Home რუბრიკები პოლიტიკა გვპირდებიან, მაგრამ…

გვპირდებიან, მაგრამ…

6570
გვპირდებიან, მაგრამ...

არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, პრეზიდენტის შეზღუდული უფლებებიდან გამომდინარე, დაპირებების უდიდესი ნაწილის შესრულების თეორიული შანსიც კი არ აქვთ. საზოგადოება ამას მშვიდად აღიქვამს, უპირველესად იმიტომ, რომ იურიდიულ ნიუანსებში ნაკლებად ერკვევა, აგრეთვე, იმის გამო, რომ საქართველოში წინასაარჩევნო დაპირება ცალკეჟანრადჩამოყალიბდა, რომელიც სადღაც ლექსისა და სადღეგრძელოს მიჯნაზე მდებარეობს და რეალობასთან კავშირი თითქმის არ აქვს, მხოლოდ ცალკეული ალარმისტები მიუთითებენ, რომ შექმნილი სიტუაცია საშიშია.

“ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია გახდება 400 ლარი, მასწავლებლის ხელფასი იქნება 1000 ლარი, მორატორიუმი გამოცხადდება უსამართლო კრედიტებზე, რომლებიც ახრჩობს საქართველოს და შემდეგ დავეხმარებით ამ კრედიტების გადახდაში, რომ ეს მოხდეს 2012 წლის ლარის კურსით”, _ აცხადებს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. მისი პარტიის ბელადი კი უფრო შორს მიდის: ,,გპირდებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველი ნაბიჯი, რომელსაც მთავრობის ცვლილების კვალდაკვალ გავაკეთებთ, იქნება ის, რომ ივანიშვილს ბანკი “ქართუ” ჩამოერთმევა და მისი ქონება დაყადაღდება. ხოლო მთელ ფულს, რაც ამ ქმედებიდან შემოვა, საქართველოს მოსახლეობას დავურიგებთ”, _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეუძლიათ თუ არა ნაციონალებს ამის გაკეთება?

ფორმალური თვალსაზრისით, არც ერთი, არც მეორე არ ამბობს გამოკვეთილად: საპრეზიდენტო არჩვენებში გამარჯვების შემდეგო. ერთი გაიძახის “ხელისუფლებაში მოსვლისთანავეო”, მეორე კი ამატებს: “მთავრობის ცვლილების კვალდაკვალო”. ამგვარად, მათ შეუძლიათ თქვან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს განიხილავენ, როგორც ეტაპს, რომელსაც უნდა მოჰყვეს “სრული გამარჯვება”, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნების მოგება. მაგრამ საქმე ისაა, რომ მედიასა და სოციალურ ქსელებში ამ ნიუანსს, როგორც წესი, ყურადღებას არ აქცევენ და მიიჩნევენ, რომ ეს სრულფასოვანი წინასაარჩევნო დაპირებაა, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატი გასცემს.

თითქმის ანალოგიურად იქცევა “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძეც. ის აცხადებს: “ქვეყანაში არის 700 ათასი ადამიანი, რომლის არსებობაც დამოკიდებულია პენსიაზე და პენსიონერისთვის შეიძლება 50 ლარით გაზრდილი პენსია გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმ წამლის საყიდლად, რომელმაც შეიძლება გადაარჩინოს მისი სიცოცხლე. ამიტომ ადამიანი, პოლიტიკოსი, რომელიც დღეს პოლიტიკაშია, რომელსაც ამბიცია აქვს და პრეტენზია, რომ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, და არ განიცდის პენსიის საკითხს, არ აყენებს პენსიის გაზრდის თემას და არ ცდილობს, რომ გვერდით დაუდგეს პენსიონერებს, მიმაჩნია, არც პოლიტიკაში და არც თანამდებობაზე არ არის ყოფნის ღირსი. ამიტომ ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტი იქნება პენსიის გაზრდა”. სავარაუდოდ, ელექტორატი ამასაც აღიქვამს, როგორც დაპირებას, თუმცა ფორმალურად ეს დაპირება არ არის. ბაქრაძე, ერთი მხრივ, საუბრობს იმაზე, რომ პენსიონერისთვის მნიშვნელოვანია 50 ლარი; მეორე მხრივ _ იმაზე, რომ პრეზიდენტი უნდა განიცდიდეს და აყენებდეს პენსიის გაზრდის საკითხს; და ბოლოს დასძენს, რომ ეს მისი გუნდის პრიორიტეტი იქნება.

მაგრამ თქმულიდან პენსიის გაზრდა სულაც არ გამომდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს. ეს უფლება მას 1995-2004 წლებში ჰქონდა, შემდეგ კონსტიტუცია შეიცვალა და მისი 67-ე მუხლის შესაბამისი მონაკვეთი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებულ შემთხვევებში…” ეს საკმაოდ თვალთმაქცური ცვლილება იყო _ ერთი მხრივ, ის თითქოს ზღუდავდა პრეზიდენტს, მაგრამ კანონმდებლობაში განსაზღვრული არ იყო, რას ნიშნავს “განსაკუთრებული შემთხვევა”, სააკაშვილი კი მინიჭებულ უფლებას ძალიან აქტიურად იყენებდა და პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივებით შედიოდა.

2010 წლის 15 ოქტომბერს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებით (ძალაშია 2013 წლის ოქტომბრიდან), პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ჩამოერთვა. 67-ე მუხლის 1 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30 000 ამომრჩეველს”. სხვათა შორის, ექსპერტების დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არათუ საპარლამენტო, არამედ ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაში ქვეყნის მეთაურს ეს უფლება არ უნდა ჰქონდეს, რათა მიუკერძოებელი არბიტრის როლს არ დაშორდეს, ხოლო ის ვითარება, რომელიც ამ მხრივ 2004-2010 წლებში გვქონდა, არანორმალური იყო. ოპოზიციონერ პრეზიდენტსმხოლოდ მოსაზრების გამოთქმა შეეძლება, ხოლო შესაბამის კანონპროექტებს მისი თანამოაზრე პარლამენტარები შეიმუშავებენ და, დიდი ალბათობით, ვერ მიაღწევენ მათ მიღებას, რადგან უმრავლესობასქართული ოცნებააკონტროლებს.

ეს გარემოება, სავარაუდოდ, მუდმივი მიტინგის რეჟიმში გადაგვიყვანს. “ოპოზიციონერი პრეზიდენტი” მიმართავს ხალხს და ეტყვის, რომ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობას პარლამენტსა და მთავრობაში მოკალათებული მმართველი პარტია არ აძლევს. მის სიტყვებს საკმაოდ დიდი წონა და რეზონანსი ექნება, რადგან მათ საყოველთაო არჩევნებზე მიღებული მანდატი გაამყარებს. საინტერესოა, რომ ვენეციის კომისიამ ამ მიმართულებით პრობლემების გაჩენა ჯერ კიდევ 2010 წელს იწინასწარმეტყველა, რადგან “მთავრობა შეიძლება იყოს საპარლამენტო უმრავლესობის გამოხატულება, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს იმ უმრავლესობისგან, რომელმაც მხარი არჩევნების დროს პრეზიდენტს დაუჭირა, რადგან საპარლამენტო არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო საპრეზიდენტო _ 5 წელიწადში ერთხელ”.

მაგრამ, ამავე დროს, ვენეციის კომისიამ არც ერთხელ არ განაცხადა მკაფიოდ და ცალსახად, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მიმართულებით ტრანზიტის პროცესში (ნახევრადსაპრეზიდენტოს გავლით) მოსახლეობის მიერ პრეზიდენტის არჩევამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შექმნას. საქართველოში კი ჩამოყალიბდა მიდგომა, რომლის ფარგლებში პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნების გაუქმება დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. სწორედ მის მიმართ აპელირებდა ოპოზიცია 2017-ში, საკონსტიტუციო რეფორმის დროს. ვენეციის კომისიამ, ერთი მხრივ, მხარი დაუჭირა არაპირდაპირი არჩევნების შემოღებას, მაგრამ დასძინა: “სასურველია, ახალი სისტემა არ იქნას გამოყენებული მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, არამედ მხოლოდ 2023 წლიდან”.

ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ახლა პრეზიდენტს კრიზისის მოწყობისთვის გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა 2012 წლის არჩევნების წაგებიდან თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვამდე პერიოდში. მაგრამ შესაძლოა, რომ ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც უფლებების არარსებობა შედარებით წონადი რესურსია. ის პრეზიდენტს “სახალხო ტრიბუნის” როლს ანიჭებს და შესაძლებლობას აძლევს, თავისი მოწოდებებით, მაგალითად: “გაზარდეთ პენსია 1000 ლარამდე!” მოახდინოს ამომრჩეველთა ემოციების მობილიზება და პარლამენტის, მთავრობის, შესაბამისად _ მმართველი პარტიის, წინააღმდეგ მიმართოს. ამან შეიძლება ვითარება გაცილებით დაძაბოს, ვიდრე 2012-13 წლებში, იმ თვეებში, როდესაც სააკაშვილი თანამდებობაზე რჩებოდა; ან მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, რაც განმსაზღვრელ გავლენას მოახდენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დრამატურგიაზე. ამგვარად, ეს, თითქოსა უსარგებლო არჩევნები ნაციონალებისთვის (“ძველმიშისტური” ფრთა იქნება თუ “ევროქართული”) უმნიშვნელოვანესია.

თუმცა კრიზისი შეიძლება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა შექმნას. ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი რამ თქვა: “არ მესმის, როგორ შეიძლება, რომ ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი. იმიტომ, რომ ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით”. აქ ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, სასულიერო პირებმა რატომ გააკეთეს ნეგატიური კომენტარი ზურაბიშვილზე და რატომ აღშფოთდა ის. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს საქართველოში პრეზიდენტისძლიერმა პროტესტმაეკლესიის (ზურაბიშვილმა სწორედ ეკლესია ახსენა და არა ცალკეული იერარქები) მოქმედებაზე. სავარაუდოდ, მოხდება საზოგადოების მყისიერი დაყოფა პირობით “სეკულარისტებად” და “კლერიკალებად” და გაჩნდება კრიზისის ახალი კერა.

“გირჩის” ლიდერის _ ზურაბ ჯაფარიძის ლოზუნგმა “მეტი სექსი, მეტი თავისუფლება” დიდი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა მას გაცილებით კონკრეტული წინადადებებიც აქვს, მაგალითად: “ახლა თავდაცვაში ვხარჯავთ 2,5%-ს და ვფიქრობ, რომ 5%-მდე უნდა გაიზარდოს დაფინანსება. ეს პირდაპირ პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის, მაგრამ მთავარსარდალს ბევრი ბერკეტი აქვს და მგონია, რომ ამის გატანას თავისუფლად შევძლებ” (მეტრონომი). ჯაფარიძე აღიარებს, რომ ბერკეტები არ აქვს. რეალურად, მისი იდეის რეალიზაციის არც იურიდიული, არც პოლიტიკური წინაპირობები არ არსებობს, მაგრამ ის მაინც მიუთითებს რაღაც იდუმალ ბერკეტებზე. ასე იქცევა არაერთი სხვა კანდიდატი, ეყრდნობა რა საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპს: “პრეზიდენტი მაინც პრეზიდენტია”, რომელიც “სუპერსაპრეზიდენტო პერიოდის” მწარე გამოცდილებას ეფუძნება.

ეს, ალბათ, ფრიად მოკრძალებული განაცხადია შალვა ნათელაშვილის ერთ-ერთ მთავარ მესიჯთან შედარებით, რომლის თანახმად, მისი გაპრეზიდენტებიდან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გამომდინარეობს. შესაბამისი იურიდიული ინსტრუმენტი პრეზიდენტს არ გააჩნია, მას არ შეუძლია პარლამენტი საკუთარი შეხედულებისამებრ დაითხოვოს. თითქმის არავინ დავობს იმაზე, რომ პარლამენტი არ ვარგა, მაგრამ ამ იდეის პრაქტიკული რეალიზაციის მცდელობამ შეიძლება უმწვავესი კრიზისი და სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს.

მთლიანობაში, შექმნილი მდგომარეობა, ალბათ, იმის შედეგია, რომ 2004, 2010 და 2017 წლების საკონსტიტუციო რეფორმების დროს კანონშემოქმედება პოლიტიკურ კონიუნქტურას დაექვემდებარა და პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც მმართველთა ტაქტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ძალიან გაგვიმართლებს, თუ ასეთ პირობებშისრულფასოვანისაპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას საბედისწერო დაპირისპირების გარეშე მოვახერხებთ, მაგრამ ეს, ალბათ, არა მაღალი დემოკრატიული თვითშეგნების, არამედ მხოლოდ გარემოებათა თანხვედრის შედეგი იქნება.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here