერთი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რითიც ამ კომპანიის არსებობა დასტურდება. დანარჩენს სპეცსამსახურის ოპერმუშაკის მოხსენებიდან ვგებულობთ, რომელსაც, ჩვენივე წყაროს ცნობით, ისლამოვის ე. წ. ვერბოვკა ჰქონდა დავალებული.

მოხსენებაში წერია:

“ავიაკომპანია შპს “ეარ კარგო ჯორჯია” ისანი-სამგონის რაიონის სასამართლოშია რეგისტრირებული. აღნიშნული კომპანიის წესდების მიხედვით, მას აქვს უფლება, განახორციელოს ყველა სახის საავიაციო მომსახურება; მათ შორის, საშიში და სპეცტვირთების საავიაციო და საჰაერო გადაზიდვები; ასევე მასთან დაკავშირებული ყველა სახის მომსახურების უზრუნველყოფა. აღნიშნული ქმედების განხორციელება შეუძლია როგორც საკუთარი სახელით, ასევე – შუამავლის მეშვეობით. წესდების მიხედვით, მომსახურეობის არეალი შეზღუდული არ არის.

შპს “ეარ კარგო ჯორჯიას” დამფუძნებელი პარტნიორები არიან:

შპს “გამა ცენტრი” – 20%-ის მფლობელი;

შპს “ნავტე” – 16%;

შპს “აგრა ტექნოლოჯი” – 49%;

გ. გაბადაძე – 7%;

პ. ჩიტიაშვილი – 5%;

ვ. ნაყოფია – 3%”.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული სია უშიშროების თანამშრომელს ისლამოვმა თავად წარუდგინა. ალექსანდრე ისლამოვის განცხადებით, ექსპლუატაციის მოწმობის მიღებისთანავე იგი “ილ-76” ტიპის თვითმფრინავების შესყიდვასა და აღნიშნულ თვითმფრინავებზე საფრენად ქართული ეკიპაჟების გადამზადებას გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ ტაილანდში რამდენიმე თვის წინათ 40 ტონა იარაღით დაკავებული საქართველოში რეგისტრირებული თვითმფრინავი სწორედ “ილ-76” ტიპის იყო.

2002 წელს ისლამოვის დარეგისტრირებული “ეარ კარგო ჯორჯიას” კვალს, საჯარო რეესტრის გარდა, ვერსად მივაკვლიეთ; თუმცა ცნობილი “ილ-76”  “კარგო ეარვეისის”, ასევე “ეარკარგოს” ვარიანტებში სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის საიტზე მრავლად გვხვდება; განსაკუთრებით, – რუსეთ-საქართველოს ომის დროს.

ინფორმაცია 2008 წლიდან უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველებზე გაცემული არარეგულარული კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვების გაცემის თაობაზე:

ავიაკომპანია “კალ კარგო ეარვეისი”: რეგისტრაციის სახელმწიფო – ისრაელი; საჰაერო ხაზის დასახელება – ნიუ-იორკი-ლიეჟე-თბილისი-ლიეჟე; ნებართვის სახე – არარეგულარული სატვირთო; ნებართვის გაცემის თარიღი – 18 ივნისი, 2008 წელი; საჰაერო ხომალდის ტიპი – “ბოინგ-747”;

ავიაკომპანია “იორდან ინტერნეიშენელ ეარკარგო”: რეგისტრაციის სახელმწიფო – იორდანია; საჰაერო ხაზის დასახელება – ომანი-თბილისი-ომანი; ნებართვის სახე – არარეგულარული სატვირთო; ნებართვის გაცემის თარიღი – 28 ივლისი, 2008 წელი; საჰაერო ხომალდის ტიპი – “ილ-76”.

ავიაკომპანია “იორდან ინტერნეიშენელ ეარკარგო”: რეგისტრაციის სახელმწიფო – იორდანია; საჰაერო ხაზის დასახელება – ომანი-თბილისი-ომანი; ნებართვის სახე – არარეგულარული სატვირთო; ნებართვის გაცემის თარიღი – 4 აგვისტო, 2008 წელი; საჰაერო ხომალდის ტიპი – “ილ-76”.

ზუსტად ერთი კვირის წინათ “სპეციალურ რეპორტაჟში” იორდანიაც და ისრაელიც საქართველოს გავლით იარაღის უკანონოდ კონტრაბანდის კონტექსტში იყვნენ მოხსენიებულნი. ისლამოვის დოკუმენტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, მას დაგეგმილი აქვს შუამავლის მეშვეობით საბრძოლო ტექნიკის ერაყში გადატანა.

იარაღით მოვაჭრე, ასევე, ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმებული აქვს უგანდის ხელისუფლებასთან და გადაზიდვა მისი კუთვნილი “ეარ კარგო ჯორჯიას” მეშვეობით “ილ-76”-ით უნდა განხორციელდეს.

მოხსენების შემდეგ ნაწილში ამავე სცენაზე უკვე ქართველი მილიონერი, “თბილავიამშენის” გენერალური დირექტორი პანტიკო თორდია შემოდის:

“ა. ისლამოვმა გამოკვეთა მისი ახლო ურთიერთობა “თბილავიამშენის” გენერალურ დირექტორთან – პანტიკო თორდიასთან. მისი განმარტებით, ამ უკანასკნელთან არაერთხელ ჰქონდა საუბარი კომერციულ თემაზე, რომელიც შეეხებოდა “თბილავიამშენის” ნაწარმის – საბრძოლო თვითმფრინავებისა და მათი მარაგნაწილების რეალიზაციას აფრიკის განვითარებად ქვეყნებში”.

მაგრამ მალევე ისლამოვის გადაზიდვები შეფერხდა. იარაღით მოვაჭრე, დოკუმენტის მიხედვით, სირთულეების შექმნაში პანტიკო თორდიას სდებს ბრალს. ისლამოვის თქმით, ქართველმა მილიონერმა თორდიამ მოახერხა სამთავრობო დონეზე გარიგების ჩაშლა, რადგან აღნიშნული ტვირთების გადაზიდვა თავად სურს.

პანტიკო, იგივე ვაჟა, თორდია დაიბადა 1935 წლის 22 იანვარს. მისი შრომითი კარიერა 1959 წლიდან იწყება თბილისის საავიაციო ქარხანაში, ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე; 1998-2000 წლამდე იგი საავიაციო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორია; 2000-2002 წლებში კი – უკვე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “თბილავიამშენის” გენერალური დირექტორი; 2002-2006 წლამდე – ამავე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2006 წლიდან დღემდე – სააქციო საზოგადოება “თბილავიამშენის” გენერალური დირექტორი; მისი ქონება 250 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

თორდიამ სატელეფონო და სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა დაგვიდასტურა, რომ ისლამოვს იცნობს; არ უარყო, ასევე, მეგობრობა სააკაშვილის ბიძასთან – თემურ ალასანიასთან, რომლის სახელმაც იარაღის ბიზნესთან დაკავშირებით არაერთხელ გაიჟღერა.

პანტიკო თორდიამ არ დაადასტურა ისლამოვის არც ერთი განცხადება და თქვა, რომ ისლამოვი ტყუის. თავად ისლამოვი კი აღნიშნავს, რომ მას სპეცსამსახურები დევნიან…

 

“მაესტროს” “სპეციალური რეპორტაჟის” მიხედვით

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here