Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპელი ნაცები ისლამისტების ტაქტიკას ითვისებენ

ევროპელი ნაცები ისლამისტების ტაქტიკას ითვისებენ

889
ისლამისტი ნაცები

ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მცდელობამ აიძულა ევროპა, გაიხსენოს, რომ ისლამისტი ლტოლვილები ერთადერთი საშინაო ტერორისტული საფრთხე არ არის. აშკარაა უკიდურესი მემარჯვენეების გააქტიურება, რომლებიც არცთუ იშვიათად გადადიან ქუჩის ტერორზე ბრეივიკის ლოზუნგებით. ევროპას თანდათან ითრევს ისლამიზმისა და ნაციზმის დოლაბები.

საფრანგეთის ახალ პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობა გეიმერების (გეიმერი _ ადამიანი, რომელიც ვიდეოთამაშებით არის გართული) წყალობით გაიხსნა. მათ პოლიციელებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი თამაშის ჩათის სტუმარი კითხულობდა, სად შეძლებდა ავტომატის ყიდვას. “მჭირდება რაღაც კალაშნიკოვის მსგავსი”, _ განმარტა მან.

მეორე დღესვე პოლიციელები ესტუმრნენ ეჭვმიტანილს, რომელიც ცხოვრობდა პარიზის პრესტიჟულ გარეუბანში _ არჟანტეის კომუნაში. ოცდასამი წლის ახალგაზრდა მასთან მისულებს სამზარეულოს დანით დაესხა თავს. კიდევ ორი დანა იპოვეს მის ავტომობილში. დაკითხვისას გაირკვა, რომ გეიმერი მაკრონის მკვლელობას აპირებდა ბასტილიის აღების ყოველწლიურ აღლუმში მონაწილეობისას.

“ჩვენ საქმე გვაქვს ისლამისტი ტერორისტის სარკისებრ გამოსახულებასთან, ადამიანთან, რომელსაც გეზს აძლევს იმავე, ოღონდ საწინააღმდეგო იდეოლოგიის მანია, _ განაცხადეს ექსპერტებმა. _ მოგვიანებით პარიზის პროკურატურაში დააზუსტეს, რომ ეჭვმიტანილი ეკუთვნის მემარჯვენე რადიკალებს; ცდილობდა, თავს დასხმოდა ზანგებს, არაბებს, ებრაელებსა და გეებს”, თავის კერპად კი მიაჩნდა ნორვეგიელი ექსტრემისტი ანდერს ბრეივიკი. ფსიქიატრებმა დაასკვნეს, რომ გეიმერი “ფსიქიკურად არასტაბილურია, მაგრამ შერაცხადი და მიზანმიმართული”.

ისევე, როგორც ისლამისტი ლონდონელი ტერორისტები იყვნენ ცნობილი პოლიციისთვის, “მიზანმიმართული” გეიმერის პიროვნებაც ცნობილია საფრანგეთის სამართალდამცველთათვის. 2016 წელს იგი სასამართლოს წინაშე წარდგა ბრეივიკის მხარდაჭერის, ტერორიზმის პროპაგანდისა და რასობრივი სიძულვილის გაღვივების გამო. მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს წელიწად-ნახევრით გადავადების პირობით.

პრეზიდენტზე თავდასხმა ძირძველი ფრანგული ტრადიციაა. შარლ დე გოლი, მაგალითად, მშვიდობიანად გადაურჩა თავდასხმის 32 შემთხვევას და ამის გამო ხუმრობდა კიდეც: “თუ პრეზიდენტისთვის ერთხელაც არ უსროლიათ, ეს ნიშნავს, რომ იგი არაპოპულარულია”.

ამ ახალ ტერორისტს, როგორც ჩანს, აღაფრთოვანებდა მაქსიმ ბრიუნერის მაგალითი. ოცდახუთი წლის სტუდენტმა 2002 წლის 14 ივლისს ბასტილიის აღების აღსანიშნავ აღლუმზე გიტარის ფუტლარით მიიტანა თოფი. მან ორჯერ ესროლა ჟაკ შირაკს, მაგრამ ტყვიები პრეზიდენტს არ მოხვედრია. მაშინ ბრიუნერიმ თოფის ლულა პირში ჩაიდო, მაგრამ ჩახმახს ვერ მისწვდა. ხელ-ფეხი პოლიციელების მოსვლამდე შეუკრეს.

ბრიუნერიც უკიდურესი მემარჯვენე იყო და შედიოდა ნაციონალისტურ დაჯგუფებაში “რადიკალური ერთობა”. მის წევრებს კავშირი ჰქონდათ რესპუბლიკელებთან და “ეროვნულ ფრონტთან”, მაგრამ მიაჩნდათ, რომ იყვნენ ნაციონალ-ბოლშევიკები და საერთო ფრანგულ რეზისტანსისკენ _ წინააღმდეგობისკენ მოუწოდებდნენ მასებს. დაჯგუფება სასწრაფოდ აკრძალეს და უმრავლესობა იდენტიტარნულ ბლოკში გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც განაგრძობენ ბრძოლას ეროვნული იდენტურობისა და ისლამიზაციის წინააღმდეგ. თვით ბრიუნერმა სრულად მოიხადა სასჯელი _ 7 წელიწადი ციხეში, გათავისუფლდა, დაწერა მემუარები და ერთგვარად ცნობილი პიროვნება გახდა.

საფრანგეთის პრეზიდენტებზე თავდასხმები მხოლოდ ნაწილია ტერაქტების ნუსხაში, რომლებიც ბოლო წლებში ევროპელი ულტრამემარჯვენეების მიერ არის ორგანიზებული.

ამასთანავე, უნდა შევნიშნოთ, რომ მათ გააქტიურებაში ერთგვარი ლოგიკაა. ნორმალური პოლიტიკური ბრძოლის საშუალებას უკიდურეს მემარჯვენეებს არ აძლევენ _ ისტებლიშმენტის პარტიები და ყველა დონის ევრომოხელეები ერთიანი ფრონტით გამოდიან ისეთი ნაციონალისტების წინააღმდეგაც კი, რომლებსაც რადიკალებთან შეხება არ აქვთ. იმავე საფრანგეთში მარინ ლე პენის (რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა მესამედმა მისცა ხმა) სავსებით ზომიერმა “ეროვნულმა ფრონტმა” ეროვნულ კრებაში მხოლოდ 8 ადგილი მიიღო. წარუმატებლად დამთავრდა საპარლამენტო არჩევნები ნიდერლანდებში გერტ ვილდერსის პარტიისთვისაც, რომლის დღის წესრიგი უსირცხვილოდ გადაიღეს მმართველმა წრეებმა. ბუნდესტაგის მომავალ არჩევნებში “ალტერნატივა გერმანიისთვის” პერსპექტივა ასევე საუკეთესო არ არის.

ევროპელ ნაციონალისტებს ნორმალური ტრიბუნა, ფაქტობრივად, არ აქვთ: მასმედია მათ თვალსაზრისს ან სრულად არ აქცევს ყურადღებას, ან მხოლოდ იმიტომ ციტირებს, რომ “ფაშისტებისა” და “რასისტების” იარლიყები მიაწებონ. დავუმატოთ ამას მიგრაციული კრიზისი, ისლამისტური ტერორიზმის ტალღა და ხელისუფლების მიერ ამ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების სურვილის უქონლობა. ფრანგ ნაციონალებს უჭირთ, დაეთანხმონ მაკრონის პოზიციას, რომელმაც გაგანია საპრეზიდენტო მარათონისას მორიგი ტერაქტის გამო ფილოსოფიურად შენიშნა: “ეს არის ახალი რეალობა, რომელშიც უნდა ვიცხოვროთ”.

საბოლოოდ ყველაზე ახალგაზრდები და შეურიგებლები გადააბიჯებენ ხოლმე მიჯნას, რომლის გადაბიჯებაც დაუშვებელია.

2011 წლიდან დაწყებული, როცა ანდერს ბრეივიკმა 77 ადამიანი დახვრიტა იმის გამო, რომ ისინი მონაწილეობდნენ მემარცხენე მუშათა პარტიის ღონისძიებაში, ძალადობრივი აქციების რაოდენობა ევროპაში განუხრელად იმატებს. დასაწყისში ეს იყო თავდასხმები მიგრანტებზე და მათ საერთო საცხოვრებლებზე. მხოლოდ შვედეთში 2015 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია 20 შეტევა საერთო საცხოვრებლებზე, 2016 წლის იანვარში კი ნიღბიანმა ადამიანებმა სცემეს მიგრანტები სტოკჰოლმის რკინიგზის სადგურში.

გერმანიის მაგალითისამებრ, მიგრანტების მიღების ცენტრებს რეგულარულად უკიდებდნენ ცეცხლს. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაითვალეს, რომ მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში ლტოლვილთა კომპაქტური დასახლების ცენტრებს ათასზე მეტჯერ შეუტიეს, სულ ცოტა, 2500-ჯერ კი თავს დაესხნენ მიგრანტებს.

თუ მოახერხებენ და ორგანიზატორებს სასამართლოს წინაშე წარადგენენ, მათ სერიოზულად სჯიან. მაგალითად, გერმანიის ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის მოღვაწე მარკ შაიდერს 2016 წელს რვა წლით აღუკვეთეს თავისუფლება იმის გამო, რომ მან ცეცხლი გაუჩინა მიგრანტთა საერთო საცხოვრებელს. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ისე ჩანს, სასამართლოს მკაცრი სასჯელები მხოლოდ აღიზიანებს ექსტრემისტებს.

საფრანგეთის შს სამინისტროს სტატისტიკაშიც სასიხარულო არაფერია. მაგალითად, 2015 წელს მუსლიმებზე თავდასხმებმა 223 პროცენტით მოიმატა 2014 წელთან შედარებით. ფრანგი ექსტრემისტების ერთ-ერთი საშიში აქცია დევნილების კალეს ბანაკის, სახელგანთქმული “ჯუნგლების” დაწვა იყო, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა.

განსაკუთრებული რადიკალიზმით გამოირჩევიან ინგლისელი ნაცები. ბრექსიტის რეფერენდუმის წინა დღეს ქვეყანა 41 წლის ჯო კოქსის, ლეიბორისტული პარტიიდან პარლამენტის დეპუტატის, მკვლელობამ შეძრა. ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე კოქსთან მივიდა ადგილობრივი მოქალაქე თომას მეიერი, მოკლედ ეკამათა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის მიზანშეწონილობაზე, შემდეგ კი სამჯერ ესროლა მონადირის თოფიდან, ბოლოს კი დანის ჩარტყმით სიცოცხლე მოუსწრაფა. მეიერი ულტრამემარჯვენე იდეების აღმსარებელი იყო, თავდასხმის მომენტში გაჰყვიროდა “ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა!”.

ლონდონსა და მანჩესტერში ისლამისტების მიერ განხორციელებული ტერაქტების კვალზე კარდიფის მკვიდრი, 47 წლის დარენ ოსბორნი თავის ფურგონით შეიჭრა მრევლში, რომელიც ფინსბერი-პარკის მეჩეთიდან გამოდიოდა. ერთი ადამიანი მოკლა, რვა _ დაჭრა. თვითმხილველები ადასტურებენ, რომ დაკავებისას იგი ყველა მუსლიმის დახოცვით იმუქრებოდა.

ბრიტანეთის პოლიციის მონაცემებით, რეფერენდუმის შემდგომ განვლილი 11 თვის განმავლობაში რასობრივი და რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობამ 23 პროცენტით მოიმატა _ 40,7 ათასიდან 50 ათასამდე. ამ მხრივ გამოირჩევა გვენტის საგრაფო უელსში (77 პროცენტი), აგრეთვე, კენტის, უორკშირის, ნოტინჰემის საგრაფოები.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თავის დროზე აღნიშნა, რომ “ბრეივიკის შემთხვევა ისლამური ტერორიზმის სარკისებრი ანარეკლია, ოღონდ საწინააღმდეგო იდეოლოგიური მანიით”.

მართლაც ასეა: მემარჯვენე რადიკალები ბევრი რამით ჰგვანან თავიანთ შეურიგებელ მტრებს _ ისლამისტებს.

უმეტესად ისინი მარტონი მუშაობენ და შეტევამდე ისე ცხოვრობენ, როგორც წესიერი მოქალაქეები, ამიტომაა ძნელი მათი მონაწილეობით ჩადენილი ტერაქტების აღკვეთა.

თუმცა, ისევე, როგორც ისლამისტები, მემარჯვენე რადიკალებიც მარტოხელები არ არიან. ისინი ცხოვრობენ თავიანთ საინფორმაციო სივრცეში, რომელიც მათ უკმაყოფილებს განსხვავებულ თვალსაზრისს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. თუ ისლამისტები სულიერ საკვებს ქადაგებებში პოულობენ, ნაციონალისტებს ასულდგმულებს “კლასიკოსთა” ნაშრომები ჰიტლერიდან ბრეივიკამდე, ინტერნეტი კი საშუალებას აძლევს, ურთიერთობა დაამყარონ “ერთმორწმუნეებთან” მსოფლიოში. რომელიღაც მომენტში მსოფლიოს ეს ვირტუალური სინამდვილე, რომელშიც ყველაფერში დამნაშავე მიგრანტები არიან, სრულად გამორიცხავს რეალობას და ტერორისტი იარაღს მოჰკიდებს ხელს.

მემარჯვენე რადიკალების ჩვეული მოტივი შურისძიებაა. შვედმა ნაციონალისტებმა დევნილებს ვენდეტა მოუწყვეს მოხალისე ქალიშვილის მკვლელობის საპასუხოდ. გერმანელებმა შური იძიეს კელნში მოწყობილი ძალადობების საპასუხოდ. დარენ ოსბორნი შეეცადა, “პასუხი მოეთხოვა” მუსლიმებისთვის ლონდონისა და მანჩესტერის ტერაქტების გამო.

ტერაქტების ხელწერაც ბევრი რამით მსგავსია. ისლამისტებმა მოდად შემოიღეს ქვეითთა გასრესა მანქანებით, ასეთივე ტაქტიკას იყენებენ მუსლიმთა წინააღმდეგ. ისლამისტები თავიანთი შეტევებისთვის არჩევენ პოპულარულ ადგილებს _ ელისეს მინდვრებს, ინგლისის სანაპიროს, ლონდონის ხიდს. ნაციონალისტებიც ასეთსავე ადგილებს ირჩევენ. გეიმერი, რომელიც მაკრონის მოკვლას აპირებდა, ტერაქტის განხორციელებას ელისეს მინდვრებზე აპირებდა, დარენ ოსბორნმა კი მეჩეთი ფინსბერი-პარკი აირჩია, ეს სამლოცველო ყველაზე რადიკალური იმამების ნავსაყუდელია.

ჩანს, რომ მემარჯვენე-რადიკალების მიმართ ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურები ისეთივე შეცდომას უშვებენ, როგორიც ისლამისტი ტერორისტების მიმართ დაუშვეს. მათ დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ აკონტროლებდნენ “ულტრასების” ორგანიზაციებს, რომლებშიც ჩანერგილი ჰყავდათ აგენტები, მაგრამ ასეთ გარემოში განცალკევებულად მოქმედი ადამიანები უვნებელნი რჩებიან _ მათი წინასწარ გამოაშკარავება პრაქტიკულად არარეალურია.

ყველაზე საშინელი სცენარის შემთხვევაში, თუ ურთიერთდაუნდობლობა კვლავაც გაძლიერდება, ტერაქტების ომი შეიძლება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, რომელშიც გამარჯვებული არავინ იქნება.

მომზადდა vz.ru-ს პუბლიკაციის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here