Home რუბრიკები პოლიტიკა მიშა მოფრინავს!

მიშა მოფრინავს!

331

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერსფეისბუკზე” 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი თბილისის რეისის თვითმფრინავის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა.

“ჩვენ, ყველანი, უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ, ყველამ, უნდა მივცე ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, და მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება. ამიტომ საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და, რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატვა და თქვენთან ერთად მივიღო საქართველოს გადარჩენაში მონაწილეობა”, _ განაცხადა სააკაშვილმა 27 სექტემბერს. მანამდე კი მან უცხოეთში მყოფ ქართველებს საქართველოში ჩასვლისკენ (ანუ იმისკენ, რომ ფარად აეფარონ) მოუწოდა: მინდა, მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ, ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ…”, _ განაცხადა 25 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა. უკრაინაში გაქცეულმა მიხეილ სააკაშვილმა 8 წლის განმავლობაში 18-ჯერ გამოგვიცხადა “ჩამოვდივარ და დამხვდით”-ო.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო?”

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს, თუ ის საქართველოში ჩამოვა, დააკავებენ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა 28 სექტემბერს ისაუბრა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს 2 ოქტომბერს საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვალზე. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის ერთადერთი სურვილი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანაა.

“რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? მინდა, მოსახლეობას ავუხსნა, ეს კაცი, უკვე 8 წელია, იმუქრება, რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში. ჩვენს ხალხს რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ, სააკაშვილის ამოცანა და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისა და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს კანონის ფარგლებში”, _ განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ, თუ საქართველოში ჩამოსული სააკაშვილის დაკავებას ხელს ვინმე შეუშლის, მასაც დააკავებენ:

“დავუშვათ, ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გადაწყვიტა და გამოაგდეს, დავუშვათ, ჩამოვიდა ღამე, რა უნდა მოხდეს _ კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება. ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში, ამის გარანტიას ვიძლევით კანონის სახელით და სახელმწიფოს სახელით. რა თქმა უნდა, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იგი იმსახურებს ციხეს. მან გამოუსწორებელი შედეგები, ზიანი მოუტანა ჩვენს მოსახლეობას. ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის სიცრუე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 ათასი კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ პიკის დროს და ჩვენ გვკითხონ რამდენი ადამიანისა და მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა, სააკაშვილს დახვდება მასზე გაბრაზებული 100 ათასი გამწარებული ადამიანი. ხალხის შეცდომაში შეყვანასა და არეულობის შემოტანას ცდილობენ. ძალიან მარტივია, სახელმწიფო გასცემს პასუხს. როგორც კი სააკაშვილი ფეხს შემოდგამს ჩვენს მიწაზე, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში. ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად კანონის ფარგლებში”, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.

ერთი პაპაჩემის მამა იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ

ერთი პაპაჩემის მამა იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ. აგერ მე და აგერ თქვენ, გამორიცხულია ეგ ამბავი”, _ განაცხადა პარტიამოქალაქეებისლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

“მაგას მაგდენი გამბედაობა არ ეყოფა და მაგხელა რისკზეც ვერ წავა. ტონი როგორ დაარბილა, ხომ ნახეთ?! თავიდან რომ გამოვიდა და მეთვრამეტედ თქვა, ჩამოვალო, გუშინ თქვა: თქვენც რაღაც ქენით, კაცო, მარტო მე კი ნუ შემომყურებთო”, _ განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, “მოქალაქეებს” იმედი აქვს, რომ საარჩევნო რეფორმების შედეგად, რომლისთვისაც პარტიამ თავი არ დაზოგა, შედეგების თვალსაზრისით, ნორმალურ არჩევნებს მიიღებს.

ეჰ, მეც ავიღე ერთხელ ეგრე ბილეთი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სააკაშვილის ყოფილი მარჯვენა ხელი ირაკლი ოქრუაშვილი სააკაშვილის მიერ თბილისის რეისის ჯავშნის ფოტოს გამოქვეყნებას ასე გამოეხმაურა:

“ეჰ, მეც ავიღე ერთხელ ეგრე ბილეთი და ის რეისი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში ისე დასვეს, რომ ლამის ძროხას დაეჯახა. იმ დღეს პირველ ბრიგადას ტყვიების 5 მჭიდი დაურიგეს პირველად, მანამდე 1-ზე მეტს არ აძლევდნენ. თვიმფრინავში ხალხს თმებს ქაჩავდნენ, ვინმეს პარიკი ხომ არ ეკეთა და მე ხომ არ ვიყავი”, _ გაიხსენა ირაკლი ოქრუაშვილმა 2009 წლის ინციდენტი.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. ჩამომსვლელი 2 ოქტომბერს კი არა, პირველში, ან სულაც 30 სექტემბერს ჩამოვიდოდა. 2-ში საღამოს მიშას ჩამოსვლა (არ ჩამოვა, მაგრამ მაინც) იმას ჰგავს, წასულ მატარებელს რომ დაედევნო. “თუში მეცხვარისსცენა გახსოვთ? არ აქვს მიშას მაგისი **კი, არა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here