Home რუბრიკები საზოგადოება “ძლევაი საკვირველიდან” საკვირველ დაბეჩავებამდე

“ძლევაი საკვირველიდან” საკვირველ დაბეჩავებამდე

1041
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ბოლო მოწვევის პარლამენტი, წინა მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით, ბუსუსიან პრეზერვატივებს ჯერჯერობით არ ერჩის, მაგრამ კონსტიტუციას ექცევა ზუსტად ისე, როგორც ბუსუსიან თუ უბუსუსო პრეზერვატივს იყენებენ ხოლმე.

ამას წინათ ერთმა მეგობარმა თქვა, საქართველოს კონსტიტუცია სადმე თვალსაჩინო ადგილზე რომ დავდოთ და ყველამ, რაც უნდა, ის ჩაწეროს, ცუდი არ იქნებაო. სწორედ ასეა ახლა _ კონსტიტუცია დევს და, ვისაც რა უნდა, იმას წერს. ყველაზე საინტერესო მაინც ის მგონია, რომ კონსტიტუციაში სურთ, საქართველოს საგარეო კურსი დაგვიკანონონ, ანუ ევროპისა და ნატოსკენ სწრაფვა. ისე არ გაიგოთ, თითქოს ან ერთს ვერჩოდეთ რამეს, ან მეორეს, მაგრამ კონსტიტუციაში, ქვეყნის უზენაეს კანონში, საგარეო კურსის ჩაწერა არასწორია და ახლავე აგიხსნით რატომ.

მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო ევროპა-აზიის გზაგასაყარზეა, აზიაში კი ჩინეთი და ინდოეთი ისეთი ტემპით ვითარდება, დიდი ალბათობით, რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ყველა ქვეყანას უკან ჩამოიტოვებენ და, არ არის გამორიცხული, ჩვენი მიზანი, ევროკავშირი კი არა, აზიური კავშირი შეიქნეს, სასურველი იყოს ისეთ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობა, როგორიც სწორედ ინდოეთი და ჩინეთია. რა გამოდის? ამას ქვეყანა, უბრალოდ, ვერ მოახერხებს, თუ კონსტიტუციას არ შეცვლის, რადგან იქ ჩაწერილი იქნება, რომ ჩვენ ევროპა გვინდა და არა _ აზია. ამასობაში კი საქართველო მართლა ემსგავსება იმ პროდუქციას, რომელსაც აზიელები განვითარებადი ქვეყნებისთვის აკეთებენ და რომელსაც MADE IN CHINA აწერია. ჰო, სწორედ MADE IN CHINA გახდა ქვეყანა და ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, პრაქტიკულად, ყველა მეზობელს აქვს.

რუსეთით დავიწყოთ. სერგეი ლავროვი აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, იქ რუსეთის საელჩოც გახსნა და ჩვენმა ხელისუფლებამ, _ ნახეთ, ეს რა იკადრაო. აქეთ ზურაბ აბაშიძემ შეყარა კოპები, _ კარასინს რომ შევხვდები, ამ ამბავს გავუპროტესტებო, მაგრამ ის აღარ უთქვამს, კარასინიც რომ ახლდა ლავროვს აფხაზეთში. ანუ, აბაშიძე გაუპროტესტებს ლავროვის ვიზიტს და არ გაუპროტესტებს მისსავე ვიზიტს. მეორე მხრივ, ხელისუფლება ამბობს, რუსეთი თავის საქმეს საქართველოს ხარჯზე იკეთებსო. დიდი ბოდიში, მაგრამ ყველა ვიღაცის ხარჯზე იკეთებს რაღაცას, ამ რაღაცას თავისი ქვეყნისთვის აკეთებს და ხომ ვერ მეტყვით, ჩვენ რას ვაკეთებთ, ვინმეს კი არა, საკუთარი თავის ხარჯზე ქვეყნისთვის? მე გეტყვით _ არაფერს!

საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი განიხილეს, რომლის მიხედვითაც, 12 აგვისტო, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების დღე, დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა ჯარზე მოპოვებული “ძლევაი საკვირველი” უქმე დღედ გამოცხადებულიყო, მაგრამ თურქეთის ელჩმა გააპროტესტა, _ იქნებ ეგ დღე არ იზეიმოთ, მაგ დღეს ჩვენ დავმარცხდით და, რაც უნდა იყოს, მეზობლები ვართო. იმის ნაცვლად, რომ ამ თავხედობის გამო თურქეთის ელჩისთვის ყური აეწიათ, დიპლომატიური ჭიტლაყი ამოერტყათ და თავის ქვეყანაში გაეძევებინათ, კანონპროექტზე მუშაობა შეჩერდა. მიზეზი საინტერესოა _ თურქეთი ჩვენი დიდი მეზობელია, სტრატეგიული პარტნიორია და არ ვაწყენინოთ, ემანდ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არ გვიღიაროსო. სავარაუდოდ, თურქეთის ელჩმა არ იცის, რომძლევაი საკვირველისშემოქმედი დავით აღმაშენებელი წმინდანად ვაღიარეთ, თორემ მოგვთხოვდა, ეგეც გააუქმეთ, გვეწყინებაო. სავარაუდოდ, თურქეთის ელჩმა არც ის იცის, რომ აღდგომის დღესასწაული ჩვენთან უქმეა, თორემ საპროტესტო ნოტას აფრენდა, ჩვენს რელიგიას არ შეესაბამება და ეგებ არ იზეიმოთო და საბოლოო ჯამში, ბუსუსებიანი პრეზერვატივის გამოსაყენებელ ადგილსაც წაგვაჭრიან და… არაა თურქული ენა ძნელი სასწავლი, ხომ იცით?!

ამ ყველაფრის ფონზე, მთავარ აგრესორად რუსეთის გამოცხადება უკვე სასაცილოა. რუსეთმა წასაღები წაიღო და ლანძღვაგინებით წაღებულს უკან არ დააბრუნებს. აი, თურქეთი კი იმას გვართმევს, რასაც ჯერ კიდევ ჩვენი ჰქვია და, აბა, როგორ არ გავიხსენოთ, ცოტა ხნის წინათ თურქეთის პრემიერის სიტყვები, აჭარა ჩვენი ტერიტორიააო.

ისევ კონსტიტუციას დავუბრუნდეთ. კონსტიტუციით, ადამიანი მთავარი ღირებულებაა და ამ ღირებულების მთავარი მონაპოვარი _ თავისუფლება, თავისუფალი არჩევანის უფლება. ჰოდა, ჩვენი შვილები, შვილიშვილები, რომ დაიბადებიან, რომ გაიზრდებიან და კონსტიტუციას ჩახედავენ, იქ ეწერება, რომ არჩევანის უფლება აღარ აქვთ, არჩევანი უკვე გაკეთებული იქნება და, გვინდა თუ არა, ევროკავშირისკენ უნდა იარონ, იმ ევროკავშირისკენ, რომლიდანაც ინგლისი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, საფრანგეთი აპირებს გაქცევას, საბერნეთი და იტალია გარბიან და ბოლოს ისე გამოვა, ევროკავშირის კარს რომ გაგვიღებენ, სახლში არავინ დაგვხვდება და იქ დადგმულ მაგიდაზე მტვერიც ჩვენი გადასაწმენდი იქნება.

სამაგიეროდ, თურქეთთან გვექნება კარგი ურთიერთობა, დასვენების დღეებს ხომ შევუთანხმებთ და დღესასწაულებსაც მათი კალენდრის მიხედვით ვიზეიმებთ. ამის გარდა, მალე მიგვანიშნებენ, რომ არ არის საჭირო წელიწადში ორჯერ ვიზეიმოთ გიორგობა, ახალი წლის შემდეგ შობა და ნათლისღებაც არ არის აუცილებელი და, საბოლოო ჯამში, ის, რაც დიდგორის ველზე ვერ მოახერხეს, დახურულ კარს მიღმა მოახერხებენ, თანაც ისე, არც გაწითლდებიან.

მათ ლოგიკას რომ მივყვეთ, დიდგორის ველზე ხმლები უნდა ავიღოთ და მემორიალური დაფა გავხსნათ, რომელზეც დავწერთ, რომ მეზობელ თურქეთს მტრულად დავხვდით საუკუნეების წინათ, არ მივეცით უფლება, ქვეყანა დაემონებინა და დიდგორზე იმდენი მტერი გავჟლიტეთ, ლამის გენოციდად ჩაგვითვალეს. დიდგორობას სახელმწიფო დროშებიც დავუშვათ, ჩამოვიყვანოთ ერდოღანი (ან სხვა ღანი) და დიდგორის ველი გვირგვინით შევამკოთ შემთხვევითი გამარჯვების ნიშნად…

ასე თუ გაგრძელდა, ბატონებო, რატომღაც მგონია, რომ გამოჩნდება ორასიოდე თავზეხელაღებული ადამიანი, რომლებიც მოგაკითხავენ, თავდახრილი შემოვლენ თქვენს რიგებში, მერე კი, როცა შუაგულში მოექცევიან, ხმლებს იშიშვლებენ და ისედაც უთავო სხეულებს მართლა უთავოდ დატოვებენ. დიდგორიც ასე დაიწყო _ “ძლევაი საკვირველი”…

ბესო ბარბაქაძე

P.S. რამდენიმე დღის წინათ ქართული ენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გახლდით ერთერთ სკოლაში. იქ პლაკატი იყო გაკრული, რომელზეც ქართული ენის ისტორია ეწერა, ბოლოში კი აღნიშნული იყო, რომ ქართულ ენაზე მსოფლიოში დღეს ხუთ მილიონ ადამიანზე მეტი ლაპარაკობს. ზუსტი რაოდენობა _ რამდენი საუბრობს ქართულად, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, რომ არა დიდგორი, მეეჭვება, ეს წარწერა და, საზოგადოდ, ქართული სკოლა მენახა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here