Home სხვადასხვა დაიჯესტი კუბაზე პოლიტიკური სისტემა იცვლება

კუბაზე პოლიტიკური სისტემა იცვლება

835
კუბაზე პოლიტიკური სისტემა იცვლება

24 თებერვალს ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ კუბაზე პოლიტიკური რეფორმები იწყება. ამჟამად ძირითად კანონში წინანდელთან შედარებით 90 მუხლით მეტია. 35 მუხლი ეძღვნება ადამიანის უფლებებს, რაც ადრე არ ყოფილა.

კუბელებს არ უარუყვიათ სიტყვა “კომუნიზმი”. იყო ასეთი იდეა კონსტიტუციის პროექტში, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტეს, არ ეთქვათ უარი კომუნიზმის ხსენებაზე.

ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ხდება ძალაუფლების გადანაწილება, რაც ადრე არ ყოფილა. ხელისუფლების 3 შტოს სხვადასხვა ადამიანი უხელმძღვანელებს. ვარაუდობენ, რომ 2021 წელს კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი რაულ კასტრო დატოვებს პოსტს, ამის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება გახდეს მინისტრთა საბჭოს ამჟამინდელი მეთაური მიგელ დიას-კანელი.

ზოგიერთი რამ კი უცვლელი დარჩება. სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ამიერიდან იქნება პრეზიდენტი, კვლავ აირჩევს ნაციონალური ასამბლეა თავისი წევრებიდან და არა ხალხი. ამასთანავე, ნაციონალურ ასამბლეასა და სახელმწიფო საბჭოს (ხელისუფლების უმაღლესი ორგანო) ერთი და იგივე ადამიანი უხელმძღვანელებს. ეს განამტკიცებს ნაციონალური ასამბლეის პოზიციებს.

ახალმა კონსტიტუციამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ახლა უკვე ოფიციალურად არის აღიარებული ფლობა კერძო საკუთრებისა, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, ისეთივე კანონიერი იქნება, როგორც სახელმწიფო ან კორპორაციული საკუთრება. თუმცა კერძო საკუთრებას დამხმარეს როლი ექნება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ამასთანავე, კერძო საკუთრება შეიძლება იყოს როგორც ნაციონალური, ისე უცხოური. უცხოურ საკუთრებაზე კონსტიტუციაში წერია, რომ ის არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი პირობა, ამიტომ განსაზღვრულია გარანტიები ექსპოპრიაციისგან დასაზღვევად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიების შიშის გასაქარწყლებლად ინვესტიციის ჩადების მომენტში.

იცვლება, აგრეთვე, ტერიტორიული მმართველობა _ სიმძიმის ცენტრი პროვინციებიდან გადაინაცვლებს მუნიციპალიტეტებზე. პროვინციებს ექნებათ მხოლოდ მაკოორდინებელი როლი. კუბელები აღიარებენ, ახალი ძირითადი კანონის მომზადებისას მათ გულდასმით შეისწავლეს ჩინეთისა და ვიეტნამის კონსტიტუციები, აგრეთვე, ვენესუელის, ნიკარაგუისა და ეკვადორის. “ის, რომ ჩინურ-ვიეტნამური მოდელი მათთვის საინტერესოა და იყენებენ კიდეც _ აშკარა ფაქტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ყველაფრის ბრმად გადმოღებას”, _ ამბობენ ექსპერტები.

ახალი კონსტიტუციის დამტკიცებას მხარი დაუჭირა ქვეყნის მოსახლეობის 73%-მა. ახალი კონსტიტუცია ნაწილობრივ აღიარებს კერძო საკუთრებას. ითვალისწინებს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის თანამდებობების შემოღებას, უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე ყოფნა განსაზღვრულია 2 ვადით _ ხუთ-ხუთი წლით. ამასთანავე, კუბა უარს არ ამბობს სოციალისტური ხასიათის სახელმწიფოზე და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ როლზე.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here