Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკო ორველაშვილი: ბიუჯეტის სეკვესტრი გარდაუვალია

ნიკო ორველაშვილი: ბიუჯეტის სეკვესტრი გარდაუვალია

1011

გლობალური კრიზისის გაღრმავებისა და შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ქართულ ეკონომიკაში თანდათან მატულობს ნეგატიური პროცესები. უკვე აშკარაა, რომ წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტი ჩავარდნის საფრთხის წინაშეა. მიზეზად შემცირებული შემოსავლები სახელდება. პოსტრევოლუციური ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტის ხარჯები პირველად აჭარბებს შემოსავლებს. სააკაშვილი ხშირად ტრაბახობდა, რომ შევარდნაძის მმართველობის წლებში დაგეგმილი ბიუჯეტის შეუსრულებლობის პრაქტიკას ბოლო მოეღო, სეკვესტრი ქართული ეკონომიკის ტერმინოლოგიიდან ამოვარდა და ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდებოდა. დაპატიმრებული ჩინოვნიკების მიერ ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა შედიოდა, შემდეგ – სტრატეგიული ობიექტების გაყიდვით, ახლა, როცა დასაჭერი თითქმის აღარავინ და გასაყიდიც არაფერი დარჩა, ბიუჯეტი საერთაშორისო დახმარებებით იკვებება და, როგორც ექსპერტები ამბობენ, მიმდინარე წელს ბიუჯეტის სეკვესტრი გარდაუვალია. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “საქართველო და მსოფლიო” ესაუბრა ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ნიკო ორველაშვილს.
– პოსტრევოლიციურ პერიოდში წელს პირველად ბიუჯეტის ხარჯი შემოსავლებს აჭარბებს, ამ დროისთვის სხვაობა უკვე 64 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ფონზე არსებობს თუ არა ბიუჯეტის ჩავარდნის საფრთხე?
– ზოგადად, ხარჯები უნდა დაიგეგმოს იმის მიხედვით, რა შემოსავალსაც ველოდებით. შემოსავლები კი უნდა განისაზღვროს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობით.
ორიოდე დღის წინათ აღმაშენებელზე გავიარე. მოძრაობის შეფერხების გამო საშუალება მომეცა, დავკვირვებოდი მაღაზიებს, სადაც მყიდველის ხსენება არ იყო. გამყიდველთა რაოდენობაც აშკარად შემცირებულია და ვინც არის, ისინიც კროსვორდების შევსებით ერთობიან. იგივე ხდება ბაზარშიც და ბაზრობაზეც. საქართველოს ეკონომიკამ დიდი ხანია, შეწყვიტა პროდუქციის წარმოება, გამონაკლისი ნაყინია. ჩვენი ეკონომიკა, ძირითადად, გამოიხატა ვაჭრობაში და ამ სფეროში რაც ხდება, უკვე გითხარით.
სავაჭრო ობიექტები შარშან თუ ვაჭრობდა დღეში 2000 ლარს, დღეს ეს მაჩვენებელი 200 ლარამდე დაეცა და ისიც უხარიათ. ეკონომიკა კოლაფსურ  მდგომარეობაშია. სოფლის მეურნეობაც კატასტროფის ზღვარზეა. მიწების 20 პროცენტია მხოლოდ დამუშავებული. ამ ფონზე შემოსავლებს ანგელოზები ფრთების ფარფატით ვერ მოგვიტანენ.  ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ საერთაშორისო დახმარებები დარჩა, ანუ ქვეყანა გადაიქცა მათხოვრად. თუ აღარ მოსწონხარ პარტნიორს, შეგიწყვეტს დახმარებას და მშრალზე დაგტოვებს. თუ მამულს, ბაღ-ვენახს არ უპატრონე და შენი ხელით გაჩეხე, მოსავალს არ უნდა ელოდო. ეს მთავრობა დაახლოებით ასე იქცეოდა, ნელნელა აჩანაგებდა ეკონომიკას და კატასტროფამდეც მივედით.
საღამო  ხანს რომ გაიაროთ თბილისში, რესტორნებთან მანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ არის.  ეს დაახლოებით იმას ჰგავს, სარწყავ რუში მიშვებულ წყალს სათავეს რომ გადაუკეტავ, მაგრამ შუაწელში დინება მაინც არის. ეს კატეგორია 2-3 თვეში იგრძნობს იმას, რაც დღეს უმრავლესობამ იწვნია, რადგან მათი შემოსავლის წყარო იყო სხვა დანარჩენი შემოსავლები. ესენი, ძირითადად, სახელმწიფო პრესტიჟული სტრუქტურების თანამშრომლები არიან, ვინც რეპრესიულ აპარატს აძლიერებს. მათ რიცხვშია პოლიცია, საგადასახადო, ფინანსური პოლიცია და ა.შ. ისინი ჯერჯერობით ბიუჯეტიდან იღებენ თანხებს, ანუ მათთვის ყველაზე ბოლოს დაშრება წყარო. ნაცვლად იმისა, რომ სათავე მოძებნონ და იქ  აღადგინონ წესრიგი, რეპრესიულ წნეხს აძლიერებენ. პირველწყაროზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ბოლო ორი კვირაა, ძალიან გააქტიურდა ფინანსური პოლიცია, შეესია საწარმოებს და ცდილობს ფულის ამოღებას, მაგრამ რაც აღარ არის, რას ამოიღებენ. რომ არა საერთაშორისო დახმარებები, ჩვენი ბიუჯეტი მართლაც დამშრალი ხევივით იქნებოდა.
– მთავრობის ქამრების შემოჭერის პოლიტიკამ რა შედეგი გამოიღო?
– შედეგი იყო ის, რომ ბაიდენი გაოცდა პრეზიდენტის რეზიდენციის ბრწყინვალებით. 800 მილიონი დაიხარჯა მის მშენებლობაზე და ჯერ არ დასრულებულა. ქამრების შემოჭერით ასეთი სასახლეები არ შენდება. პარლამენტში გამოსვლისას ბაიდენმა რამდენჯერმე ახსენა ამერიკის მხრიდან მიღებული მილიარდიანი დახმარება, რაც მიზანმიმართულად და გონივრულად უნდა დახარჯულიყო, მაგრამ ჩვენმა ხელისუფალმა სრასასახლე მოინდომა.
აშშ პრეზიდენტის რეზიდენცია 209 წლის წინათ აშენდა. მას შემდეგ აზრად არავის მოსვლია მისი დანგრევა და ხელახლა აშენება. ის უფრო მოკრძალებულია, ვიდრე ჩვენი ძალად პრეზიდენტის რეზიდენცია. რა გამოვიდა? ამერიკა გვეუბნება, რომ მილიარდი მოგვცა. ის ამას არ ივიწყებს და არც ჩვენ გვაძლევს დავიწყების საშუალებას. ამ ფულით ავაშენეთ ისეთი სასახლე, მათაც რომ არ აქვთ. ის რვაასი მილიონი სოფლის მეურნეობაში რომ ჩაგვედო, მიწების 20 პროცენტი კი არა, 80 პროცენტი დამუშავდებოდა და შემოსავალსაც მივიღებდით. პროდუქტიც ისე ძვირი არ ეღირებოდა, როგორც დღეს არის.
– სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხშირად ტრაბახობდა, რომ ბიუჯეტი სრულდებოდა და ეკონომიკური ლექსიკონიდან ამოღებულ იქნა სეკვესტრი. შეძლებს ხელისუფლება ამ პროცესის თავიდან აცილებას?
– ბიუჯეტის სეკვესტრი გარდაუვალია. განსაკუთრებით, ბრიყვული სვლა ის იყო, რომ ბიუჯეტში შემოსავლების შემცირების მიუხედავად, ბიუჯეტი კიდევ გაიზარდა 300 მილიონით, რა თქმა უნდა, უცხოელების იმედად და იმათ ხარჯზე, მაგრამ ქართული ანადაზაა: “ბრიყვს საჩუქარი უფასო ეგონაო”. ამ საჩუქრის სანაცვლოდ რას მოგვთხოვენ, ეს მაშფოთებს. როგორც კი ხელს დაგვიქნევს ამერიკა, მაშინვე უნდა ვეახლოთ და შევასრულოთ, რასაც გვიბრძანებს, თუნდაც საზარბაზნე ხორცად გამოგვიყენოს. საერთაშორისო დახმარებების ნეგატიური მხარე სწორედ ესაა, რომ ვიღაცის მონა ხდები.
– როცა ბიუჯეტი ჩავარდნის საფრთხის წინაშეა, უნდა გადაიხედოს ხარჯვითი პოლიტიკა და დაფინანსდეს სასიცოცხლო მიმართულებები. რა მიიჩნევა ამ შემთხვევაში პრიორიტეტად?
– როცა სათავეში წყალი შრება, სათავეს უნდა მიხედო და კოკით არ უნდა ასხა წყალი. საერთაშორისო დახმარებები კოკით წყალია ბიუჯეტისთვის. სასიცოცხლო მიმართულება ქვეყნის ეკონომიკისთვის ბიზნესის თავისუფლება და ბიზნესის დახმარებაა. ამ ქვეყანაში კი, თუ რამე დაშინებული და შეზღუდულია, ეს ბიზნესი და ბიზნესმენები არიან. მათ იციან, რომ საქმის წამოწყებას საქართველოში აზრი არ აქვს, რადგან, “ნაციონალების” ენით რომ ვთქვა, “აახევენ” წილს მაინც, მთლიანად საქმეს თუ არა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიზნესმენი მათი ფავორიტია და საქმე წარმატებით მიჰყავს, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ვინმეს რამე არ მოეწონოს, ან ისეთი რამ დაავალონ, რაც ბიზნესმენისთვის მიუღებელია და არ შეასრულოს. ეს უკვე საკმარისია მათ გასაწირად. უნდა განხორციელდეს რეალური ეკონომიკური  რეფორმები და არა რეპრესიული პოლიტიკა, თუმცა  სააკაშვილისთვის ბიუჯეტის განკარგვისას სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებად რეზიდენციების მშენებლობა რჩება. ავლაბრის სასახლე არ ჰყოფნის და ახლა დიდ დიღომში მოისურვა რეზიდენციის აშენება. ეს ხარჯი არ არის?
– როგორც აღნიშნეთ, გააქტიურდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. არსებული კრიზისის ფონზე ხომ არ არის მოსალოდნელი, სახელმწიფომ მეწარმეებს კიდევ უფრო მოუჭიროს მარწუხები?
– სააკაშვილის ფსიქოლოგიურ პორტრეტს თუ გავითვალისწინებთ, მოსალოდნელია, რადგან მას არ უნდა, გაიგოს, რომ მის მიერ გაჩანაგებულ მამულში ნაყოფი აღარ იქნება. საქართველოს პრეზიდენტს არ ესმის, რომ  ხალხს წასართმევი არაფერი დარჩა.  7-8 წლის წინათ იტალიის მაფიას ლოზუნგი ჰქონდა “დაბეგრეთ ყველა, მაგრამ წაართვით ცოტ-ცოტა”.  თუ ერთბაშად წაართმევ ყველაფერს, მას აღარ დარჩება იმდენი, ხვალ რომ კიდევ იშოვოს და წასართმევიც აღარ იქნება. ეს სრულიად გაუგებარია სააკაშვილისთვის. მარწუხებს მოუჭერს, რადგან ცდილობს, ამ ლიმონივით გამოწურულ ქვეყანას იმდენი ფული გამოადინოს, ერთი სასახლე მაინც აიშენოს.
– ქართულ ეკონომიკაში წარმოქმნილ პრობლემებს ხელისუფლება აგვისტოს ომსა და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებდა. მოგვიანებით კი, შემოსავლების შემცირების მიზეზები და ეკონომიკური პრობლემების გამწვავება ოპოზიციის მიერ ხანგრძლივ აქციებს დაუკავშირეს. როგორც ჩანს, ეს პროცესი ამ მიზეზების გარეშეც გარდაუვალი იყო…
– გასულ ექვს წელიწადში ნათესი ფართობების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა, ესეც 2009 წლის 9 აპრილს დაწყებული აქციის შედეგია?! სააკაშვილმა ექვსი წლის წინათ დაიწყო ეკონომიკის გაჩეხვა და შედეგს დღეს ვიმკით. ამ ვითარების დამალვას მთავრობა დიდხანს ცდილობდა, ახლა ეს შეუძლებელია და ვიღაცას უნდა დააბრალოს. პანაცეა აღმოჩნდა ომი, რომელიც რეალურად მძიმე შედეგების მომტანი იყო, მაგრამ ეკონომიკაში ზემოაღნიშნულმა პრობლემებმა ომამდე გაცილებით ადრე იჩინა თავი. ბანკებმა კრედიტების გაცემა გასული წლის გაზაფხულზე შეწყვიტეს. ოპოზიციის აქციებისთვის ეკონომიკური კოლაფსის მიზეზად გამოცხადება აბსურდია და ბრიყვებზე გათვლილი ზღაპარი.
საშინელი შესაძლო ორი სცენარი გველოდება:
პირველი – მშიერი ბუნტი, რაც საქართველოში არასოდეს ყოფილა, მეორე – ეს მშიერი ბუნტი რომ თავიდან აიცილოს პრეზიდენტმა, იმდენს უჩხიკინებს რუსეთს, და თუ ამერიკის ნებაც იქნება, კიდევ ერთ პროვოკაციას მოაწყობს.
ამ ომის მერე რა დარჩება ჩვენი ქვეყნიდან, არ ვიცი. დიდი ალბათობაა, რომ არა თუ დამატებითი ტერიტორიები დავკარგოთ, არამედ შუაზე გაგვხლიჩონ.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამერიკის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს, საქართველო ტორპედოდ გამოიყენოს, მაგრამ გაურკვეველია, რას გვიმზადებს სააკაშვილის გადამკიდეს.
ნანა ლაღაძიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here