Home რუბრიკები საზოგადოება ახალი გზით საქართველოს სვლა რომ არ გამრუდდეს, თქვენ უნდა იდავითოთ, ბატონო ბიძინა

ახალი გზით საქართველოს სვლა რომ არ გამრუდდეს, თქვენ უნდა იდავითოთ, ბატონო ბიძინა

ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს

743

ხედავდე უსამართლობას და გაუჩუმდე, ნიშნავს იყო თანამონაწილე.

ჟანჟაკ რუსო

ბატონო ბიძინა, მოგმართავთ, უწინარეს ყოვლისა, თქვენდამი დიდი პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით, რასაც, დარწმუნებული ვარ, ფიცი და მტკიცი არ სჭირდება, რადგან, არ მგონია, საქართველოში მოიძებნოს ოდნავ მაინც საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თქვენი მადლიერი არ იყოს, განსაკუთრებით, 2012 წლიდან. მეც მათ შორის ვარ.

როცა გადავწყვიტე, მომემართა თქვენთვის, მაშინ ადგილობრივი არჩევნები გვქონდა გასავლელი და მეც მოცდა ვარჩიე, რადგან გამორიცხული არ იყო, რომ ჩემს წერილს შეიძლება უარყოფითად ემოქმედა იმაზე, რის გამოსასწორებლადაც იყო მიმართული. შედეგებმა შიში უფრო გამიმძაფრა და მოსაზრებები, რომლებიც გამაჩნდა, დაადასტურა. ისე კი, რაღა დროს ჩემი შიშია, თუნდაც ასაკიდან ან განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე: იყო ეს ავღანეთის ომი, თუ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების ლიკვიდაცია, “ცხელი წერტილებიდან” რეპორტაჟები საქართველოს სატელევიზიო სივრცესა თუ მედიაში.

თავს უფლება მივეცი, მომემართა თქვენთვის, რადგან ვიცი, რომ სხვაზე უფრო მეტად თქვენ შეგტკივათ გული ჩვენი სამშობლოს დღევანდელობასა და მომავალზე.

პირდაპირ გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ პოლიტიკაში, თანაც სასწრაფოდ! გამარჯვება არჩევნებში, რომელიც თქვენმა (ჩვენმა) გუნდმა მოიპოვა, იმ მთავარსარდლის სიტყვებს მახსენებს, რომელმაც გამარჯვების შემდეგ განაცხადა: “კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და არმია აღარ მეყოლება!”

გვპირდებოდნენ, რომნაციონალურ მოძრაობასმეორე ტურში დაამთავრებდნენ. არ გამოგვივიდა: ნაცები კვალში მისდევენოცნებას”. არცთუ სახარბიელო პერსპექტივის ეს ნიშნები სამი წლის თავზე (მომდევნო არჩევნებში) შეიძლება წაგებად ჩამოგვიყალიბდეს, თუ თქვენ დღევანდელ უმრავლესობას სათავეში არ ჩაუდგებით. თქვენ, რასაკვირველია, შესანიშნავი გუნდი დაგვიტოვეთ, უნიჭიერესი ახალგაზრდები არიან, მუყაითებიც, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარეა ყოვლად ამაზრზენი და უნამუსო. უტიფრად ატყუებენ ხალხს, ისეთ დაპირებებს გასცემენ, რომელთა შესრულება ჩვენს ქვეყანას ჯერჯერობით არ შეუძლია. მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი ისეა გაჭირვებული, ამ ცრუ და უსაფუძვლო დაპირებებსაც კი იჯერებს. ასეთ სიტუაციაში ბრძოლა იმდენად გართულდა, რომ მისი დაძლევა მხოლოდ ისეთ ავტორიტეტულ პიროვნებას შეუძლია, როგორიც თქვენ ხართ. თქვენი ახალგაზრდა გუნდი მართლაც შესანიშნავია, ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის, მამას _ გია კობახიძეს პირადად ვიცნობ: ასეთი კაცის ვაჟი, რასაკვირველია, საუკეთესოთა შორის საუკეთესო თუ იქნება მხოლოდ.

“მსაჯული მართლ სჯიდე”, _ ამბობდა წმინდანი მეფე დავით აღმაშენებელი, რადგან მისი ეს მოწოდება თუ პრინციპი საქართველოში ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის განხორციელებული, თქვენ უნდა იდავითოთ, ბატონო ბიძინა.

მოგეხსენებათ, რომ დღეს ბევრ სიკეთესთან ერთად სასამართლო სისტემის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში დაგროვდა პრეტენზიებიც, რომლებიც ავტორიტეტს ულახავს ხელისუფლებას. ამ წერილში ასეთი განწყობის შექმნის ერთ კონკრეტულ შემთხვევას განვიხილავ, მაგრამ, როგორც ხალხური სიბრძნე გვასწავლის, ერთმა წუწკმა ღორმა ასი სუფთა გასვარა. ეს ფაქტი, დოკუმენტურად დადასტურებული და აუდიო ჩანაწერით დამტკიცებული, გამაცნო თბილისელმა კაცმა. არ დაგიმალავთ, რომ ნანახმა და მოსმენილმა ჩემი უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია და გადამაწყვეტინა, ღია წერილით მომემართა თქვენთვის.

ხსენებულ პიროვნებას უსამართლო სამართალმა შემოსავლის ყველა წყარო გადაუკეტა. საქმე მოსამართლე კოჭლამაზაშვილს ეხება, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე თვის წინათ მოიპოვა მოსამართლის მანტიის ტარების უფლება და უკვე დანაშაულშია ჩათრეული, არცთუ მხოლოდ საკუთარი ნებითა და სურვილით. მაშ, ვინ იყო სასამართლოს ის მაღალჩინოსანი, რომელმაც კოჭლამაზაშვილისსიყრმე გახრწნადა აიძულა, ჩაედინა სიყალბე?

ახლო მომავალში ვაპირებ გამოწვლილვითი წერილის გამოქვეყნებას. ახლა კი ძირითადი მომენტებით შემოვიფარგლები.

შპს “შევარდენის” (სადაც დაზარალებული მომჩივანი მუშაობს) პარტნიორებს, მეხუთე წელიწადია, ერთმანეთში დიდი დავა აქვთ. აუდიტის დასკვნით ფირმაში ჩადენილია ფინანსური დანაშაული, მაგრამ პროკურატურამ საქმე არ აღძრა და დავას სამოქალაქო სასამართლო განიხილავს. ერთ-ერთ სხდომაზე ფულის გათეთრებაც კი გამოიკვეთა. თუ იკითხავთ, რატომ არ აღძრა საქმე პროკურატურამო, გიპასუხებთ, რომ შპს-ში ერთ-ერთ მოწილეს იურისტად მიყვანილი ჰყავს თავისი ნათესავი, ვინმე გიორგი ლაცაბიძე, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ამჟამად ძებნილი, ავადსახსენებელი ზურაბ ადეიშვილის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ყოფილი უფროსი. შესაბამისად, იგი დღევანდელ პროკურატურაში მომუშავე თითქმის ყველა მოხელის ყოფილი კოლეგაა. მაინცდამაინც იგი ლობირებს პროკურატურაში ამ საქმეს თავისი ნათესავისა და ფირმის ერთ-ერთი მოწილის სასარგებლოდ, რომელიც 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით იყო ფირმის დირექტორი და პირადად არის პასუხისმგებელი იქ ჩადენილ ყველა დანაშაულზე. მან 2017 წელს თავისი სიძე დანიშნა იმ თანამდებობაზე, რომელიც თვითონ ჰქონდა დაკავებული, ე.ი. დირექტორად და ახლა ეს ყოფილი პოლიციელი აგრძელებს სიმამრის დანაშაულებრივ საქმიანობას. ის ამასთანავე გიორგი ლაცაბიძის ცოლის ძმაცაა.

საქმის მოსამართლეა არჩილ კოჭლამაზაშვილი. მან შეცვალა მოსამართლე მაია სვიანაძე, რომელიც ამ საქმეს მოსამართლეობდა 4 წლის განმავლობაში, მაგრამ 2021 წლის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად ისე გადავიდა, რომ სასამართლო კოლეგიას მხოლოდ შტატებიდან გამოგზავნილი წერილით აცნობა, რომ ტოვებდა მოსამართლის თანამდებობას და ქვეყანასაც. ამ ქალბატონს მოსამართლე კოჭლამაზაშვილისთვის საქმე არც გადაუბარებია.

სასამართლო სისტემაში, მოგეხსენებათ, არის ისეთი თანამდებობები, როგორიცაა სასამართლოს თავმჯდომარეები: სააპელაციო დავების თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე, როგორც სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალში. ისე მოხდა, რომ რაღაც სასწაულით, თითქმის ყველა სასამართლოს თავმჯდომარე გარკვეულ ეტაპზე პროკურატურაში მუშაობდა წინა ხელისუფლების დროს, ანუ გიორგი ლაცაბიძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. ზოგიერთი მისი მოადგილეც კი იყო. შესაბამისად, აქაც, გარდა პროკურატურისა, უკანონო ლობირების საშუალება აქვს ლაცაბიძეს. მათ წინა ხელისუფლების დროს ერთად აქვთ “ნამოღვაწარი” და, ცხადია, რომ ამჟამინდელი მოსამართლე, ისევე, როგორც ამჟამინდელი პროკურორი, წინააღმდეგობას ვერ გაუწევს ყოფილ უფროსს. სადავო საქმეები გადაწყდება ისე, როგორც ლაცაბიძეს სურს.

გიორგი ლაცაბიძე

ზუსტად ასე მოხდა მოსამართლე კოჭლამაზაშვილის მიერ განაჩენის გამოტანისას, როცა 150.000-მდე ლარის ნაცვლად, დაზარალებულ მომჩივანს 30.000 ლარი მიაკუთვნა ყურით მოთრეული არგუმენტებით. იგი ისე აირია სიყალბეში, რომ რამდენიმე დღეში ე.წ. დამატებითი გადაწყვეტილება გამოიტანა, როცა აშკარა შეცდომაზე მიუთითა ერთ-ერთმა ადვოკატმა. მას “გამორჩა” ლაცაბიძის ნათესავის მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება. დამატებით განჩინებაში კოჭლამაზაშვილი არ ასახელებს მიზეზს, თუ რატომ “გამორჩა” თანხა და თავს იმით იმართლებს, რომ კუთვნილ, ანაზღაურებად შვებულებაში რამდენიმე დღით იყო წასული. ეს წერია სასამართლო დოკუმენტში. ყოვლად გაუგებარია ამაზე საუბარი მოსამართლის მხრიდან. ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოშია, მაგრამ კოჭლამაზაშვილის ტყუილი უკვე დაფიქსირებულია, საკმარისია, სხდომის აუდიო ჩანაწერი და სასამართლო განჩინების ტექსტი შედარდეს, რომ ფარდა აეხდება ჩადენილ უსამართლობას.

გიორგი ლაცაბიძეს ბიზნესის დატერორებას უჩიოდა ტელეკომპანია “იბერიის” მეპატრონე _ მას და ზურაბ ადეიშვილს. ამ უკანაკნელს პატიმრობა მიესაჯა დაუსწრებლად, ხოლო გიორგი ლაცაბიძეს 40.000 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც არ არის ადეკვატური სასჯელი, მაგრამ მაინც სასჯელია იმ დანაშაულის გამო, რომელიც ჩადენილი ჰქონდა მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას. ვთქვათ, ძველი დანაშაულები გიორგი ლაცაბიძეს აპატიეს, მაგრამ ეს ინდულგენცია ხომ მხოლოდ წარსულს უნდა შეხებოდა?! გამორიცხული არ არის, რომ მან კოლეგიალობის გამოყენებით დღესაც მიითვისოს სხვისი წილები! არადა, სწორედ ამას ცდილობს ერთ-ერთი მოწილე, მისი ნათესავი.

“რეიდერული მიტაცება” ამას ეწოდება.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ იმ ხალხის მდგომარეობა, რომელმაც სასამართლოს მიმართა: ერთხელ გადაიხადა 3000 ლარი ბაჟი, მეორედ _ 5000 ლარი და ა.შ. მომჩივანი ორმაგად ზარალობს (უზენაეს სასამართლოში საქმის მოხვედრისას _ სამმაგად). იმ თანხას, რომელიც მისმა მოწილემ უკანონოდ მიითვისა, ემატება სასამართლოს ხარჯების დასაფარად გადახდილი თანხები (თანაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალზე დიდია ბაჟის განაკვეთი) ტყუილისა და უსამართლობის დასაფინანსებლად.

განჩინების მოლოდინში

* * *

ქართველი კაცი გაუძლებს ყველა გასაჭირს _ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ტერიტორიების დაკარგვასაც კი და მაინც გვერდში დაუდგება მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, უსამართლობას ვერ აიტანს. როცა სახელმწიფო სტრუქტურებში ადამიანი სამართალს ვერ იპოვის, სააკაშვილისკენ კი არა, შეიძლება ეშმაკისკენაც გაიხედოს, ამიტომ იზრდება ნაცების მომხრეთა რაოდენობა, ამიტომ და არა გაჭირვების გამო. თუ გვინდა, რომ ამ ტენდენციას წერტილი დაესვას და 2024-ში მოვიგოთ არჩევნები, სასამართლოში კადრების წმენდა უნდა განხორციელდეს.

ამის შემძლე და გარანტი კი თქვენ გარდა, ბატონო ბიძინა, არავინ გვეგულება. არ მგონია, რომ ვცდები.

ის კონკრეტული ისტორია, რომელზეც ღია წერილში ვილაპარაკე, გამონაკლისი შემთხვევა არ არის, მაგრამ ჯერჯერობით არც განსაზოგადოებელი დონისთვის მიუღწევია. მოსამართლე კოჭლამაზაშვილი, როგორც პრობლემა, როგორმე ჩვენი სახელმწიფო ორგანიზმის დაავადების მიზეზი რომ არ გახდეს (ასეთი პერსპექტივა, სამწუხაროდ, რეალური ჩანს), თქვენ უნდა უზრუნველყოთ ახალი გზით საქართველოს წარმატებული სვლა. კოვიდის პანდემიამ დაგვარწმუნა, რა მოკლე დროით ვართ მოვლენილი ამ მზისქვეშეთში, და დიდ ცოდვას ჩავიდენთ, თუ არ გავააქტიურებთ ყველა საშუალებას ბოროტების მძიმე უღლის გადასაგდებად.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here