Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო მათ არ უხსენებიათ…

საქართველო მათ არ უხსენებიათ…

ტრამპმა და პუტინმა ამით საქართველოს უთხრეს, რომ მისთვის არ სცალიათ

3356
ტრამპი და პუტინი

16 ივლისს ფინეთის დედაქალაქში რუსეთისა და აშშის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. საუბარი ორ საათსა და ათ წუთს გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა: “ეს კარგი დასაწყისია. კარგი დასაწყისი ყველასთვის”. შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია. ჟურნალისტები და ექსპერტები ცდილობდნენ, დაედგინათ, რა ქვეტექსტი იმალება საკმაოდ ზოგადი კომენტარების უკან და რაზე შეთანხმდნენ სინამდვილეში ტრამპი და პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დაძაბულ ატმოსფეროს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ობიექტური საფუძველი არ აქვს, ხოლო იდეოლოგიური დაპირისპირება, მათ შორის “ცივი ომის” დასრულების შემდეგ, აღარ არსებობს. ის მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შეუძლია, სირიის ჰუმანიტარული კრიზისის დასრულება უზრუნველყოს. პუტინი შეეხო მდგომარეობას სირია-ისრაელის საზღვარზე და თქვა, რომ ტერორისტების დამარცხების შემდეგ სიტუაცია იქ 1974 წლის შეთანხმების შესაბამისად უნდა დარეგულირდეს (ეს გოლანის მაღლობებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას გულისხმობს). ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ ისრაელი ამაზე არ წავა, თუ სირიის სამხრეთ ნაწილს პროირანული ფორმირებები გააკონტროლებენ და უსაფრთხოების გარანტიების შექმნას ამ ზონაში აშშ-ის და რუსეთის შეთანხმებული მოქმედება დასჭირდება. რუსეთის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი დადებით როლს ასრულებს კორეის პრობლემის დარეგულირებაში, თუმცა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ-მა უარი თქვა ირანთან დადებულ “ბირთვულ შეთანხმებაზე”.

დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში ორმხრივი დიალოგი დაახასიათა, როგორც “ღია და პროდუქტიული” და თქვა, რომ პუტინთან აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის სკანდალური თემა განიხილა. საბოლოოდ, პრეზიდენტებმა იდენტური პოზიცია გამოხატეს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. ამის გამო აღშფოთდნენ ტრამპის კრიტიკოსები შტატებში. “სიგიჟეა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თავს ესხმის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს და ენდობა პუტინს და არა საკუთარ მზვერავებს”, _ განაცხადა სენატორმა კრის ვან ჰოლენმა. ჯონ მაკეინმა კი ჰელსინკის სამიტს “ტრაგიკული შეცდომა” უწოდა. მისი თქმით, “პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ მას არა მხოლოდ არ ძალუძს, არამედ არ სურს, პუტინს წინააღმდეგობა გაუწიოს. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ის და პუტინი ერთი სცენარით საუბრობდნენ”. მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი ოპონენტები აკრიტიკებდნენ, როგორც ტრამპის განცხადებებს, ისე ზოგადად სამიტის გამართვის იდეას, აშშ-ის პრეზიდენტი შეუვალი იყო: “მირჩევნია, წავიდე პოლიტიკურ რისკზე მშვიდობის გულისთვის, ვიდრე საფრთხეში ჩავაგდო მშვიდობა პოლიტიკის გამო”.

გასული კვირა დონალდ ტრამპისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა. ჰელსინკის შეხვედრა ნატოს სამიტის შემდეგ შედგა, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ურთიერთობა ალიანსის წევრებს შორის საკმაოდ დაძაბულია. აშშის პრეზიდენტი ისევ მოითხოვდა, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ თავდაცვითი ხარჯები მშპ 2 პროცენტამდე გაზარდოს. მან განაცხადა, რომ აშშ ნატოს ხარჯების 90%- ფარავს, ხოლო თავდაცვაზე მშპ 4 პროცენტს ხარჯავს, გერმანია კი _ მხოლოდ 1%-, მაშინ, როდესაც ნატო ევროპას უფრო სჭირდება, ვიდრე აშშ. ზუსტი ციფრები ასეთია: აშშ ხარჯავს 3,5%-ს, ხოლო გერმანიის თავდაცვის ხარჯმა 2017 წელს მშპ-ს 1,24% (37 მილიარდი ევრო) შეადგინა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის _ ურსულა ფონ დერ ლაენის თქმით, 2024 წლამდე ეს მაჩვენებელი 1,5%-მდე გაიზრდება, თუმცა, წლევანდელ და 2014 წლის სამიტებზე აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ბერლინმა შეიძლება ეს ხარჯები 2 პროცენტამდეც გაზარდოს, მაგრამ, მინიმუმი, 5-7 წლის შემდეგ და არა დაუყონებლივ, როგორც ამას ტრამპი მოითხოვს. ბულგარეთის პრეზიდენტის რუმენ რადევის თქმით, ტრამპმა სხდომაზე მოუწოდა, მოკავშირეებს ხარჯები არათუ 2, არამედ 4 პროცენტამდე გაუზარდონ, თუმცა მან არ იცის, ჰქონდა თუ არა ამ წინადადებას ოფიციალური ხასიათი.

ბრიუსელში აშშის პრეზიდენტის მთავარი სამიზნე გერმანია გახდა. “რა სარგებელს იღებს ნატო იმით, რომ გერმანია რუსეთის გაზისა და ენერგიისთვის მილიარდობით დოლარს იხდის?” _ დაწერა ტრამპმატვიტერში” 11 ივლისს. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა განცხადებებმა, რომლებიც აშშის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე გააკეთა: “როგორ შეიძლება ერთად იყოთ, როდესაც ერთერთი ქვეყანა იღებს ენერგიას ქვეყნიდან, რომლისგანაც თავდაცვას აპირეთ?! ისინი, უბრალოდ, ამდიდრებენ რუსეთსგერმანია, რამდენადაც ვიცი, რუსეთის მძევალია, რადგან თავისი ენერგიის დიდ ნაწილს რუსეთისგან იღებსენერგიის 60-70%- იღებს ახალი მილსადენით. მითხარით, რამდენად მართებულია ეს, რადგან, ვფიქრობ, ეს ასე არ არის”, _ განაცხადა აშშის პრეზიდენტმა. ტრამპმა, ჩვეულებისამებრ, გაბერილი ციფრები გამოიყენა _ გაზი გერმანიის ენერგობალანსში 24%- იკავებს, რუსულის ხვედრითი წილი კი მხოლოდ 37%-ია. 2025 წლამდე ის შეიძლება 50%-მდე გაიზარდოს. ამის მთავარი მიზეზი ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების დახურვაა.

დონალდ ტრამპი ახალი გაზსადენის, “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის, ტორპედირებას ცდილობს, რათა აიძულოს ევროპა, შეერთებულ შტატებში რაც შეიძლება მეტი თხევადი გაზი შეიძინოს. ის არ ერიდება სიტუაციის გამწვავებას და ევროპელი პარტნიორების აშკარა შეურაცხყოფასაც კი. 11 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებით დაემუქრა იმ ევროპულ კომპანიებს, რომლებიც ამ მილსადენის მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებენ. 12 ივლისს აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა რიკ პერიმ მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, ამერიკული თხევადი გაზის იმპორტი გაზარდონ.

ამ საკითხში ტრამპი კრემლის ინტერესების წინააღმდეგ მიდის და, შესაძლოა, ჰელსინკის შეხვედრის წინ ამიტომ ცდილობდა, ბალანსი დაეცვა და პუტინისთვის საინტერესო წინადადებებიც გაეკეთებინა. “დიდი შვიდეულის” სამიტზე მან განაცხადა, რომ სასურველია, რუსეთი ამ ფორმატს დაუბრუნდეს და, შესაბამისად, “დიდი რვიანი აღდგეს. ეს განცხადება არა მხოლოდ, ევროპელი პარტნიორების “გულის გასახეთქად”, არამედ პუტინის გასაგონადაც გაკეთდა. შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე _ აპირებს თუ არა, აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად? _ ტრამპმა უპრეცედენტო პასუხი გასცა: “ვნახოთ”. საერთოდ, ეს ტრამპის ჩვეული ტაქტიკაა _ ის თითქმის ერთდროულად აკეთებს პარტნიორისთვის სასურველ და არასასურველ განცხადებებს; ცდილობს, მისი რეაქცია მოსინჯოს და წონასწორობა დააკარგვინოს.

ვლადიმერ პუტინი ფინეთის დედაქალაქში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წარმატებულად დასრულების შემდეგ ჩავიდა. ამ ღონისძიებამ რუსეთს დიდი საიმიჯო ბონუსები მოუტანა. მისი სტრატეგიის ქვაკუთხედს, სავარაუდოდ, წარმოადგენდა დასავლეთის ქვეყნებს შორის გაჩენილი წინააღმდეგობების გამოყენება. მას სურდა, დაეცვა რუსული ენერგეტიკული პროექტები, მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა სანქციების რეჟიმისთვის და რუსეთის იზოლაციის იდეისთვის, რომელიც დასავლეთში აქტუალური 2014 წლიდან, “ახალი ცივი ომის” დაწყების შემდეგ, გახდა.

ვაშინგტონი კვლავაც ეწინააღმდეგება ახალი რუსული მილსადენის გაყვანას, ხოლო უკრაინის პრობლემასთან დაკავშირებით მხარეებს დიამეტრალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ. ერთადერთი მიმართულება, რომლითაც დაახლოება შესაძლებელია, არის სირია. “თეთრ სახლსსურს, რომ კრემლი თეირანის წინსვლის შეჩერებაში დაეხმაროს. ირანიდან ლიბანამდე გაჭიმულიშიიტური დერეფანიძალიან აშფოთებს, როგორც აშშ, ისე ისრაელს. ცხადია, სირიაში თანამშრომლობის სანაცვლოდ ტრამპს პუტინისთვის რაღაც უნდა შეეთავაზებინა, მაგრამ ამაზე პრეზიდენტებს მინიშნებითაც კი არ უსაუბრიათ.

საქართველო მათ არ უხსენებიათ, მაგრამ ჰელსინკის სამიტმა საქართველოს პროამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გააღიზიანა. ზოგს შეხვედრის ფაქტი ან ცალკეული რეპლიკები არ მოეწონა; ზოგი კი, სავარაუდოდ, ხვდებოდა, რომ ტრამპის საგარეო კურსმა შეიძლება შეცვალოს სიტუაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში. დონალდ ტრამპი უარს ამბობს იმაზე, რომ აშშ-მა გლობალიზაციის ფლაგმანის როლი შეასრულოს და თითქოს კლასიკური იმპერიალიზმის, ეროვნული პრიორიტეტების ეპოქას უბრუნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონის ინტერესი არასტაბილური, “არამომგებიანი” ზონებისა და პროექტების მიმართ შეიძლება მკვეთრად დაეცეს. ამასთანავე, სავაჭრო და პოლიტიკურმა ომმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის შეიძლება წაართვას მათ შესაძლებლობა პოსტსაბჭოთა სივრცეში შეთანხმებული პოლიტიკა გაატარონ. ამ მხრივ ძალზე სიმბოლური გამოდგა ინციდენტი, რომელიც ბრიუსელში 12 ივლისს, დილით მოხდა. სხდომაზე, რომელსაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ესწრებოდნენ, ტრამპმა მოკავშირეებს პრეტენზიები კიდევ ერთხელ წაუყენა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და მარგველაშვილს შეხვედრა, ფაქტობრივად, დაატოვებინეს და ის დახურულ ფორმატში გაგრძელდა. ცხადია, ეს ეტიკეტის სრული დაცვით გაკეთდა და თავი შეურაცხყოფილად არავის უგრძვნია, მაგრამ მომხდარს მაინც მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ერთმანეთთან დაპირისპირებულმა დასავლელმა პარტნიორებმა ამით უკრაინასა და საქართველოს თითქოს უთხრეს, რომ მათთვის არ სცალიათ და ეს, ალბათ, კარგი საბაბია იმისთვის, რომ ორივე ქვეყნის მმართველი ელიტა რეგიონში მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე დაფიქრდეს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here