Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: დასავლეთისთვის ჩვენც და უკრაინაც პოლიტიკური ინსტრუმენტები ვართ რუსეთის წინააღმდეგ

დიმიტრი ლორთქიფანიძე: დასავლეთისთვის ჩვენც და უკრაინაც პოლიტიკური ინსტრუმენტები ვართ რუსეთის წინააღმდეგ

259

რუსეთსა და უკრაინას შორის კვლავ დაძაბული ურთიერთობაა. იმ ფონზე, როცა მხარეები ვერც ერთ საკითხზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ და კონფრონტაციული რიტორიკა მატულობს, დაპირისპირების შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე დიდია. დასავლეთი და უკრაინა საჯაროდ აცხადებენ, რომ რუსეთი თავდასხმისთვის ემზადება, მოსკოვში ამას უარყოფენ. რუსული მხარე ირწმუნება, რომ უკრაინა თვითონ გეგმავს პროვოკაციას დონბასში და ამზადებს საფუძველს, რათა ყველაფერი მოსკოვს დააბრალოს. რუსეთის მხრიდან უკრაინის მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბარი საფუძველს მოკლებული რომ არ არის, არაერთი გარემოებით იკვეთება. ჩანს, რომ ამ პროცესების შემოქმედი მარტო უკრაინა არ არის. ამას ადასტურებს ისიც, რომ ამერიკელები, ფაქტობრივად, ერთიერთზე იმეორებენ კიევის რიტორიკას რუსული აგრესიის საფრთხეზე.

ვის სჭირდება იმის უსაფუძვლოდ მტკიცება, რომ რუსეთი უკრაინასთან ომისთვის ემზადება, დრო გვიჩვენებს, თუმცა ერთი რამ ამთავითვე ცხადია _ თუ დასავლეთი რუსეთს, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მართლაც აიძულებს, გარკვეული სამხედრო მოქმედებები განახორციელოს უკრაინის მიმართულებით, დასავლეთს სათქმელი, რომ ამას დიდი ხნის წინათ პროგნოზირებდნენ, ნამდვილად ექნება…

14 იანვარს უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტევის ობიექტებს შორის იყო უკრაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები. მოგვიანებით გაკეთდა განცხადებები, რომ შეტევა ბელარუსის სპეცსამსახურებმა განახორციელეს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილე სერგეი დემედიუკმა დაასახელა კონკრეტული ჰაკერული ჯგუფიც, რომელიც ცნობილია სახელწოდებით UNC 1151. მისი თქმით, ეს ყველაფერი კიდევ უფრო დესტრუქციული ქმედებების გადასაფარად მოხდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა. საპასუხო განცხადებები გაკეთდა რუსეთშიც. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრალდებებს აბსურდული უწოდა. მისი შეფასება გარკვეულწილად იუმორსაც შეიცავდა. მან თქვა, რომ უკრაინაში ყველაფერს რუსეთს აბრალებენ, მათ შორის ავდარსაც… ავდრის არა, მაგრამ კიბერშეტევის დაბრალება, ალბათ, გარკვეულ მიზანს ემსახურება. მიზანი ბევრი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი ვერსიით, სპეკულირება აღნიშნულ შეტევაზე, შესაძლოა, თვითონ უკრაინული მხარის მიერ მათივე სამთავრობო ვებგვერდებიდან გარკვეული ინფორმაციის გაქრობის სამზადისი იყოს. ცხადია, იმ ინფორმაციის, რომლის გამჟღავნებაც უკრაინის მოქმედი ხელისუფლებისთვის მიუღებელია… ყოველ შემთხვევაში, ფაქტი, რომ რუსეთისა და ბელარუსისკენ თითს უაპელაციოდ იშვერენ, ეჭვს აჩენს.

რა პროცესები მიმდინარეობს დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე, რომელიც დასავლეთის და, უწინარესად, შეერთებული შტატების მხრიდან სწორედ უკრაინასთან ერთად განიხილება გეოპოლიტიკურ კონტექსტში?

ამ საკითხზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვესმის შეერთებული შტატებიდან და უკრაინიდან განცხადებები, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს; საუბრობენ პროვოკაციებზეც, მაგრამ რუსული მხარე ამ ყველაფერს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი თვითონ ემზადებიან პროვოკაციებისთვის და წინდაწინვე ქმნიან საინფორმაციო საფუძველსრა პროცესები მიდის რეალურად და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე?

_ ძალიან კომპლექსური, რთული საკითხია და მოითხოვს მრავალწახნაგოვან განმარტებას. დავიწყოთ იმით, რით დამთავრდა 10-12 იანვრის დიპლომატიური ტრიატლონი, როგორც უწოდეს მას დასავლეთში, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. თუ კარგად მივადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ კოლექტიურმა დასავლურმა დიპლომატიამ სერიოზული მარცხი განიცადა.

_ რას გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იმას, რომ 2022 წელს ისინი წააწყდნენ აბსოლუტურად განსხვავებულ რუსულ დიპლომატიას, რომლის პრაქტიკაც აქამდე გამოყენებული არ ყოფილა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2007 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ, მისი პრეზიდენტის პოზიციონირებით, მკაფიოდ განაცხადა, რომ 1997 წლის მდგომარეობით ნატოს შემდგომი გაფართოების საკითხი, დაპირებისამებრ, უნდა შეჩერდეს. დასავლური დიპლომატიის მარცხი მდგომარეობს იმაში, რომ 10-12 იანვრის მოლაპარაკებებში რუსეთმა რკინის არგუმენტებით ახსნა და დაასაბუთა, რატომ უნდა გამოირიცხოს ალიანსის გაფართოება, რატომ აყენებს ეს მის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ და რატომ უნდა წაიღონ მათ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება უკან. სხვათა შორის, რუსეთის პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეს არის ბოლო წვეთი მოთმინების ფიალაში… ისინი, დიდი ხანია, ემზადებოდნენ, რომ საბოლოოდ ეს ხისტი ულტიმატუმი წაეყენებინათ დასავლეთისთვის, ხოლო დასავლეთი იმიტომ აღმოჩნდა ჩიხში, რომ რუსეთი არ ცვლის თავის პირობას. რაც შეეხება რუსეთის უსაფრთხოებას, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაც განაპირობებს მის ულტიმატუმს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობისადმი, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, პოსტსაბჭოთა სივრცეს კრემლი მიიჩნევს თავის წითელ ხაზად. შესაბამისად, ამ სივრცეში ის, რა თქმა უნდა, არასდროს დაუშვებს მასობრივი განადგურების შეიარაღების განლაგებას ალიანსის მხრიდან. ვიმეორებ, ეს არის ობიექტური მოცემულობა, რომელიც არ იცვლება და ვერც შეიცვლება, ამიტომ ნებისმიერი საუბარი, რომ თურმე უკრაინა და საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფოები, თვითონ წყვეტენ, სად წავლენ და რომელ ბლოკში გაერთიანდებიან, არის წმინდა წყლის დემაგოგია და სხვა არაფერი.

ახლა რას ემსახურება დასავლეთის სპეკულაციები, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. რუსეთი უკრაინასთან ღია კონფრონტაციაზე წავა ერთადერთ შემთხვევაში: თუკი, კიდევ ვიმეორებ, მისი სტრატეგიული ინტერესები, იგულისხმება უსაფრთხოება, დადგა რეალური საფრთხის წინაშე. აი, ამ პროვოკაციებს ეწევა დღეს იქ დასავლეთი და, რა თქმა უნდა, შესაძლო შეჭრაზე განცხადებები არის წინასწარ რაღაც საბაბის შექმნის მცდელობა. საბაბი იმისთვის, რომ მერე მაღალი ტრიბუნებიდან გაკეთდეს განცხადებები _ “ჩვენ ხომ ამას ადრიდანვე ვამბობდით”…

_ კიბერშეტევაზე განცხადებებიც სპეკულაცია შეიძლება იყოს?

_ ათეული წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სპეკულაციებისთვის ყველაფერი გამოიყენება, ყველა გზასა და საშუალებას იყენებს დასავლეთი, განსაკუთრებით შეერთებული შტატები. სერიოზული საფუძველი აქვს იმ ვერსიას, რომ კიბერშეტევა უკრაინელებმა თვითონვე მოიწყვეს, რათა, ერთი მხრივ, თავიანთი ბნელი საქმეების კვალი გააქრონ და, მეორე მხრივ, ეს გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში.

დავუბრუნდეთ ისევ იმ აბსოლუტურად ლოგიკურ და ობიექტურ ულტიმატუმს, რომელსაც რუსეთი უყენებს დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობას. პირველი, რაც მნიშვნელოვანია, რუსეთი ამ ულტიმატუმს უყენებს იმ პოლიტიკურ საფუძველზე, რომ დასავლეთს ადანაშაულებს პირობის გატეხვაში. მეორე, მაგალითად, შეერთებულ შტატებს, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, მონროს დოქტრინის შესაბამისად, აქვს წითელი ხაზები, რომლებიც დასავლეთ ნახევარსფეროს უსაფრთხოებას მოიცავს. სხვათა შორის, ეს მონროს დოქტრინა 60-იან წლებში, ჯონ კენედის პრეზიდენტობისას და შემდეგ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდშიც, აქტიურად გამოიყენებოდა, ანუ შეერთებულმა შტატებმა, ფაქტობრივად, მთელი ნახევარსფერო მოიხაზა საკუთარი უსაფრთხოებისთვის და არ დაუშვა იქ არათუ აღმოსავლეთის ქვეყნების გავლენის შესაძლებლობა, არამედ თვითონ მისი მოკავშირე ევროპისაც. ჩნდება მარტივი შეკითხვა _ თუკი მონროს დოქტრინა აქვს ზესახელმწიფო შეერთებულ შტატებს, რატომ არ შეიძლება, ასეთივე ზესახელმწიფოს, რუსეთს, რომელიც საბჭოთა კავშირის უფლებამონაცვლე და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია, ჰქონდეს თავისი წითელი ხაზები?! აი, ასე აყენებს დღეს საკითხს რუსული დიპლომატია და, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი მიდგომა. რაც შეეხება ისევ უკრაინას, უკრაინას ნატოში არც მიიღებენ და ვერც მიიღებენ, ამიტომ უკრაინელებს უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ალიანსში მათ გარდაუვალ მიღებას შეეხება, არის ჩვეულებრივი მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელსაც უკრაინისთვის არაფერი მოაქვს, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად აპირისპირებს რუსეთთან და კიდევ უფრო მეტად შორდება კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობას…

_ საქართველოზე როგორ აისახება ეს პროცესები?

_ პირველი და უმთავრესი, რაც უნდა ითქვას და აღინიშნოს ამ თემაზე რეალური პოლიტიკური გზავნილით მსჯელობისას, არის ის, რომ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები, ისევე როგორც უკრაინის, დასავლეთის მხრიდან არ განიხილება ამოსავალ წერტილად. მათთვის ჩვენ ვართ გარკვეული მნიშვნელობისა და წონის მქონე პოლიტიკური ინსტრუმენტი, სახარჯი მასალა რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც ისე იყენებენ, რომ არც კი დგას საკითხი ჩვენს ზიანზე. 2008 წლის მოვლენები იყო ამის ნათელი მაგალითი, მაგრამ უკრაინისთვის, მათდა სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა გაკვეთილი.

რაც შეეხება შეკითხვას, როგორ აისახება ჩვენზე მიმდინარე პროცესები, მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ შედეგი იქნება ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის უკუპროპორციული. თუ საქართველო თავისი მიდგომებით, ბრმა ორიენტირებით საქმეს მიიყვანს კიდევ ერთხელ იქამდე, რომ თავი მოიხვედროს გეოპოლიტიკურ ვექტორებს შორის ინტერესთა შეჯახების ეპიცენტში, რომელსაც პირობითად ხორცსაკეპი შეიძლება დავარქვათ, რა თქმა უნდა, ზიანი იქნება შესაბამისი; ხოლო, თუ ძირეულად გადაიხედება ყველაფერი, ადეკვატურად შეფასდება არსებული გამოწვევები და პოლიტიკა, საგარეო თუ საშინაო, განისაზღვრება ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად, ცხადია, ეს საფრთხეები მეტნაკლებად იქნება აცილებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას, უწინარესად, სჭირდება ინტელექტუალური რესურსი, პოლიტიკური ნება და ამ ნების მქონე პოლიტიკური ბირთვი, რომლის დეფიციტიც დღეს, სამწუხაროდ, აშკარად იგრძნობა ჩვენს რეალობაში.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here