Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე

221
ქართულმა ეკლესიამ, 106-წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ კვლავ აირჩია კათოლიკოს პატრიარქი. ეს პატივი და ჟვარი წილად ხვდა ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლ კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში

1917 წლის 12 (ახალი სტილით 25) მარტს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიაგადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო, მაგრამ მაცხოვრის გამოცხადებით თავის ნაცვლად ივერიაში წამოსასვლელად წმიდა ანდრია პირველწოდებული აკურთხა და თან თავისი ხატი გამოატანა.

IV საუკუნის დასაწყისში, სანამ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, დასავლეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში, საეკლესიო იერარქია უკვე არსებობდა: პირველ მსოფლიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი.

IV საუკუნის დასაწყისში, როცა რომში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, წმიდათა მოციქულთასწორთა მირიან და ნანას მეფობის ჟამს, ღვთის სიტყვის საქადაგებლად ჩამოვიდა წმიდა ნინო. შემდეგ, მირიან მეფის თხოვნით, წმიდა კონსტანტინე დიდმა გამოგზავნა იოანე ეპისკოპოსი ორი მღვდლითა და სამი დიაკვნით, რომელთაც ნათელსცეს ქართველებს. ასე ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ეკლესიას. იოანეს ანტიოქიის პატრიარქად არჩევამ განაპირობა ის ფაქტი, რომ კრებამ საქართველოს ეკლესიაც ანტიოქიის საპატრიარქოს მიათვალა.

წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის თაოსნობით, 472 წელს ქართლის კათალიკოსად დადგინდა პეტრე და მთავარეპისკოპოსად _ სამოელი. მანვე დაადგინა თორმეტი საეპისკოპოსო. ასე რომ, ვახტანგ გორგასლის დროიდან ქართლის ეკლესიას გააჩნდა საკუთარი საეკლესიო კრება, რომელიც უფლებამოსილი იყო, თვისი შინაგანი საქმეები, ეპისკოპოსთა ხელდასმაგადაყენება, თვითვე განეგო. ეკლესია დამოუკიდებელი გახდა.

იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმისა და ანტიოქიის პატრიარქ თეოფილაქტეს დროს ანტიოქიაში ქართლიდან მივიდნენ ქართველი ღვთისმსახურები და პატრიარქს იბერიის ეკლესიის გასაჭირი მოახსენეს, რომ სარკინოზთა შიშით ქართლსა და ანტიოქიას შორის მიმოსვლა შეწყვეტილი იყო, ამიტომ ანტიოქიის პატრიარქ ანასტასის დროიდან ქართლის კათალიკოსის კურთხევა აღარ ხდებოდა. ანტიოქიის ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ გადაწყვიტა, ქართლის ეკლესიისთვის მიეცა კათოლიკოსთა ხელდასხმის უფლება, სამაგიეროდ ქართლის ეკლესიას ანტიოქიიდან უნდა მიეღო მირონი და მასში 1000 დრაჰკანი გადაეხადა. ამასთან, ქართლის ეკლესიის წირვა-ლოცვაში პირველ ადგილზე უნდა მოეხსენებინათ ანტიოქიის პატრიარქი.

ცოტა მოგვიანებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ღირსი მამა ეფრემ მაწყვერელის ღვაწლით მიიღო მირონის კურთხევის უფლება.

XI საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიამ მწვავედ დააყენა მრავალჭირნახული იბერიის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი.

საქართველოს ეკლესია მაჰმადიანურ სამყაროსთან ჭიდილში საუკუნეების მანძილზე მოძღვრავდა, ზრდიდა და სულიერად კვებავდა ქართველობას.

1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის მე-8 მუხლში ბუნდოვნად არის ახსნილი საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობა.

1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვით საქართველოს მრავალსაუკუნოვანმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა და ოდესღაც დიდი ქვეყანა ორი გუბერნიის სახით შეუერთდა რუსეთის იმპერიას.

1801 წლის აქტის შემდეგ საქართველოს მთავარმართებელი უხეშად ერეოდა საქართველოს ეკლესიის საქმიანობაში.

1811 წლის 10 ივნისს ალექსანდრე I სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს სწერს: “საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უნდა გაერთიანებულიყო უწმიდესისა და უმართებულესის სინოდის გამგეობაში. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა. გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების განმგებლობისაგან, უწმიდესის სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით”. ასე გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ანტონ II რუსეთში გადაასახლეს.

მიხეილ საბინინი – „დიდება იბერიას“

დაიწყო მძიმე წლები ქართული ეკლესიის ისტორიაში. საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი ხელმძღვანელობდა ეგზარქოსის მეშვეობით. 1811-1817 წლებში ამ მოვალეობას ასრულებდა ვარლამ ერისთავი. მის შემდეგ ყველა ეგზარქოსი რუსი იყო. ისინი ძარცვავდნენ ეკლესიებს და მტერთა შემოსევებს გადარჩენილი ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათესი ნიმუშები რუსეთში გაჰქონდათ. მოიშალა საეკლესიო კათედრები. 24 ეპარქია, რომელთა მღვდელმთავრები, სამწყსოსთან ერთად, იტანდნენ ყოველგვარ გაჭირვებასა და სიმძიმეს, სიცოცხლესაც კი სწირავდნენ სამშობლოსათვის, საეგზარქოსომ ხუთ ეპარქიამდე შეამცირა. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები შეიცვალა რუსულით. სულ რაღაც ორიოდე წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე რუდუნებით აშენებდა და აგროვებდა.

ყოველივე ამან მოსახლეობის აღშფოთება და გაბოროტება გამოიწვია. ღვთივსულიერი რუსი მამები აფრთხილებდნენ საქართველოს მოწინააღმდეგე ძალებს, პატივითა და კრძალვით მოპყრობოდნენ ღვთისმშობლის წილხვედრ და მოციქულთა მოქცეულ ქვეყანას. მიუხედავად ამისა, საქართველოში იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ჩამოსვლის წინ ეგზარქოსმა ევგენიმ, “სანიტარული წესრიგის” საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდის, ერთაწმიდის უნიკალური ფრესკები. პავლე ლებედევმა, სემინარიის რექტორ ჩუდეცკისთან ერთად, გაძარცვა ხახულის ღვთისმშობლის ხატი, მიიტაცა ოქროსა და ვერცხლის ხატები, საეკლესიო ნივთები. ეგზარქოსმა, ჩუდეცკის მკვლელობის გამო, სიონის ტაძრის ამბიონიდან დაწყევლა ქართველი ერი, დიმიტრი ყიფიანმა კი საჯაროდ ამხილა ეგზარქოსი და უთხრა, რომ უფლება არ ჰქონდა, დარჩენილიყო იმ ერის სულიერ მამად, რომელიც ანათემაზე გადასცა. ამ მხილების გამო მხცოვანი მამულიშვილი სტავროპოლში გადაასახლეს და განთავისუფლების წინა დღეს მოკლეს.

XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა, ქართველ სამღვდელოებასთან ერთად, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი, წმიდა ილია მართლის მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვდაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობამ დანიშნა სხდომა, რომელზეც მოხსენებით გამოვიდნენ ეპისკოპოსები: კირიონი და ლეონიდე, პროფესორები: ალ. ცაგარელი, ალ. ხახანაშვილი და ნიკო მარი. კირიონის მოხსენების თემები იყო: 1) ქართული საეკლესიო საკითხი; 2) რა აიძულებს ქართველებს, იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე; 3) რომელ წელს მიენიჭა ივერიას ავტოკეფალია; 4) ეროვნული პრინციპი ეკლესიაში.

ქართველებმა დაასაბუთეს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლმა მღვდელმთავრებმა და მეცნიერებმა: კ. ცინცაძემ, ნ. დურნოვომ და თ. ჟორდანიამ გამოაქვეყნეს მონოგრაფიები, რომლებშიც დასაბუთებული იყო საქართველოს ეკლესიის თავისთავადობის აუცილებლობა.

1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: 1) ამიერიდან, 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2) დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე; 3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.

იმავე წლის სექტემბერში ქართულმა ეკლესიამ, 106-წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ კვლავ აირჩია კათოლიკოსპატრიარქი. ეს პატივი და ჯვარი წილად ხვდა ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლ კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში.

ღვთის განგებით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა, მაგრამ არ არსებობდა ამ აღიარების წერილობითი დასტური, რომლის უქონლობის გამოც, ჩვენს წმიდა წინაპრებს ხშირად უხდებოდათ ბრძოლა საქართველოს მრავალტანჯული ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად.

ღვთის შეწევნითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის დღეს, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ილია II- საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.

ეს იყო ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საბოლოო აღიარება.

მომზადდა წიგნიდანწმიდანთა ცხოვრება”,

ტომი I, თბილისი, 2001 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here