Home რუბრიკები პოლიტიკა იგი სხვაა, რაგბი სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი

იგი სხვაა, რაგბი სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი

ქართული ფეხბურთის დონე ისე დაეცა, რომ გრიგოლ ვაშაძის საქილიკო გახდა

2780
გრიგოლ ვაშაძე

სპორტი პოლიტიკის გარეშე იმთავითვე მკვდრადშობილი თეზაა, რადგან რეალურად პირიქითაა _ სადაც დიდი სპორტია, იქვეა დიდი პოლიტიკაც. ეს რომ ასეა, დასტურად ჩვენს მეზობელ რუსეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი და მის ირგვლივ ახლო წარსულში განვითარებული მოვლენების ანალიზიც კმარა.

ვლადიმერ პუტინის მიერ 2007 წელს მიუნხენში გაკეთებული განცხადების შემდეგ რუსეთი ტრიუმფით დაბრუნდა გეოპოლიტიკაში. რუსეთის პრეზიდენტმა ამ ტრიუმფის სპორტული ლეგიტიმაციისთვის (თუ ასე თქმა მართებულია) დაიწყო ზრუნვა და შედეგმაც არ დააყოვნა _ მოსკოვმა ჯერ “ფორმულა-1”-ის ტრასა ააშენა სოჭში (რომელიც ტოლს არ უდებს მსოფლიოს სხვა ქალაქების ავტორბოლებს პრესტიჟულობისა თუ ფულადი პრიზების თვალსაზრისით), შემდეგ, აქაოდა, ოლიმპიადის მიმდინარეობისას რუსეთი ვერ გაბედავსო, დაუსჯელობის იმედად უკრაინამ სწორედ 2014 წელს წამოიწყო საომარი მოქმედებები დონბას-ლუგანსკში, მაგრამ რუსეთმა პროვოკატორ კიევსაც საკადრისად უპასუხა და სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაც უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

წელს კი, ფხენჩხანის (სამხრეთ კორეა) ზამთრის ოლიმპიადის წინ, მსოფლიო ლიბერასტულმა ძალებმა გაუგონარი მასშტაბისა და ასეთივე უსამართლობის .. დოპინგსკანდალი შეუთითხნეს რუსებს, რომლის შედეგადაც რუსეთის ფედერაციის ნაკრების ლამის ნახევარს დისკვალიფიკაცია მისცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ხოლო მეორე ნახევარს ასპარეზობის ნება დართეს, ოღონდ ეროვნული ფორმისა და, გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის ჰიმნის აჟღერების გარეშე.

ეს უკვე არა მხოლოდ სპორტული ნაკრების, არამედ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, შეურაცხყოფა-დამცირების მცდელობა იყო იმის იმედად, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკუთარ სპორტსმენებს კორეაში წასვლას აუკრძალავდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ, მართლაც ოლიმპიური სიმშვიდით აიტანა ეს პროვოკაცია და ნაკრები მაინც გაემგზავრა კორეაში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის იმ ვერდიქტს სპორტთან კავშირი რომ არ ჰქონდა და ეს სამარცხვინო აქტი წმინდა წყლის პოლიტიკა იყო, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რაც კიდევ ერთი დასტურია ჩვენ მიერ ზემოთქმულისა _ სადაც დიდი სპორტია, იქვეა დიდი პოლიტიკაც.

ამ აშკარა პოლიტიკურ მიზეზთა გამო ფხენჩხანის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში, მართალია, მისთვის ჩვეული პირველი ადგილისთვის ვეღარ იბრძოლა (სულ რამდენიმე ოქროს მედალი აიღო), მაგრამ, რომ იტყვიან, სამართალმა პური ჭამა და ღმერთმა არ მიატოვა მსოფლიო ნეოლიბერალებთან (სატანისტებთან) სამხედრო-პოლიტიკურად მარტოდმარტო მებრძოლი მართლმადიდებელი რუსეთი და იმ რამდენიმე ოქროს მედლიდან ერთი ზამთრის ოლიმპიადებზე ყველაზე პრესტიჟულ სპორტის სახეობად მიჩნეულ ჰოკეიში გამარჯვებისთვის ერგო რუსეთს. ამ გამარჯვებას ისიც მატებდა მნიშვნელობას, რომ ფინალში რუსებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხეს; იმ გერმანიის, რომელიც ერთ-ერთი აქტორი იყო სოკ-ის მიერ გამოტანილ ვერდიქტის საქმეში და ყველაზე მნიშვნელოვანი _ ტრიბუნებზე მყოფმა ათასობით რუსმა გულშემატკივარმა ( და არა მხოლოდ) სოკ-ის მიერ აკრძალული რუსეთის ეროვნული ჰიმნი ააჟღერეს ცოცხალი შესრულებით _ ყოფილი სსრკ-ის ჰიმნის მელოდია, რომლის ჰანგები დღესაც შიშის ზარს სცემს მსოფლიო ნეოლიბერასტებს.

ფხენჩხანის ოლიმპიადის ფარდის ამგვარი დაშვება მორალური გამარჯვების ტოლფასი იყო რუსეთის ფედერაციისთვის!..

“ფორმულა-1” და ოლიმპიადა, რა თქმა უნდა, უდიდესი სპორტული ფორუმებია, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ახლოსაც ვერ მივა პოპულარობით თუ ფინანსებით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან და, აჰა, 2018 წელს მოსკოვმა საფეხბურთო ჩემპიონატიც ჩაატარა; ჩემპიონატი, რომლის ბოიკოტი ვერ შედგა, მიუხედავად აშშ-ევროპის ლიბერასტული პოლიტისტებლიშმენტის ისტერიკული მცდელობებისა, და მოსკოვის მუნდიალი ფიფამ საუკეთესოდ აღიარა წარსულში ჩატარებულ მუნდიალთა შორის, როგორც სანახაობრივი-ორგანიზება-უსაფრთხოების, ასევე ფინანსური სარგებლის თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი მაინც სხვა იყო _ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან რუსეთში ჩასული მილიონობით ტურისტი მოხიბლული დარჩა რიგითი რუსების მასპინძლობით. იმ რუსებისა, რომლებსაც დასავლეთის ნეოლიბერალური მედია მუნდიალის წინ სისხლისმსმელ ველურ დათვებად სახავდა და მოსახლეობას მოუწოდებდა, მოსკოვის მუნდიალზე არ წასულიყო…

წინამდებარე წერილის შექმნის მიზეზ-საბაბი, რუსეთი კი არა, მიშარასტების საპრეზიდენტო კანდიდატის, ამხანაგ გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული ტუტუცური განცხადება იყო, რომლის მიხედვით, 260 მილიონით დაფინანსება ქართული ფეხბურთისა, რომელიც ფიფა-ს სარეიტინგო სიაში ასეულს მიღმა იმყოფება, წყალში გადაყრილი ფულია და იმის დაფინანსებას, რასაც “ქართული ოცნება” ფეხბურთს ეძახის, ჯობია, წარმატებული რაგბი დავაფინანსოთო. არადა, ფეხბურთი სპორტის სხვა სახეობებზე პოპულარულია სრულიად მსოფლიოში და, მით უმეტეს, საქართველოში, რადგან ახლო წარსულში დიდი ფეხბურთიც გვქონდა და მასთან წილნაყარი დიდი პოლიტიკაც.

სწორედ დიდ პოლიტიკას უკავშირდება გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, 80-იანი წლების დასაწყისამდე ქართული ფეხბურთის აღმავლობა და პირიქით, სსრკ-ის დაშლიდან დღემდე ქართული ფეხბურთის დაცემა და განადგურება იქამდეც კი, რომ ერთ რამეში, ძნელია, არ დაეთანხმო ამხანაგ ვაშაძეს _ მართლაც რთულია იმას ფეხბურთი უწოდო, რასაც საქართველოს ჩემპიონატი ჰქვია

1930-იანი წლების ბოლოს გრიგოლ გაგუას, ბორია პაიჭაძისა და სხვა “პირველი მერცხლების” თბილისის “დინამო” მოსკოვის არმიელთა გუნდს ხვდებოდა, პირველი ტაიმი 0-4 წააგეს ქართველებმა, მაგრამ საბოლოოდ ეს მატჩი 5-4 მოიგეს და რა, მატჩის შემდგომი საყოველთაო ზეიმი პოლიტიკურ კომპონენტს არ შეიცავდა _ “დინამომ” ხომ იმ წითელარმიელებს სძლია, რომლებმაც 1921 წელს საქართველო გაასაბჭოეს?

ბასა ღოღობერიძის, ავთანდილ ჭკუასელის ომისშემდგომი თბილისის “დინამო” 1959 წელს მოსკოვში იქაურ გუნდთან გამარჯვების შემდეგ ადგილობრივმა დიქტორმა სსრკ-ის ჩემპიონად გამოაცხადა, რადგან პარალელურად მიმდინარე სხვა მატჩში თბილისელთა კიდევ ერთი კონკურენტი დამარცხდა. მაგრამ მეორე დღეს იმ დამარცხებულმა წაგება გააპროტესტა და გადათამაშებისას მოაგებინეს _ ასეთი “უსტანოვკა” ჰქონდათ ფედერაციას და შესაბამისად _ მსაჯებს: სსრკ-ის ჩემპიონი რომელიმე მოსკოვური გუნდი უნდა გამხდარიყო, მით უმეტეს ქართველთმოძულე ნიკიტა ხრუშჩოვის დროს და ეს პოლიტიკა არ იყო? ბედის ირონიით, ხრუშჩოვის სახელთან არის დაკავშირებული თბილისის “დინამოს” პირველი დიდი წარმატებაც _ 1964 წლის ნოემბერში ნიკიტა ჩამოალაბორანტეს, კრემლს ფეხბურთისთვის აღარ ეცალა და მიშას, სლავას, სიომას, ჟორას, შოთას (აი, ასე, დიდი მწერლების მსგავსად, ქართული ფეხბურთის მეგავარსკვლავებსაც სახელებით მოიხსენიებდა გულშემატკივარი) და ა.შ. თბილისის “დინამომ” 1964 წლის 18 ნოებერს ტაშკენტში მოსკოვის ტორპედოს 4-1 სძლია და პირველად მოიპოვა სსრკ-ის ჩემპიონობა. იმ ე.წ. ოქროს მატჩს ძმები ლაზიშვილების, ნემსაძეებისა და სხვა ე.წ. დელეცების დაფინანსებით ტაშკენტის “ფახთაქორის” სტადიონზე რამდენიმე ათასი ქართველიც ესწრებოდა, მათ შორის მამაჩემიც და მისგან ვიცი იმ საყოველთაო საზეიმო ატმოსფეროს შესახებ, რომელიც მატჩის შემდეგ იქ, ტაშკენტში და შემდეგ აქ, სრულიად საქართველოში სუფევდა.

ბოლოს “დინამოს” უკანასკნელი გაბრწყინება: ყიფოს, ვიტალას, საშას, ვოვას, მანუჩარას და ა.შ. თბილისის “დინამომ” სსრკ-ის ჩემპიონატებში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა და შემდეგ ჯერ მაშინდელი მსოფლიოს უძლიერესი გუნდი, ინგლისის “ლივერპული” გაანადგურა 3-0 და შემდეგ ევროპის თასების თასიც ჩამოიტანა დიუსელდორფიდან. და, რაც იმხანად ხდებოდა თბილისში, მხოლოდ სპორტული ზეიმი იყო? კოტე მახარაძის ცნობილი ფრაზა _ „ПРЕДСТОВЛЯЮ ЧТО ТВОРИТСЯ В ТБИЛИСИ, ЛИКУЕТ СТОЛИЦА ГРУЗИЙ“,, ეს მხოლოდდინამო”-”კარლ ცაისი” _ 2-1 მშრალი არითმეტიკა იყო და პოლიტიკა არაფერ შუაშია?

ჩემი საყვარელი “დინამოს” ტკბილ მოგონებებზე წერტილს აქ დავსვამ და ახლა თანამედროვე ქართული ფეხბურთის დაცემის პოლიტიკურ შემადგენელზე…

1990 წელს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ჟამს, ურაპატრიოტთა დაჟინებით, ქართული ფეხბურთი, მათი გაგებით, “იმპერიულ” ფეხბურთს გამოეყო და საქართველოს ჩემპიონატის დაარსება გამოცხადდა. თბილისის საბჭოური “დინამო”, თბილისის “იბერიად” მონათლეს და…

კარგად მახსოვს საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნითი მატჩი თბილისის “იბერიასა” და ფოთის “კოლხეთს” შორის, რომელიც 80 ათასი ფეხბურთის გულშემატკივრის თვალწინ თბილისის “იბერიამ” 0-1 წააგო და მას შემდეგ ტრიბუნებზე კანტიკუნტად მოჩანს მაყურებელი.

რამდენიმე წლის შემდეგ თბილისის “იბერიას” კვლავ დაუბრუნდა დინამოს სახელი, მაგრამ, თუ არ ჩავთვლით არველაძეების, ქინქლაძეების, ცხადაძენემსაძეების დროებით გამონათებას, ქართული ფეხბურთის დონე ისე დაეცა, რომ გრიგოლ ვაშაძის საქილიკო გახდა.

ქართული ფეხბურთის დაფინანსება არათუ უნდა შეწყდეს, არამედ გაიზარდოს იმ მიმართულებით, რომელსაც ბავშვთა ფეხბურთი ჰქვია. ფეხბურთის ვარსკვლავები, როგორც წესი, მოსახლეობის ღარიბ ფენებში იბადებიან. ასეთი ოჯახებიდან იყვნენ მიშა მესხი და სლავა მეტრეველი, ვოვა გუცაევი თუ ვიტალი დარასელია და ა.შ. ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ სიღარიბეც შედარებითია.

საბჭოეთის პერიოდის სიღარიბე შიმშილს არ ნიშნავდა. დღეს კი ბავშვების უმრავლესობა ხორცს თვეში ერთხელ-ორჯერ თუ ხედავს და ამიტომ უცხოეთის თანატოლებს თუ ტექნიკაში უგებენ, ე.წ. ფიზიკაში მაძღარი ევროპელი მოზარდები პირწმინდად ჯაბნიან ქართველებს და ამიტომ დაფინანსება სწორედ ამ კუთხით უნდა გაიზარდოს, რათა ბავშვთა საფეხბურთო სკოლებს ჰქონდეთ საშუალება, ნიჭიერ ბავშვებს სკოლა-ინტერნატებში აჭამონ და ისე ავარჯიშონ. მოკლედ, 24-საათიან რეჟიმში უპატრონონ ისე, როგორც წარმატებულ საფეხბურთო ქვეყნებში ხდება.

გული მიკვდება, როდესაც ქართველმა ბავშვებმა მესის, ზიდანის, რონალდოსა და სხვა მეგავარსკვლავების შესახებ ყველაფერი იციან და არაფერი სმენიათ არანაკლებ კაშკაშა ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებზე.

დიახ, ფეხბურთის ანა-ბანასთან ერთად ნორჩ ქართველ ფეხბურთელებს ისიც უნდა ვასწავლოთ, რომ, თუ ბრაზილიელებს გარინჩა ჰყავდათ _ ჩვენ მიშა მესხი გვყავს, თუ იმათ პლატინი _ ჩვენ ყიფიანი და ა.შ. სხვა მრავალი ზემოთ ჩამოთვლილი ქართველი მეგავარსკვლავი, რომელთა იმედად ქართველ გულშემატკივრებს არავისი გვეშინოდა და მართლაც იმ ბედნიერ პერიოდში თბილისში ჩამოსული არც ერთი გუნდი “დინამოსთან” თამაშისას ფავორიტი არ იყო.

სწორედ ამას ვუსურვებ ქართულ ფეხბურთს მომავალში და საკუთარ თავსაც, ვინძლო ამ სიბერეში სტადიონზე მისვლის სურვილი კვლავ გამიჩნდეს.

დავით მხეიძე

P.S. ყველა ქართული გუნდის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ნურავის ეწყინება და იმგვარ სიხარულს, რომელიც ქართველ ერს მოჰგვარა ფეხბურთმა ჯერ 1964 წლის 18 ნოემბერს და შემდეგ _ 1981 წლის 13 მაისს, სხვა ვერაფერი განაცდევინებს, რადგან ფეხბურთი მართლაც სხვა ფენომენია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here