Home რუბრიკები პოლიტიკა “მეცნიერული ბიძინიზმი”

“მეცნიერული ბიძინიზმი”

2957
ბიძინა ივანიშვილი

მეექვსე წელი “ბიძინას წელთაღრიცხვით” ძალიან ცუდად _ მსხვერპლითა და უბედურებით დაიწყო. არასწორად დაგეგმილმა ოპერაციამ და სპეცრაზმელის დაღუპვამ, კოშმარულმა ხანძარმა ბათუმში და მოზარდების მკვლელობამ 51-ე სკოლასთან ქვეყანა შეძრა და დროებით დაავიწყა სხვა პრობლემები, მაგალითად, ლარის კონვულსიები ან პარლამენტის მიერ იდიოტური კანონების მიღება. ბევრი მოქალაქე ამ დღეებში მივიდა დასკვნამდე, რომ ყოველივე მომხდარი არა შემთხვევითობა, არამედ სისტემური პრობლემების შედეგია და ეს ძალზე საგულისხმო და მნიშვნელოვანია.

“მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს, მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი”, _ ამბობდა ივანიშვილი. მსჯელობა იმაზე, თუ რას გულისხმობდა ფიგურანტი “კარგსა” და “უკეთესში”, შეიძლება ფრიად უცენზურო გამოვიდეს, ამიტომ ყურადღება სხვა გარემოებას მივაქციოთ: ივანიშვილს არ ჰქონდა წინასწარმეტყველებები სხვა, მომდევნო წლებზე (მეხუთეზე, მეექვსეზე და ა.შ.), არამედ მხოლოდ 2030-ზე: “2030-ისთვის შეიძლება, ახლოს იყოს ჩვენი ეკონომიკა ევროპულთან”, “2030 წლისთვის მშპ-ს მაჩვენებელი გაოთხმაგდება”, თუმცა ამავე დროს თავი დაიზღვია: “არ იფიქროთ, რომ 2030 წელს საქართველოში გაჭირვებულს ვეღარ ნახავთ… ვინც იცის ეკონომიკა, იცის, რომ 15-20 წელიწადიც არ არის დიდი დრო, რომ ევროპის მსგავსი ეკონომიკა ავაშენოთ”.

ამგვარად, “ქართული ოცნების” კოორდინატთა სისტემაში მონაკვეთი 2017-დან 2030-მდე შეიძლება განვიხილოთ, როგორც სატრანზიტო პერიოდი ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში დამკვიდრებიდან (ამას 4 წელი დასჭირდა) მისი მმართველობის საბოლოო შედეგის დადგომამდე და განვლილი გზის შეფასებამდე (ასეთ მიჯნად ივანიშვილი 2030 წელს განიხილავს). ამ სატრანზიტო მონაკვეთში, ყოველდღიური სირთულეების გარდა, არის რაღაც პოსტისტორიულიც და პრეისტორიულიც _ ძველი ისტორია დასრულდა, ახალი კი ჯერ არ დაწყებულა. გლობალურ მასშტაბებზე რომ გვესაუბრა, აუცილებლად გავიხსენებდით ჰეგელისა და ფრენსის ფუკუიამას ცნობილ წიგნს “ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი”, თუმცა ერთი ბედკრული რესპუბლიკისთვის ეს მეტისმეტია. ჩვენ მხოლოდ ის უნდა დავადგინოთ, არის თუ არა “ბიძინიზმი” ყველა მის გამოვლინებაში ჩვენი ქვეყნის სოციოკულტურული განვითარების ფინალური წერტილი, ასე ვთქვათ, “ბოლო გაჩერება”? ყველა ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ამავე დროს არ შეინიშნება არა მხოლოდ სწრაფვა უკეთესობისკენ და, ასე ვთქვათ, “სხვა ისტორიისკენ”, არამედ შესაბამისი სურვილიც კი; საზოგადოება შეგუებულია ცუდ ცხოვრებას უარესის შიშით.

ასეთ სიტუაციაში ადამიანს შეუძლია მხოლოდ იოცნებოს იდეალურ სახელმწიფოზე _ ზოგი ტრანსში შესასვლელად ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს იყენებს, თუმცა ამ შემთხვევაში საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი ბროშურა, “ქართული ოცნების” 2012 წლის საარჩევნო პროგრამა, რომელმაც ფსიქიკაზე შეიძლება გაცილებით მასშტაბური ზემოქმედება მოახდინოს, ვიდრე “ჰარი პოტერმა” და “ბეჭდების მბრძანებელმა” ერთად. სამივე ნაწარმოები ერთი ჟანრისაა, მაგრამ ჩვენს კუმულატიური ეფექტი აქვს. კარლოს კასტანედა საეჭვო სოკოებს, სავარაუდოდ, იმიტომ ჭამდა, რომ “ქართული ოცნების” 2012 წლის პროგრამა არ ჰქონდა.

“მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადები დაიხარჯება მიზნობრივად და გამჭვირვალედ”… “ხელისუფლებაში მოსული “ქართული ოცნება”… დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში”… “დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავისუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან”… “არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთვისაც გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს მმართველი ძალის წნეხისგან და გამიჯნავს მათ პარტიული ინტერესისგან”… “ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდას”… “დაძლევს უმუშევრობასა და სიღარიბეს, შეუქმნის უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის პირობებს”… “ყველა თანამდებობის პირი, რომლებსაც ჩადენილი აქვს დანაშაული, პასუხს აგებს სამართლიანი სასამართლოს წინაშე”… “მოსამართლის შერჩევისას მხედველობაში იქნება მიღებული არა მარტო მისი კვალიფიკაცია, არამედ პირადი თვისებები, პატიოსნება, პრინციულობა და შეუვალობა”… (მურუსიძის მადლი გფარავდეთ! ბოდიში, თავი ვერ შევიკავე).

თუ გაგიჩნდებათ სპონტანური სურვილი, მმართველი პარტიის რომელიმე წარმომადგენელს ეს ბროშურა თავზე გადაახიოთ, მან შეიძლება გითხრათ, რომ თქვენი შეფასებები სუბიექტურია. მაგალითად, რომ გადასახედები მართლაც მიზნობრივად და გამჭირვალედ იხარჯება და თუნდაც ის ღორული პრემია-დანამატები სავსებით გამჭვირვალეა და გარკვეული თვალსაზრისით _ მიზნობრივიც (უბრალოდ, გააჩნია, რას უმიზნებ), ამიტომ, თუ პრიორიტეტულ მიზანს არა ტრანსში შესვლა, არამედ თავზე პროგრამის გადახევა წარმოადგენს, საჭირო გახდება გადასვლა კონკრეტიკაზე.

“უმოკლეს ვადებში განვახორციელებთ ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით”… ვერაფერს ვიტყვით, გადაიანგარიშეს _ განსაკუთრებით ცინიკურ და გაუკუღმართებულ ფორმებში… ჯორჯ ორუელი ცოცხალი რომ ყოფილიყო, “ანგსოცის” ცნობილ ლოზუნგებს დღეს, ალბათ, შემდეგნაირად ჩამოაყალიბებდა: “ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, არცოდნა ძალაა, ტარიფი ტარიფია, ძმაო”.

“მოხდება საწვავის, ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვა საქონლის ფასების კლება, რაც ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მიიღწევა და რასაც მოსახლეობა პრაქტიკულად დაუყოვნებლივ იგრძნობს”. ან ჩვენ ვართ უგრძნობნი, ან “დალპა რაღაც დანიის სამეფოში”.

“ყოველ სოფელს ეყოლება არა დანიშნული, არამედ მის მიერ არჩეული მამასახლისი”. კი, რა თქმა უნდა… დიასახლისიც… ესეც ხომ არ გავიხსენოთ? _ “კონსტიტუციით დადგინდება ადამიანის უფლებათა და პეტიციის საკითხთა კომიტეტების შექმნის ვალდებულება”.

2012-16 წლებში “ქართული ოცნება” გვიმტკიცებდა, რომ “ნაცმოძრაობა” (რომელიც იმავე პერიოდში თავზე დაისვა, კოაბიტაციის პერვერსიული პროცესის ფარგლებში) გასაოცარი საკონსტიტუციო რეფორმის გატარების შესაძლებლობას არ აძლევს – მაშინ მმართველ პარტიას პარლამენტში ხმები არ ჰყოფნიდა. 2016-ში მან მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა და დაუყონებლივ დემოკრატიის წინააღმდეგ ძალიან ცუდი საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად გამოიყენა. თანაც, ის ადამიანი, რომელსაც ამ პროცესის კურირება ევალებოდა, პირდაპირ ეთერში უაღესად საინტერესო, პრაქტიკულად აღიარებით, ჩვენებებს იძლევა: “სამწუხაროდ, არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ სიღრმისეულად გვემსჯელა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სამწუხაროდ, ზედმეტად იყო პოლიტიზებული ეს პროცესი, არასწორი ფორმითაც, შეიძლება ითქვას, და ამან არ მოგცა საბოლოოდ იმის საშუალება, რომ სიღრმისეულად გვემსჯელა კონსტიტუციის არსთან და საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით”, _ აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე (ინტრეპრესნიუსი). გამოდის, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არა სიღრმისეული, არამედ ზედაპირული მსჯელობის ნაყოფს წარმოადგენს და ამას ამბობს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც თავის მოქმედებაში პრაქტიკულად არაფერი ზღუდავს. რეფორმა, რომელსაც ქართული სახელმწიფოს პროგრესული განახლების წინაპირობები უნდა შეექმნა, ბანანის რესპუბლიკისთვის დამახასიათებელ ფარსად გადაიქცა. თანაც, ვერა და ვერ მოისვენეს _ ახლახან მიღებული ცვლილება პრეზიდენტის ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ არჩევის შესახებ შეიძლება გაუქმდეს და ის პარლამენტმა აირჩიოს. ცალსახაა, რომ ეს მცდელობა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარეობს და “ქართული ოცნების” ინტერესებს ემსახურება.

საზოგადოება აღფოთებულია ბოლო დროს მომხდარი უბედურების გამო, მაგრამ იმ ემოციურ ქარიშხალში, რომელიც მედიასა და სოციალურ ქსელებში სუფევს, გულწრფელი გრძნობების გარდა, პასუხიმგებლობის არიდების ქვეტექსტიც არის. მაშინ, როდესაც ყოველივე მომხდარზე პასუხისმგებელია საზოგადოების თითოეული წევრი, არა მხოლოდ და არა იმდენად იმიტომ, რომ ხმა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას მისცა (ამომრჩეველი შეიძლება შეცდეს, თანაც 2012-ში აუცილებელი იყო სააკაშვილის სადისტური რეჟიმის დემონტაჟი), არამედ იმიტომ, რომ არ მოსთხოვა პასუხი ხელისუფლებას კონკრეტული ვალდებულებების არშესრულების და აშკარად მავნებლური ქმედების გამო 2013-ში, 2014-ში, 2015-ში, 2016-ში, 2017-ში და ნამდვილად არაა გამორიცხული, ამ მდგომარეობამ 2030-მდე გასტანოს.

იღუპებიან მეშახტეები, მაგრამ თითქმის არავის ანაღვლებს, რომ შრომის ინსპექცია ვერა და ვერ შეიქმნა. იწვის ტყეები და შენობები, იღუპება ხალხი, მაგრამ ხანძარსაწინააღმდეგო რეგულაციების გამკაცრებას პრაქტიკულად არავინ მოითხოვს და ახალ “ტყის კოდექსზე” კითხვებს არ სვამს. საზოგადოება არ გამოხატავს რამდენადმე შესამჩნევ პროტესტს იმის გამო, რომ საქართველოში თითქმის არ დარჩა კულტურული და სპორტული ცენტრები, რომლებშიც მოზარდებისთვის უფასო ან “ფაქტობრივად უფასო” წრეები იმუშავებს, რომ სამართალი ამ ქვეყანაში შერჩევითია, ხოლო აგრესია ყოველდღიური ცხოვრების ნორმაა, შემდეგ კი უკვირს, წუხს და ცრემლებს ღვრის.

“_ მაშ… ვინ… ვინ მოკლა?.. _ ვეღარ მოითმინა და შეეკითხა სულშეგუბებული რასკოლნიკოვი. პორფირი პეტროვიჩმა უცებ უკან გაიწია, სკამს მიაყრდნო ზურგი, თითქოს მოულოდნელი იყო მისთვის ეს კითხვა და გაიკვირვაო.

_ როგორ თუ ვინ მოკლა? _ გაიმეორა, თითქოს ყურს არ უჯერებსო, _ ვინა და თქვენ, როდიონ რომანიჩ! თქვენ მოკალით… _ დასძინა თითქოს ჩურჩულით, მაგრამ სრულიად მტკიცე ხმით” (დოსტოევსკი “დანაშაული და სასჯელი”).

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here