Home რუბრიკები ეკონომიკა ზოგი რამ პრეზიდენტის ეკონომიკური პროგრამიდან

ზოგი რამ პრეზიდენტის ეკონომიკური პროგრამიდან

797

როცა პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი საქართველოს მოქალაქე ზღაპრის ენაზე დაიწყებს საუბარს, გინდა, არ გინდა, შენც იმ ფანტასტიკურ სამყაროსკენ გაგიწევს გული, სადაც თაფლის მდინარეები მდორედ მიედინება და გაჭირვებული კაცი, როგორც წესი, მდიდრდება სასწაულებრივად. წაიკითხეთ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა (2007 წლის დეკემბერი) «საქართველო სიღარიბის გარეშე» და დამერწმუნებით, რომ მართალს ვამბობ. შაჰრაზადას არაბული ზღაპრები! ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში «ათას ერთ ღამედ» ასხმული, შავი გიშერის დაბინდული საიდუმლოებითა და სახალხო მთქმელთა გენიით გაბრწყინებული. მონტესკიე, დიკენსი, პუშკინი და სიტყვის სხვა დიდოსტატები მოუნუსხავს შაჰრაზადას სწორუპოვარ თხრობას.

 

სააკაშვილისა გაგკვირვებიათ?

თუმცა რა ვიცი, როცა კაცი გაწყვეტილი ყელსაბამის მძივებივით დააბნევს მშობლიური ენის ასეთ მარგალიტებს, შეიძლება, ეჭვიც კი შეგეპაროს – რა შაჰრაზადა, რის შაჰნამე?!

დგას სააკაშვილი «რუსთაველზე დაყუდებული პოლიტიკოსებივით» (მისი მიგნებაა) სოფელ ნოსირში დაფნის ფოთლის საშრობი საამქროს საზეიმო გახსნაზე მიწვეულთა შორის და, როცა ჰგონია, რომ ცინიზმის დოლაბებში ატარებს მოწინააღმდეგეს, ვისაც მისი მთავრობის არაკორუმპირებულობაში ეჭვი ეპარება, შაჰსეი-ვახსეი გამოსდის.

აბა, ნახეთ:

«ჩვენ ვართ, კორუმპირებულები, რომლებსაც ხელზე არაფერი ეკრობა».

მართალს ამბობს ბატონი სააკაშვილი: როცა მასობრივი კორუფცია ელიტურ კორუფციად ტრანსფორმირდება, ხელისუფლებას არც ხელზე ეკრობა დოლარის ბანკნოტები, არც ტყავის სუნი ასდის.

«…ჩემი მოწოდება იყო, საქართველო კორუფციის გარეშე, – განაცხადა წინასაარჩევნო საპროგრამო სიტყვაში პრეზიდენტობის კანდიდატმა, – 1999 წელს, პარლამენტის არჩევნების დროს ვაკის რაიონში ვიყრიდი კენჭს და ჩემი ლოზუნგი იყო: «საქართველო კორუფციის გარეშე». ამის განხორციელება ბევრს აბსოლუტურ უტოპიად მიაჩნდა».

თვითონ კი მიაჩნია, რომ «აბსოლუტური უტოპია» რეალობად აქცია, რომელიც «აბსოლუტური ვაკუუმივით» უაზრობაა. უტოპია, ვაკუუმი ან არის, ან არ არის; ისეა, როგორც სინდისის ფორმულა.

მიხეილ სააკაშვილის «ათას ერთ ღამეში» არის და მეტიცაა! მაგალითად, დიდი ტელეკომპანიებისა და დიდი ბიზნესის სახით, რომელიც აბსოლუტურად ხელისუფლების ხელშია. დანარჩენი არკვიოს იმან, ვინც ამ ხელისუფლების შემდეგ მოვა და დაიწყებს ბიზნესის გადანაწილებას.

მოვა კი?

«თუ ფეხი გადაგვიბრუნდა, ანუ თუ შეცდება ელექტორატი და სხვა პრეზიდენტს აირჩევს, – ამბობს სააკაშვილი, – საქართველო დასამარდება საუკუნეების განმავლობაში».

კი, ზუსტად ასეა.

ამიტომ «ნურას უკაცრავად» და, ვისაც ტვინი გადაუბრუნდება, იმას «ულმობლად დავემშვიდობებით».

სწორედ რომ ულმობლად! «ლმობიერი დამშვიდობება» იხილეთ ქართული განმარტებითი ლექსიკონის მომავალ გამოცემაში. იქვე შეიტანენ, სათანადო კომენტარით, «არხელმოწერას», «ხმების აგროვებას», «გატირაჟებას» და, როგორც ქართული ეკონომიკის თავმდაბლობის ნიმუშს, კერძოდ, მევენახეობის განვითარების საქმეში, – «კახეთში წავედით და ყველამ ერთად დავამუშავეთ ვენახები».

შრომითი სემესტრი ჩაუტარებია მთავრობას ზაფხულში.

ვენახები დაამუშავეს!

შაჰრაზადას და შაჰრიარის არც თუ «სევდიანი რომანის» ათას ერთიდან პირველი ზღაპარი, ალბათ, ესაა.

მეორე კი…

მეორე ისეთი თავდაჯერებითაა მოყოლილი, ნამდვილი გეგონებათ. 2007 წლის 23 ნოემბერს ნაცმოძრაობის ყრილობაზე, რომელსაც ჩინეთის კომპარტიის ყრილობასავით 15 ათასი დელეგატი ესწრებოდა და რომელიც 7 ნოემბრის ბარბაროსული დარბევებიდან ორი კვირის თავზე გაიმართა, ამ მოძრაობის ლიდერმა განაცხადა: «თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მე დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წელს საქართველო ნატოს წევრობის კანდიდატი გახდება».

«თუ» ზრდილობისთვის იყო ნათქვამი.

ამ «თუმ» დაგვთარსა, თავდაჯერება სრულ იგნორირებად შემოგვიბრუნა: ნატოში საქართველოს მიღებაზე დღეს არავინ ლაპარაკობს, გაქრა ეს ოცნება «ვითა სიზმარი ღამისა».

გაქრა საქართველოს ტერიტორიებივით, რომლებისკენ გზის გახსნას აპირებდა მჩხიბაობით გართული ლიდერი: «მე ხშირად მესიზმრება სოხუმი, მესიზმრება სოხუმის კაფეები, მესიზმრება სახლი ეშერაში… და ხშირად მესიზმრება კოშმარი, რომ მე ჩავდივარ სოხუმში და ვერსად გავდივარ, ყველა გზა დაკეტილია. 5 იანვრის არჩევნებით ჩვენ ან გავხსნით ამ გზას, ან სამუდამოდ დავკეტავთ».

ვადები აერია ცოტა, დრო, თორემ აგვიხდა, თანაც – ცუდად, მიხეილის სიზმარი: არა 5 იანვარს 2008 წლისა, არამედ იმავე ნაკიანი წლის აგვისტოში ჩაგვეკეტა გზები ძველი და ახლადდაკარგული ტერიტორიებისკენ.

ეს უკვე ზღაპარი არ არის, სამწუხარო სინამდვილეა.

კიდევ რას გვეტყვი, დელფოსის ორაკულო, ანუ შაჰრაზადავ?

«…ჩვენი მთავარი ლოზუნგია: «საქართველო სიღარიბის გარეშე». ზოგიერთი ოპონენტი, როგორც ყოველთვის, ნიშნის მოგებით იტყვის, ახლა გაგახსენდა დასაქმება, აქამდე სად იყავიო?! თუ ეს ვინმეს მართლა აინტერესებს, ვეტყვი: სად ვიყავი და, ვაგებდი გზებს, ვაგვარებდი ელექტროენერგიის პრობლემას, რადგან გზისა და დენის გარეშე არანაირი დასაქმება არ არსებობს», – ასე თქვა მიხეილ სააკაშვილმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის დროს.

მუშაობდა კაცი, ოფლს ღვრიდა, წონაში იმატებდა, ლენინივით ისროდა ლოზუნგებს «პლიუს ელექტროფიკაციის» შესახებ, ოღონდ «საბჭოთა ხელისუფლების» გარეშე და… დასაქმების გარეშე, რადგან უმუშევრობა კი არ კლებულობს, მატულობს ისე, როგორც ნაპრალი მდიდრებსა და უპოვართა შორის.

«დასავლეთში სულ უფრო რწმუნდებიან, რომ პროექტი «მიშა» დროა, დაიხუროს, რადგან საქართველოს მმართველი «დასავლეთელი მფარველებისთვის ერთგვარ პროვინციელ ალკოჰოლიკ ბიძაშვილად იქცა, რომელსაც ვერ მიაგდებ (მაინც ნათესავია), მაგრამ ასეთი ნათესავის ყოლა, სირცხვილია. სააკაშვილის მოქმედება დასავლეთის ავტორიტეტს ძირს უთხრის – ეს სულ უფრო აშკარა ხდება», – წერს უცხოეთის პრესა.

წეროს, რა!

მიხეილ სააკაშვილი სხვაგვარად ფიქრობს: «…საკუთარი ნებით იგი თავის პოსტს არასოდეს დათმობს და ყოველთვის დაიცავს, თუნდაც დიდი სისხლის ფასად».

სისხლი აგვისტოში დაიღვარა. ტრაგიკულ აგვისტომდე მოვლენების განვითარების სცენარზე რომ ლაპარაკობდნენ, უცხოური წყაროები კარგა ხნით ადრე პირდაპირ აღნიშნავდნენ: «აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დიდი სისხლის დაღვრის საშუალება სააკაშვილს მიეცემა. სააკაშვილი დაიწყებს ომს ქართველ ხალხთან თითქოს თავისი პირადი პრობლემების გადასაწყვეტად, ამერიკელებისთვის კი ეს იქნება ერთადერთი საშუალება, შეძვრნენ ამ კონფლიქტურ რეგიონებში მანამდე, სანამ რუსეთი მათ დამოუკიდებლობას ცნობს».

წინასაარჩევნო პერიოდის სააკაშვილი რას გვეუბნებოდა? «მინდა, რომ ყველას, ვისაც დღეს გიჭირთ, ჩემი იმედი გქონდეთ და იცოდეთ, რომ მე გაგიყვანთ სამშვიდობოს».

ასეთი თავდაჯერებით მოსესაც არ უთქვამს ისრაელიანებისთვის. ღმერთმა თქვა: «მე ვარ უფალი, მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა კირთებისგან…» (გამოსვლა, 6,6).

შემთხვევითი არ არის, ბიბლიის ტონით რომ გველაპარაკება სააკაშვილი: «მინდა, რომ ყველას… უპირველეს ყოვლისა, თქვენ, ასეთ ხალხს მოგცეთ იმედი».

პარალელი ძველი აღთქმიდან: «რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალი, საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი» (იერ. 29,11).

ხომ ხედავთ, როგორი მკრეხელობაა!

აი, ასეთ კაცს დაუჯერა ელექტორატმა და ახლა «გამზრდელებსა» და «პროექტის» ავტორებს აბრალებს – თავს მოგვახვიესო.

ახლა ხომ გჯერათ, რომ გაგაცურეს, ხომ თავად დარწმუნდით დიდ ტყუილში?

«ათას ერთი ღამის» მეფე შაჰრიარს უმცროსმა ძმამ შაჰზემანმა ცოლის ღალატის შესახებ რომ აცნობა, იმან, საკუთარი თვალით სანამ არ ნახა, არ ირწმუნა. ირწმუნა და თავებიც დააყრევინა – ცოლსაც და «სიყვარულის იმ ბუდის» ყველა მონაწილეს.

დარწმუნდა და ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც მის საზოგადოებრივ სტატუსსა და მის ეპოქას შეეფერებოდა.

ახლა თქვენ, მეგობარო პენსიონერებო, კარგად მოიქექეთ ჯიბეები და იპოვეთ 100 დოლარის ეკვივალენტური პენსია, რომელსაც წინასაარჩევნოდ დაგპირდათ მიხეილ სააკაშვილი.

ვერ იპოვეთ?

თქვენ მაინც გაიხსენეთ, ახალგაზრდა, მაგრამ ხელმოკლე ოჯახების უფროსებო, როდის მიიღეთ 1000 ლარი შვილის დაბადებისთანავე?

ვერ გაიხსენეთ?

ან, ეგებ, ყველა ოჯახის მეორე შვილის შემდეგ ყოველ შვილზე მოგცეს 1000 ლარი?

არც ეს გახსოვთ?

რაც არ იყო, რას გაიხსენებთ!

ყველას სკლეროზი შეგვეყარა, თუ ნაადრევი «ეკლერი»?

* * *

ვიღაცამ თქვა, წინასაარჩევნო დაპირება ყველას ისე სწრაფად ავიწყდება, როგორც გაზაფხულის ფეხმარდი წვიმაო.

ამიტომ ჩვენი გაზეთი ქართველი ექსპერტების დახმარებით შეეცდება ყალბი დანაპირების სააშკარაოზე გამოტანას, მით უფრო, რომ ამ გაზაფხულის გადაუღებელი წვიმების ანომალია დამკვიდრებული შეხედულების დარღვევისკენ გვიბიძგებს.

მომდევნო პუბლიკაციას შაჰრაზადას პირველი ღამის ზღაპარივით დავიწყებთ: «ჰყვებიან, ო, ბედნიერო ხელმწიფევ, რომ იყო ერთი პრეზიდენტი პრეზიდენტთა შორის და ჰპირდებოდა იგი თავის ხალხს…»

ლაშა გიორგიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here