Home რუბრიკები ეკონომიკა რატომ მაინცდამაინც გაუფასურებისკენ მიცურავს ეს ჩვენი ეროვნული ვალუტა

რატომ მაინცდამაინც გაუფასურებისკენ მიცურავს ეს ჩვენი ეროვნული ვალუტა

3251
ეროვნული ვალუტა

ლარი უგზოუკვლოდ მიქრის და ყოველ გაუფასურებას უკეთესი ცხოვრების მოლოდინზე მბჟუტავი ნაპერწკალი მიაქვს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფერს ერი თითქოს შეეგუა და ისეთი მძაფრი რეაქცია აღარ აქვს, როგორც ადრე. სამაგიეროდ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად გვახსენებენ, რომ მათი წასვლის შედეგად ლარი თითქმის ერთი ლარით გაუფასურდა (სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვათ, რომ მათი დარჩენის შემთხვევაში დოლარი ორი ლარით გაუფასურდებოდა. _ რედ.).

გაუფასურდა ეროვნული ვალუტა და, შესაბამისად, გაძვირდა პროდუქტები. შესაძლოა, ვინმემ მისტიკაში გადავარდნად ჩამოგვართვას, მაგრამ, დღევანდელი კურსით, 2.70-ით რომ ვიანგარიშოთ, პენსიონერები 66.666 დოლარს იღებენ და ამ თანხით თვიდან თვემდე უნდა გაიტანონ თავი. ისე, ევროპული კონვენციების მიხედვით (იმ ევროპის, ასე რომ ვესწრაფვით და ვეტოლებით), ადამიანი, რომელსაც დღეში 2.50 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, ღატაკად ითვლება. ჰოდა, აგერ, ბატონებო, ნახევარ მილიონზე მეტი ოფიციალური ღატაკი გყავთ ქვეყანაში და, არაოფიციალურად მათი რაოდენობა მილიონს რომ აჭარბებს, ჩვენზე კარგად უნდა იცოდეთ.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ფინანსთა ყველა მინისტრი ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად საზოგადოების ცუდ მოლოდინს ასახელებდა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: თურმე საზოგადოებას მომავლის იმედი არ აქვს, ხვალინდელი დღე დღევანდელზე უარესი ჰგონია და ამიტომაც არის, ლარი რომ უფასურდება. ჰო, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ფინანსთა ყველა მინისტრი იმეორებს ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს: ლარი ჯანსაღი ორგანიზმია, ცურავს და ეს ნორმალურიაო.

ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება, ძირითადად, შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური საფუძვლები არ აქვს. კიდევ ერთხელ გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური ზრდისა და დასაქმებისთვის. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, ბაზრისთვის დამახასიათებელია კურსის მოკლევადიანი ცვალებადობა, მათ შორის, მოლოდინებზე რეაგირება, რაც სავალუტო ბაზრის ბუნებრივი ქცევაა. ჩვენი მიზანია მინიმალური ჩარევა საბაზრო პროცესებში, თუმცა ეროვნული ბანკი ფლობს ადეკვატური რაოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვს, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, გონივრულად მიმართავს”, _ არ დაიჯერებთ და, ეს განცხადება ეროვნულ ბანკს ეკუთვნის.

რა გამოდის? ეროვნული ბანკი გვეუბნება: შეგვიძლია ლარის კურსზე გავლენა ვიქონიოთ, გავამყაროთ, მაგრამ არ ვერევით, ჯერ საამისო დრო არ დამდგარაო. აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ვიცეპრეზიდენტებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ხელფასი თვეში, სულ ცოტა, ათი ათასი ლარი აქვთ და ადვილი მისახვედრია, რომ ლარის გაუფასურებას ისინი დიდად ვერ გრძნობენ. მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პურის ფასი ათი თეთრით მოიმატებს თუ გაორმაგდება, მაინც არ ყიდულობენ _ ამას მათ ნაცვლად მოსამსახურეები აკეთებენ, ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოჩამოთვლილ გვამებს შინამოსამსახურეები ჰყავთ.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ, ცოტა არ იყოს, სასაცილოა ცუდის ექვსწლიანი მოლოდინი. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ლარი გაუფასურების მეტს არაფერს აკეთებს, ანუ გამოდის, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ სრული ექვსი წლის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ მოახერხა და უკეთესის მოლოდინი, უბრალოდ, ვერ შექმნა. უკეთესი მომავალი რომ ვერ შექმნა, გასაგებია, მაგრამ მოლოდინიც ვერ შექმნა, იმედიც მოკლა და ახლა სწორედ იმას გვაყვედრის: რომ არ გჯერათ, ლარი იმიტომ უფასურდება, ანუ თქვენი ბრალია, თორემ ჩვენ არაფერ შუაში ვართო.

ახლა ფინანსთა მინისტრს მოვუსმინოთ.

ეროვნულ ვალუტას გაუფასურების მიზეზი არ ჰქონდა. კურსის ვარდნა ცუდმა მოლოდინმა გამოიწვია. არასტაბილური ვითარების მოლოდინი ეროვნულ ვალუტას ურტყამს”, _ განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ანუ, ფინანსთა მინისტრიც იმავე აზრზეა, რაზეც ეროვნული ბანკი. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაჭავარიანს არ უთქვამს: კურსის გამყარება შეგვიძლია, მაგრამ არ ვერევითო. სხვათა შორის, მაჭავარიანს, წინამორბედისგან განსხვავებით, არც “ბღუჯა ფულის ამოღების” პაროდია გაუკეთებია, თუმცა ფაქტია, რომ ეკონომიკური გუნდი ბედნიერი ადამიანის პაროდიას აკეთებს _ გაბრწყინებული სახეებით გვიმზერენ და ისიც კი გვითხრეს, ორი დღის წინათ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი რომ იყო ჩამოსული, ბედნიერი წავიდა, ყველა მითითება შესრულებულია, წინ მიიწევთო. ბატონებო, ვინმე აგვიხსნის, რას ნიშნავს წინსვლა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოცემული საშინაო დავალებების სანიმუშოდ შესრულება?! ყველაფერი რომ გაძვირდა და საქართველოს მოსახლეობის 80% მხოლოდ საკვების ფულის შოვნაზეა გადასულ-გადართული, არ იცით, ვერ ხვდებით თუ, უბრალოდ, არ იმჩნევთ?! დედაქალაქსა და რეგიონებში საკვების ნარჩენებზე ნამდვილი ნადირობა რომ არის გამოცხადებული და ლამისაა მაწანწალა ძაღლები მშიერი დადიან იმის გამო, რომ გაჭირვებული ხალხი ნარჩენებს სანაგვე ურნაში აღარ აჩერებს, არ გსმენიათ, არ იცით თუ ვერ ხედავთ?! რა, სავალუტო ფონდის რეკომენდაციები შეასრულეთ და ყველაფერი რიგზეა?! რა მცურავი კურსი და ჯანსაღი პროცესი?! კეთილი, ვთქვათ და დაგიჯერეთ, რომ ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და ლარი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, თავისუფალ ცურვაშია გაშვებული. რატომ მაინცდამაინც გაუფასურებისკენ მიცურავს ეს ჩვენი ეროვნული ვალუტა და ერთხელ მაინც რატომ არ მიდის დინების, ანუ დოლარის საწინააღმდეგოდ და რატომ არ მყარდება?! დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიანო და ვაღიაროთ, რომ ლარი, მკვდარი თუ არა, აგონიაში მაინცაა და დინება უფსკრულისკენ მიაქროლებს.

სხვათა შორის, როცა ჩვენს მეზობელ თურქეთში გაუფასურდა ვალუტა ამერიკული სანქციების გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა ადგილობრივ მწარმოებლებს შეღავათები დაუწესა _ აქაოდა, ის გააიაფეთ, რასაც ჩვენს ქვეყანაში ვაწარმოებთ, მოსახლეობა მსყიდველუნარიანი რომ იყოსო. ამ ნაბიჯმა გაამართლა _ ინფლაციაც შეჩერდა, მოსახლეობა ადგილობრივ პროდუქტს მიეძალა და, გარდა იმისა, რომ ბიზნესმა ამოისუნთქა, ხალხმაც შვება იგრძნო და ინფლაცია იოლად გადააგორა. არადა, კარგად გვახსოვს, როგორ გვეუბნებოდნენ ლარის მორიგი გაუფასურების გამო: თურქეთის ფაქტორი მუშაობს ჩვენზეცო. რეალურად კი, თურქეთმა თავი გადაირჩინა, ჩვენ კი გადარჩენაზე თითქოს არ ვფიქრობთ.

ახლა ხელისუფლებას ერთი ამბავი აქვს ატეხილი, მომდევნო წლიდან პენსიას ოცი ლარით ვზრდით და 200 ლარი გახდებაო. ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორი იქნება ნაახალწლევს ლარის კურსი, მაგრამ პენსიონერებს დღეში 0.666 თეთრი, ანუ 0.246 ცენტი მოემატებათ და რისი ყიდვა შეიძლება 0.666 თეთრად? ერთი პურის _ არა, ერთი კილო კარტოფილის _ არა, ერთი კილო შაქრის _ არა. ტუალეტის ქაღალდიც კი არ მოდის ამ ფასად, თქვე კაი ხალხო, და დღეში ლარი მაინც გაგემეტებინათ?! იტყოდით: სულ ცოტა, ერთი პური მოემატა პენსიონერსო.

ჩვენ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ 2020 წელს, ანუ მაშინ, როცა კარზე საპარლამენტო არჩევნები მოგვიკაკუნებს, ხელისუფლება პენსიის გაზრდას 250 ლარამდე აპირებს. არადა, თუ ასე გაგრძელდა, ძალიან დიდია შანსი, რომ ხალხმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოითხოვოს. სხვაგვარად გამორიცხული იქნება გაძლება, რადგან ერი შიმშილობს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და მშიერი კაცი კასრში გამოყვანილ ვირთხასავითაა, ერთი ნატეხი პურის გამო მზადაა, თანამოძმე დაგლიჯოს. ახლა არ გვითხრათ: ვირთხებს როგორ ადარებთ ადამიანებსო?! საექსპერიმენტო ვირთხებად ვართ გადაქცეული და მართლა საოცარია, როგორ ახერხებენ ადამიანები თვიდან თვემდე თავის გატანას. და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლებას უკეთესი წარმოდგენა აქვს ჩვენზე, ძალიან ცდებით. ასე რომ იყოს, ადამიანურად მოგვეპყრობოდნენ, ადამიანური მოპყრობის კი ჯერჯერობით არაფერი ჩანს. და მაინც, ამ ყველაფერში საგანგაშო მოსახლეობის მიჩვევა და ხელისუფლების განმარტებებია. მთავრობა პირდაპირ გვეუბნება: თქვენი ბრალია, იმედიანად რომ იყოთ, ლარი არ გაუფასურდებოდაო. არადა, სწორედ იმედით და საოცარი მეოთხე წლის მოლოდინით შეცვალა ამომრჩეველმა ხელისუფლება 2012 წელს და სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო. ახლა კი ისევ არჩევანის წინაშე დგას დაისევ ცუდსა და უარესს შორის უნდა აირჩიოს. აი, ეს კი ნამდვილად არ შეცვლილა საქართველოში, აგერ უკვე მესამე ათეული წელიწადია.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ჩვენი გაზეთის წინა ნომრებში ვწერდით დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების ნამდვილ მიზეზზე. სინამდვილე ის არის, რომ აშშ ნაღდ დოლარს თანდათან იღებს ბრუნვიდან და ეს პროცესი უფრო და უფრო დაჩქარდება. მაშასადამე, ნაღდი დოლარი სულ უფრო დიდი დეფიციტი გახდება და, ესე იგი, გაძვირდება. ეს გარდაუვალი პროცესია. რადგანაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არსებული პროდუქციის უმრავლესობა იმპორტირებულია, ანუ აშშ დოლარზეა ნაყიდი, სამომხმარებლო ფასებიც (ლარში) განუხრელად გაიზრდება. ესეც გარდაუვალია.

რა არის ამის წამალი? _ ეკონომიკის დედოლარიზაცია. ამ მიმართულებით ხელისუფლებას გაცხადებული აქვს კურსი, მაგრამ შედეგი არ ჩანს, ქმედებები ფრიად უსუსურია. მთავარი არის ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური განვითარება, რომ ჩვენთვის საკმარისი პროდუქცია, პირველ რიგში, კვების პროდუქტები და პირველადი მოთხოვნილების საქონელი, თვითონვე ვაწარმოოთ და ამაში ინვესტიციები საქართველომ ეროვნულ ვალუტაში _ ლარში განახორციელოს. ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, გვაკლია მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნება. სხვა საქმეა, რომ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებისკენ სწრაფვით თავს იწონებს ხელისუფლება და სადაც არავინ არ მიგვიღებს (არც ნატოში და არც ევროკავშირში), ამის უფლებას არ მოგვცემენ. ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველოში ცოტად თუ ბევრად მოქმედი ნებისმიერი ბიზნესი დოლარში ან ევროში აღებული კრედიტებით ფუნქციონირებდეს, რომ ქვეყანაში შექმნილი მთელი მოგება (ამა თუ იმ დარგის კურატორი სახელმწიფო მოხელის პირადი მოგების გამოკლებით) მათ ჩაიჯიბონ კრედიტზე გადასახდელი მაქსიმალური პროცენტის სახით.

2 COMMENTS

  1. აბა თქვენი აზრით საით უნდა მიცურავდეს?! აშშ დოლარი უნდა უფასურდებოდეს და ლარი მყარდებოდეს?! ეს როგორ რანაირად უნდა მოხდეს, რა ფაქტორებია ასეთი, თეორიულიც კი როცა ასეთი რამ მოხდება?! ასე რომ ამ მყვირალა სათაურებით ხალხს ნუ აბნევთ!

  2. ფაქტია რომ ხალხს დედა აღარა ჰყავთ. ლარი გახდა ტრუხა, თან ნაცისტების აღებულ და წაღებულ ვალებს ხალხი იხდის. თან ისევ თავზე უნდა მოგაჯდეთო. მანამდე გვერდები არ აგიდგეთ, თქვენ და ქოცისტებს, რომლებიც სანახევროდ ნაცები არიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here