Home რუბრიკები პოლიტიკა კრიმინალში ეჭვმიტანილ ადამიანს არ აქვს უფლება, საქართველოში ბიზნესი აწარმოოს

კრიმინალში ეჭვმიტანილ ადამიანს არ აქვს უფლება, საქართველოში ბიზნესი აწარმოოს

2628
დავით კეზერაშვილი

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ყოველთვის ვითხოვთ სიტყვის თავისუფლებას, უფრო ზუსტად, სიტყვის თავისუფლებას მოქმედ ხელისუფლებას ვთხოვთ და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფალი; სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება. საბოლოოდ კი, მივედით იქამდე, რომ ყველა საუბრობს იმას, რაც ენაზე მოადგება, და, რაც მთავარია, ენაზე მომდგარი ისმის ქუჩაში, ტრანსპორტში, ტელევიზიაში… ჰო, ტელევიზიაში, სიადანაც მხოლოდ 2-3 კაცი კი არ გაიგებს ამ ყველაფერს, არამედ _ ასიათასობით. სწორედ ტელეეთერის ბოროტად (რბილი ნათქვამია) გამოყენების გამო ვართ საშინელ დღეში და სწორედ ამის გამო ქვეყნის ბიუჯეტმა მილიარდები იზარალა.

ჰოდა, ამ ტელევიზიის გარშემო ახლა სერიოზული ამბებია ატეხილი. როგორც გაირკვა, თავის დროზე, “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშისთვის წაურთმევიათ და ახლა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონიერ მფლობელს დაუბრუნეს. ერთი შეხედვით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს და ჩვენ ეს მხარე უფრო გვაინტერესებს. გავიგეთ, რომ თურმე ხალვაში მართალი ყოფილა, რომ ტელევიზია უკანონოდ წაართვეს, რომ ამ საქმეში ჩართული იყო სააკაშვილის სახელმწიფო მანქანა… და რა? არც არაფერი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ტაშს რომ ვუკრავთ, იმას რატომ არავინ ამბობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ მიუციათ? ადამიანს წაართვეს ტელევიზია და დამნაშავე არ არსებობს?! მაშინ, რა ნაწილში გამართლდა ხალვაში? ვინ არიან ისინი, ვინც ამ ყველაფერში ჩართული იყო? თუ, უბრალოდ, სააკაშვილის მხარეს გაიშვერენ ხელს და ამით დასრულდება ყველაფერი? რა როლი ჰქონდათ ამ ყველაფერში თუნდაც ძმებ ყარამანაშვილებს, როგორ და რა საშუალებით იყიდეს ტელევიზია, რატომ არ გაუჩნდათ ეჭვი, რომ ყველაფერი წესრიგში არ იყო? თუ ისინიც მსხვერპლნი არიან და, უბრალოდ, იძულებულნი შეიქნენ, ასე მოქცეულიყვნენ? მაშინ, რატომ არ დაუბრუნეს საკუთარი ნებით ტელევიზია კანონიერ მფლობელს? ჰო, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ხალვაშს ცალკე ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ედავებიან: შენც არაკეთილსინდისიერად ჩაიგდე ხელშიო და ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი დიდი დოზით უნდა იყოს, რადგან შეხვედრაზე, რომელიც მხარეებს შორის შედგა, ხალვაშმა აქიმიძე-დვალს ტელევიზიის 40% შესთავაზა. ასეთ გულუხვ საჩუქარს ტყუილ-უბრალოდ რომ არავინ იძლევა, ცხადია…

ჰოდა, მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2” კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა და ოპოზიციას სერიოზული საყრდენი გამოეცალა, გადაწყდა, რომ ახალი ტელევიზია უნდა გაკეთდეს, ანუ ახალი “რუსთავი 2”, რომელიც კვლავ იქნება ოპოზიციის დასაყრდენი და არა მხოლოდ ოპოზიციის. რატომღაც გვგონია, რომ ახალი ტელევიზია იქნება დასავლეთის მითითებების უსიტყვო შემსრულებელი და ისიც გვგონია, რომ დივერსია, რომელიც ცოტა ხნის წინათ “რუსთავი 2”-ის ეთერში განხორციელდა, დასავლეთის გარკვეული წრეების მხრიდან “მწვანე შუქის ანთების” გარეშე არ იქნებოდა.

ისევ სამომავლოდ დაანონსებულ ტელევიზიებს დავუბრუნდეთ. ერთ-ერთის გახსნა-დაფინანსებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აპირებს. ეს ის კეზერაშვილია, ჩვენი პროკურატურის მოთხოვნით საფრანგეთში რომ დააკავეს და იმავე პროკურატურის უნიათობის გამო საფრანგეთშივე რომ გაუშვეს. კეზერაშვილს ხელისუფლება ედავება პრაქტიკულად ყველაფერს, რაც კი შეიძლება ყოფილ მაღალჩინოსანს მოედავო _ თანამდებობის ბოროტად გამოყენებით დაწყებული, დიდი ოდენობით თანხების მითვისებით დამთავრებული. მართალია, საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილი გაათავისუფლა, მაგრამ ჩვენს პროკურატურას სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეუწყვეტია.

ჰოდა, ახლა ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ამბობს, რომ ახალი ტელევიზიის მთავარი დამფინანსებელი იქნება (ძალიან დიდი ალბათობით, სწორედ ის იყო “რუსთავი 2”-ის მთავარი დამფინანსებელიც). საუბარი რამდენიმე მილიონ დოლარზეა, ანუ თანხაზე, რომელიც, წესითა და რიგით, ხელისუფლებაში “ცალ-ცალი კალოშით” მისულ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ საქართველოში ხომ ასეა _ ხელისუფლებაში მოსვლა დიდი ფულის შოვნასთან ასოცირდება.

საინტერესოა, რომ კეზერაშვილის განცხადებისა და ოპოზიციის აღტკინების შემდეგ, ხელისუფლებიდან ხმა არავის ამოუღია და არ უთქვამს, რომ კრიმინალში ეჭვმიტანილ ადამიანს არ აქვს უფლება, საქართველოში ბიზნესი აწარმოოს. არც ის უთქვამთ, რომ, კანონის შესაბამისი მუხლის თანახმად, კეზერაშვილს ამის უფლება არ აქვს და, თუ კანონში ასეთი რამ არ წერია, მაშინ სასწრაფოდ უნდა ჩაიწეროს, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილმა ადამიანებმა (არ არის საუბარი მხოლოდ კეზერაშვილზე) ვერ მოახერხონ საქართველოში ლეგალური საქმიანობის წარმოება.

კეზერაშვილის პარალელურად, ტელევიზიის გახსნა, პრაქტიკულად, ყველა მსხვილმა ოპოზიციურმა ძალამ დააანონსა. ისინი აცხადებენ, რომ დონორების მოძიებით არიან დაკავებულნი, რომ ეს დონორები საზღვრებს გარეთ მონახეს, რომ ფულის პრობლემა არ იქნება… არავინ სვამს კითხვას: ვის და რას მოემსახურება ეს ტელევიზიები? რა ფორმატში იმუშავებენ? რას გააშუქებენ? რას დამალავენ და როგორ მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას? სამაგიეროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ “რუსთავი 2” იმ ფორმით, როგორც არსებობდა, სწორ ინფორმაციას არ აწვდიდა მაყურებელს _ ფაქტებს ამახინჯებდა, სიტუაციას ძაბავდა… და ვინ არის გარანტი იმისა, რომ ახალი ტელევიზიებიც ანალოგიურად არ მოიქცევიან? მით უმეტეს, რომ დაანონსებული ტელევიზიის დირექტორად ნაგულისხმევმა ნიკა გვარამიამ საჯაროდ განაცხადა, რომ ახალი ტელევიზია იქნება პარტიული და გაატარებს პარტიულ ინტერესებს. მან ისიც თქვა, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ასეთ ტელევიზიას ჩაუდგება სათავეში, ანუ გვარამიას მიაჩნია, რომ “რუსთავი 2” იმ ფორმით, რა ფორმითაც მაუწყებლობდა და მაუწყებლობს, არ იყო პარტიული ინტერესების გამტარებელი. ხომ წარმოგიდგენიათ, პარტიულ ტელევიზიას რომ დაირქმევენ, რა მოხდება და რა სახის ინფორმაცია გადმოიღვრება ეთერიდან?!

ისიც ვთქვათ, რომ იმავე გვარამიას განცხადებით, “რუსთავი 2” იყო ერთადერთი ტელევიზია საქართველოში, რომელიც ატარებდა დასავლურ კურსს. ამით გვარამიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ დასავლეთიც მის მხარესაა და დასავლელ პარტნიორებსაც ძალიან მოსწონდათ ის, რასაც “რუსთავი 2” აკეთებდა. არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ ჩვენი პროკურატურა ვითომ ეძებს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს და იგივე გვარამია მშვიდად ჩადის ბუდაპეშტში, მშვიდად იღებს ინტერვიუს… როგორ დავიჯეროთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, სად იმყოფება ადეიშვილი?! ან ის როგორ დავიჯეროთ, რომ მყარი არგუმენტების არსებობის შემთხვევაში ვერ აიძულებს უნგრეთის ხელისუფლებას, დააკავოს და გადმოგვცეს ადეიშვილი? მაგრამ არა! პროკურატურას სირაქლემის პოზა აქვს მიღებული და ვერაფერს ამჩნევს. არადა, 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის სახელით მოსული ხელისუფლების მთავარი დაპირება სწორედ ისეთი ოდიოზური ფიგურების გასამართლება იყო, როგორიც ადეიშვილია, მაგრამ, როცა ოპოზიციაში იყვნენ, “ქართული ოცნების” ლიდერები ადეიშვილის საგმირო საქმეებზე ღიად საუბრობდნენ, ახლა კი ამ საქმეებიდან აღარაფერი დარჩა და ვერც ვერაფერს ამტკიცებენ.

ნამდვილად არ ვაპირებთ, ვინმეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მოვითხოვოთ, მაგრამ აუცილებელი გვგონია, რომ ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს უფლება ყველას, ეთერიდან ისაუბროს ნებისმიერი რამ, რაც მოესურვება. მით უმეტეს, ტელევიზიის კი არა, “ბუტკის” ჩადგმის უფლებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. არ არის ტელევიზია მარკეტი _ გახსნა და შენი პროდუქცია გაყიდო, მით უმეტეს, ასეთი მუქარის ფონზე… ჰო, მუქარის, რადგან, როგორც გვარამია, ისე კეზერაშვილი და ისე “ნაციონალური მოძრაობა” იმუქრებიან, რომ ახალი ტელევიზია პარტიული იქნება და მოქმედი ხელისუფლების გასტუმრებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. მართალია, რეიტინგის მოპოვებას რამდენიმე თვე დასჭირდება, მაგრამ ის ვადა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩა, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რეიტინგიც მოიპოვოს და ეთერში ისეთი რაღაცები მოიმოქმედონ, საყოველთაო განსჯის საგანი რომ გახდეს.

სწორედ ამიტომ, თუ კანონში აღნიშნული მუხლი არ არის, პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზევე უნდა შეიტანოს, რათა კანონის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილმა და სახელმწიფოს მიერ ძებნილმა პირებმა ვერ შეძლონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არათუ ტელევიზიის გახსნა, არამედ ნებისმიერი ბიზნესის წარმოება. სხვაგვარად, სახელმწიფო იმ ქარვასლას დაემსგავსება, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია შესვლა და ვაჭრობა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here