პირობები, რომლებსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები კიშინიოვს სთავაზობენ, არ შეესაბამება რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებს. თუ კრედიტორები განაგრძობენ ზემოქმედებას, ქვეყნის ხელისუფლება მზად იქნება, თავი შეიკავოს შემდგომი ურთიერთობისგან.
ასეთი განცხადება გააკეთა რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა იონ კიკუმ ტელეარხ „Moldova”-ის ეთერში.
მინისტრთა კაბინეტი მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება რესპუბლიკის ინტერესები. იქ, სადაც ჩვენ ამ ინტერესს დავინახავთ, თანამშრომლობა გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, მივიღოთ ისეთი პირობები, რომლებიც აზარალებს ან ძირს უთხრის ჩვენს ეკონომიკას, ზემოქმედებს სოციალურ სფეროზე ტარიფებისა და გადასახადების გაძვირებით. ეს ორი თემა განხილვის სტადიაშია, მაგრამ ტაბუ ადევს”, _ განაცხადა პრემიერმა.
მან, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ წინა, პროდასავლური მთავრობა, რომელსაც მაია სანდუ ედგა სათავეში, არც კი ცდილობდა, განეხილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წამოყენებული პირობები, ამიტომაც ივალდებულა გაზის ტარიფის გაზრდა ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ 31 ოქტომბრამდე.