Home რუბრიკები ეკონომიკა განკულაკებულმა ნოღაიდელმა კულაკი გილაური ჩაუშვა

განკულაკებულმა ნოღაიდელმა კულაკი გილაური ჩაუშვა

1162

პრეზიდენტის განცხადებას, რომ “ენერგო-პროსთან” კონტრაქ­ტი თავის დროზე საკმაოდ ცუდად გაფორმდა, კოლექტიური მრიცხველების გამო სოფლებში დიდი სოციალური უსამართ­ლობა ხდება და მეზობლები ერთმანეთს გადაეკიდნენ, რომ ამ მიმართულებით ვითარება მკვეთრად შესაცვლელია და საქმეში იუსტიციის სამინისტრო და გენერალური პროკურატურა უნდა ჩაერთოს, ნოღაიდელის პასუხიც მოჰყვა. ნოღაიდელმა სააკაშ­ვილს ენერგეტიკის მაშინდელ მინისტრ გილაურზე მიუთითა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილსა და მის გარე­მოცვას ბიზნესებიდან გაპანღურებას დაჰპირდა, ალბათ, ისევე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობს მის გაპანღურე­ბას ბიზნესებიდან.
ლეიბორისტული პარტია დიდი ხანია, საუბრობს, რომ ჩეხური ენერგოკომპანია “ენერგო-პროს” უკან ნოღაიდელი დგას. თუმცა დღემ­დე ნოღაიდელის კომპანია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თითქმის ყველა იმ რე­გიონში, რომელსაც ელექტროენერგიით “ენერგო-პრო” ამარაგებს, ამ კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, ხელისუფლება წარმატებით გადასცემდა მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ჰესებს.

ნოღაიდელს შეიძლება გილაურის “გაფუჭება” უფრო ხელს აძლევდეს, მაგრამ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს მთავრობის ბო­ლო განკარგულება “ენერგო-პროსა” და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრ გეგა მგალობლიშვილის ხელმოწერა ამშვენებს. სამი თვის წინ იმ კომპანიას, რომლის საქმიანობამაც მართლაც უდიდესი რო­ლი ითამაშა მეზობლების ერთმანეთისთვის წაკიდებაში და რომლის გამოც არაერთი მკვლელობა მოხდა, სახელმწიფომ “ორთაჭალჰეს 2007” მიჰყიდა თბილისში. იალბუზის ქუჩაზე მდებარე ჰესის საწესდებო კაპიტალი 1 768 670 ლარია. “ენერგო-პრომ” აუქციონზე იგი 25 250 000 ლარად შეიძინა.

საერთო მრიცხველების დამონტაჟებას ნოღაიდელი ელექტროენერგიის ტარიფის დაწევით ხსნის. მისი განცხადებით, ინდივიდუალუ­რი გამრიცხველიანება ტარიფის ზრდას გამოიწვევდა და ამიტომაც მისი შენარჩუნება ამართლებდა მსგავს გადაწყვეტილებას. თუმცა, ყოფილ პრემიერს ავიწყდება, რომ საერთო მრიცხველების გამო ერთნაირად ბნელში ისხდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ელექტროე­ნერგიის საფასურს კეთილსინდისიერად იხდიდნენ და ისინიც, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებდნენ დავალიანების გადახ­დას. სწორედ ასეთი ფაქტები გახდა არაერთი მკვლელობის თუ სხეულის დაზიანების საბაბი. თუმცა მოსახლეობისთვის ეს ერთადერ­თი პრობლემა არ ყოფილა. სანამ საქმეში პრეზიდენტი ჩაერეოდა, პროკურატურას “ენერგო-პროს” საქმიანობით დაინტერესების მოთხოვნით “ხალხის პარტიის” ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძემ მიმართა. მისი განცხადებით, ენერ­გოკომპანიის მიერ დაზარალებული მოსახლეობის თითოეული ფაქტი უნდა იქნეს გამოძიებული, კომპანიის ხელმძღვანელთა მიმართ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. პროკურატურაში “ენერგო-პროს” წინააღმდეგ 7 ინდივიდუალური და ერთი კოლექტიური წე­რილი შევიდა.

გაცილებით ადრე კი ლეიბორისტებმა ამ საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. პაატა ჯიბლაძის განცხადებით, სოფელ ნო­რიოსა და ნასაგურის მოსახლეობას `ენერგო-პროს~ წარმომადგენლები ელექტროენერგიის გადასახადს დახარჯულზე გაცილებით მეტს ახდევინებენ და მრიცხველების საკუთარი ხარჯებით შეძენას აიძულებენ. მიუხედავად ამ კომპანიის წინააღმდეგ პერმანენტული აქციებისა, “ენერგო-პრომ”, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ დეკემბერში კიდევ ერთი ჰესი შეიძინა. ამ კომპანიის საკუთრება­ში არსებული ჰესების ნუსხაში ეს იყო მეცხრე ჰესი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არაერთი საჩივარი თუ პროტესტის ფორმა ხელისუფლების მხრიდან აქამდე უყურადღებოდ რჩებოდა და გაძარცვულ მოსახლეობას არად აგდებდენ, პრეზიდენტის ეს განცხადე­ბა მეტისმეტად საეჭვოდ გამოიყურება.

ძნელი დასაჯერებელია, რომ “ენერგო-პროს” სააკაშვილის ენერგეტიკისა თუ პრემიერ-მინისტრებმა ისე გადაულოცეს ქონება, რომ აზ­რიც არ უკითხავთ და საქმის კურსშიც არ ჩაუყენებიათ. თანაც, თუ ამას ნოღაიდელის ბრალდებასაც დავუმატებთ, პრეზიდენტმა ყვე­ლაფერი კარგად იცოდა, რადგან პრემიერი მასთან შეუთანხმებლად ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ იღებს და უმჯობესია, მთავრობა იმით დაინტერესდეს, რატომ მისდით საერთო მრიცხველების აბონენტებს ორჯერ მეტი გადასახადი?!. შემთხვევით, მათ გა­რეგანათებისა და სახელმწიფოს ხარჯები ხომ არ ერიცხებათ?.. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ბიზნესით მარტო ნოღაიდელს არ უხეი­რია.

ამჯერად კი გაოპოზიციონერებული ჩინოვნიკის განკულაკების პროცესი მიმდინარეობს. ბოლოს და ბოლოს,  ეს ხელისუფლებისთვის აპრობირებული მეთოდია, მითუმეტეს, რომ პოლიტიკური აქტივობის ასეთ პერიოდში ხელისუფლებას მდიდარი ოპოზიციონერები ხელს სულაც არ აძლევს. ამ პროცესში ძნელად გამოსაცნობი მხოლოდ ისაა, როგორ გაართმევს თავს პროკურატურა პრეზიდენტის და­ვალებას ისე, რომ ნოღაიდელის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, ხოლო “ენერგო-პროსა” და სახელმწიფოს შო­რის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ხელმომწერი სხვა ჩინოვნიკები, მათ შორის, ნოღაიდელის მიერ “ჩაშვებული” პრემიერი გილაუ­რი და ექს-პრემიერი მგალობლიშვილი მშრალად გამოძვრნენ.

მანანა ჭელიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here