Home რუბრიკები პოლიტიკა გამოცხადებული ჯანყის ქრონიკა, ანუ რა მოხდება 21 მაისს?

გამოცხადებული ჯანყის ქრონიკა, ანუ რა მოხდება 21 მაისს?

740

21 მაისს “წარმომადგენლობითი სახალხო კრება” ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს. წილი ნაყარია (როგორც იულიუს კეისარი  იტყოდა), თუმცა, მისივე თქმისა არ იყოს, რუბიკონი გადალახული ჯერაც არ არის. ხოლო გზად რუბიკონამდე, ანუ დროის მონაკვეთში 21 მაისამდე, ბევრი საინტერესო და მოულოდნელი რამ შეიძლება მოხდეს.რას გვიქადის 21 მაისი? უკვე დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში შეიძლება ცრუ მოლოდინი გაჩნდეს, ისევე, როგორც გასული წლის 25 ნო­ემბერს. მაშინ ქუჩაში გამოსული ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ  რადიკალური მოქმედება სწორედ იმ დღეს დაიწყებოდა. არადა, “სახალხო კრების” წარმომადგენლების განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 21 მაისი მხოლოდ დასაწყისია. მაგალითად, ირაკლი ბათიაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროსთან” საუბარში განაცხადა, რომ 21 მაისის თავყრილობა “ერთჯერადი ნამდვილად არ იქნება, ეს იქნება დასაწყისი ძალიან სერიოზული აქციების”. “ახლა ვადებზე  ლაპარაკი მიჭირს,” – დასძინა მან.
თუ აქციები ისეთივე მონოტონური და სტატიკური იქნება, როგორც 2009 წლის გაზაფხულზე, ქუჩაში გასული დემონსტრანტების რაოდენობა, ალბათ, ძალიან მალე შემცირდება, მაგრამ ნინო ბურჯანაძის ად­რინდელი განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ ის არ აპირებს აქციების უსასრულოდ გაგრძელებას. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოდ, რომ პროცესი შედარებით დინამიურად წარიმართება და კულმინაციას ახლო პერსპექტივაში მიაღწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, “სახალხო კრების” ლიდერებს ცრუ იმედების განეიტრალებაზე ზრუნვა მოუწევთ, რომელთა გაღვივებას ხელისუფლება აუცილებლად შეეცდება, როგორც ეს 25 ნოემბერთან (და, სხვათა შორის, 2 მაისთან) დაკავშირებით გააკეთა. სახელისუფლო პროპაგან­და 21 მაისამდე დარჩენილ დღეებში, სავარაუდოდ, ისევე ინტენსიურად იმუშავებს, როგორც დედაქალაქის კანალიზაციის მთავარი კოლექტორი. საერთოდ, აქციების ტაქტიკურ შემადგენელზე ინფორმაცია, პრაქტიკულად, არ არსებობს. უცნობია არა მხოლოდ გრაფიკი, არამედ პროტესტის ფორმებიც. რა იქნება ეს: მუდმივი მიტინგი თავისუფლების მოედანზე? ადმინისტრაციული შენობების პიკეტირება? შიმშილობა? მაგისტრალების გადაკეტვა თუ რაიმე სხვა, ჯერ არნახული? მაკედონელი ვეტრანები რომ იტყოდნენ ინდოეთის საზღვრებთან: “სადღა მიგყავართ, ალექსანდრე?”, ის კი გოროზად პასუხობდა: “იქ…”. და ისინი მიდიოდნენ სადღაც “იქ”, იდუმალების ბურუსით მოცულ ამოუცნობში; დისციპლინირებული ადამიანები იყვნენ, ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ბოლოს ეს ბოდიალი მათაც ყელში ამოუვიდა.ასეა თუ ისე, ეს, ალბათ, სწორედ ის “უკანასკნელი ბრძოლაა”. თუ “სახალხო კრება” მას წააგებს, რადიკალური მეთოდებით ხელისუფლების შეცვლაზე საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღარავინ იფიქრებს. ბურთი, მოედანი და სტადიონი “ნაციონალურ მოძრაობას” დარჩება, ხოლო ბურთის მიმტანი ბიჭუნების როლს, ალბათ, კონსტრუქციული ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლები შეასრულებენ. შემდეგ იქნება 2013 წლის არჩევნები, 2023 წლის არჩევნები, 2033 წლის არჩევნები… ძნელი სათქმელია, რა მოხდება 2043-ში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ღვთაებრივ ფარაონად გამოაცხადონ და მთელი ეს საარჩევნო კორდებალეტი ერთპარტიული მმართველობის პირობებში წარსულს ჩაბარდეს. ოპოზიციური საზოგადოების რადიკალური ნაწილის განწყობა “ან ახლა, ან არასდროს”, საკმაოდ მკაფიოდ არის გამოკვეთილი, თუმცა რამდენად ადეკვატურად იმოქმედებენ “სახალხო კრების” ლიდერები ამ სიტუაციაში, კვლავინდებურად ძნელი სათქმელია.ჩვენ აქ ვსხედვართ და ვხუმრობთ, არადა, ოციოდე დღეში ქვეყანაში შეიძლება ძალზე სერიოზულმა, შეუქცევადმა პროცესებმა იფეთქოს. იმის ალბათობა, რომ ქუჩაში დაპირისპირება და შეტაკებები დაიწყება, არც ისე დაბალია. ხელისუფლებას და “სახალხო კრებას” სივრცე მანევრისთვის პრაქტიკულად აღარ დარჩა, როგორც ორ მატარებელს, რომლებიც ერთი ლიანდაგით სხვადასხვა მიმართულებით მიდის.  ლი­ანდაგზე კი, ეგნატე ნინოშვილის თქმისა არ იყოს, კაცია მუნჯაძეს, უკაცრავად, ქართულ საზოგადოებას ძინავს, რომელიც გადაიღალა და გაღვიძება არ ძალუძს. მოკლედ, იმავე ვითარებაში ანა კარენინა რომ იტყოდა, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და 21 მაისს.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here