Home რუბრიკები საზოგადოება სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში საქართველომ უნდა გაითვალისწინოს პანკისის ხეობის სპეციფიკა

სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში საქართველომ უნდა გაითვალისწინოს პანკისის ხეობის სპეციფიკა

3108

მე და რამდენიმე ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და აგვეფეთქებინა თავი”, _ განაცხადა 31 მაისს პარლამენტის შენობის წინ აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლის შვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი, 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაიღუპა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოგვიანებით ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში განმარტა: “საუბარი თვითგანადგურებაზე იყო და არა ტერორისტულ აქტზე, მაგრამ ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ რომელიმე არ დაშავებულიყო”. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) აღნიშნულ განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. მანამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომ, მისი შვილის მკვლელების დაუსჯელობის შემთხვევაში, საქართველო პანკისის ხეობას დაკარგავდა. მიმდინარე წლის 15 ივნისს მუსლიმებისთვის წმინდა რამადანი დასრულდა. მალხაზ მაჩალიკაშილმა პანკისის ხეობაში მასშტაბური საპროტესტო აქციები სწორედ რელიგიური დღესასწაულის დასრულების შემდეგ დააანონსა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხეობას აქამდე მოსახლეობის მსგავსი მასობრივი მხარდაჭერა არ ახსოვს. მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედიამ ხეობაში არსებული ყველა ისლამისტური მიმდინარეობის წარმომადგენელი გააერთიანა. პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები ექსპერტმა კავკასიის საკითხებში _ მამუკა არეშიძემ შეაფასა.

 _ ბატონო მამუკა, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებები პანკისის დაკარგვისა და სუს-ის შენობაში თავის აფეთქების შესახებ მუქარა იყო თუ ემოციურ ფონზე ნათქვამი? ფაქტია, სუს-მა გამოძიება დაიწყო…

_ მისი, როგორც მამის, მესმის. განიცადა უზარმაზარი ტრაგედია. სხვა ადამიანებიც მინახავს ანალოგიური ტრაგედიით, მაგრამ ასეთი მძიმე განცხადებები არ გაუკეთებიათ. მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანი იტყვის, ემოციური განცხადებებია და ამის უკან მუქარა არ არისო, მაგრამ საზოგადოებას ესმის, რომ ეს ძალიან მძიმე განცხადებებია. განცხადება, რომელშიც მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ გეგმავდნენ აფეთქებას სუს-ის შენობაში, სხვა ქვეყანაში აღიქმებოდა, როგორც ტერორისტული აქტის მოწოდება. ტერორისტული აქტი კი სისხლის სამართლის დანაშაულია, როგორც ჩვენთან, ისე სხვაგანაც. მეორე განცხადება პანკისის ხეობის დაკარგვაზე ტერიტორიული მთლიანობის რღვევის მუქარაა, რაც, ცხადია, ისჯება.

_ თუ დანაშაულზე ვსაუბრობთ, რატომ არის ხელისუფლება დამკვირებლის როლში?

_ მიკვირს, რატომ არ რეაგირებს სახელწიფო. როდესაც სპეცოპერაციისას დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი, სახელმწიფოს მალევე უნდა დაეწყო რეაგირების შესაბამისი პროცესი, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფოს ამ ხეობის მიმართ არანაირი პოლიტიკა არ აქვს. არ ვამბობ, რომ არაფერი არ კეთდება, მაგრამ ამას არ აქვს პროგრამული ფორმა.

_ რაში ცდება ხელისუფლება?

_ პანკისის ხეობა ხელისუფლებას მიტოვებული აქვს სპეცსამსახურების იმედზე. სპეცსამსახურებს რა შეუძლიათ? _ შეუძლიათ შეაჩერონ გარკვეული პროცესები, მაგრამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება არ შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკა. ცოტა ხნის წინათ შევხვდი აზერებაიჯანის ოფიციალურ დელეგაციას, ეს შეხვედრა დაიწყო რამადანის მილოცვით, იმიტომ, რომ დელეგაცია რელიგიური ადამიანებით იყო წარმოდგენილი. დელეგაციის წევრებმა გვითხრეს: რა ხდება თქვენთან, არ დარჩენილა ისლამისტური რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც საქართველოში არ არის წარმოდგენილი _ რა ამბავია ამდენი მიმდინარეობა პატარა საქართველოში? როგორც ჩანს, ჩვენი ტოლერანტობა გადავიდა ფსევდოტოლერანტობაში და გვაქვს ღია კარის დღე”. ვისაც უნდა საქართველოში შემოსვლა, ნებას ვაძლევთ და ვაძლევთ თავისი რელიგიური მომხრეების შეგროვებისა და გამდიდრების საშუალებას. საქმე ის არის, რომ ამ რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებს რელიგია კი არ ანაღვლებთ, არამედ პოლიტიკური სივრცეების გაფართოება სურთ, პოლიტიკის შესანიღბავად რელიგიას იყენებენ. სწორედ ამიტომ არის შემოღებული ტერმინი “პოლიტიკური ისლამი”. შესაბამისად, რელიგური სავაჭრო ცენტრის გახსნა არაფრით არ შეიძლება. არადა, სწორედ ეს ვითარება გვაქვს ახლა პანკისში.

_ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი კონკრეტული პირების გავლენას განიცდის, როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებს? მას მხარს უჭერს ხეობაში არსებული ისლამის ყველა მიმდინარეობის წარმომადგენელი…

 _ მაჩალიკაშვილის ოჯახის მიმართ ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილის მასობრივი გულიანი მხარდაჭერისა არ მჯერა. იცით რატომ? პანკისში 2012 წელს 7 ასეთი დაღუპული ჰყავდათ და იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ეს ადამიანები გამოიყენა, მაშინ არავითარი საპროტესტო აქციები არ ყოფილა. ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც მალხაზ მაჩალიკაშვილს უჭერენ მხარს, ცდილობს, პოლიტიკური ქულები დააგროვოს. თბილისში ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი “ნაციონალურმა მოძრაობამ” სათავისოდ გამოიყენა. ეს ფაქტია. ასე ხდება პანკისშიც, მათ შორის, ვაჰაბიტების მხრიდან.

_ გამორიცხავთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის უკან სწორედ ვაჰაბიტების დგანან?

_ მალხაზ მაჩალიკაშვილს ხან ვაჰაბიტები იყენებენ, ხან ნაციონალები, შესაძლოა _ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც.

_ რამ გამოიწვია ხეობაში რელიგიური მიმდინარეობების გავლენის გაფართოება?

_ ეს პროცესი 1995 წელს დაიწყო, ზოგიერთი არაბული ქვეყანა და რელიგიური ფონდი დაინტერესებული იყო რელიგიური გავლენების გაძლიერებით სამხრეთ კავკასიაში და იპოვეს ის სივრცე, რომლიდანაც შეიძლებოდა გაძლიერების პროცესის დაწყება _ პანკისის ხეობა. იმხანად, როდესაც ეს პროცესი დაიწყო საქართველოში, სალაფიზმი ჩრდილოეთ კავკასიაში არ იდევნებოდა. ვაჰაბიზმს რუსეთის ფედერალური ხელისუფლება აქტიურად დევნის, მაგრამ ეროვნულ რესპუბლიკებში სხვადასხვანაირი მდგომარეობაა. ვაჰაბიზმი უმკაცრესად ისჯება ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, მაგრამ თითებს შორის უყურებენ ამ პროცესს დაღესტანში, ინგუშეთში. ამ პროცესებში გადამწყვეტი ფაქტორია დიდძალი ფული. ვაჰაბიტები იხდიან ფულს. შესაბამისად, საქართველოში სახელმწიფოს სჭირდება ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც მოერგება პანკისის ხეობის სპეციფიკას.

_ მაჩალიკაშვილის ოჯახის მოთხოვნები უცვლელია და გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება. რა იქნება ხელისუფლების სამომავლო ნაბიჯები, ქვეყანას ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს…

_ ოჯახის მოთხოვნა _ დაისაჯოს სპეცრაზმელი, ძალიან რთული საკითხია. სპეცრაზმელი შეიძლება დაისაჯოს იმ შემთხვევაში, თუ არ შეასრულა შესაბამისი ინსტრუქცია, ის, რაც დავალებაში იყო გაწერილი. სპეცოპერაციისას ათასი უბედურება ხდება, სპეცოპერაციის დამგეგმავების შესაძლო დანაშაულსა და დასჯაზე საუბარი შესაძლებელია, მაგრამ ამას, სამწუხაროდ, არც ერთი სახელმწიფო არ აკეთებს, ძალიან ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოებიც კი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები. რა გეგმები აქვს ხელისუფლებას, არ ვიცი, მაგრამ სწორედ ხელისუფლების სწორ მოქმედებასა და გააზრებულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული, როგორი დამაზიანებელი იქნება ეს აქციები.

ესაუბრა ნანა კაპანაძე

ცნობისთვის: პანკისის ხეობა თბილისიდან 150 კილომეტრითაა დაშორებული, ხეობაში 5 700 ქისტი ცხოვრობს. ქისტები ერთ-ერთი კარგად ინტეგრირებული ეროვნული უმცირესობაა საქართველოში, რომლებმაც, მშობლიურ ჩეჩნურ ენასთან ერთად, კარგად იციან სახელმწიფო ენა _ ქართული. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს (1998 წ.) ხეობამ დროებით 12 ათასამდე ჩეჩენი ლტოლვილი მიიღო. 1990-ანი წლების ბოლოს საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება რეგიონს ვერ აკონტროლებდა და ხეობამ კრიმინალითა და ადამიანთა გატაცებით სახელი გაითქვა. სწორედ მაშინ იქცა პანკისი “საშიში ზონის” ეპიცენტრად და, უკვე წლებია, ეს იარლიყი ვერ მოიშორა. 2003 წლიდან ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, ვითარება თითქოს დამშვიდდა, ხეობაც განვითარდა, განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, გაიხსნა პოლიციის განყოფილება, აშენდა იუსტიციის სახლი, ასევე სასპორტო ცენტრები. სირიის კონფლიქტის დაწყებამ და “ისლამური სახელმწიფოს” აღორძინებამ ბოლო წლებში მიღწეული სტაბილურობა შეარყია და პანკისი კვლავ ახალ საფრთხედ იქცა. ბოლო მონაცემებით, სირიაში პანკისიდან “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში მებრძოლი 25 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა, ყველა სალაფიტი იყო. 2012 წლიდან ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონი და სირიაში წამსვლელთათვის საზღვრები ჩაკეტა. 2015 წლის ბოლოს “ისლამური სახელმწიფოსთვის” მებრძოლების გადაბირების ბრალდებით ადგილობრივი სალაფიტური მეჩეთის ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს. 2016 წლის მარტში მას 14 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ხეობის უხუცესები ამბობენ, რომ ვაჰაბიზმი თანდათან ავიწროებს ტრადიცულ ისლამს. მათი თქმით, ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი სალაფიტები არიან. დუისის ცენტრში სალაფიტური ახალი მეჩეთი დგას. სწორედ სალაფიზმის მომძლავრებასა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან შესაძლო თანამშრომლობას უკავშირდებოდა 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც სასიკვდილოდ დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილსა და კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. მათ საქმეებს სასამართლო დახურულ სხდომებზე განიხილავს. აღნიშნულ სპეცოპერაციას ხეობის მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მაჩალიკაშვილების ოჯახი თემირლანის უდანაშაულოდ ცნობას, მკვლელების დასჯასა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here