Home ახალი ამბები საქართველო ღირსი დოსითეოზ ქუთათელი

ღირსი დოსითეოზ ქუთათელი

226

ღირსი დოსითეოზ ქუთათელი გახლდათ ეკლესიისა და ერისათვის თავდადებული მოღვაწე, იგი დაუცხრომელად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა, განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივსახელმწიფოებრივი აზროვნება. მისი მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 19 მარტი (ძველი სტილით 6 მარტი) დააწესა.

ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა, პაპუნა წერეთელი, 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა _ ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მეაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოზს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის.

ეფთვიმე გაენათელი

დავითმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. დავითი მალევე აღკვეცეს და სახელად დოსითეოზი უწოდეს. სიწმიდითა და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეოზი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. სამეუფო მადლმა კიდევ უფრო გააბრწყინა ეკლესიისა და ერისათვის თავდადებული მოღვაწე, იგი დაუცხრომელად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა, განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება.

მეუფე დოსითეოზი დიდ ყურადღებას აქცევდა საკათალიკოსო და საეპარქიო მეურნეობებს. ძალიან დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსიეთეოზს, აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწყვეტაშიც.

1795 წლიდან დოსითეოზი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება, იმავე წლის 26 აპრილს მეფე ერეკლეს მეუღლე _ დედოფალი დარეჯანი, მეუფე დოსითეოზისადმი მიწერილ წერილში მას კათოლიკოსად იხსენიებს: “დოსითეოზს, მათ უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს…”, არსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ “ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ”, მაგრამ დოსითეოზი კათოლიკოსად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს მხოლოდ საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიებს.

დოსითეოზ ქუთათელისა და ეფთვიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს და სთხოვეს, თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას.

წმ. დოსითეოზის საფლავი ანანურში

ცნობილი რუსი ფილოლოგი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი _ ნიკოლოზ დურნოვო წერდა:

იმერლები ჩიოდნენ: “ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ბიწიერი აგარიანების ხელში ვიყავით, ბევრი ტანჯვაწამება გადავიტანეთ, მაგრამ აგარიანელნი ჩვენს სასულიერო საქმეებს არ შეხებიან. ჩვენ ის ხალხი ვართ, სარწმუნოება თითქმის ქრისტეს ჯვარცმის დროიდან რომ შევინარჩუნეთ და იმ იუდებზე უფრო საძულველნი ვერ გავხდებით, რომლებიც რუსეთის მმართველობის სახელით ფარფაშობენ.

ჩვენს მწუხარებას საზღვარი არა აქვს, როდესაც ვხედავთ, როგორ ხურავენ ჩვენს წმიდა ეკლესიებს, როგორ გვაშორებენ ჩვენი სულის გადარჩენაზე მზრუნველ მღვდლებს, როგორ გვართმევენ სახალხო ქონებით შემკულ ჯვრებსა და ხატებს და ბოლოს როგორ ასხვისებენ საეკლესიო ქონებას, რომელიც საუკუნეების მანძილზე სისხლითაა შეძენილი ან ჩვენი უწინდელი მეფეების მიერ საჩუქრადაა გადმოცემული”.

იმ დროს, 1817-1821 წლებში, საქართველოს ეგზარქოსად იყო დანიშნული თეოფილაქტე, რომელიც ეწეოდა ქართული ეკლესიის რუსიფიკაციას. მისი ინიციატივით მომზადდა “საეკლესიო რეფორმების” პროექტი, რომლის მიხედვით 1819 წლიდან მან საეკლესიო გლეხებს შეაწერა გადიდებული ფულადი გადასახადი, ნატურით გადასახადი შეუცვალა ფულადით, შეამცირა ეპარქიათა და სამრევლო ეკლესიების რაოდენობა და სხვ.

თეოფილაქტეს ღონისძიებებმა გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და დააჩქარა აჯანყება.

საეკლესიო რეფორმა უკანასკნელი წვეთი იყო უკმაყოფილების ფიალაში. მოლაპარაკებამ არავითარი შედეგი არ გამოიღო. 1819 წელს

შორაპანში მოსახლეობა აჯანყდა. აჯანყების მთავარი მიზეზი იყო რუსების “რელიგიური” განუკითხაობა. აჯანყება მოედო გურიას, რაჭას, სვანეთს.

აჯანყდა რაჭის მოსახლეობაც. ისინი რეფორმის გაუქმებას ითხოვდნენ და ადამიანურ, მართლმადიდებლურ მოპყრობას. გურიასა და სამეგრელოში რუსი მოხელეები ვერ შევიდნენ, მოსახლეობამ არ შეუშვა. ამ აჯანყებას საეკლესიო აჯანყება უწოდეს _ “ცერკოვნი ბუნტი”.

ანანური

საქართველოს ეგზარქოსი, რუსი მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი იძულებული გახდა, თბილისში დაბრუნებულიყო.

ქართველი მღვდელმთავრები, დოსითეოს ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი, მათთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, მაგრამ უშედეგოდ, რუსმა მოხელეებმა “დამნაშავეების” დასჯა დაიწყეს. იმერეთი და რაჭა კვლავ ფეხზე დადგა.

მთავარმართებლისა და ეგზარქოს თეოფილაქტეს ბრძანებით დააპატიმრეს გელათისა და ქუთაისის მიტროპოლიტები _ ეფთვიმე გაენათელი და დოსითეოზ ქუთათელი, რომლებიც წინ აღუდგნენ ეკლესიების დახურვას.

მიტროპოლიტების დაპატიმრება იოლი როდი იყო და სიფრთხილეს მოითხოვდა, რათა ხალხის აღშფოთება არ გამოეწვია, – წერდა ნიკოლოზ დურნოვო, _ მათი დაპატიმრებისთვის ბნელი ღამე შეარჩიეს. ეგზარქოსის ნების წყალობით მიღებული ზომებისრული წარმატებით დაგვირგვინდა”.

1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღველვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოზ ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს; ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.

ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ დედაკაცს მათთვის წყალი მიუწოდებია დასალევად. წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენილი ჰქონია ცემისაგან და სისხლი უღებია პირიდან. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოზი კი 5 მარტს გზაში გარდაცვლილა. ცხედარი ანანურში ჩაუტანიათ. როგორც გვიამბობს ნ. დურნოვო, კარგა ხანს დაბნეული ყოფილან რუსები _ არ იცოდნენ, რა ექნათ და თითქმის 4 დღის შემდეგ მონასტრის ეზოში დაუმარხავთ.

ექვთიმე გაენათელმა კი სიცოცხლე გადასახლებაში დაასრულა. ორივე მღვდელმთავარი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

მართლმადიდებელი, წმიდა ეკლესიის ყოველი ქომაგი ქედს იხრის გამბედავი ქართველი ეპისკოპოსების, ხალხის მოთხოვნათა და სურვილთა, მათი ჯვარმოსილი ეკლესიის წინაშე, რომელიც თავისი გმირობებითა და მოწამეობით კონსტანტინეპოლის დიადი ეკლესიის დონეზე დგას, ეს მაშინ, როდესაც მისი მეზობელი სომხური ეკლესია, არა მარტო მართლმადიდებელთა გასაჭირი გახდა, არამედ ამ ბოლო დროს რომის ეკლესიას უახლოვდება”, _ წერს ნ. დურნოვო.

მომზადდა წიგნიდანქართველ წმიდათა ცხოვრებანი”,

თბილისი, 2007 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here