Home რუბრიკები პოლიტიკა ვის აძლევს ხელს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია?

ვის აძლევს ხელს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია?

3509
ნარკოპოლიტიკა

22 მაისსქართული ოცნებისცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, მას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. შეკრებილებმა ნარკოპოლიტიკის რეფორმირებაზე იმსჯელეს. მუშაობა შესაბამის კანონპროექტზე დასასრულს უახლოვდება და მის განხილვამდე, სასურველია, ზუსტად დავადგინოთ, ვინ არის დაინტერესებული ცვლილებების მიღებით.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. მისი დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ, აზრთა სხვაობის მიუხედავად, დეპუტატების პოზიციების დაახლოება მოხერხდა. ერთ-ერთ მთავარ სპიკერად იმ დღეს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მოგვევლინა. მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას ემხრობა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებას შეიძლება შიდა კენჭისყრის გამართვა დასჭირდეს. როგორც ზოიძე, ისე პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება მალე, სავარაუდოდ, ივნისში უნდა მიიღოს და აქ, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა განაპირობებს ხელისუფლების ასეთ მიდგომას.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე მხოლოდ საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე მოქმედებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემის უკან მერკანტილური ინტერესები არ დგას. ნარკოპოლიტიკის კორექტირება (შერბილება იქნება თუ გამკაცრება) ნარკოტიკების ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ხოლო ფინანსური ნაკადების კალაპოტი, თუნდაც ნაწილობრივ, იცვლება. ძველი ნარკომაფია (პირობითად ასე ვუწოდოთ) და მისი გავლენიანი მფარველები წლების განმავლობაში იღებენ არა მხოლოდ ზემოგებას, არამედ კომპრომატს ათიათასობით ახალგაზრდაზე, მათ შორის ელიტური ოჯახებიდან, რაც საზოგადოებაზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტია. “ძველების” დანაშაულებრივი ბიზნესის სპეციფიკა დაკავშირებულია შავ, არალეგალურ ბაზართან და მათ ნაკლებად აძლევთ ხელს როგორც დეკრიმინალიზაცია, ისე ლეგალიზაცია, მაგრამ არსებობენ “ახლებიც”, რომელთაც ბაზარზე შეღწევა სურთ. ისინი ბაზრის დესტაბილიზაციისა და დაპყრობის ინსტრუმენტად ნარკოპოლიტიკის ცვლილებას განიხილავენ, ეტაპობრივი სვლით დეკრიმინალიზაციიდან ლეგალიზაციამდე. მათი ლობისტები უზარმაზარი შემოსავლის წყაროდ არა მხოლოდ და, შესაძლოა, არა იმდენად ნარკოტიკების გაყიდვას განიხილავენ (მათ შორის ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების ჰიპოთეტურ ლეგალურ ბაზარზე), რამდენადაც ტურისტული ნაკადის ზვავისებურ ზრდასა და კლუბური, აგრეთვე, სხვა შესაბამისი ინდუსტრიის განვითარებას. როგორც უკვე ვთქვით, ნარკოპოლიტიკის დებატებში ჩართულია უამრავი გულწრფელი მოქალაქე, რომლებიც მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით სავსებით პრაგმატული საქმოსნები არ სარგებლობენ. საინტერესო იქნება, 12-13 მაისს კლუბ “ბასიანთან” დაკავშირებული კრიზისი სწორედ ამის გათვალისწინებით განვიხილოთ.

ამ მოვლენებამდე ნარკოპოლიტიკის ლეგალიზაციაზე საუბარი “თეთრი ხმაურის”, “გირჩისა” და რამდენიმე სხვა ორგანიზაციის პრეროგატივას წარმოადგენდა, რომლებიც ახალგაზრდობის ძირითადი მასისგან, ფაქტობრივად, იზოლირებულნი იყვნენ, რადგან ის პრობლემას მნიშვნელოვნად არ თვლიდა ან არ ეთანხმებოდა ლეგალიზაციის მომხრეებს. პოლიციის 12 მაისის რეიდმა ამ მხრივ სიტუაცია შეცვალა. “თეთრ ხმაურს” მიეცა შესაძლებლობა, დაეკავშირებინა ლეგალიზაციის მოთხოვნა პროტესტთან პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელს კი საქართველოში უამრავი ადამიანის კონსოლიდირება შეუძლია, მაგრამ ის, რომ საპროტესტო აქციაზე, წინა შემთხვევებთან შედარებით, გაცილებით მეტი მოქალაქე, უპირველესად კი, ახალგაზრდა მივიდა, თავისთავად არ ქმნიდა წინაპირობას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის, რომელიც მმართველი პარტიის ამომრჩეველთა “კონსერვატიულ უმრავლესობას” აღიზიანებს. მხოლოდ 13 მაისის საღამომ რუსთაველზე, როდესაც ბევრმა ტელემაყურებელმა ჩათვალა, რომ “ქართული მარშისა” და “თეთრი ხმაურის” დაპირისპირებას შეიძლება მასობრივი არეულობა და სისხლისღვრაც კი მოჰყვეს, შესაძლებლობა მისცა ნარკოპოლიტიკის შერბილების მომხრეებს, ესაუბრათ იმაზე, რომ ლიბერალიზაცია სამოქალაქო დაპირისპირების პრევენციის საშუალებას წამოადგენს. 12-13 მაისის მოვლენებამდე ამის საფუძველი, რომელსაც დრამატული სატელევიზიო “კარტინკა” ამყარებდა, ფაქტობრივად, არ არსებობდა.

საგულისხმოა, რომ კრიზისის კულმინაციამდე ცოტა ხნით ადრე, 13 მაისს ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერამ “ფეისბუკში” გამოაქვეყნა კლიპი, რომელშიც მხარი მარიხუანის ლეგალიზებას დაუჭირა. მან, ამასთანავე, დაწერა “ლეგალიზება მშვიდობისთვის”, შემდეგ კი “ვითხოვთ ლეგალიზებას მშვიდობისთვის” თავის გვერდზე ე.წ. ქავერად დააყენა. ეს, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ადრე, 13 მაისის კრიზისამდე, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი მშვიდობისა და ლეგალიზების ურთიერთკავშირს ვერ ხედავდა. მომდევნო დღეს, 14 მაისს, ოთხმა საკვანძო ფიგურამ _ თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა მხარი დაუჭირეს ნარკოპოლიტიკის შეცვლას. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტი გაითვალისწინებს, “ერთი მხრივ, მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და გაცილებით ჰუმანურ დამოკიდებულებას, მათ შორის სამედიცინო სერვისებით შევსებას, შესაბისი ფსიქორეაბილიტაციების კომისიების ჩამოყალიბებას მომხმარებლის მიმართ. იგი ასევე ითვალისწინებს ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტრაფიკის მიმართ, რასაც სახელმწიფო ვერასდროს შეეგუება” (ინტერპრესნიუსი).

თუ პრემიერის ამ განცხადებას “ძველი ნარკომაფიის” და, ასე ვთქვათ, “ახალი ყაიდის ბიზნესმენების” კონკურენციის კონტექსტში განვიხილავთ, სავარაუდოდ, დავასკვნით, რომ სახელმწიფო მანქანა უკანასკნელთა მხარეს თამაშობს, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ვერ დაძლიეს კონსერვატორების წინააღმდეგობა. ამ ადამიანების უმრავლესობა არ ემხრობა ჰიპერრეპრესიულ, სადისტურ პოლიტიკასა და ნულოვან ტოლერანტობას მომხმარებელთა მიმართ სააკაშვილის სტილში, მაგრამ მიიჩნევს, რომ მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია და ნაბიჯები .. მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციისკენ საქართველოსთვის ეროვნულ კატასტროფას, ერთგვარ თვითგენოციდს მოასწავებს. ბოლო დროს ისინი ხშირად იშველიებენ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს 2017 წლის მოხსენებას, რომლის თანახმად, საქართველო მოსახლეობის პროპორციულად, ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობით მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს.

ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლას, ცხადია, არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ პოლიციური ღონისძიებების ფორმამ შეიძლება კამათი გამოიწვიოს, რადგან სწორედ მან მისცა შესაძლებლობა “თეთრ ხმაურს”, ქუჩაში გაცილებით მეტი ახალგაზრდა გამოეყვანა, ვიდრე ადრე. ამ აქციამ ავტომატურად გამოიწვია “ქართული მარშის” და მისი მონათესავე ორგანიზაციების გააქტიურება და კონტრაქცია. ამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის განჭვრეტა და კრიზისის პროგნოზირება არათუ სავსებით შესაძლებელი, არამედ ძალზე იოლი იყო, რამაც შეიძლება გააჩინოს ეჭვი მოვლენების “მოდელირებაზე”.

ის კონსერვატორები, რომლებსაც მოეწონათ სპეცნაზის შესვლაბასიანშიდა ის ტაქტიკურ წარმატებად ჩათვალეს, ალბათ, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ სტრატეგიულად დამარცხდნენ, რადგან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია პოლიტიკური დღის წესრიგის ერთერთი მთავარი საკითხი გახდა და ამაჟამად ის წარმოჩენილია, როგორც სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუმცა გამარჯვებულად, ალბათ, არც “ლიბერალური მხარე” უნდა ჩავთვალოთ. 13 მაისს, საღამოს “მარშელების” შეკავებისა და “თეთრი ხმაურის” აქციის მონაწილეების ავტობუსებით გაყვანის მომენტში ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ აგრძნობინა მათ, რომ მათი უსაფრთხოება კეთილგონიერების (გნებავთ, კონსტრუქციულობის) პირდაპირპროპორციულია. უცნაურია, მაგრამ 12-13 მაისის კრიზისის დროს ყველაზე მეტი ქულა სწორედ ხელისუფლებამ (მათ შორის პერსონალურად გიორგი გახარიამ) დააგროვა, მაშინ, როდესაც თავიდან მთავარ სამიზნედ აღიქმებოდა, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება, ალბათ, იმ ადამიანებმა მოიპოვეს, რომლებიც თავიანთ ბიზნესინტერესებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას უკავშირებენ.

13 მაისს თითქმის ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, კრიზისის ესკალაცია მოახდინონ. არაერთმა კომენტატორმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ისინი ორი აქციის მონაწილეობის შეჯახებაზე ან პოლიციის მიერ “მარშელების” დარბევაზე ოცნებობდნენ, რადგან ეს კონსერვატორებისა და ნაციონალისტების მნიშვნელოვან ნაწილს გაამწარებდა და, შესაბამისად, “ქართული ოცნების” ელექტორალურ რეზერვზეც აისახებოდა. მაგრამ მათ არ აღმოაჩნდათ საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ შეტაკების პროვოცირება მოეხდინათ, რაც, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას თავი ქუდში აქვს. შემდეგი კრიზისის დროს მისმა ოპონენტებმა შეიძლება მეტი კრეატიულობა და მონდომება გამოავლინონ, ვიდრე თბილისში 2018 წლის 12-13 მაისს ან ბათუმში 2017 წლის 11-12 მარტს. თუ ამ ორ შემთხვევას ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ამჯერად სააკაშვილის მიმდევრები სასურველ მიზანთან უფრო ახლოს იდგნენ. გამორიცხული არაა, რომმომდევნო სერიაშიისინი ხელისუფლებისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დაპირისპირების პროვოცირებას მოახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სააკაშვილის ბანაკი დასუსტდა.

გართულება ნარკოპოლიტიკის საკითხის თაობაზე ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა კულმინაცია, ალბათ, მაინც 13 მაისი იყო, რომლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილი, შესაბამისად, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის ძირითადი ნაწილი ლიბერალიზაციის გზას დაადგა. ეს არ ნიშნავს მყისიერ ლეგალიზებას, მაგრამ მისთვის აუცილებელ წინაპირობებს ქმნის. “ქართული ოცნებისცალკეული დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეების ნაწილი ახალ კანონპროექტს, ალბათ, გააფთრებულ წინააღმდეგობას გაუწევენ, მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევა გაუჭირდებათ, რადგან დაპირისპირება არა მხოლოდ იდეებთან, არამედ უსერიოზულეს ბიზნესინტერესებთანაც მოუწევთ.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here