Home ახალი ამბები საქართველო ომი და სპეცოპერაცია

ომი და სპეცოპერაცია

363

თავდაპირველად ვარკვევთ, რომ რუსეთუკრაინის კონფლიქტს რუსეთი ომად არ მიიჩნევს, და ამიტომ არ აცხადებს რეზერვისტების მობილიზაციას. უკრაინისთვის ეს შეიარაღებული კონფლიქტი სრულმასშტაბიანი ომია. ხოლო სანქციების ფენომენის გარკვევას ვცდილობ საქართველოს ყოფილ ფინანსთა მინისტრთან, პროფესორ დავით იაკობიძესთან.

რუსეთში სანქციებს ლამის ციურ მანანად მიიჩნევენ. პანიკაში არ ვარდებიან, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა გზები გადუკეტა საერთაშორისო მასშტაბით საზოგადოების პრაქტიკული მოღვაწეობის ეკონომიკის უმრავლეს სფეროში.

თბილისში კი პანიკაა.

ხალხში.

ყიდულობენ პირველი მოხმარების საქონელს, პროდუქტს. ცარიელდება დახლები. შაქარი “დეფიციტშია”.

და ა.შ.

_ რა ხდება, ბატონო დავით?

დავით იაკობიძე მიპასუხებს:

_ პირველი, რაც უნდა გააკეთო, არ უნდა დაივიწყო “ფიშკები”: უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას. რუსეთი თავის არსენალიდან არ გამოიყენებს უახლეს იარაღს, მაგრამ მაინც დიდ მორალურ დარტყმას მიიღებს და დაიწყება შიდა არეულობა.

ომში გამარჯვებული არასდროს არავინაა, მაგრამ, რახან მივეჩვიეთ გამარჯვებულის გამოცხადებას, პირველი ვარიანტით ეს რუსეთი არ იქნება.

_ რატომ უკრაინა?

_ იმიტომ, რომ მორალური უპირატესობა აქვს, გმირია. გაუბედა რუსეთს წინააღმდეგობის გაწევა, თავისუფლებისთვის იბრძოლა.

_ შეიძლება სხვა დაშვება: მაგალითად, უკრაინა ლუგანსკის და დონეცკის ოლქების გარეშე?

_ რა თქმა უნდა, ესეც არ არის გამორიცხული. ჩვენ ხომ ჰიპოთეტულ დაშვებას ვგულისხმობთ. მეორე ვარიანტსაც თავისი სერიოზული არგუმენტი აქვს.

_ ამის მიღწევა მოლაპარაკების გზით ხომ შეიძლება.

_ შეიძლება, მაგრამ ვერ მოილაპარაკებენ. გულისტკივილით ვამბობ ამას. როცა ზელენსკიმ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაერთიანების საკითხი დააყენა, უპასუხეს: დაგთანხმდებით, თუ დათმობთ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებსო, უკვე აღიარებულ სახალხო რესპუბლიკებს.

უარი მიიღეს.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მაშინ ირღვევა ის არქიტექტურა, რომლის მიხედვითაც აშშ-მა დაიწყო ეს ომი და არეულობა. ეს ხომ აღარ არის სამხედრო საიდუმლოება.

_ უბედურებაა ეს!

_ მძიმე მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს რუსეთი, სანქციები ახალ პრობლემებს გაუჩენს. მათ შორის არის ვაჭრობის გართულება: რომელი ფულით გაყიდი საქონელს, არ იცი. გამოგაქვს ფერადი ლითონები _ ალუმინი, ნიკელი და სხვა, ჰყიდი ნავთობს, გაზს და ა.შ. მაგრამ რა ფასად და რომელ ვალუტაზე?

ე.ი. რუსეთი აწყდება ბევრ პრობლემას, რომლებიც ეტაპობრივად წარმოიქმნება.

წარმოიდგინე, რომ გაქვს 850 რესტორანი და ყველა ერთბაშად დახურო, რათა ვიღაცას, ვინც ღირსია, უთხრა: _ შენ ხარ არაკაცი, რა დღეში ჩავარდება ის პერსონალი, ათასობით ადამიანი, ვინც ამ რესტორნებს ემსახურება!

შვედეთის ავეჯის მწარმოებელმა ფირმამ, თავისი ფილიალების ფუნქციონირება სხვა ქვეყანაში რომ აქვს, შეწყვიტა. ასევე მოიქცა ავტოგიგანტი “ბეემვე” დახურა თავისი ფილიალები. არავინ იცის, ვისია ეს კონცერნი, პატრონი ვინ არის.

_ ოჯახის არის.

_ ეგ კი, მაგრამ მეტი არაფერი… და ეს მოხდა შენს ქვეყანაში. საჯაროდ აცხადებ, რომ ამ დანაკარგს შეეგუები, მაგრამ როდის შეეგუები? ამ მუშა-სპეციალისტების თაობა, დღეს ქარხნებში რომ არის დასაქმებული, დაიხოცება, შემდეგ მათი შვილებიც რომ გავლენ ასპარეზიდან, მაშინ? თუ როდის?

ვთქვათ, დახურეს თქვენი გაზეთი. გამოვა ღარიბაშვილი და იტყვის: რა მოხდა, ერთი გაზეთი დაგვკალდაო! მაგრამ შენ რას აპირებ, ათი გაზეთი რომ დაიხურება? ე.ი. იმ კაცის მსჯელობა და შენი მსჯელობა სამუშაოს დაკარგვის შესახებ, განსხვავებულია, სხვადასხვა სივრცეებია. ერთისთვის არც თუ კატასტროფული სტატისტიკა, მეორისთვის _ პერსპექტივაში უმუშევრად დარჩენის საშიშროება.

ამით იმის თქმა მინდა, რომ შეგუება იძულებაა, გარკვეული საერთაშორისო ცენტრების მიერ თავსმოხვეული, რასაც გამარჯვებულს ვერ გაუბედავენ.

ანალიტიკოსი გიორხელიძე რომ წერს, ამ შემთხვევაში ყველა დაზარალდება რუსეთის გარდაო, საეჭვო დასკვნაა.

ნაჩქარევი იყო, ამერიკელებმა მძიმე ნავთობზე უარი რომ თქვეს. დაახლოებით ხუთი მილიარდი დოლარის ღირებულების რომ იყო.ახლა იძულებულები არიან ვენესუელისგან იყიდონ. რატომ არიან იძულებული? იმიტომ, რომ ვენესუელაც ეგრე ჰყავთ გათიშული.

დააკვირდი, როგორ ვითარდებოდა ირანი შაჰის _ რეზა ფეჰლევის მმართველობის დროს, რა წარმატებით მიიწევდა წინ და რას დაამსგავსეს ამერიკელებმა სანცქიების დაწესებით.

ბელარუსიის გარდა ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის ფინეთი, შვედეთი და სხვა მათი მსგავსი, ყველა გაეთიშა. ჩინეთმა უკვე დაუყენა საკითხი _ როგორ გადაგიხადოო, რითი გაგისწოროთ ანგარიშიო.

შეიძლება, ცოტა ირონიულად ჟღერს, მაგრამ მოხდეს ისე, რომ ჩინეთმა ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების (გაზი, ნავთობი და სხვ.) ენერგოშემცველელებში გაცვლა შესთავაზოს “პლიაჟის შლოპანცების” ან შუშხუნების სახით.

_ ასეთი ნატურალური ვაჭრობა XXI საუკუნეში ძნელი წარმოსადგენია!

_ ვარაუდი ხომ გამორიცხული არ არის?

ჩვენ ალბათ ვერ გავეთიშებით რუსეთს ერთი მარტივი მიზეზის გამო.

ჩვენს პრესაში ხშირად ქვეყნდებოდა სიები _ საქართველოს დიდი საწარმოებიდან რომელი ეკუთვნის რუსეთს. ვთქვათ პირდაპირ, რომ ეს სამრეწველო ობიექტები რუსეთს გადაეცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როგორც კონტიბუცია. საკუთრების ფორმით. რუსეთმა გაგვიკეთა ეკონომიკური მოდელი და გვირჩია ამ მოდელში გვეცხოვრა: ხორბალი ჩემგან იყიდეთ, ელექტროდენიც… წყალსადენიც ჩვენიაო.

როცა ეს მოხდა წინა ხელისუფლების დროს, მიშა სააკაშვილი მაშინვე უნდა დაეპატიმრებინათ.

ვიღაცამ გვითხრა, დაანებეთ თავიო.

_ ამერიკელებმა?

_ ამერიკელებმა კი არა, თვითონ რუსებმა.

(სხვათაშორის სულ ახლახან რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში ძალიან მკაცრად გააკრიტიკეს ელცინის დროინდელი ეკონომიკური გუნდის წევრები და დაასკვნეს, რომ მათგან ბევრი დღეს ჭკუას კი არ უნდა გვასწავლიდეს, ციხის კედლებს უნდა ხეხავდესო. _ ..).

_ .. ჩვენთვის სასარგებლო ამ სიტუაციიდან არაფერი გმოდნება?

_ ეგრეა.

_ საქართველოს ნეიტრალურ სტატუსს, რა თვალით უყურებ?

_ კაცო, ჯაბამ (იოსელიანმა) ხომ წამოაყენა ეს წინადადება, თავის დროზე, რატომ არ დაეთანხმეთ? დღეს ის ხალხი, ნეიტრალურ სტატუსს რომ მოითხოვს, თავის დროზე ამ შემოთავაზებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა.

_ ჩვენი გაზეთიც წერდა (იხ. არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაციები).

_ ჯერ ნეიტრალიტეტის საკითხი უნდა გავარკვიოთ: რომელ ნეიტრალიტეტზე ვლაპარაკობთ? შვედეთი რომ არის ნეიტრალური სტატუსის ქვეყანა, 200-ათასიანი არმია ჰყავს სრულად აღჭურვილ-შეიარაღებული. შეუძლია რუსეთსაც კი შეებრძოლოს.

ასეთი ნეიტრალიტეტი გასაგებია.

შენ რომელ ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობ?

რამზან კადიროვი რომ ჩამოვიდეს, შენ რით გაუწევ წინაღმდეგობას? და გვასწავლოს რუსთაველზე როგორ უნდა ვიაროთ…

გვინდა ასეთი ნეიტრალიტეტი?

_ არა, რასაკვირველია!

_ ე.ი. რომელიმე დაპირისპირებულ მხარესთან დაახლოება, ჩვენთვის მომგებიანი არ არის. არც ნეიტრალიეტი გვარგებს რამეს. ამ ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მომავალს დავით იაკობიძე ვერ ხედავს?

_ ამ სიტუაციაში მყოფი ვერაფერს ვერ ვხედავ!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. დავით იაკობიძე, როგორც სჩვევია, კარტებს ბოლომდე არ ხსნის. მივცეთო მკითხველს თავისი გონების გასაღების მორგების საშუალება ჩვენს იმ სანახევრო მინიშნებების გასარკვევად, რომელთაც ვთავაზობთო. ჩვენი საზოგადოებრიობა კარგა ხანია, რაც გამოსულია ჭკუის დარიგების ბავშვური ასაკიდან.

მართალს ამბობს და _ ვცადოთ.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here