Home რუბრიკები პოლიტიკა უმუშევარი მოქალაქე 700 მილიონით გამდიდრდა

უმუშევარი მოქალაქე 700 მილიონით გამდიდრდა

ქვეყანაში, სადაც ყველაფერი რეგრესის რეჟიმშია, ექსპრემიერ ივანიშვილის კაპიტალი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება

4029
უმუშევარი მოქალაქე 700 მილიონით გამდიდრდა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქონებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 275 მილიონი დოლარით (დაახლოებით 700 მლნ ლარი) მოიმატა. ეს ინფორმაცია ავტორიტეტულმა გამოცემა Bloomberg Billionaires Index –მა გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ ივანიშვილის კაპიტალი ამჟამად 5,72 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით იგი პლანეტის 500 უმდიდრეს ადამიანთა სიაშია. მასალაში, რომელსაც ოლიგარქის მოკლე ბიოგრაფიაც ერთვის, აღნიშნულია, რომ მისი ბიზნესიმპერია მზარდია, თუმცა კონკრეტულად როგორ ან რის ხარჯზე ხდება ეს, უცნობია

პარადოქსია, რომ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი რეგრესის რეჟიმშია, დაწყებული დემოგრაფიული მაჩვენებლებით, დამთავრებული ეროვნული ვალუტის კურსითა და ეკონიმიკური განვითარების რეალური ინდექსით, ერთადერთი, რაც იმატებს, ივანიშვილის მილიარდებია. ძვირდება საწვავი, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, იმატებს უმუშევართა რაოდენობა, ეცემა ლარის კურსი… ყოველივე ამან საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრება ძალიან გაართულა, ოლიგარქის ჯიბე კი, სულ რაღაც, ერთ წელიწადში 275 მილიონი დოლარით გასქელდა. რას ფიქრობს საზოგადოება ყოფილი პრემიერის ფინანსურ აღმასვლაზე, მის პოლიტიკაზე და რას მოუტანს ეს ქვეყანას _ ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ცნობილ ექსპერტებს დავუკავშირდით.

ივანიშვილი ფულზე გაგიჟებული კაცია

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ მონაცემი, რომელიც “ბლუმბერგმა” გამოაქვეყნა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მეტყველებს. ის, რომ ივანიშვილის კაპიტალმა მოიმატა, არ გამკვირვებია იმიტომ, რომ რვაფეხასავით აქვს საცეცები გადგმული საქართველოს ეკონომიკაში და მის ფინანსურ ინტერესებს უამრავი ე.წ. ფირმა ემსახურება. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ ივანიშვილმა განაცხადა, _ საქართველოში ბიზნესი არ მაქვსო, მაგრამ კაცისგან, რომელსაც ბანკი აქვს ქვეყანაში, ასეთი განცხადება სასაცილოა. ეს ერთი და მეორეც: თუ თვითონ არ აქვს ბიზნესი, სხვა ბიზნესმენებს როგორ იწვევს აქ კაპიტალის ჩასადებად?! მარტივად რომ ვთქვათ, ივანიშვილი ფულზე გაგიჟებული კაცია და ეს ქართველმა ვერაფრით შეიგნო. საერთოდ, მილიარდერებისა და მილიონერებისთვის ცნება “სამშობლო” არ არსებობს, მათთვის ყველგან სამშობლოა. ასე რომ არ იყოს, პუშკინის სკვერს არ მიითვისებდა, არ მიითვისებდა ბოტანიკურ ბაღს, მწვანე კონცხს და ა.შ. არაფერს ვამბობ ტყით დაფარულ უზარმაზარ ტერიტორიაზე ბორჯომსა და ბაკურიანში… მოსახლეობამ ჯერ კიდევ არ იცის, რა უძრავი ქონების პატრონია ივანიშვილი საქართველოში და რა წაღლიტა მან ქვეყანას…

ჩვენს მინისტრებს რომ მოუსმინო, გაჭირვება კი არ არის ქვეყანაში, პირიქით _ დღითიდღე უმჯობესდება მდგომარეობა

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:

_ როცა ქვეყანაში დღითიდღე უარესდება მდგომარეობა და ცხოვრება რთულდება, არ მგონია, რომ ამ ყველაფერმა ივანიშვილის იმიჯზე დადებითად იმოქმედოს. თუმცა ეს მე და თქვენ ვგრძნობთ, რომ უარესდება მდგომარეობა, თორემ ვიღაც ამას შეიძლება საერთოდ ვერ ამჩნევდეს. მაგალითად, ჩვენს მინისტრებს რომ მოუსმინო, გაჭირვება კი არ არის ქვეყანაში, პირიქით _ დღითიდღე უმჯობესდება მდგომარეობა. ეს არის სამთავრობო ლოგიკა, რომ ქვეყანა მდიდრდება და ივანიშვილიც მდიდრდება, მაგრამ, ვიმეორებ, არ მგონია, ასეთი ფაქტები თვით “ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკაზე ასხამდეს წყალს. კი, შეიძლება, ამ თანხის რაღაც ნაწილი ივანიშვილმა ქველმოქმედებაში დახარჯოს, მაგრამ მაინც; ქვეყანაში არის ძალიან მძიმე სოციალური ფონი და ამ ვითარებაში იმის წარმოჩენა, რომ ყოფილი პრემიერის კაპიტალი იზრდება, მას პოპულარობას ნამდვილად არ შეჰმატებს.

მოამზადა ჯაბა ჟვანიამ

P.S. * ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი ევროსა და დოლარის მიმართ ისე დაეცა, რომ გაუფასურების ყველა რეკორდი მოხსნა. დღეს ერთი ევროს შესაძენად დაახლოებით 3 ლარია საჭირო, ხოლო დოლარის შესაძენად _ 2 ლარი და 58 თეთრი;

* მნიშვნელოვნად იკლო მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმაც. მაგალითად, 2011 წელს იგი 7,2 პროცენტს შეადგენდა, 2012-ში _ 6,4-ს, ხოლო 2013-ში _ 3,3 პროცენტს. მხოლოდ 2014 წელს ავიდა რეალური ზრდა 4,8 პროცენტამდე, თუმცა ეს მაინც დროებითი აღმოჩნდა და 2016 წლისთვის იგი 2,7 პროცენტამდე დაეცა;

* 2017 წლის 1 იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებაც შემცირდა. თუ მანამდე აღნიშნული პროგრამით უკლებლივ ყველა მოქალაქეს შეეძლო ესარგებლა, ცვლილების შემდეგ დაფინანსების დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. ეს ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ პროგრამა სახელმწიფოს მეტისმეტად ძვირი უჯდებოდა. დაფინანსება გაუქმდა ისეთ სამედიცინო მომსახურებებზე, რომლებიც დღეს უამრავ მოქალაქეს სჭიდრება;

* შემცირდა “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ამბიციური პროექტის _ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებაც. გლეხს, რომელიც მიწას ამ პროგრამის ფარგლებშიც ძლივს ამუშავებდა, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ასეულობით ჰექტარი მიწა გამოუყენებელი დარჩა. ყოველივე ამას დაემატა აზიური ფაროსანას შემოსევა დასავლეთ საქართველოში, შედეგად, სულ ცოტა, სამი რეგიონის _ გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს _ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურდა. ხელისუფლების უნიათობის გამო, აზიურმა ფაროსანამ ამ რეგიონების ფლორას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, თუმცა შესაბამისი ზომები სახელმწიფოს არც ამის შემდეგ მიუღია…

გასაკვირია, რომ ამდენი შემცირების, შეკვეცისა და რეგრესის ფონზე ერთადერთი, რაც პროგრესირებს, ოლიგარქის კაპიტალია _ დუხჭირ ქვეყანაში, სადაც ხალხი გაქცევაზეა, ერთი კაცის ქონებამ წელიწადში 275 მლნ დოლარით მოიმატა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here