Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: სისხლის სამართლის საქმე, პირველ რიგში, სააკაშვილის წინააღმდეგ უნდა აღიძრას

ნანა კაკაბაძე: სისხლის სამართლის საქმე, პირველ რიგში, სააკაშვილის წინააღმდეგ უნდა აღიძრას

751
ნანა კაკაბაძე: სისხლის სამართლის საქმე, პირველ რიგში, სააკაშვილის წინააღმდეგ უნდა აღიძრას

მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დავითგარეჯაზე განცხადება გაავრცელა და უწყების ხელმძღვანელის პირით საზოგადოებას ამცნო, რომ ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა, შესაძლოა, საქმის ვითარება არსებითად შეცვალოს, საკითხის გარშემო, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე მედიაში აჟიოტაჟი არ წყდება. წინა და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთბრალდებები ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს. როგორც ჩანს, ეს თემა ფართო განხილვის საგანი კიდევ დიდხანს იქნება, მით უფრო, რომ მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო საზღვრის დამდგენი წინა კომისიის საქმიანობის შესწავლა დაიწყო და ამ კომისიის ორი ყოფილი წევრი დააკავა. რა მასალები შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას და მოსალოდნელია თუ არა, რომ გამოძიების პროცესში სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს? გვესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

ნანა კაკაბაძე

_ ქალბატონო ნანა, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სახელმწიფო საზღვრის დამდგენი სპეციალური კომისიის ორი ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას, დაკავებამ პოლიტიკურ სპექტრში მღელვარება გამოიწვია. ოპონენტები ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიებში ადანაშაულებენ. ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოება ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმშია _ არავინ იცის, რეალურად რა მიმართულებით წარმოებს გამოძიება და კონკრეტულად რა მასალები აქვს სამართალდამცავ ორგანოებს. რა შედეგამდე შეიძლება საბოლოოდ მიგვიყვანოს ამ ყველაფერმა და ხომ არ ფიქრობთ, რომ გამოძიების პროცესში კიდევ სხვა პირების პასუხისმგებლობაც შეიძლება გამოიკვეთოს?

_ ძალიან რთული და საფრთხილო თემაა იმ თვალსაზრისით, რომ, ჯერ ერთი, საქმე ეხება სახელმწიფო საზღვარს, რომელიც დასადგენია; და მეორე _ საუბარია სამართლებრივ პროცესზე. მხედველობაში მაქვს ის, რომ იკვეთება დანაშაული, როგორც პროკურატურა ამბობს, და დგება კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც, თუ ობიექტურ გამოძიებასა და სამართლებრივ პროცესზე ვსაუბრობთ, ბოლომდე უნდა მიიყვანონ. რაც შეეხება აღძრულ საქმესა და წაყენებულ ბრალდებებს, ცხადია, თავისთავად მისასალმებელია ფაქტი, როცა მართლმსაჯულება დანაშაულზე რეაგირებს და შესაბამისად მოქმედებს, მაგრამ არის რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც, ვფიქრობ, გარკვეულ ეჭვებსა და უნდობლობას აჩენს ამ პროცესისადმი. რას ვგულისხმობ?

დავიწყოთ იმით, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა, მათ შორის მეზობელ აზერბაიჯანთან, 2007-2008 წლებიდან მიმდინარეობს. იყო აქტიური პროცესი და შეხვედრები. ჩნდება შეკითხვა: ხელისუფლების შეცვლიდან რვა წელი გავიდა და ამდენი ხანი რატომ დასჭირდა მართლმსაჯულებას ამ საქმეში არსებული დარღვევების გამოსაძიებლად? სწორად გამიგეთ, არ ვამბობ, რომ ვიღაც უსამართლოდ დაიჭირეს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს და ა.შ., მაგრამ აქამდე რატომ არ იყო ეს საქმე გამოძიებული და რატომ არ იყვნენ დამნაშავები დაჭერილნი?!

ეს ერთი. ახლა მეორე _ ის ორი პიროვნება, რომლებსაც სახელმწიფო უმძიმეს დანაშაულს ედავება, დაკავებულია 308- მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს ქვეყნის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემისკენ მიმართულ ქმედებას. ეს თავისთავად არასწორი კვალიფიკაციაა და ვფიქრობ, რომ შეცდომაა, იმიტომ, რომ ტერიტორია კი არ გადაუციათ, მოხდა გადაცემისთვის მომზადება. კომისიას რა უფლებამოსილება ჰქონდა, რომ გადაეცა?! ანუ, აბსოლუტურად სხვადასხვა მუხლებია, თუმცა დანაშაულის მომზადებაც არანაკლებ მძიმე მუხლია, ვიდრე თვით დანაშაული.

_ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ამ თემაზე. ის, რომ დაკავებულ პირებს არასწორად წაუყენეს ბრალი და რეალურად ისინი დანაშაულის მომმზადებლები არიან, ნიშნავს თუ არა ამ საქმეში სხვა პირების მონაწილეობასაც (წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ვგულისხმობ)?

_ ეს უკვე გამოძიების საქმეა, გამოძიება კი ვალდებულია, გამოავლინოს ყველა დამნაშავე, რომლებიც რამე ფორმით მონაწილეობდნენ დანაშაულში. რაც შეეხება დაკავებულებს, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: მისასალმებელია, რომ ესოდენ მნიშვნელოვან საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ, თუ ვსაუბრობთ სამართლებრივ პროცესზე, მაშინ ყველაფერი კანონის შესაბამისად უნდა გაკეთდეს. არ შეიძლება, დანაშაული მთლიანად იმ ადამიანებს აჰკიდო, რომლებიც მხოლოდ შემსრულებლები შეიძლება ყოფილიყვნენ. ეს არის ჯოხის გადატეხვა დაბალ ეშელონზე, იმიტომ, რომ შეუძლებელია, რაღაც კომისიას განესაზღვრა ყველაფერი ისე, რომ იმჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ ყოფილიყო. კიდევ ვიმეორებ: სახელმწიფო საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების მიმართ საქმე უნდა აღძრულიყო მუხლით, რომელიც გულისხმობს დანაშაულის მომზადებას და ესეც, რა თქმა უნდა, მძიმე მუხლია, მაგრამ ამ შემთხვევაში იურიდიული კვალიფიკაცია იქნებოდა ზუსტი… რაც შეეხება მათ, ვინც ეს დანაშაული დაუკვეთა, პირველ რიგში, მათ მიმართ უნდა აღძრულიყო საქმე მუხლით, რომელიც გულისხმობს დანაშაულის ჩადენის მცდელობას.

_ თქვენი აზრით, რამ შეუშალა საგამოძიებო ორგანოებს ხელი, რომ, უპირველესად, დანაშაულის რეალურ მოთავეებს ეგოთ პასუხი (როგორც თქვენ აღნიშნეთ) და სამართლებრივი დევნა მხოლოდ დაბალი ეშელონების წინააღმდეგ არ დაწყებულიყო?

_ რამ შეუშალათ თავის დროზე ხელი, სათავეში მოსვლის შემდეგ მთავარი წინასაარჩევნო დაპირება რომ შეესრულებინათ და სამართლიანობა აღედგინათ?! რამ შეუშალათ ხელი, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი მთავარ ოპოზიციად კი არ გამოეცხადებინათ, არამედ უმძიმესი დანაშაულებისთვის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცათ და კანონის შესაბამისად დაესაჯათ?! იმის თქმა მინდა, რომ ხელისუფლება, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა და, ალბათ, ვერც გამოვა .. კოაბიტაციის ხიბლიდან, ამ ყველაფერს იყენებს გარკვეული პოპულიზმისთვის. რეალურად მიზანი ის კი არ არის, რომ დანაშაული გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ, არამედ ის, რომ გარკვეული ქულები დაიწერონ. მოგეხსენებათ, ახლა არჩევნებია და ჰაერივით სჭირდებათ პიარი. ხელისუფლებას რეალურად რომ სურდეს ამ საქმის გამოძიება, პირველ რიგში, დაიჭერდნენ დანაშაულის დამკვეთებს. დანაშაულის თავი ამ შემთხვევაში არის იმჟამინდელი პირველი პირი, ამიტომ რეალურ გამოძიებაზე თუა საუბარი, სააკაშვილის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. აი, ეს იქნება იურიდიულად სწორი და სამართლიანი მიდგომა, მაგრამ ხელისუფლება, რომელმაც თავის დროზე წარმოუდგენელი უსინდისობა იკადრა კოაბიტაციის სახელით და დღემდე ამ კოაბიტაციაშია სისხლის სამართლის დამნაშავეებთან, რა თქმა უნდა, ამის გამკეთებელი არ არის

_ ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან საზღვრის დამდგენი კომისიის ორი ყოფილი წევრის დაკავება მართლა წინასაარჩევნო პიარის ნაწილია, როგორ ფიქრობთ, ეს რას აძლევს მმართველ გუნდს? ამით მისმა რეიტინგმა შეიძლება მოიმატოს? და კიდევ _ ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა, რომლებიც ჯერჯერობით უცნობია ფართო საზოგადოებისთვის, რა სიახლე შეიძლება შეიტანოს საქართველოაზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში?

_ ამ ხელისუფლებას ახასიათებს გარკვეული ილუზიების შექმნა. ადრეც რამდენიმეჯერ იყო მცდელობა, რაღაც წარმოდგენები შეექმნათ, თითქოს სამართლიანობის აღდგენა დაიწყო. გაიხსენეთ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება ან გიგი უგულავასი, რომლებიც თითის ქნევით მალევე გამოაშვებინეს. თუმცა, ვფიქრობ, საზოგადოება მაინც ხედავს თეთრსა და შავს. ყოველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ კონკრეტულ დანაშაულზე შემსრულებელს აკავებენ და დამკვეთზე საერთოდ არ საუბრობენ, ყველას აეჭვებს; ყველას უჩნდება შეკითხვა: როგორ შეიძლება, ვიღაც მელაშვილი და ილიჩოვა ყოფილიყვნენ დამნაშავეები ტერიტორიების გადაცემაში უცხო სახელმწიფოსთვის და არ იყოს დამნაშავე სააკაშვილი, არ იყოს დამნაშავე უშიშროების იმჟამინდელი საბჭო?.. რაც შეეხება ახალ კარტოგრაფიულ მასალას და მიმდინარე მოლაპარაკებებს, არ მგონია, აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ფიქრობდეს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, განსხვავებით წინასგან, დაარღვევს კანონს და კანონის გვერდის ავლით რაღაც მოღალატეობრივ გარიგებაზე წავა. ვფიქრობ, ოფიციალური ბაქო მზადაა, აღსრულდეს ის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის, რომელსაც 1996-97 წლებში მოწერეს ხელი. საუბარია 1938 წლის რუკის საფუძველზე მიღწეულ შეთანხმებაზე, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს აზერბაიჯანი ომობს მეზობელ სომხეთთან და მას პრაქტიკულად არ სცალია ამ საკითხისთვის. დანარჩენი ვნახოთ, როცა დამყარდება მშვიდობა რეგიონში, თუ მოხდა ახლო მომავალში ასეთი რამ, შეიძლება არსებთად შეიცვალოს მოლაპარაკების დინამიკა.

_ სხვათა შორის, ნაცები და ევრონაცები ბოლო პერიოდში აქტიური პროპაგანდით ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ თურმე ხელისუფლების მიერ მოძიებული ახალი კარტოგრაფიული მასალა რუსეთიდან შემოგდებული პროვოკაციაა საქართველოაზერბაიჯანს შორის დაძაბულობის გაჩენის მიზნით. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ გადაჭრით რთულია, რა თქმა უნდა, საუბარი, მაგრამ საკმარისია, შევხედოთ, ვისგან მოდის ეს პროპაგანდა და უკვე ყველაფერი გასაგებია. ამას ამბობენ ბოკერიები, უგულავები, ოქრუაშვილები, ვაშაძეები და სხვანი _ ადამიანები, რომლებიც, პირველ რიგში, თვითონ უნდა ისხდნენ ციხეში, როგორც მიწის გამსხვისებელი მოღალატეები და მხოლოდ მათ შემდეგ შეიძლება აღძრულიყო საქმე იმ ორი ადამიანის წინააღმდეგ.

რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებებს რუსეთიდან შემოგდებულ პროვოკაციაზე, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ერთიცა და მეორეც _ ხელისუფლებაც და მისი .. პროდასავლური ოპოზიციაც, ჩვენდა საუბედუროდ, თამაშობს ერთ პოლიტიკურ სპექტაკლს: ერთი ქმნის ილუზიას, რომ სამართლიანობის აღდგენა მიმდინარეობს, ხოლო მეორე _ რომ პოლიტიკური რეპრესიების მორიგი ტალღა დაიწყო. სინამდვილეში არც ერთი ხდება და არც მეორე. ისინი მხოლოდ ინარჩუნებენ ძალაუფლებასაი, ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა და მოცემულობა, რომელიც ჯერჯერობით არ იცვლება. და, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს ვერ შეიცვლება, იმიტომ, რომ ამის არც ნება არსებობს დღეს ქვეყანაში და არც რეალური შესაძლებლობა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here