Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: ვერანაირი რეზოლუცია და ერთხმად დამტკიცებული დოკუმენტები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივასთან...

სოსო ცინცაძე: ვერანაირი რეზოლუცია და ერთხმად დამტკიცებული დოკუმენტები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივასთან ვერ მიგვაახლოებს

1285
სოსო ცინცაძე

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინათ რეგიონში გამართულ შეხვედრაზე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ მიღებულ რეზოლუციას ქართული დიპლომატიის გამარჯვება უწოდა. მისი აზრით, მსგავს წარმატებას როგორც საშინაო, ისე საგარეოპოლიტიკურ ასპარეზზე სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკა განაპირობებს. მისი თქმით, ის, რომ ასამბლეამ პანდემიის შემდგომ ფიზიკურად ჩატარებულ პირველივე სესიაზე ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხმების უპრეცედენტო რაოდენობით მიიღო (საუბარია 84 ხმაზე), ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა იზრდება.

რეზოლუციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ერთობ ოპტიმისტური შეფასებებით გამოეხმაურნენ. კერძოდ, პირველმა პირმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა, რომ დოკუმენტი ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგისთვის; (პოსტში ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს რეზოლუცია უპრეცედენტო მხარდაჭერაა). თალაკვაძის შეფასებით კი, რეზულუცია კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ცივილიზებული სამყარო არ ეგუება ოკუპაციას. მეტიც, მსგავსი გზავნილები საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვაცა და ტერიტორიული პრობლემების მოგვარების პერსპექტივაც რეალურად ხელშესახები გახდება…

ცნობისთვის: ბოლო 15-20 წლის განმავლობაში გაეროს გენერალურ ასამბლეას საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული პირების უფლებრივ მდგომარეობაზე დაახლოებით ათამდე რეზოლუცია აქვს მიღებული. ყოველ მათგანს საქართველოს ყოველი ხელისუფლება უპრეცენდენტო წარმატებად და წინგადადგმულ ნაბიჯად აცხადებდა, მაგრამ არც ერთი რეზოლუცია არ შესრულებულა და დევნილების მდგომარეობა არც სოციალურად, არც ეკონომიკურად და არც სხვა თვალსაზრისით არ გაუმჯობესებულა.

რას ნიშნავს დღევანდელ ვითარებაში გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია და რითია ის უკეთესი აქამდე მიღებულ სხვა უთვალავ მსგავს დოკუმენტზე? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

_ ბატონო სოსო, რამდენიმე დღეა, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ აღტაცებულ შეფასებებს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან იძულებით გადადგილებული პირების სტატუსზე მიღებული რეზოლუცია უპრეცენდენტო წარმატებაა. მეტიც, პრემიერმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ქართული დიპლომატიის გამარჯვებაცაა. რას ფიქრობთ ამ შეფასებებზე, ადეკვატურია ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი და რას მოგვცემს სინამდვილეში ეს რეზოლუცია?

_ თავისთავად ის ფაქტი, რომ მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღეს და ამით რაღაც სოლიდარობა გამოიხატა ქვეყნისადმი, წმინდა მორალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ არის მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც, უბრალოდ, გვერდს ვერ ავუვლით. ჰკითხეთ ნებისმიერ ქართველ დიპლომატს ან მოქმედ თუ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რამდენი რეზოლუცია მიიღო გაერომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე და რა შედეგი მოჰყვა მათ. გადაჭარბების გარეშე შეიძლება, ითქვას, რომ თითოეული მათგანი დარჩა ფარატინა ქაღალდად, რადგან კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით მცირე წინსვლაც არ გვქონია და, რაც მთავარია, ამ დოკუმენტებს არ მოჰყოლია ჩვენი დევნილი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის სტატისტიკა, რომელსაც ვერავინ უარყოფს, მათ შორის ვერც ხელისუფლება.

რაც შეეხება იმას, რომ ეს რეზოლუცია ჩვენი დიპლომატიის გამარჯვებაა და ა.შ., ვფიქრობ, დიპლომატიის გამარჯვებად არ შეიძლება ჩაითვალოს ქაღალდი, რომლის მატერიალიზაციაც რეალურ პოლიტიკაში არ ხდება. ეს, როგორც ორჯერ ორი ოთხია და, ვისაც ელემენტარული წარმოდგენა მაინც აქვს დიპლომატიაზე, მის ისტორიაზე არაფერს ვამბობ, ამაში ნამდვილად დაგვეთანხმება. მესმის, რა თქმა უნდა, ისიც, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ სჭირდება პიარი და ამ თვალსაზრისით ეს ყველაფერი, ალბათ, ლოგიკურია. ისე, ცნობისთვის: გაეროს რეზოლუციები ბოლო პერიოდში ხშირად რჩება შეუსრულებელი სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზეც. მაგალითად, გავიხსენოთ უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ლიბიაში იარაღის ემბარგოს შესახებ. დოკუმენტი არსებობს, შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ რეალურად პრობლემა გადაუჭრელია. რატომ? იმიტომ, რომ, შეთანხმების მიუხედავად, ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან იარაღის მიწოდება გრძელდება…

_ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გაერო, როგორც ორგანიზაცია, უკვე ქმედუუნაროა?

_ არა მხოლოდ გაერო, დღევანდელი მსოფლიოს, განსაკუთრებით დასავლეთის, უსაფრთხოების სისტემა გადასახედია. ამაზე უკვე დაუფარავად საუბრობენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სხვა წამყვანი სახელმწიფოების პირველი პირები. სხვათა შორის, ჯერ კიდევ წლების წინათ, საუბარია 20-25 წლის წინანდელ ამბავზე, ედუარდ შევარდნაძე პროტესტის ნიშნად არ წავიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, იმიტომ, რომ ის კატეგორიულად ითხოვდა ამ ორგანიზაციის რეფორმას. შემდეგ ალექსანდრე ჩიკვაიძე გაგზავნა… წარმოიდგინეთ, იმ პერიოდიდან იყო მომწიფებული რეფორმის აუცილებლობა, რომელიც არ გატარებულა; და დღეს უკვე, რა თქმა უნდა, ეს ორგანიზაცია ვერანაირად ვერ პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

რაც შეეხება ისევ კონკრეტულ რეზოლუციას, მე ერთი რამ ვიცი და ამის თქმის საშუალებას ჩვენი გამოცდილება მაძლევს, რომ ვერანაირი რეზოლუციები და ერთხმად მიღებული თუ დამტკიცებული დოკუმენტები ჩვენი უმთავრესი სახელმწიფოებრივი პრობლემის _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის _ პერსპექტივასთან ვერ მიგვაახლოებს. ეს ძალიან მარტივია, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს მსოფლიოს ერთ-ერთ უმძლავრეს სახელმწიფოსთან _ რუსეთთან, მორჩა… ახლა რამდენიც უნდა ილაპარაკოს ვინმემ იმაზე, რომ რუსეთს სანქციები დაასუსტებს და ჩვენ ცივილიზებული მსოფლიოს მხარდაჭერა გაგვაძლიერებსო, ეს არის ზღაპარი. რუსეთი არც დაიშლება და არც სანქციების შიშით არ დაიხევს უკან, ეს მათ უკვე გამოსცადეს, ამიტომ ყველაფერი არის ძალიან მარტივი _ მორალური თვალსაზრისით, რეზოლუციებიც კარგია, მხარდაჭერაც და თანადგომაც, მაგრამ ამ პრობლემების რეალური გასაღები კრემლშია. სწორად გამიგეთ, ეს არ არის ვიღაცის არჩევანსა და პირად სიმპათიებზე დამოკიდებული, ეს არის წმინდა პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც ობიექტურად არსებობს

_ თქვენი აზრით, დღევანდელ ვითარებაში ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგის დაწყების რა პესპექტივა არსებობს? საიდან შეიძლება დაიწყოს პირველი ნაბიჯების გადადგმა?

_ დავიწყოთ იმით, რომ დიპლომატია ურთულესი ხელოვნებაა, რომელიც ყველაზე მეტად ვერ იტანს უვიცობას, ამიტომ, როდესაც ამ საქმეს ხელს ჰკიდებენ დილეტანტები, ყოველთვის დგება უკუშედეგი. სამწუხაროდ, ჩვენ ამის უამრავი მაგალითი გვაქვს და განსაკუთრებით ბევრია მსგავსი ფაქტები რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობის კუთხით…

_ მაგალითად?

_ მაგალითად, რამდენიმე წლის წინათ მოსკოვში ჩავიდა ერთ-ერთი ჩვენი ოპოზიციური პარტია, რომლის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, და იქ შეხვედრები გამართა დსთ-ის (ეს-ენ-გეს) _ დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის კომიტეტში. ჩნდება მარტივი შეკითხვა: რა უნდა დსთ-ის კომიტეტში დსთ-ის არაწევრ ქვეყანას? სწორად გამიგეთ, არავის არ ვაკრიტიკებ და ვლანძღავ, მაგრამ წმინდა დიპლომატიური თვალსაზრისით ეს იყო აბსოლუტურად ამოვარდნილი ყველანაირი კონტექსტიდან. ჩვენ შეხვედრები უნდა გავმართოთ დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და არა სადმე სხვაგან. მოკლედ, ეს იყო საქმისადმი დილეტანტური მიდგომის შედეგი.

რაც შეეხება პირველ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, როგორც კი ჩვენგან იქნება რაღაც პოლიტიკური ნება და ინიციატივა პირდაპირი დიალოგის, მაშინვე ყველაფერი დალაგდება, ფაქტია, ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ეს აუცილებლობა გლობალური პანდემიისა და მისით გამოწვეული ეკონომიკური კოლაფსის ფონზე კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა, იმიტომ, რომ დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება საქართველოს ეკონომიკას გასაღების ბაზარი

_ თუმცა ხელისუფლებისთვის ერთერთი შემაფერხებელი გარემოება ისიც შეიძლება იყოს, რომ კრემლთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბარი მას პოლიტიკურ ქულებს დააკარგვინებს. ყოველ შემთხვევაში მათ ასე სჯერათ.

_ არ ვიცი, რას გულისხმობთ ქულების დაკარგვაში. თუ გულისხმობთ, რომ პოლიტიკური ოპონენტები მას რაღაც შავ პიარს აუგორებენ, გეთანხმებით. ეს აუცილებლად იქნება, მაგრამ საზოგადოების განწყობას რაც შეეხება, ეჭვი მეპარება, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა წინააღმდეგი იყოს მოსკოვთან დიალოგის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვერ წარმომიდგენია, 140-მილიონიან მეზობელს გაებუტო და თანაც მისი ბაზრის იმედზე იყო. დღეს ნახევარი საქართველო, მეტი თუ არა, სწორედ რუსული ბაზრის იმედზეა. ახლა ვიღაც იტყვის, რომ ეს არის ხელოვნური თემა და რუსული პროპაგანდის შედეგი. რუსეთს რა ინტერესებიც გააჩნია, საქართველოში, ყველამ ვიცით, მაგრამ წადით, აბა, და ჰკითხეთ კახელ მევენახეს, ნებისმიერ მეურნეს, ფერმერს, რა აზრისაა ამ ყველაფერზე. იქ სხვა თემა არ არის, გარდა იმისა, გავა თუ არა ღვინო რუსეთში, გავა თუ არა ყურძენი, ატამი, ბოსტნეული და ა.შ. დიალოგი, რა თქმა უნდა, აუცილებელია და მას წინ არაფერი უდგას, თუმცა ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ პროფესიონალებმა _ პროფესიონალმა დიპლომატებმა და არა დილეტანტებმა, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. “კეთილი სურვილებით მოკირწყლულია გზა ჯოჯოხეთისაკენ”, _ წერია სახარებაში

რაც შეეხება ისევ გაეროს რეზოლუციას, არავის არ ვაკრიტიკებ და ვაკნინებ, მაგრამ საქართველოს მიმართ მიღებული ყველა მსგავსი დოკუმენტი რომ შევაგროვოთ, შეიძლება ერთ ოთახში ვერ დაეტიოს, შედეგი კი გვაქვს ნული. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ ყველაფრის იმედად ყოფნა და მით უმეტეს განცხადების განცხადებაზე კეთება: გაერო მხარს გვიჭერს, ავშენდითო, _ სხვა არაფერია, თავის მოტყუების გარდა; ეს არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და დაბრმავება, რაც მთლიანობაში იაფფასიანი პოლიტიკური პიარისა და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here