Home რუბრიკები სამართალი ციხეში პატიმრებს სააკაშვილის სურათის კოცნას აიძულებენ. გასულ კვირას წამებით ორი პატიმარი გარდაიცვალა

ციხეში პატიმრებს სააკაშვილის სურათის კოცნას აიძულებენ. გასულ კვირას წამებით ორი პატიმარი გარდაიცვალა

706

ქართულ ციხეებში პატიმრების სიკვდილი ყოვედღიურ მოვლენად იქცა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის პატიმრებს ციხეები ვეღარ იტევს, თუმცა ეს, ალბათ, უმნიშვნელო პრობლემაა იმასთან შედარებით, რომ ევროსტანდარტებს მიახლოებულ შენობებში ადამიანებს სიცოცხლეს უსპობენ. არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და უფლებადამცველი პატიმართა სიკვდილიანობის საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს, რასაც რეაგირება არც ერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია.უკვე ნათელია, რომ ხელისუფლებას აწყობს ბევრი პატიმარი, რადგან ეს ნიშნავს შემოსავალს, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში გაჩენილ, ახალ სავაჭრო ობიექტებში ფულის ბრუნვას უკავშირდება, რომ საპროცესო შეთანხმებები, რაც მსჯავრდებულის სრულ გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, მთავრობისთვის კარგი შემოსავალია და რომ პატიმრების ოჯახის წევრები მზად არიან, არჩევნებში სახელისუფლო გუნდს ათასობით ხმა შეუგროვონ. ამიტომაც არის, რომ ძალოვანი უწყებები იმდენად არიან მოტივირებული ადამიანების დაკავებით, რომ წინასწარი დაკავების იზოლა­ტორებში პერიოდულად ადგილებიც კი აღარ არის. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ძნელი ასახსნელია, რატომ არის ასეთი გაუფასურებული ადამიანების სიცოცხლე, რომლის მოსპობაც პენიტენციალური სისტემის თანამშრომლებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ნებადართული გახდა.
გასულ კვირას ციხეში ნაწამები ორი ახალგაზრდა დაკრძალეს. ერთ-ერთი მათგანის, 31 წლის თემურ პეტრიაშვილის გარდაცვალების ფაქტი კონტროლის პალატის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ნუგზარ ნაჭყებიამ გაახმაურა, რომელსაც ხელისუფლება იმის გამო დევნის, რომ სატყეო დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის – ბიძინა გიორგობიანის წინააღმდეგ შეთითხნილ ბრალდებას არ დასთანხმდა. ნაჭყებიამ ამ ფაქტის გახმაურება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გარდაცვლილის ოჯახმა დუმილი არჩია. ნუგზარ ნაჭყებია: – ჩემი მეზობელი, 1980 წელს დაბადებული თემურ ნოდარის ძე პეტრიაშვილი, რომელიც სასჯელს იხდიდა რუსთავის მეექვსე ზონაში 10 მარტს წამების შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მისმა მეუღლემ და დედამ მომაწოდეს. ის ავადმყოფობდა და წამალს იღებდა, რის გამოც კონფლიქტი მოსვლია ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთან, საკნიდან გაუყვანიათ და სასტიკად უცემიათ, შემდეგ კი სადღაც დაუგდიათ. მოგვიანებით თემურ პეტრიაშვილი გლდანის საავადმყოფოში გადაუყვანიათ. კონტაქტი რომ გაწყდა პატიმართან, მეუღლემ და დამ დაიწყეს მისი ძებნა, მაგრამ ვერ დაუკავშირდნენ. ერთ-ერთმა პატიმარმა მათ მიაწვდინა ინფორმაცია არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. პეტრიაშვილის დედა, რომელიც ლუკმაპურის საშოვნელად იტალიაში იყო წასული, ჩამოვიდა, დაიწყო შვილის ძებნა და ძლივს მიაკვლია უკვე გარდაცვლილს. დაახლოებით 10 დღე იწვა თურმე გლდანის საავადმყოფოში და ოჯახს არც ანახეს.გარდაცვლილის მშობლები ამ ფაქტის გახმაურების წინააღმდეგი არიან, მაგრამ მე არ შემიძლია ეს საზარელი ფაქტი დავმალო. ადვოკატის გვარსაც კი არ ამბობენ, რომ დოკუმენტები ვნახოთ. სოდი, კუდი – ყველა იქ არის, დაგვდევენ, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს, ან ვინმემ სურათი არ გადაუღოს მიცვალებულს. საღსალამათი, 31 წლის ბიჭი წევს კუბოში, რომელსაც მეუღლე და 12 წლის ქალიშვილი დარჩა.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არ არის პატიმრის გარდაცვალების ერთადერთი ფაქტი, რომელიც გასულ კვირას დაფიქსირდა. “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გაახმაურა პატიმრის, 31 წლის მალხაზ მუზაშვილის წამებით გარდაცვალების ფაქტი. ირმა ინაშვილი: – ჩვენ ვიდეოკამერით გადავიღეთ მალხაზ მუზაშვილის ცხედარი. მას სხეულის ძალიან სერიოზული დაზიანებები აქვს: ფეხი მოტეხილია; დაზიანებულია ცხვირი, ხელის მტევანი, კისრის ძარღვები. მას აშკარად ეტყობა წამების კვალი. მისი ახლობლებისგან ცნობილია, რომ მუზაშვილი ქსნის კოლონიიდან გადაიყვანეს გლდანის მერვე საპყრობილეში, სადაც სასტიკად სცემეს. შემდეგ მოათავსეს ხუდადოვის საავადმყოფოში, სადაც  გარდაიცვალა კიდეც. ოჯახის წევრებმა დაგვიდასტურეს, რომ მუზაშვილი ითხოვდა ოჯახთან შეხვედრას, მაგრამ საავადმყოფოს ექიმებმა ამის უფლება არ მისცეს. ექთანი კი, რომელმაც მალხაზის დედას შეატყობინა მისი შვილის მდგომარეობის შესახებ, სასწრაფოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან. გვაქვს ინფორმაცია, რომ მალხაზ მუზაშვილთან ერთად კიდევ 12 პატიმარი იყო სასტიკად ნაცემი. აქედან, მუზაშვილის დის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამი ნაწამები პატიმარი გადაიყვანეს ხუდადოვის საავადმყოფოში. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ ორი პატიმარია წამებით მოკლული, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პატიმრების ვინაობა ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ. – რას უკავშირდებოდა მისი ცემა, ხომ არ იყო მუზაშვილი დაკავებული პოლიტიკური მოტივით?- არა, მას პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონია. რიტორიკური კითხვაა: რატომ აწამებენ პატიმრებს? ჩვენც დავსვით ეს შეკითხვა აქციაზე, თუ რატომ აწამებენ ადამიანებს, განსაკუთრებით პატიმრებს, რომლებიც დაცული არიან ყველა საერთაშორისო კონვენციით, რა არის ამისი მიზეზი. რეალურად ცემისა და წამების  მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ პატიმარმა არ აკოცოს მიხეილ სააკაშვილის სურათს, არ აუღოს “ჩესტი” ციხის ბადრაგს და ა.შ.- ასეთი მოთხოვნებია ციხეში?- დიახ, პატიმრებისგან ინფორმაცია მაქვს, რომ არის ასეთი და სხვა ამ ტიპის დამამცირებელი, ღირსების შემლახველი მოთხოვნები. თუ არ დაემორჩილებიან, სასტიკად სცემენ. ყველაზე დაუმორჩილებლები კი ხვდებიან ხუდადოვზე, საავადმყოფოში, შემდეგ კი – სასაფლაოზე.- თუა ცნობილი, კონკრეტულად ვინ სცემა მას?- ოჯახის წევრებმა გვითხრეს, რომ მუზაშვილს საკნის მცველებმა სცემეს.
სოფო გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here