“რაც არის _ ის იყო, რაც იყო _ ის იქნება და არაფერია მზის ქვეშ ახალი” _ ლათინთა ეს სენტენცია, რომ რაღაც მარადიულზე, ამაღლებულსა და ა.შ. სხვა მაღალ მატერიებზე ფიქრის შედეგია, ვგონებ, არ უნდა იყოს სადავო, ისევე, როგორც ის, რომ ქართველებს, ბოლო 25-30 წელიწადია, შინაურმა თუ გარეულმა ლიბერასტმა პოლიტიკანებმა ისე გაგვიხადეს საქმე, რომ “მაღალი მატერია” ჩვენი დასავლელი “მეგობრების” მიერ ნახმარი და შემდეგ “მათხოვარი” ქართველებისთვის სამადლოდ გამოგზავნილი ე.წ. ძონძებით (იგივე მატერია, რა…) სავსე თოფრები გვგონია და, აქედან გამომდინარე, ევროპელ–ამერიკელთა აქოთებულ მეორად “შმოტკებში გაზმანული” უთავმოყვარეო ქართველის პირველადი საზრუნავი, რომ მშიერი კუჭის, უკაცრავდ პასუხია, ამოყორვა იქნებოდა და არა ამაღლებულ მარადიულზე ფიქრი, გასაკვირია?
ეს, რა თქმა უნდა, ნახევრადხუმრობით და მით უმეტეს, არა ვინმეს შეურაცხყოფის მიზნით…სერიოზულად კი, ლათინთა ზემოთ ხსენებულ სენტენციას ასე დავაბოლოებდი: და არც ქართულ პოლიტიკაშია არაფერი ახალი!
იქნებ პარადოქსია, მაგრამ უდავო ფაქტი _ საქართველოს უახლეს ისტორიაში ე.წ. პოლიტიკურ პროცესს “საზიზღარმა კომუნისტებმა” მისცეს დასაბამი, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში გამოაცხადეს პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და რომლის შედეგად “დიქტატორმა კომუნისტებმა” ე.წ. ეროვნული მოძრაობის სასარგებლოდ ნებაყოფლობით დათმეს ხელისუფლება.
პირველი და, როგორც აღმოჩნდა, ჯერჯერობით უკანასკნელი არჩევნები, რომელიც მართლაც დემოკრატიულად, ყოველგვარი გაყალბების გარეშე ჩატარდა და იცით, რატომ? ათას “ზაბორზე” გადამხტარმა კომუნისტებმა გაყალბების ტექნოლოგიები არ იცოდნენ.
მას შემდეგ კომუნისტების მიერ წამოწყებული პოლიტიკური პროცესი, როგორც ასეთი, საქართველოში აღარ განვითარებულა, მოკვდა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ _ მიზეზთა გამო (აფხაზეთი, ცხინვალი, სამოქალაქო ომი და ა.შ.) 28 ოქტომბრის შემდგომი უკლებლივ ყველა არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და იცით, რატომ? _ იმიტომ, რომ შევარდნაძემ ხელისუფლებაში მოიყვანა ზურაბ ჟვანიას ლიბერალთა გუნდი, რომლის არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებელი წევრები (მიშა მაჭავარიანი, გია ბარამიძე და სხვები) გაყალბებების ტექნოლოგიების ასათვისებელ ტრენინგებს გადიოდნენ ევროპა-აშშ-სა თუ აქვე, გუდაურის “სემინარებზე” და ისე ვირტუოზულად დაეუფლნენ ზემოთ ხსენებული “ამხანაგები” გაყალბებათა ტექნოლოგიებს, რომ 1995 წლიდან დღემდე ხელისუფლებაში არიან.
ჯერ შევარდნაძის “მოქალაქეთა კავშირი”, შემდეგ სააკაშვილის “ნაცმოძრაობა” და ბოლოს, სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, ივანიშვილის “ქართული ოცნებაც”, ხატოვნად თუ ვიტყვით, ერთი ლიბერალური იდეოლოგიური ხის სხვადასხვა ზომა–წონის განშტოებები არიან, თუმცა ყველაფერი შედარებითია და, თუ შევარდნაძის ხელისუფლებაში პრაქტიკულად ვერ იპოვიდით ლიბერასტებს და მათი ერთადერთი დანაშაული ტოტალური კორუფცია იყო, მომდევნო ხელისუფლებებში ყველა დონეზე კორუფცია ე.წ. ელიტულმა კორუფციამ ჩაანაცვლა, ხოლო კაცების (წაიკითხე: ეროვნულ–ტრადიციული ღირებულებების მიმდევართა) სიმცირემ ჯერ მიშნაცების ხელისუფლებაში მიაღწია კრიტიკულ ზღვარს. 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კი “ქართულ ოცნებაში” კაცები, რომ იტყვიან, დღისით სანთლით საძებნი გახდნენ, რის გამოც ბურთი და მოედანი კობახიძეების, თალაკვაძეების, მდინარაძეების, ჩუგოშვილების მსგავს “ქართული ოცნების” უსახო სახეებს დარჩათ.
დარჩათ თუ, ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი ინტერვიუდან გამომდინარე, სოლოლაკის ჭორვილელმა ბინადარმა შეგნებულად გადასცა ეს ქვეყანა სამართავად (დასანგრევად) ყოველგვარი ეროვნული განცდისგან დაცლილ ნეოლიბერალ ახალგაზრდა ხლისტებს?
ქვემოთ ამ თემაზე და არა მხოლოდ ამაზე სწორედ ბიძოს ინტერვიუდან გამომდინარე ვისაუბრებთ, მაგრამ მავანთ ამთავითვე მინდა გავუცრუო იმედი და ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ: თავქვე რომ დამკიდონ და ცეცხლი შემინთონ, ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს იმის თქმას, რომ მიშას სადისტურ–ფაშისტური რეჟიმი სჯობდა თუნდაც უუნარო “ქართულ ოცნებას”. და ეს მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” სწორედ ამ “ათასმეერთეს” იყენებს ბოროტად, ანუ ქოცები 2012 წლის არჩევნების ტრიუმფით მოგების შემდეგ ხელისუფლების შენარჩუნებას შეფარული, მაგრამ მაინც კარგად ნაცნობი, გაცვეთილი ლოზუნგით ახერხებენ: მე თუ არა, აგერ ისევ პირსისხლიანი მიშარასტები მოდიან?!
რაც ჯერჯერობით კარგად მუშაობს, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ანუ გონიერი ნაწილი ჩემს მიერ “ათასმეერთედ ნათქვამის” შესაბამისად ფიქრობს, მაგრამ ქოცების ხელისუფლებას აქვე მკაცრად ვაფრთხილებთ: ეს “ჯერჯერობით” უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, მაგრამ ამაზე ქვემოთ…
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან “წასვლის” შემდეგ არავისთვიაა საიდუმლო, რომ ქვეყანა მისი უჩინარი ხელით იმართებოდა. რიგითი მინისტრების ხშირ დანიშვნა-გადაყენებას რომ თავი ვანებოთ, ბიძინას მსახვრალმა ხელმა ორი პერმიერმინისტრის კარიერა იმსხვერპლა და თანაც ორივე ერთნაირი სცენარით _ ღარიბაშვილიც და კვირიკაშვილიც წინა დღეს არნახულ წარმატებებზე და, აქედან გამომდინარე, მომავალში საკუთარ მრავალწლიან გეგმებზე საუბრობნენ, მეორე დღეს კი ორივე პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრეს! თუმცა მცირე სხვაობა ამ ორ მოულოდნელ ფაქტს შორის ის იყო, რომ “ღარიბა” ჯერ კიდევ სახელისუფლო კულისებიდან გაათავისუფლა “მოქალაქე” ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო “კვირიკა” _ უკვე პოლიტიკაში პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის რანგში “დაბრუნებულმა” ბიძინამ. ეს ერთი. და მეორე _ თუ “ღარიბას” გადაყენებას ხმაური არ მოჰყოლია “ქართული ოცნების” შიგნით, “კვირიკას” ჯერ პარლამენტის ფაქტიური მმართველი, ე.წ. ახალგაზრდა ნეოლიბერალები (კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე, ჩუგოშვილი) მისდგნენ და დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად მიწასთან გაასწორეს, ხოლო შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ინტერვიუში, ჟარგონით თუ ვიტყვით, კატოკივით ისე გადაუარ-გადმოუარა სულ რაღაც “გუშინ” სახელწიფოს პირველ პირს, რომ, “მამაძალი”, ადამიანურად შემეცოდა.
როგორც იტყვიან, ჯერ სადა ხარ. ბატონმა ბიძინამ იმდენი და ისეთი სისულელეები მიმოაბნია ინტერვიუში, რომ “კვირიკა” და “ქუმსია” რაღა სახსენებელები არიან (მითუმეტეს, რომ, დიდი ალბათობით, ცოლ–შვილი მშიერი არ დაურჩებათ), საქართველო შემეცოდა.
აბა მე სად ჩავწვდები ბოლომდე საქართველოში ინტელექტის აღიარებულ მეტრს და ამიტომ ინტერვიუდან მხოლოდ რამოდენიმე “მარგალიტს” შევთავაზებ ქართველ საზოგადოებას ჭაშნიკად:
შედარებით უმნიშვნელოს შესახებ მოკლედ ვიტყვი: უკვე ანეკდოტადქცეული ასწლოვანი ხეების გადარგვა–გადმორგვას ლამის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენად აფასებს ბატონი ბიძინა. ჰოდა, აფასებს და შეაფასოს, თავად იხდის იმ ფასს. მერე რა, რომ ქვეყანაში ამდენი უსახლკარო, მშიერი ადამიანია?! ფული ბიძინასია და უნდა _ ხეებს გადმოირგავს საკუთარ მამულში და უნდა _ მთვარეზე მანდარინის პლანტაციებს გააშენებს. რომელ მილიარდერს არ აქვს უაზრო ხუშტურები?!
რომ დავინახე, “ქართული ოცნების” ხელში საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, გული მეტკინა და სხვა მრავალ მიზეზთა გარდა, ამისთვისაც დავბრუნდი პოლიტიკაშიო. ციტირებაზე თავს ვერ დავდებ (მოდით აქვე შევთანხმდეთ, რომ ციტირებაზე ვერც ქვემოთ დავდებ თავს) და შინაარსობრივად დაახლოვებით ეს ბრძანა ჭორვილელმა მილიარდერმა…
ზემოთ ხსენებული “გული მეტკინადან” გამომდინარე, საზოგადოების იმ გულის ტკენის მიზეზებზეც ვიტყვით ორიოდ სიტყვას, რომელზეც კონკრეტულად არ უსაუბრია ბატონ ბიძინას:
ნავთობბიზნესი, ფარმაცევტიკა და საბანკო ბიზნესი ე.წ. ბანანის რესპუბლიკების რანგის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ბიზნესებია, რომლებიც უმძიმეს ტვირთად აწევს და ახრჩობს უბრალო მოსახლეობას.
ახლა არ მითხრათ, საქართველოსთან რა შუაშია ბანანიო?! მერე რა, რომ ჩვენში ანანასები არ ხარობენ?! ზემოთ ხსენებული ბიზნესები, ბანანის ქვეყნების მოსახლეობათა მსგავსად, არ ახრჩობს უბრალო ქართველებს?!
ბატონო ბიძინა, თქვენი “გულის სპაზმების” მოსახსნელად მარტივ გამოსავალს გთავაზობთ: ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კერძო კომპანიების პარალელურად არსებობენ სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც ნავთობპროდუქტებისა და ფარმაცევტული საქონლის იმპორტს ეწევიან რეალურ ფასებში, რის გამოც ე.წ.მაფიოზურ–კარტელური შეთანხმებები თითქმის სრულად არის გამორიცხული, რადგან კერძო ბიზნესი სახელმწიფო იმპორტიორზე აღმატებულ ფასს ვერ დაადებს “ანალგინსა” თუ “დევიანოსტა ტრეწი” ბენზინს.
რაც შეეხება თქვენს გულისტკივილს, ორმა ბანკმა (“თიბისიმ” და “საქართველომ”) შეჭამა საქართველო და თურმე ქვეყნის მოსახლეობა საკუთარი შემოსავლის ერთ მესამედს ბანკების ვალებში იხდის და ეს სრულიად ევროპული სირცხვილიაო, “თვალი დაუდგეს ევროპას”, სირცხვილიცაა და სასაცილოც, სატირალი რომ არ იყოს! შე კაი კაცო, წინასაარჩევნოდ შეპირებული უფასო ფული თუ ვერა, დაბალპროცენტიანი მრავალწლიანი კრედიტი მაინც გაეცი საკუთარი “ქართუ ბანკიდან” და ის ბანკები, რომლებმაც, როგორც ბრძანებთ, საქართველო შეჭამეს, სად ბებიაჩემის ბაბუასთან წავლენ?! ისინიც იძულებულნი გახდებიან, პროცენტი დაწიონ!
ზემოთ ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება ბრჭყალებში ჩავსვი, რადგან საიდანაც რეალურად არ წასულა, იქ ვერც დაბრუნდება!
იმავე “ბრჭყალების გაკვრის” სურვილი გამიჩნდა, როდესაც ბატონმა ბიძინამ 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში შესვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება ივარაუდა. ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნებისა არ იყოს, როდის, რომელ საუკუნეში იყო საქართველო ევროპული ოჯახის წევრი, რომ ახალა ძე–შეცდომილივით იქ დაბრუნებას აპირებს?! ეგეც არ იყოს, რომელ ევროკავშირში აპირებს შესვლას საქართველო, რომლის დაშლის დე ფაქტო შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია და დე იურე 2030 წლამდე გაცილებით ადრე, მომავალ წელს, “ბრექსიტის” შემდეგ ოფიციალურად გაფორმდება?
იმავეს თქმა ნატოზეც შეიძლება, რომლის არსებობას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელში დიდი დღე არ უწერია _ ყოველ შემთხვევაში, ამ მასშტაბითა და ზომით.
ბატონმა ბიძინამ ინტერვიუში ერთი სახიფათო განცხადებაც გააკეთა: “ქართულ ოცნებას” შეიძლება საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეო, რადგან საპარლამენტო თუ ადგილობრივ ხელისუფლებებში ყველგან საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს “ქართულ ოცნებას” და ეს ევროპას არ მოსწონსო. ჯანდაბას, პრეზიდენტობისთვის ოპოზიციამ იბრძოლოს, ჩვენ არ ჩავერევითო.
რა არის ეს, თუ არა ქართველთა საძულველი კოაბიტაციის უფრო მაღალ რეგისტრში აყვანა…
ევროპას არ მოსწონსო და დიახაც სწორედ იმიტომ, რომ ევროპა-ამერიკას არ მოსწონს, ქოცებმა ნელ-ნელა დაიწყეს საკუთარი რიგებიდან მეტ-ნაკლებად ეროვნულად მოაზროვნე კადრების განდევნა.
ზოგი 2016 წლის საპარლამენტო სიაში არ შეიყვანეს და ამით მოიშორეს თავიდან, ზოგიც ოროსან მოსწავლესავით გარიცხეს გუნდიდან.
დასასრულ, ზემოთ ვთქვი, “ჯერჯერობით უსასრულოდ ვერ გაგრძელდება”-მეთქი. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ მართალია, დღეს, ისევე როგორც სადისტი მიშარასტების დროს, ქუჩებში აღარ გვხვრეტენ და ციხეებში აღარ გვაუპატიურებენ, რაც სულაც არ არის ცოტა, მაგრამ, თუ მუდამ მხოლოდ ქოც-ნაცებს შორის გვექნება არჩევანი გასაკეთებელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველები ამ “მუდმივობას” შევეგუებით და აპრიორი გარანტირებულად მივცემთ ხმას ქოცებს.
არა, ბატონო! გამოჩნდება მესამე ძალა, რომელიც იდეოლოგიურად ერთსულ და ერთხორც ქოც–ნაცებს არას ეტყვის და, არჩევნებით თუ მის გარეშე, ხელისუფლებაში მოიყვანს ეროვნული თვითშეგნების, მართლმადიდებელ, ღვთის მოშიშ ძალას, რომელიც აზვირთებული ნეოლიბერასტული ოკეანიდან მყუდრო ნავსაყუდელში მიიყვანს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს.
დავით მხეიძე