Home რუბრიკები საზოგადოება ლევან ჩაჩუა: ქვეყანა ამ უღმერთო და უზნეო მარიონეტებისაგან უნდა გადავარჩინოთ!

ლევან ჩაჩუა: ქვეყანა ამ უღმერთო და უზნეო მარიონეტებისაგან უნდა გადავარჩინოთ!

2381
ლევან ჩაჩუა

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო მიიჩნევს, რომ საქართველოში ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონება რთული იქნება, მაგრამ ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

შესაბამისი განცხადება მან მედიასთან გასულ კვირაში გააკეთა და აღნიშნა, რომ კანონში ოჯახის დეფინიციის ჩანაწერი ინტერპრეტირებული არ უნდა იყოს, როგორც ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის აკრძალვა, რაც, მისი აზრით, არსებითად განსხვავდება ქორწინებისგან: “ეს არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის აკრძალვა, რომელიც განსხვავდება ქორწინებისგან. სხვა ევროპულ ქვეყნებში მიღებულია ორ მამაკაცსა თუ ორ ქალს შორის პარტნიორობა და არა ქორწინება ერთნაირსქესიან ადამიანთა შორის. სწორედ ამიტომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ერთნაირსქესიანი ადამიანების პარტნიორობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველგან”, _ განაცხადა ბუკიკიომ. კონკრეტულად რა ცვლილებებს ითხოვს ქართულ კანონმდებლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რას მოიტანს აღნიშნული ცვლილებები და რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს ყველაფერი, “საქართველო და მსოფლიოსპარტიაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა ესაუბრება.

_ ბატონო ლევან, ამას წინათ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ საქართველოში ერთნაირსქესიანი წყვილების სამოქალაქო პარტნიორობა კანონით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს განცხადება საქართველოსთვის და რა საკანონმდებლო ცვლილებებს უნდა ველოდოთ ამ განცხადების კვალდაკვალ?

_ მოდი, ჯერ ამ ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის ცნებაზე ვისაუბროთ. ეს არის მსოფლიოში უკვე დიდი ხნის წინათ დამკვიდრებული და აპრობირებული პრაქტიკა, რომლის მეშვეობითაც ევროპის არაერთ სახელმწიფოში, სადაც საზოგადოებამ არ დაუშვა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მოხდა, ფაქტობრივად, ანალოგიური უფლებების მინიჭება “სექსუალური უმცირესობებისთვის”, რაც აქვთ ნორმალურ ადამიანებს. ახლა რას ნიშნავს ამის შემოღება: ნებისმიერ “წყვილს”, ქალები იქნებიან თუ მამაკაცები, შეუძლია მივიდეს საჯარო რეესტრში და განაცხადონ, რომ სურს სამოქალაქო პარტნიორობა, ანუ “ცოლქმრობა”. ამის შემდეგ ადგილობრივი კლერკი, თბილისში იქნება, თუ სადმე სხვაგან, კანონის შესაბამისად გააფორმებს მათ “სამოქალაქო ერთობას” და ეს იგივეა, რაც ქორწინება. ანუ, ტერმინი “სამოქალაქო პარტნიორობა”, უბრალოდ, სიტყვების თამაშია, თორემ შინაარსითა და მნიშვნელობით იგი არაფრით განსხვავდება ქორწინებისგან, ამიტომ ვამბობდით თავის დროზე, როცა საუბარი იყო კონსტიტუციაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების გამომრიცხავი ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობაზე, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ერქმევა ქორწინება _ დაარქმევენ პარტნიორობას და მიენიჭებათ ანალოგიური უფლებები, რა განსხვავებაა?! ანალოგიური თვალსაზრისი გვაქვს უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვაზეც. კი, ბატონო, ჩავწეროთ კონსტიტუციაში უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა, მაგრამ რა აზრი აქვს? მიბრძანდით იუსტიციის სახლში და თქვენი თვალით ნახავთ უცხოელების გრძელ რიგებს, ნახავთ, როგორი ინტენსივობით რიგდება საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობის ნებართვა.

_ როგორც თქვენ ამბობთ, თუ აზრი არ აქვს კონსტიტუციაში ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების გამომრიცხავ ჩანაწერსა და უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვას, მაშინ როგორ უნდა დაუპირისპირდეს საზოგადოება ამ პროცესებს?

_ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ უცხო ძალების მიერ მართულ პოლიტელიტასა და მათ სატელიტ პარტიებთან რაიმე მორიგებასა და გარიგებაზე საუბარს აზრი არ აქვს. ერთ ხვრელს ამოავსებ და მის ნაცვლად ათი ჩნდება, ამიტომ ყველანაირ აკრძალვაზე მიღწეული შეთანხმება აზრს კარგავს… ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ! დაჭაობებული პოლიტიკური ველი უნდა გაიწმინდოს და სათავეში უნდა მოვიდნენ ახალი სახეები, ადამიანები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ იმ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში, რომლებმაც საქართველოს დააკარგვინა ტერიტორიები, ხოლო ძირძველი მოსახლეობა გააღატაკა და უცხოეთში გადახვეწა. ისეთ ადამიანებს უნდა ჩავაბაროთ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მართვის სადავეები, რომლებიც არ ყოფილან მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, არ მიუღიათ მონაწილეობა კორუფციულ გარიგებებში, არ შეშინებიათ ქვეყნის დამაქცევარი “ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი რეჟიმისა, არ გაყიდულან მევახშე ოლიგარქების “ქველმოქმედებაზე” და ყოველთვის იდგნენ საკუთარი სახელმწიფოს სულიერ-ზნეობრივი განვითარების სადარაჯოზე. აი, ასეთმა ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.

_ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის განცხადება დირექტივას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეკომენდაციას. თქვენი აზრით, მიიღებს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებასერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობისშესახებ?

_ რა თქმა უნდა, მიიღებს! იმიტომ, რომ შესაბამის ევროპულ კონვენციას მიუერთდნენ და ანტიდისკრიმინაციული კანონიც მიიღეს. აი, ზუსტად ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი ითხოვს ერთნაირსქესიანთა შორის სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას, ამიტომ, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ვეღარ გადაუხვევენ თავიანთი დასავლელი ბოსების დირექტივებს. ზუსტად ამას გულისხმობდა მისი უწმინდესობა თავის დროზე, როცა აცხადებდა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღებას მოჰყვებოდა სხვა, უფრო მძიმე და მიუღებელი კანონების დღის წესრიგში შეტანა.

_ თქვით, რომ არსებულ ხელისუფლებასთან არანაირ საუბარსა და მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. გამოსავალს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაში ხედავთ?

_ რა თქმა უნდა. ჩვენ მივდივართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გზით და კიდევ ვიმეორებ: ვინც ამ ხელისუფლებასთან დაიწყებს მორიგება-გარიგებას, ის უკვე შეკრულია ამ მარიონეტებთან და მოხდება მათი პოლიტიკური ლუსტრაცია საზოგადოების თვალში.

_ ვთქვათ, ხელისუფლების სათავეში მოვიდა პოლიტიკური ძალა, რომელიც უარს იტყვის გარედან თავსმოხვეული იდეოლოგიით ქვეყნის მართვაზე და ძირითადად ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იხელმძღვანელებს. ხომ არ გამოიწვევს ეს დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვას? რას მივიღებთ რეალურად?

_ უკვე წლებია, გვესმის საუბრები იმის თაობაზე, რომ, თუ საქართველო არ გაატარებს პროდასავლურ პოლიტიკას, დაკარგავს ყველანაირ მხარდაჭერას ცივილიზებული სამყაროსგან და დარჩება სრულიად დაუცველი. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე და დეზინფორმაცია. წამყვანი დასავლური სახელმწიფოს _ ამერიკის შეერთებული შტატების _ პირველი პირი საჯაროდ ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებები და ე.წ. სექსუალურ უმცირესობებს შეუწყვიტა ყველანაირი დაფინანსება. საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას კი განაცხადა, რომ ამერიკა არის ქრისტიანული სახელმწიფო და თავისი ცხოვრების წესს სხვა ქვეყნებს თავს არ მოახვევს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ახლა არის ყველაზე ხელსაყრელი დრო და შანსი იმისა, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ სოროს-მაკეინების უღმერთო და უზნეო მარიონეტებისგან. ქართველი ერი უნდა დაირაზმოს და ეს ხელსაყრელი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება გამოიყენოს. ვინ იცის, ხვალ-ზეგ როგორი პრეზიდენტი ეყოლება ამერიკის შეერთებული შტატებს…

_ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ახსენეთ, დააკმაყოფილებენ კი ამ მოთხოვნას და, თუ არ დააკმაყოფილებენ, რა გზას აირჩევთ?

_ თუ საზოგადოება დაირაზმება, გამორიცხულია, არ დაკმაყოფილდეს. ჩვენ გვაქვს მოფიქრებული ისეთი მექანიზმები, რომელთა წინააღმდეგაც ხელისუფლება ვერ წავა. მხედველობაში მაქვს საზოგადოებრივი პრესინგის ისეთი ფორმა, რომელიც ევროპაში უკვე აპრობირებულია და მას ვერ გაუძლებს ვერც ერთი ხელისუფლება. კიდევ ვიმეორებ: დღეს მსოფლიოში ფორსირებულად მიმდინარეობს გავლენის სფეროების გადანაწილების პროცესი, რომელშიც საქართველო საერთოდ არ განიხილება და, თუ ჩვენ დროულად არ მოვეგებით გონს, ამ ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოებრიობას დავკარგათ. ესენი მიუღებლები არიან, როგორც “თეთრი სახლის” ადმინისტრაციაში, ასევე კრემლშიც. მათ პოლიტიკური პერსპეტივა არ აქვთ.

_ როგორ ფიქრობთ, მთელ ამ პროცესებში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საპატრიარქო და თუ იყენებს ის თავის ავტორიტეტს თუნდაც იმ მიუღებელი საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ, რომლებზეც ვისაუბრეთ?

_ თავის დროზე, როცა პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა მიმდინარეობდა, მისმა უწმინდესობამ სამჯერ გააკეთა განცხადება და პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ არ დაეკანონებინათ ეს უკანონობა. უკვე 20 წელზე მეტია, ეკლესიის მრევლი ვარ და არ მახსენდება ისეთი შემთხვევა, როდესაც პატრიარქს ერთ საკითხზე სამჯერ განეცხადებინოს. ეკლესიას აქვს ერთადერთი ბერკეტი _ სიტყვა, სიმართლის თქმა, ჭეშმარიტება და, მადლობა ღმერთს, ამას ჩვენი ეკლესია იყენებს. სხვა საკითხია, უღმერთო ხელისუფლება როგორ ითვალისწინებს ეკლესიის პოზიციას. სამწუხაროდ, მარიონეტი პოლიტელიტისთვის გარე ძალების დირექტივები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პატრიარქის სიტყვა, მაგრამ ერისთვის, აგორებული აღვირახსნილი კამპანიის მიუხედავად, ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტად მაინც დედაეკლესია რჩება. ქართველი ხალხი სწორედ მარადიული ღირებულებების გარშემო უნდა გაერთიანდეს, რათა გადარჩეს. თუ არა, საქართველოს გაინაწილებენ და, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ძალიან ბევრი ინვესტიციაც განხორციელდეს, დიდი მეგაპროექტებიც, მაგრამ აღარ გვექნება, სამშობლო _ ქართული სახელმწიფო.

ღმერთმა მისცეს ჩვენს ხალხს ერთსულოვნება, რათა გავთავისუფლდეთ მტრებისგან და გადაარჩინოს საქართველო!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here