Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოში 134 ათასი ბინა ირანის მოქალაქეების საკუთრებაა

დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოში 134 ათასი ბინა ირანის მოქალაქეების საკუთრებაა

9066
დიმიტრი ლორთქიფანიძე

ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უკიდურესად დაძაბული სამხედროპოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური დღის წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა, ქართველი თუ უცხოელი ექსპერტების ნაწილი საქართველოსთვის მოსალოდნელ გარკვეულ რისკებზე დაუფარავად საუბრობენ. ზოგი მათგანი შეფასებებში ძირითად აქცენტს, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების შემთხვევაში, ლტოლვილების შესაძლო უკონტროლო ნაკადზე აკეთებს (რაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს), ზოგიც მთავარ საფრთხეს ტერორიზმში ხედავს და ოფიციალურ თბილისს, როგორც რეგიონში ვაშინგტონის ერთერთ უმთავრეს დასაყრდენს, მაქსიმალურად ფრთხილი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. მიუხედავად ამ დამაფიქრებელი შეფასებებისა, რომლებიც რეალობასთან მეტნაკლებად ახლოსაა, საქართველოს ხელისუფლებას არც ერთ მოსალოდნელ საფრთხეზე საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ირანს შორის, უკვე ოთხი წელია, ორმხრივი უვიზო მიმოსვლა მოქმედებს და ირანის ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოში დაუბრკოლებლად შეუძლია შემოსვლა. ოფიციალური მონაცემებით, დღეს მხოლოდ თბილისში უცხოელების მიერ შესყიდული უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ ირანელებზე მოდის, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში სავიზო-საიმიგრაციო სამსახური პრაქტიკულად არ არსებობს, ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ირანელია დღეს საქართველოში, უცნობია…

რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის ირანამერიკის დაპირისპირება, რა გართულებები შეიძლება ამ პროცესმა გამოიწვიოს და როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს ამ ყველაფრის კვალდაკვალ საქართველოს ხელისუფლებამ _ ამ საკითხებზე გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო, დიმიტრი, ირანისა და აშშის დაპირისპირების ფონზე სხვადასხვა ექსპერტისა თუ ანალიტიკოსის მხრიდან სულ უფრო ხშირად გვესმის შეფასებები, რომ ეს გარკვეულ საფრთხეს, შესაძლოა, ჩვენთვისაც შეიცავდეს. საუბარია ლტოლვილების უკონტროლო ნაკადზე, ტერორისტულ საფრთხეებზე, ეკონომიკურ ზარალზე და .. რას იტყვით ამის თაობაზე?

_ ალბათ, ყველა დაგვეთანხმება, რომ ახლო აღმოსავლეთი არის დენთით სავსე კასრი და საქართველო ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში ვერ პოულობს თავის ადგილს. რაც შეეხება კონკრეტულად ირანის თემას, მოგეხსენებათ, ირანი საქართველოსთან დღემდე ინარჩუნებს აქტიურ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას და არა მხოლოდ, მიუხედავად იმისა, რომ იქ დღითიდღე იძაბება ვითარება. აქ საუბარია ეკონომიკურ კრიზისზეც და თავისთავად ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ქმნის საფრთხეს…

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ უწინარესად, აქ იგულისხმება მიგრაციული საფრთხეები და ამის გარკვეული წინაპირობები, დიდი ხანია, არსებობს. მაგალითად, საგანგაშოა ის, რომ დღეს საქართველოში 134 ათასი ერთეული უძრავი ქონება ბინის სახით ირანის მოქალაქეების საკუთრებაა და მათი უდიდესი ნაწილი დედაქალაქზე მოდის. ეს ნიშნავს იმას, რომ თადარიგი აქტიური მიგრაციული პროცესებისთვის მათ, უკვე დიდი ხანია, დაიჭირეს.

რაც შეეხება იმას, რომ დღემდე ვინარჩუნებთ ირანთან უვიზო მიმოსვლას, ეს საქართველოსთვის ძალიან დიდ შეცდომად და საფრთხედ მიმაჩნია. მოგეხსენებათ, ირანის პარლამენტმა უკვე მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, 200 მილიონი დოლარით ფინანსდება ყველა დივერსიული მოქმედება აშშის ობიექტების წინააღმდეგ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში

_ გინდათ, თქვათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზეც შეიძლება განხორციელდეს დივერსია?

_ არათუ შეიძლება, საქართველოს ტერიტორია, როგორც გეოგრაფიულად ახლო რეგიონი ირანისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი ადგილია ამერიკის ობიექტებზე თავდასასხმელად. სხვათა შორის, 2012 წლის დასაწყისში მათმა სპეცსამსახურებმა ერთხელ უკვე სცადეს დივერსიის განხორციელება საქართველოში ისრაელის საელჩოს წინააღმდეგ, მაგრამ იმხანად საქართველოს (განსაკუთრებით ისრაელის) სპეცსამსახურების აქტიური მოქმედებით ეს დივრესია აღიკვეთა. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ არის ირანის უკანასკნელი მცდელობა და იმის ფონზე, რომ დღეს, ფაქტობრივად, საღვთო ომი აქვს თეირანს ვაშინგტონის წინააღმდეგ გამოცხადებული ლოზუნგით “სიკვდილი ამერიკას!”, ტერაქტების რისკი, ბუნებრივია, მომატებულია. რაც შეეხება ისევ უვიზო მიმოსვლას, დასაწყისში ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: თავის დროზე ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, ამიტომ ჩვენივე უსაფრთოებიდან გამომდინარე მალე უნდა გადავიდეთ სავიზო რეჟიმზე. ვფიქრობ, რომ, გარდა ტერორისტული საფრთხეების ალბათობის შემცირებისა, ეს ნაბიჯი პრევენცია იქნება საქართველოს ტერიტორიის ნარკოტრაფიკისთვის გამოყენების აღკვეთის თვალსაზრისით.

_ რა უშლის ხელს ხელისუფლებას, რომ ეს ნაბიჯი გადადგას? რაიმე შემაფერხებელი ფაქტორები არსებობს?

_ საინტერესო და საგულისხმო შეკითხვაა, მაგრამ მასზე ხელისუფლება შესაბამის პასუხს არ ან ვერ იძლევა. რატომ? _ ამ კითხვაზე მათ უნდა გიპასუხონ. თუმცა, ის, რომ ბოლო წლებში ირანის მოქალაქეები უკონტოლოდ შემოდიან ქვეყანაში, ყიდულობენ მიწას, სახლებს, ბინებს იმ მოტივით, რომ ირანის მიერ ოდესღაც დაკარგულ ტერიტორიაზე სახლდებიან, საგანგაშოა. სხვათა შორის, 2018 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ერთ-ერთ გამოსვლაში ყაჯართა დინასტია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ირანს მათი მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად რუსეთმა წაართვა საქართველო. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ პრეტენზია აქვთ საქართველოზე და ის იმპერიალისტური დამოკიდებულება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, დღესაც არსებობს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რა პოლიტიკური სტრატეგია აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამ მიდგომის საპირწონედ? რა პასუხს ვცემთ ჩვენ თუნდაც დიპლომატიურ დონეზე, როცა ასეთ მტრულ, კოლონისტურ რიტორიკას ვისმენთ? ისინი ხომ, პრაქტიკულად, გვეუბნებიან, რომ სახელმწიფო არ ვართ?

_ დავუბრუნდეთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ბევრი ფიქრობს, რომ ამერიკის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ ირანის წონამ და გავლენამ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვნად მოიმატა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო რეალურს გახდის თეირანის იმპერიალისტურ ზრახვებს საქართველოს მიმართ?

_ ის, რასაც დღეს ირანში ვხედავთ, არის ამერიკის მიერ ერთი რეჟიმის მეორით ჩანაცვლების მცდელობა, თუმცა ამ ჩანაცვლებისას მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გზიდან ჩამოეცილებინათ გავლენიანი სამხედრო-პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც წარმოადგენდნენ ირანის თეოკრატიის მთავარ საფუძველსა და მამოძრავებელ ძალას. ესენი არიან ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ხელმძღვანელები და მათ შორის იყო გენერალი ყასემ სულეიმანიც. დღეს, როდესაც სულეიმანი ცოცხალი აღარ არის, პრინციპით, რომ არ არის ადამიანი, აღარ არის პრობლემა, რა თქმა უნდა, ვაშინგტონი შეეცდება, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. სხვათა შორის, ტრამპმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში შემთხვევით არ თქვა, რომ თურმე 1979 წლიდან ირანი სერიოზულ პრობლემებს ქმნის მსოფლიო დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, თუმცა იქვე დასძინა, ირანი ხშირად წარმატებას აღწევდა დიპლომატიურ ფრონტზე, ხოლო ომებში დამარცხებული გამოდიოდაო. აი, ამ დიპლომატიისადმი ასეთი რევერანსი და ხაზგასმა, ვფიქრობ, მიგვანიშნებს ერთ რამეზე, რომ შეერთებული შტატების მთავარი კოზირი გათამაშდება სწორედ ახლა, ყასემ სულეიმანის დაღუპვის შემდგომ. ეს, ალბათ, იქნება უმაღლესი რანგის დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყების მცდელობა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან ევროპის ლიდერებიც…

_ შედეგი რა იქნება, როგორ ფიქრობთ?

_ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ირანს ელის სერიოზული ცვლილებები, მაგრამ ჩვენთვის მთავარი საკითხია, განხორციელდება თუ არა ეს ცვლილებები რეგიონის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ინტერესების ხარჯზე. სამწუხაროდ, უკვე ვხედავ, რომ ეს, არათუ მოსალოდნელი, უკვე დაწყებული პროცესია და ამაზე ბევრი გარემოება მიუთითებს. მათ შორის ის 134 ათასი ერთეული უძრავი ქონებაც, რომელზეც დასაწყისში ვილაპარაკე, ფიქტიური ქორწინებების შედეგად ათასობით ირანელისთვის ბინადრობის უფლების მიცემა, ჩვენი ხელისუფლების ზღვარგადასული ლოიალურობაა თეირანის იმპერიალისტური პოლიტიკისადმი, რაც თუნდაც უვიზო რეჟიმის ასე უსიტყვოდ შემოღებაში გამოიხატა სწორედ თეირანის მოთხოვნის საფუძველზე და .. კიდევ ვიმეორებ: ეს ყველაფერი არის დიდი გარიგების ნაწილი, რომელიც შეერთებული შტატების ძალისხმევით ხორციელდება და ძალიან მალე დავინახავთ, რომ მას საქართველოსთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვება

_ გამოსავალს ხედავთ? რა უნდა დაუპირისპიროს ამ პროცესს საქართველომ?

_ სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ჩვენივე არაადეკვატური პოლიტიკის შედეგად ყველა გზა მოჭრილი გვაქვს და ამაზე ნათლად მეტყველებს ის, რომ ამ წლების განმავლობაში გვეგონა, თითქოს რაღაც პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდა ქვეყანაში, მაგრამ ერთი სერიოზული ნაბიჯი არ გადადგმულა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ გარკვეული შესაძლებლობები დღესაც არსებობს და სწორი პოლიტიკის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ძვრები სავსებით რეალურია. სხვათა შორის, აქ საგულისხმოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც ჩვენს პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში რატომღაც საერთოდ არ საუბრობენ: 2018 წლის 29 აგვისტოს ძალაში შევიდა ჩარჩოხელშეკრილება საქართველოსა და ბელარუსს შორის, რომელიც მთელი რიგი საკანონმდებლო მიმართულებით ჰარმონიზაციას გულისხმობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი ეხება სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობას. ამ დოკუმენტის ამოქმედებიდან მცირე ხანში ძალაში შევიდა შეთანხმება რუსეთსა და ბელარუსს შორის, რომელიც ასევე გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულებით. საუბარია ერთიან საჰაერო, სავაჭრო, საბაჟოსაგადასახადო სივრცეებზე, კანონმდებლობაზე და .. წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს: ჩვენ ბელარუსთან ვდებთ ჩარჩო ხელშეკრულებას და, თავის მხრივ, ბელარუსი რუსეთთან აფორმებს ასევე ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს. ვფიქრობ, რომ ეს არის რუსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის ახალი სივრცის გაჩენის შესაძლებლობა და, თუ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შეიძლება საქართველომ საკუთარი უსაფრთხოება (არა მხოლოდ სამხედრო, არამედ თუნდაც ეკონომიკური და პოლიტიკური) უზრუნველყოს, მაშინ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. სხვანაირად, როცა რეგიონში ასეთი სახიფათო ვითარებაა, ძალიან რთული იქნება მშვიდობასა და სტაბილურობაზე საუბარი…

_ თქვენი აზრით, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს იმის თუნდაც პოლიტიკური რესურსი, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს?

_ დღევანდელ ვითარებაში პრემიერ გიორგი გახარიას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ამ პროცესის წარმართვაში, მაგრამ ფაქტია, რომ მას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს ამ როლის გამო. სხვათა შორის, მაქვს მოლოდინი იმისა, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აუცილებლად შედგება ბატონი გახარიასა და ვლადიმერ პუტინის პირველი არაფრომალური შეხვედრა, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენთვის და იმპულსის მიმცემი შემდგომი უმაღლესი დონის შეხვედრებისა რუსეთსა და საქართველოს შორის

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი. ყველა თქვენი საგაზეთო სტატია, ინტერვიუ თუ სატელევიზიო გამოსვლა მუდამ საინტერესო და აქტუალურია ჩვენთვის, გართო საზოგადოებისთვის. როგორც ყოველთვის, ამ ინტერვიუშიც გეთანხმებით ყველაფერში. იმედია, მოვლენების ასეთი ანალიზი დაეხმარება ჩვენს ხელისუფლებას სწორი ნაბიჯების გადადგმაში.

  2. მთლიანად ვეთანხმები ბ–ნ დიმიტრის მოსაზრებებს. ყრუ, მუნჯი და ბრმა უნდა იყო კაცი, რომ ვერ ხვდებოდე რა უზარმაზარი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ერთმორწმუნე რუსეთთან კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობების აღდგენას დღევანდელ ურთულეს პირობებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here