Home რუბრიკები საზოგადოება “ზაზა სარალიძემ ის ადამიანები დაიყენა გვერდით, რომლებმაც ჯერ შვილი მოკლეს, მერე მამა...

“ზაზა სარალიძემ ის ადამიანები დაიყენა გვერდით, რომლებმაც ჯერ შვილი მოკლეს, მერე მამა შვილის საფლავზე დააკლეს”

3775
გურამ გირგვლიანი

ზაზა სარალიძისა და ზვიად კუპრავას მიერ ორგანიზებულ აქციას სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში შვილმოკლული მშობლები ეხმაურებიან

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის, განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ . .- სასამართლომ 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო არასრულწლოვან დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ . .- _ 9 წელი და 9 თვე. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ 1 ივნისს გამოაცხადა.

შვილმოკლულმა მამამ, ზაზა სარალიძემ, ნაციონალ ზვიად კუპრავასთან ერთად, პარლამენტის შენობასთან ყველა შვილმკვდარ მშობელს პროტესტისკენ მოუწოდა და მართლაც, არცთუ ცოტა ადამიანი მივიდა. აქციაზე მისულთა ერთი ნაწილი გულწრფელად გაბრაზებული იყო უსამართლობის გამო, მეორე ნაწილი კი პოლიტიკურად ანგაჟირებული გახლდათ და, პროკურორის გადადგომასთან ერთად, მთავრობის გადადგომასაც მოითხოვდა. მათ ბოთლები ესროლეს ზაზა სარალიძესთან აქციაზე მისულ ქვეყნის პრემიერს და ლაპარაკის საშუალება არ მისცეს. გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

ზაზა სარალიძისა და ზვიად კუპრავას მიერ ორგანიზებულ აქციაზე არ მივიდნენ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში შვილმოკლული მშობლები, რომლებიც ქვეყანაში არც ისე ცოტანი არიან.

ჩვენ რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ, აგრეთვე, ვესაუბრეთ “ჯიპას” ყოფილ ლექტორს _ ზაზა სიამაშვილს, რომელიც ზაზა სარალიძეს მოუწოდებდა, ჩამოეშორებინა ზვიად კუპრავა და ნაციონალები.

ჩემი შვილის მკვლელობა შეუკვეთა თაკო სალაყაიამ, რომელიც დღეს თავისუფლად დადის ქუჩაში

გურამ გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარს მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა:

_ ჩემი უბედურება მიდგება თვალწინ, როდესაც ზაზა სარალიძეს ვუყურებ. მესმის, რა მდგომარეობაშია, რა ცეცხლიც ტრიალებს მის გულში, თანავუგრძნობ და სოლიდარობას გამოვხატავ მის მიმართ. დღეს მთელი საქართველო მხარში უნდა ამოუდგეს ამ კაცს, რადგან არ შეიძლება ამდენი ადამიანი მონაწილეობდეს მისი შვილის მკვლელობაში და საბოლოოდ ვერაფერი დადგინდეს. ჩემთვის უბედურებაა ის, რომ მის გვერდით დგანან ადამიანები, რომლებმაც ჩემი შვილი მოკლეს. სწორედ ესაა მიზეზი, რომლის გამოც ახლა ზაზას გვერდით არ ვდგავარ. კუპრავას გვერდით დაყენება როგორ შეიძლება?!

_ თავის დროზე, თქვენც იდექით აქციებზე და შეიძლება ითქვას, თქვენი შვილისა და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდის მკვლელობამ წინა ხელისუფლება გადაიყოლა

_ სხვათა შორის, როცა ვიკრიბებოდით, 20-30 კაცი თუ იდგა ჩვენ გვერდით. ვცდილობდით, აქციისთვის პოლიტიკური სარჩული არ მიგვეცა.

_ თქვენი შვილის მკვლელბის საქმე ბოლომდეა გამოძიებული? მკვლელები დაისაჯნენ?

_ ჩემი შვილის საქმეზე სააკაშვილსა და მერაბიშვილს წაუყენეს ბრალი. გულწრფელად რომ გითხრათ, არც ერთი არ მაინტერესებდა, რადგან ოლეგ მელნიკოვმა ჩვენებაში თქვა, რომ ჩემი შვილის მკვლელობა მას შეუკვეთა თაკო სალაყაიამ, რომელიც დღეს თავისუფლად დადის ქუჩაში. მეც მიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცები დღესაც აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს…

ია მეტრეველი

მისი შვილის სული შეწუხებულია იმ მარაზმით, რომელსაც მამამისი სჩადის

ია მეტრეველი, 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა:

_ ზაზა სარალიძის საქციელი გაუგებარია, მისი მოთხოვნები ყოველგვარ ზღვარს გასცდა, ყოველ შემთხვევაში, აცდა იმ საქმეს, რომლისთვისაც ქუჩაში გავიდა. ზაზა სარალიძის ქუჩაში დგომა საჭირო აღარ არის. ეს არის მარაზმი. სპეციალურად იწვევს არეულობას, ქაოსს. მის გვერდით დგანან “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები, რომლებიც ძალიან კარგად იყენებენ ზაზას უბედურებას. არ ვიცი, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ სარალიძეზე თუ თვითონაც იზიარებს ამ პარტიების მიზნებს, ყველა შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელია მისი საქციელი. 3 ივნისს ვაკის პარკში გაიმართა სარალიძეების მხარდასაჭერი აქცია. ზაზა მოვიდა და უკან გაბრუნდა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ზაზა სარალიძე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მას სურს მთავრობის გადადგომა. მინდა, მის მეუღლეს, მოკლული დათოს დედას მივმართო და ვუთხრა, რომ მისი შვილის სული შეწუხებულია იმ მარაზმით, რომელსაც მამამისი სჩადის. ზაზა სარალიძემ ის ადამიანები დაიყენა გვერდით, რომლებმაც ჯერ შვილი მოკლეს, მერე მამა შვილის საფლავზე დააკლეს, ვგულისხმობ იური ვაზაგაშვილს. აი ასეთი არჩევანი გააკეთა სარალიძემ, ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხთან ერთად დამდგარიყო, ხალხთან, რომელიც ეხვეწებოდა, არ დადგე ბინძურ პოლიტიკოსებთან, ჩვენ ამოგიდგებით მხარში იქამდე, ვიდრე სამართალს არ იპოვიო…

აქციები, რომლებიც რუსთაველზე მიმდინარეობს, საჭირო აღარ არის, რადგან ხელისუფლება თვითონ არის დაინტერესებული სიმართლის გარკვევით. ფეხზე დგას შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი, პროკურატურა, ალაპარაკდნენ ბავშვებიც, რომლებიც მკვლელობას შეესწრნენ, მათ დაიწყეს ჩვენების მიცემა. სიმართლე ძალიან მალე გაირკვევა.

მინდა, ბატონ ზაზას და ყველას შევახსენო, რომ, 14 წელიწადია, ვიბრძვი და ჩემი შვილის მკვლელები ჯერ კიდევ გარეთ არიან, ხოლო სარალიძის საქმე მხოლოდ ექვსი თვე მიმდინარეობს და არ დაელოდა, თუნდაც ბოლო ინსტანციამდე მისულიყო. მართლა რომ ვერ ეპოვა სამართალი, ჩვენ, ყველა, მის გვერდით ვიდგებოდით, უსამართლობას არავინ შეეგუებოდა. სარალიძის საქმეში იყო დარღვევები, აშკარაა, რომ ვიღაცები ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, მაგრამ არავინ დათანხმდებოდა, დამნაშავე დაუსჯელი დარჩენილიყო.

აშკარაა, ზაზა სარალიძე თავიდანვე იყო “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, დღეს მიეცა საშუალება, დამდგარიყო მათ გვერდით და ახლა უკვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს _ კატეგორიულად მოითხოვს მთავრობის გადადგომას.

_ ბუტას და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდის დაუნდობელ მკვლელობას წინა ხელისუფლება გადაჰყვა. ნუთუ არ რცხვენია დღეს ამ ხელისუფლებას თქვენი? თქვენ ხომ იმის ნახევარიც არ გაგიკეთებიათ, რასაც ახლა ზაზა სარალიძე აკეთებს. დღეს სარალიძის გვერდით თქვენი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადამიანებიც დგანან

_ ჩემი შვილის მკვლელები უკვე გულმოცემულები არიან და ვგრძნობ, როგორ რიხიანად შეუტევენ მოსამართლეს ბუტას საქმეზე 8 ივნისს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე. მოსამართლე შეურაცხყვეს, იმედი მიეცათ ამ მკვლელებს, ბოროტებით სავსე არაადამიანებს.

მინდა იმედი ვიქონიო, რომ ყველაფერი დასრულდება და ჩვეულ რეჟიმში გადავა ქვეყანა. თუ მართლა სახელმწიფო გვაქვს და მთავრობა გვყავს, დროულად უნდა დამთავრდეს ეს მარაზმი.

_ აქციებზე ძალიან ცოტა ადამიანი დგას მათ გვერდით. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების მიერ ხომ არ არის ეს აქციები მხარდაჭერილი? მაგალითად, თქვენ პრემიერი არასოდეს შეგხვედრიათ, სამაგიეროდ, ზაზა სარალიძეს შეხვდა

_ გეთანხმებით, ძალიან არ მომწონს ხელისუფლების მიდგომა მიმდინარე პროცესებისადმი. ზედმეტ ლოალურობას იჩენენ ამ უმსგავსობისადმი. შერჩევითი სამართალია. გიორგი გაბუნიას გინებისთვის 7 ახალგაზრდა ციხეში ზის, მაგრამ ნიკა გვარამიამ რომ შეურაცხყო ქალბატონი, ხელით შეეხო, არავინ არაფერი უთხრა; პარლამენტის თავმჯდომარეს საშინელი სიტყვებით აგინეს, მაგრამ არავინ დასჯილა. ჩვენ მხარეს კი უმიზეზოდ აპატიმრებენ ადამიანებს. მართლაც გაუგებარი და მიუღებელია ჩემთვის ეს ყველაფერი. მინდა მქონდეს იმედი, რომ დროულად აღკვეთენ ამ უმსგავსობას.

მეტი აღარ შემიძლია, 14 წელიწადია, არანორმალურ რეჟიმში ვცხოვრობ, საშუალება აღარ მაქვს, რომ ჩემი შვილის საფლავზე ვიარო, დავჯდე და ჩემს ბუტას საფლავთან მაინც ველაპარაკო. სულ ომში, სულ ცილისწამებასა და ბრძოლაში ვარ. ცხოვრება გავიდა, ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა, ატანაც შეუძლებელია უკვე.

ზაზა სიამაშვილი

გადარეული ვარ კაცი, ტელეეთერში გამოვიდა პარლამენტარი გიორგი ვოლსკი და განაცხადა, ზაზა სარალიძემ მონაწილეობა უნდა მიიღოს პროკურორის დანიშვნაშიო

ზაზა სიამაშვილი, “ჯიპასყოფილი ლექტორი:

_ უწინარეს ყოვლისა, ვუსამძიმრებ სარალიძეებისა და დადუნაშვილების ოჯახებს… დიდი უბედურება დაატყდათ თავს, მაგრამ უფრო დიდი უბედურებაა, როდესაც ასეთი ტრაგედიით ბინძური პოლიტიკოსები სარგებლობენ და საშინელებაა, შვილმკვდარი მამა ხდება ბრმა იარაღი ბინძური ადამიანების ხელში. რუსთაველზე მდგომი ადამიანების ადგილი ციხეშია, ისინი არ უნდა იდგნენ იქ, სადაც უამრავი ადამიანი ჰყავთ დახოცილ-დასახიჩრებული. გადარეული ვარ კაცი, ტელეეთერში გამოვიდა პარლამენტარი გიორგი ვოლსკი და განაცხადა: ზაზა სარალიძემ მონაწილეობა უნდა მიიღოს პროკურორის დანიშვნაშიო. მართლა მაინტერესებს _ ქვეყანაში ვცხოვრობ, თუ ცირკში. ზაზა სარალიძემ თუ უნდა მიიღოს პროკურორის არჩევაში და დანიშვნაში მონაწილეობა, რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა დადუნაშვილების ოჯახმა? ვინმეს სჯერა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე გამოძიებულია და დასჯილია თუნდაც ერთი ადამიანი? გამოძიებულია ბუტა რობაქიძის საქმე, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის? ამ მოკლული ახალგაზრდების მშობლებმა რატომ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა პროკურორის არჩევაში, რა, წერაკითხვა არ იციან?

ჩვენ დღეს უნიჭოდ დადგმული ვოდევილს ვუყურებთ.

_ ვინ დადგა ეს უნიჭო ვოდევილი?

_ ხელისუფლებაც ხელს უწყობს ამ ყველაფერს. ბევრი მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობაში ჩანერგილი ყოფილი ნაცებიც არიან ამის ხელშემწყობები. დღეს ხელისუფლებაში აღარ არიან 2012 წელს “ნაცების” წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები. ძალიან გაბრაზებული ვარ “ოცნებაზე”, მათი კოაბიტაცია ყოველგვარ ზღვარს გასცდა, უკვე ერთ ლოგინში წვანან.

სანახაობებში მილიონობით დოლარის გადახდას თავი დაანებონ და გამოუძიებელი საქმეები გამოიძიონ. პოლიტიკური ნება არ აქვთ, რომ ძალოვანი სტრუქტურები გაწმინდონ. ბუტას, სანდროს, ზურას სისხლზე მოვიდა ეს ხელისუფლება, მაგრამ მათი მკვლელობის საქმეები არ გამოიძიეს.

არ დაიშლება ეს მიტინგი, რადგან ზაზა სარალიძემ პროკურორი უნდა დანიშნოს, რამდენი სარალიძე გამოჩნდება, იცით?

_ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, იმედია, დაალაგებს ყველაფერს

_ ერთი თვეა, რაც ბიძინა დაბრუნდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მას შეკვეთილში ყოფნა მოსწყინდა და თბილისში დაბრუნდა. ისე, ვურჩევ, გავიდეს ხალხში, ხალხს დაენახვოს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here